Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას და რატომ ჰპირდება რუსეთი საქართველოს


ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი
ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი
რატომ გამოხატავს რუსეთი კეთილგანწყობას საქართველოს მიმართ, რამდენად სარწმუნოა მისი დაპირებები და რას შეიძლება ითხოვდეს მოსკოვი სანაცვლოდ? - ასეთი შეკითხვები ლოგიკურად გაჩნდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის საუბრის დეტალები. 16 აპრილს, პრაღაში გამართული შეხვედრის ფარგლებში, გამოიკვეთა რამდენიმე დაპირება და მათ შორის ისიც, რომ რუსეთი ზეწოლას არ განახორციელებს საქართველოზე, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ჭრილში. რამდენად უკავშირდება ეს დაპირებები კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ?

მავთულხლართების გავლების პროცესი დასრულებულია - ეს სიტყვები ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინისგან ოთხშაბათს, მათი მე-6 შეხვედრის ფარგლებში, მოისმინა და იქვე ისიც შეიტყო, რომ სოფელ აძვის მოსახლეობას სალოცავისა და სასაფლაოს მონახულება აღარ გაუჭირდება. საუბარია ცხინვალის რეგიონში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აძვზე, რომლის მოსახლეობასაც საოკუპაციო რეჟიმი ბოლო დღეების განმავლობაში გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა. ასევე პრაღის შეხვედრის ფარგლებში, რუსეთის მხარემ დადო დაპირება, რომ საპატიმროდან მანამდე გათავისუფლებულ ორ პირს მიემატება კიდევ ერთი პირი, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით ასევე რუსეთში იხდიდა სასჯელს.

პრაღაში მოსმენილ დაპირებებს შორის არის ასევე რეგულარული ავიარეისების თემა - რომ მოსკოვი მზად არის დაიწყოს მუშაობა ამ მიმართულებით თბილისის შესაბამის უწყებებთან. თუმცა აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე დასმულ აქცენტებს შორის მაინც ყველაზე საყურადღებო აღმოჩნდა მოსკოვის დაპირება, რომ ის ხელს არანაირად არ შეუშლის საქართველოს ხელი მოაწეროს ასოცირების შესახებ შეთანხმებას ევროკავშირთან, რასაც, ბრიუსელის განმარტების თანახმად, საქართველო ივნისში ელოდება.
აი, ასეთი განცხადება მოვისმინეთ ახლა და, როგორც იტყვიან, აღდგომა და ხვალეო. ივნისიც აქვეა ახლოს და ვნახავთ...
ზურაბ აბაშიძე

”ნამდვილად საინტერესო განცხადებაა”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ზურაბ აბაშიძე და იქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ განცხადების გაკეთება გრიგორი კარასინმა თავისი ინიციატივით მოინდომა:

”აი, ასეთი განცხადება მოვისმინეთ ახლა და, როგორც იტყვიან, აღდგომა და ხვალეო. ივნისიც აქვეა ახლოს და ვნახავთ, რა იქნება და როგორ იქნება...”

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, რომელსაც 17 აპრილს პრაღაში ტელეფონით დავუკავშირდით, არ გამოხატავს თავის პირად დამოკიდებულებას კარასინის მიერ გაკეთებული განცხადებისადმი. თუმცა საქართველოში ბევრი ვარაუდობს, რომ რუსეთი ამის სანაცვლოდ რაღაცას მოითხოვს. ვარაუდების თანახმად, ეს შესაძლოა იყოს, მაგალითად, ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის გაუქმება, რაც მანამდეც არაერთხელ მოუთხოვია მოსკოვს და ახლაც, ”რია ნოვოსტისთან” საუბრისას, ეს საკითხი გრიგორი კარასინმა ამჯერად ტურიზმის თემას დაუკავშირა:

”იძულებული ვიყავით აღგვენიშნა, რომ, მიუხედავად საქართველოში რუსი ტურისტების მზარდი ნაკადისა, რჩება შეზღუდვები, დაკავშირებული ე.წ. კანონთან ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”. და ჩვენ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ამ კანონთან დაკავშირებული მდგომარეობის გათვალისწინებით, არ შეგვიძლია მოვხსნათ შეზღუდვები და გამაფრთხილებელი რეკომენდაციები, რომელთა ადრესატია საქართველოში ტურისტად ჩასვლის ყველა მსურველი. ამ კანონის გაუქმება, ცხადია, ჩვენი ტურისტების რიცხვის უფრო მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევდა”.
ჩვენ გვაქვს პრინციპული დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით და მათ იციან, თუ რა არის ჩვენი არგუმენტები, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ არ ვაპირებთ ამ კანონის გაუქმებას...
ზურაბ აბაშიძე

16 აპრილს პრაღაში ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის გაუქმების მოთხოვნა გრიგორი კარასინის მხრიდან, მართლაც რომ, გამეორდა, ეს ჩვენთან საუბრისას, 17 აპრილს, ზურაბ აბაშიძემაც დაადასტურა, თუმცა, მისი თქმით, ამ კანონის მიმართ ქართული მხარის პოზიცია გადახედვას არ ექვემდებარება:

”ადრეც გაკეთებულა განცხადება, რომ ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონი ხელს არ უწყობს ურთიერთობების გაფართოებას, კერძოდ - ტურიზმის განვითარებას. მაგრამ ჩვენ გვაქვს პრინციპული დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით და მათ იციან, თუ რა არის ჩვენი არგუმენტები, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ არ ვაპირებთ ამ კანონის გაუქმებას. და, სხვათა შორის, ეს არანაირ ტურიზმს ხელს არ უშლის, რადგანაც ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა გასულ წელს და წელს კიდევ უფრო გაიზრდება”.
სამწუხაროდ, გაძლიერდა მეხუთე კოლონა საქართველოში, რუსეთი ცდილობს ოფიციალურად აჩვენოს, რომ მას ხელები დაბანილი აქვს და ის არაფერ შუაში არ არის. რეალობა კი რადიკალურად განსხვავებულია...
მამუკა ჟღენტი

კარასინის დაპირებებსა და ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის გაუქმების მოსკოვისეულ მოთხოვნას შორის ამჯერად პირდაპირ კავშირს ვერ ხედავს საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანადამფუძნებელი, ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში მამუკა ჟღენტი. ის ფიქრობს, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ თავისუფალ სვლას რუსეთი ვერც ამ კანონის გაუქმების შემთხვევაში შეეგუებოდა. მამუკა ჟღენტს კრემლის მესიჯებისა არც ამ კონკრეტულ შემთხვევაში სჯერა და, როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, გრიგორი კარასინმა საქართველოს ევროპულ არჩევანთან დაკავშირებული განცხადება ძირითადად თავის დაზღვევის მიზნით, საერთაშორისო თანამეგობრობის საყურადღებოდ გააკეთა:

”რუსეთს საკმაოდ სერიოზული სანქციები დაუწესა საერთაშორისო თანამეგობრობამ და, ალბათ, კიდევ უფრო გამკაცრდება და რუსეთს დამატებითი ბრალეულობა ნამდვილად არ სჭირდება. შესაბამისად, იმის პარალელურად, რომ, სამწუხაროდ, გაძლიერდა მეხუთე კოლონა საქართველოში, რუსეთი ცდილობს ოფიციალურად აჩვენოს, რომ მას ხელები დაბანილი აქვს და ის არაფერ შუაში არ არის. რეალობა კი რადიკალურად განსხვავებულია და, რა თქმა უნდა, რუსეთი ახლაც წინააღმდეგია როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის”.

ის, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ სვლას მშვიდად და აუღელვებლად მიადევნებს თვალყურს რუსეთი, ასევე ძალიან ბევრს არ სჯერა საქართველოში და, მით უმეტეს, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე. მათთვის ნათელია, რომ რუსეთმა აგრესიით უპასუხა სწორედ ევროკავშირისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისკენ უკრაინელი ხალხის სწრაფვას.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG