Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბჭოეთის პარალელური სამყაროების წიგნი


ყველა მწერალს, ვინც კი საბჭოურ პერიოდში საქართველოში ცხოვრობდა, ქართველ საბჭოთა მწერალს უწოდებდნენ, მიუხედავად იმისა, თუ რაზე წერდა იგი და როგორ. ანუ, ნომინალურად ყველა საბჭოთა იყო, თუმცა იყვნენ ნამდვილი საბჭოთა მწერლებიც - ისინი, რომლებიც სულმუდამ საბჭოთა ცხოვრებას აღწერდნენ ზემოდან განსაზღვრული იდეოლოგიური აქცენტებით და სქემებით. გასაგები მიზეზების გამო ხანდახან კარგი მწერლებიც კავდებოდნენ ამ საქმით, თუმცა მაინც ცდილობდნენ, მოცემული თარგით ბოლომდე არ ეხელმძღვანელათ. ასე დაწერა, მაგალითად, კონსტანტინე გამსახურდიამ „ვაზის ყვავილობა“. ალაგ-ალაგ ანტისაბჭოთა მწერლებიც გამოჩნდებოდნენ ხოლმე. საბჭოეთი უკვე 25 წელია, რაც აღარაა, ამიტომ დღეს ანტისაბჭოთა მწერალი ვეღარ იქნები. საბჭოთა მწერალი კი დღემდე საკმაოდ გვყავს შემორჩენილი - ისინი, რომლებიც ძველი ინერციით აგრძელებენ წერას, თუმცა „საბჭოთა რეალობას“ უკვე ვეღარ ასახავენ. ამას დღეს უკვე სხვა თვალი და სხვა ყური უნდა.

ზურაბ ქარუმიძე
ზურაბ ქარუმიძე

​ზურაბ ქარუმიძე აღმოჩნდა ის მწერალი, რომელსაც საბჭოთა საქართველოს გამორჩეული ხედვა და სმენა აქვს. ეს რამდენიმე წლის წინ „მელია-ტულეფიათი“ დაიწყო და სულ ახლახან გამოცემული „ჯაზის ყვავილობით“ გაგრძელდა (გამომცემლობა „აზრი“). ეს რომანები არის იმ პარალელური სამყაროების წიგნები, რომლებიც საბჭოური მეინსტრიმული ხაზის გვერდით სულ მუდამ არსებობდა. პარალელური სამყარო მასთან რამდენიმეა, ისინი თითქოს არც არიან ერთმანეთთან შეხებაში, მაგრამ ხანდახან მაინც იკვეთებიან, და ცხადია, იკვეთებიან რეჟიმის ხაზთან და მის მთავარ დამცველ ძალასთან - „კაგებესთანაც“. გადაკვეთის ამ წერტილების ქსელი ქმნის მისი ბოლო ორი რომანის ქსოვილს, განსაკუთრებით კი „ჯაზის ყვავილობის“. შეიძლება ითქვას, რომ აქ ავტორი სტერეოტიპული ქართული საბჭოთა სივრცის დეკონსტრუქციას ცდილობს და რეალური მასალის ფლობითა და მძაფრი მხატვრული ფანტაზიით ამას შესანიშნავად ახერხებს.

წიგნზე საუბარი ვთხოვეთ კრიტიკოს ლელა კოდალაშვილს.

ლელა კოდალაშვილი: „ბოლო წლების რომანები აბსოლუტურად სხვა მიმართულებისაა, განსხვავებით ადრეული ხანის შემოქმედებისაგან, იმიტომ რომ მაშინ განსაკუთრებულად მახვილი იყო გაკეთებული მხატვრულ სახეებზე, მხატვრულ მხარეზე, და ამ რომანებში, პირობითად შეიძლება ითქვას, არის უფრო მეცნიერულ-დოკუმენტური კუთხით განვითარებული ეს პროცესი. მე, ცხადია, ამ სიტყვებს მთელი დატვირთვით არ ვამბობ, იმიტომ რომ ეს არ არის აბსოლუტურად დოკუმენტური ან მეცნიერული მასალა, რა თქმა უნდა, მხატვრულ ქარგაშია ჩასმული, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის ინფორმაციული და ახალი სტილის პოსტმოდერნისტული ტექსტი, რომლის ანალოგიც, პრინციპში შეიძლება ითქვას, - ადრეც ვთქვი, როცა „მელია-ტულეფია“ დაიბეჭდა, - რომ ჩვენს ლიტერატურულ სივრცეში არ არსებობს. რაც შეეხება პირველ და მეორე რომანს: ძნელია ახლა გამიჯნო ეს ორი რომანი ერთმანეთისაგან, იმიტომ რომ აბსოლუტურად ერთი მიმართულების ტექსტებია, ერთი ქარგა აქვს, პირველი რომანი აცოცხლებს 20-იანი წლების, ასე ვთქვათ, ფუტურისტულ-მისტიკურ საბურველში გახვეულ ნაწილს საქართველოსას, აცოცხლებს ისტორიულ პერსონაჟებს და მათთან ერთად კონკრეტულ ისტორიას, რომელიც ნამდვილი ისტორიაა, და მეორე რომანში არის გაცოცხლებული 50-იანი წლების საქართველო. ძალიან საინტერესოა ის, რომ ამ ფონზე შემოდის ძველი რომანის პერსონაჟი კარმელი, ამ ფონზე შემოდიან ჩვენი მხატვრული სივრცისთვის უცნაური, ლეგენდარული სახეები, ჯაზის ვარსკვლავები, ასევე შემოდის ეს მისტიკური საბურველი და ა.შ. და ა.შ...“

მაზალო, წინააღმდეგობრივი რამეა ავანგარდიზმი! თავად საქართველოც ეგრეა, თან ულამაზესი, თანაც უმახინჯესი...
ზურაბ ქარუმიძე

შემთხვევითი არაა, რომ ყოველივე ამის ჩვენებას და გამოტანას ავტორი 1956 წლის 9 მარტის მოვლენების ფონზე იწყებს. ეს ამძაფრებს მისთვის ასე საჭირო კონტრასტებს. სტალინიზმისა და ნაციონალიზმის ამ მუტაციაში „სტილიაგები“, ჯაზმენები, ოკულტისტები დაუჯერებელი არსებებივით არიან. ხოლო თითო-თითო ფრაზაში გამკრთალი გურამ რჩეულიშვილი, მიშა ქვლივიძე, ნიაზ დიასამიძე თუ ზვიად გამსახურდია ამ ბინარულობას ხელშესახებობას სძენენ.

„ჯაზის ყვავილობას“ ერთიანი სტილური ხელწერა არ გააჩნია. ზურაბ ქარუმიძე წერის მანერას სულ ცვლის. იგი ხან მშრალ, ფაქტობრივად დოკუმენტურ პასაჟებს გვთავაზობს, ხან, თუ შეიძლება ასე ითქვას, „ჩვეულებრივად“ იწყებს სიუჟეტის თხრობას, ხშირად იყენებს პოეზიას, ერთგან დრამატურგიულ ჩანართსაც აკეთებს, პერიოდულად მისი ტექსტი უცნაურად ვიბრირებას იწყებს და სრულიად უცხო ვერბალურობა მკვიდრდება, რათა რომელიმე პარალელური სამყარო აღწეროს, ხოლო როცა ეს სამყაროები ერთმანეთში ირევა, როცა მეგრული შელოცვები, ამერიკელი ჯაზმენების სიმღერების ფრაზები თუ გურჯიევის სიმბოლოები ერთად იზილება, უკვე კარნავალურობის დრო დგება, ავტორისავე ანაგრამით რომ ვთქვათ, Georgia უცებ Orgia.Ge-დ იქცევა.

ლელა კოდალაშვილი: „ძალიან უცნაური, ძალიან ეკლექტური სამყარო იქმნება, როდესაც რომანში ერთიანდება მკვეთრი ისტორიული რეალობა, კონკრეტული ისტორიული ფაქტები, გამოგონილი პერსონაჟები, შემოდის ჯაზური მუსიკა, შემოდის ეს ოკულტური მეცნიერებები, მისტიკა, ყველაფერი ეს საბოლოოდ ერთგვარ ფანტასმაგორიულ ორომტრიალში ექცევა და ამის ფონზე მიდის რომანი ფინალისკენ. რომანი არის ემოციურად ძალიან დამუხტული და აი, ასეთ ფორმულირებას გავაკეთებდი: თუ პირველ რომანზე ვთქვი, რომ ეს იყო ერთგვარად 20-იანი წლების „ტანცმაისტერის“ მიერ შექმნილი რაღაც ქორეოგრაფიული ნიმუში, მეორე არის უკვე ერთგვარი ჯაზური კომპოზიცია“.

ჯაზი რომანში თავისუფლების ხატია, თავისი იმპროვიზაციულობით, სილაღით, მოუხელთებლობით. არა მხოლოდ ადამიანის პირადი თავისუფლების, არამედ ქვეყნის. შეჯახების მთავარი წერტილიც ამიტომ იგია. საბჭოთა უშიშროებას მოსდის ინფორმაცია, რომ ამერიკის დაზვერვა ოპერაციით „ჟასმინი“ ჯაზს იყენებს საბჭოთა მოსახლეობაზე ფსიქოტრონული ზემოქმედების იარაღად. ამ კონფლიქტის ირგვლივ ტრიალებს ყველა და ყველაფერი რომანში. მის ცენტრში კი ექცევა „კაგებეს“ გენერალი ვენორი ქვარცხავა, რომელიც ჯაზთან ბრძოლაში თანდათან ხდება მისი თავგადაკლული მოყვარული, მასში ამავე დროს იღვიძებს კოლხი წინაპრის, მჩხიბავი ტაია შელიას სული და იგი ჰიპნოზური ზემოქმედების უნარს იძენს. „კაგებეშნიკის“ ასეთი კარდინალური გარდაქმნა ზურაბ ქარუმიძეს გროტესკულად აქვს დახატული და შეიძლება ითქვას, რომ ეს პერსონაჟი ზემოთ ჩამოთვლილი ურთიერთგამომრიცხავი სამყაროების ერთ სივრცეში გაერთიანების კარიკატურულ სიმბოლოს წარმოადგენს.

ლელა კოდალაშვილი
ლელა კოდალაშვილი

ლელა კოდალაშვილი: „ჩემი აზრით ტექსტი ისეა მოწოდებული, რომ რიგითი მკითხველი, რომელიც არ არის გათვითცნობიერებული ერთგვარ, ბრჭყალებში ვიტყოდი, მეცნიერებებში, ის მაინც ახერხებს ორიენტირდეს და ემოციის თავისეული დოზა მიიღოს, იმიტომ რომ მწერლის ოსტატობა სწორედ ისაა, რომ მან მიაწოდოს სწორედ იმ დოზებით, რომელიც რიგითი მკითხველისთვის იქნებოდა აღქმადი. თუმცა მე ვიტყოდი, რომ მაინც აქვს ამ ტექსტს გარკვეული ლაფსუსები, იმ გაგებით, რომ არის მომენტები, როდესაც იწყება პერსონაჟის ფანტასმაგორიული სამყაროს დიდი დოზით კასკადი, მას ზომიერება ღალატობს და დიდი ზათქით, დიდი არეულ-დარეულობით მოდის ეს ყველაფერი და გარკვეულწილად უკვე დამღლელი ხდება...“​

რაც შეეხება ფინალს: აქ უკვე რაბლეზიანური ღვინის სმის ფონზე, მთელი საქართველოს ფერხულია გაჩაღებული, თავისი გიჟი მარინათი თუ კიკათი, მედიკო მებურიშვილით თუ თვითმფრინავის ბიჭებით. როგორც ავტორი ამბობს, საქართველოში დალევა და დათრობა ნაღდი ჯაზია, და ამიტომ თრობა თავისუფლებაა, როგორც ჯაზი. „თოჯინები იცინიან, სუხიშვილები ცეკვავენ, ქალი კი მღერის“ - რომანის ფინალს ეს ფრაზა რეფრენად გასდევს. თუმცა აქვე ავტორი ლაპარაკს იწყებს ქართულ ავანგარდულ ჯაზზეც და მის ნიმუშად გურამ ფანჯიკიძის „თვალი პატიოსნიდან“ იმ ცნობილ სცენას იყენებს, რესტორანში მოქეიფე საქმოსნები მზარეულს დიდ ფულს რომ შესთავაზებენ, თუ ის ნეკა თითს მოიჭრის, შეუწვავს მათ და მოუტანს. ზურაბ ქარუმიძის ტექსტები მუდამ ინტერტექსტუალურია, ხანდახან შესაძლოა მეტისმეტადაც კი, მაგრამ გურამ ფანჯიკიძის ეს სცენა, მის მიერ თავიდან გაცოცხლებული, სწორედ ისაა, რაც დამამთავრებელ აკორდად იყო საჭირო. „ავანგარდისტული ქმნილება ხომ რაღაც აბსტრაქტულია და იმავე დროს რაღაცა მტკივნეული, ჰო - ტკივილისა და სიამოვნების მომგვრელი ერთდროულად“ - ამბობს იგი, და მას მერე, რაც ნეკის მოჭრის სცენას აღწერს, ასკვნის: „მაზალო, წინააღმდეგობრივი რამეა ავანგარდიზმი! თავად საქართველოც ეგრეა, თან ულამაზესი, თანაც უმახინჯესი.“ ის, რაც 70-იან წლებში ფანჯიკიძისთვის „ნეგატიურ მოვლენებთან ბრძოლა“ იყო, ის ქარუმიძემ თავისი ჯადოსნული ჯოხით ავანგარდად აქცია. და საერთოდ, ესაა წიგნი, სადაც ქართული საბჭოთა რეალობა სრულიად ახალ ელფერს იძენს, ახალ განზომილებებს.

XS
SM
MD
LG