Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენიმე სასარგებლო საიტი სტუდენტებისთვის


თუ რომელიმე ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ხარ, ერთხელ მაინც გექმნება პრობლემა - რატომ არის ასეთი მწირი რესურსი ინტერნეტში სტუდენტებისთვის. ქართული ნეტისთვის ეს მართლა პრობლემაა, ჩვენ არ გვაქვს კარგი ელექტრონული ბიბლიოთეკები, პროფესორებისა და ლექტორების შეფასების ონლაინსერვისები, არ გვაქვს პლატფორმა, სადაც შეგვეძლება ვითხოვოთ დახმარება და დავეხმაროთ სხვა სტუდენტებს და ა.შ. მაგრამ თუ კარგად მოძებნით, მაინც უამრავ სასარგებლო რამეს იპოვით ინტერნეტში - მართალია, არა ქართულ ენაზე. ჩემი დღევანდელი პროგრამა ზუსტად რამდენიმე ასეთ საიტს შეეხება.

Half.com - ძალიან საინტერესო ვებსაიტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ იპოვოთ ზუსტად ის წიგნი და გამოცემა, რომელიც თქვენ გჭირდებათ. საიტი საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ დროც და ფულიც, რომელსაც, ალბათ, რაიმე უფრო საინტერესოს სიამოვნებით მოახმარდით.

RateMyProfessors.com - ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ასეთი საიტი ძალიან საჭირო იყო ქართველი სტუდენტებისთვისაც. ესაა ვებსაიტი, სადაც მილიონზე მეტი პროფესორის რევიუს ნახავთ. წაიკითხავთ, თუ რა მოსწონს მას, როგორი მიდგომა აქვს სტუდენტების მიმართ და ა.შ. საიტი განსაკუთრებით გამოადგებათ სტუდენტებს, რომლებიც საზღვარგარეთ სასწავლებლად მიემგზავრებიან. მგონი, გარემოსთან ადაპტირება მათთვის ასე უფრო მარტივი იქნება.

Evernote.com - იდეები, აზრები, დავალებები, აუცილებლად საყიდელი პროდუქტი, სახლემძღვანელოების სია - ეს ყველაფერი არც ისე მარტივი დასამახსოვრებელია. ეს ვებსაიტი კი ისედაც გადატვირთულ გრაფიკს საგრძნობლად შეგვიმსუბუქებს, როცა მივხვდებით, რომ ჩვენთვის საჭირო ყველა ჩანაწერი ონლაინაა. მით უმეტეს, რომ ამ ჩანაწერთან წვდომა ნებისმიერი დივაისიდან შეგვიძლია გვქონდეს.

Google Drive - მართალია, ეს წინა ჩამოთვლილი საიტებისგან განსხავავებული პროდუქტია, მაგრამ, მგონი, სტუდენტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ადგილია ინტერნეტში. თუ დრაივის ფუნქციებს კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ეს, უბრალოდ, დიდი ფაილების მეილით გაგზავნის სერვისი არაა. აქ შეგვიძლია ჩვენი ცხრილების მენეჯმენტი, ჩვენი აკადემიური მოსწრების ინფოგრაფიკების შექმნა, შეგვიძლია გვქოდნეს საერთო დოკუმენტი თანაკურსელებთან ერთად და ა.შ. სიმართლე გითხრათ, ჩემი ნება რომ იყოს, აუცილებლად ჩავუტარებდი ყველა პირველკურსელს პატარა ტრენინგს, რომელიც მათ გუგლ დრაივის სასარგებლოდ გამოყენებაში დაეხმარებოდა.

StudyMode.com - ნამდვილი სამოთხე ინტერნეტში. უფასო ესეების ნაკრები თითქმის ყველა თემაზე. მილიონობით წერილი და მილიონობით განმარტება, რომელიც ამ საიტზე ყველასთვის ხელმისაწვდომია, სტუდენტებს ნამდვილად დაეხმარება მოიძიონ მათთვის საჭირო ნებისმიერი ტექსტი. საიტი დაეხმარება ყველას, ვინც თვითონ მუშაობს ტექსტზე, რეფერატზე ან ესეზე - ის ყოველთვის მოგვამარაგებს ჩვენ იშვიათი წყაროებით, რომელთა ძიებაშიც საათები უნდა გაგვეტარებინა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში და, დიდი ალბათობით, სასურველი ნაშრომი მაინც ვერ უნდა გვეპოვა.

Refdesk.com - საიტი, რომელიც ფაქტების გადამოწმებაში გვეხმარება და რომელიც უამრავ მონაცემთა ბაზას გვთავაზობს, სადაც შეგვიძლია ვეძებოთ, ვეძებოთ და, საბოლოოდ, მაინც ვიპოვოთ ის, რაც გვჭირდება. ფაქტების გადამოწმებისთვის უკეთესი ვებსერვისი მე ნამდვილად არ მეგულება და ამიტომ თქვენც Refdesk-ს გირჩევთ.

Project Gutenberg – 25 ათასზე მეტი უფასო წიგნი, რომელიც ყველას შეუძლია ნახოს და გადმოწეროს. ასევე, დამატებით, 100 000 წიგნი პროექტის გამომწერებისა და პარტნიორებისთვის; ნამდვილი ხსნა მათთვის, ვისაც წიგნების ასლების გადასაღებად რიგში დგომა მობეზრდა.

Wridea.com - იდეების მენეჯმენტისა და ონლაინბრეინშტორმების მოსაწყობი ბრწყინვალე სერვისი სტუდენტებისთვის, რომლებსაც ბევრი წერა უწევთ. ესეები, თხზულებები, კვლევები - აქ შეგიძლიათ ყველაფერზე იმუშავოთ.

Scribd
- ონლაინბიბლიოთეკა ყველასთვის, რომელსაც სჭირდება საკუთარი ფაილების ინტერნეტში განთავსება, სხვისი ფაილების ნახვა და ასევე სურს მუდამ ჰქონდეს წვდომა ახალ წიგნებზე. მართალია, წიგნების საიტზე ნახვა ფასიანია, მაგრამ ამის გარდა საიტს კიდევ უამრავი გამოყენება აქვს. ის შეგიძლიათ, უბრალოდ, თქვენი ნაშრომების ასატვირთადაც გამოიყენოთ.

Open Book Project - ძალიან საინტერესო და სასარგებლო პროექტი სტუდენტებისთვის. პროექტის მიზანია ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს წიგნები და სტუდენტებისთვის საჭირო სხვა მასალა: კვლევები, ესეები და ა.შ. საიტის მიზანია სტუდენტებისა და ლექტორების დახმარებით ერთიანი ონლაინკომუნა შექმნას ცოდნის მისაღებად და გასაზიარებლად.

აი, ამჯერად სულ ესაა. რა თქმა უნდა, ყოველთვის მივესალმები მათ, ვინც თვლის, რომ სიაში კიდევ რამდენიმე საიტის ჩამატება შეიძლებოდა. თქვენი ვერსიები შეგიძლიათ ფეისბუკზე ან ტვიტერზეც მომწეროთ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG