Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მე შენ მიყვარხარ. ჩამეხუტე. სიყვარული სუნთქავს


ზურაბ არაბიძის გამოფენა
ზურაბ არაბიძის გამოფენა

თბილისში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, არქიტექტორ ზურაბ არაბიძის გამოფენა გაიხსნა. ნამუშევრები, რომლებიც მანტრის პრინციპითაა შექმნილი, სიყვარულს ეძღვნება. გამოფენის ავტორის თქმით, დიდ ტილოებზე ასჯერ და მეტჯერ დაწერილი თითო სიტყვა თუ ფრაზა დამთვალიერებელს დადებითი მუხტითა და ენერგიით ავსებს. ის განცდები და ემოციები კი, რომლებიც გამოფენის ნახვის შემდეგ გაუჩნდებათ დამთვალიერებლებს, მათ შეუძლიათ გამოხატონ სპეციალურად მათთვის განკუთვნილ დაფაზე. გამოფენა 10 მაისამდე გაგრძელდება.

სიყვარული მოვა ხვალ, სიყვარული მოვა ხვალ, სიყვარული მოვა ხვალ. მე ყველაზე ლამაზი ვარ, მე ყველაზე ლამაზი ვარ. სიყვარული ათბობს, სიყვარული ათბობს, სიყვარული ათბობს. სიყვარული სუნთქავს, სიყვარული სუნთქავს. მე შენ მიყვარხარ, მე შენ მიყვარხარ, მე შენ მიყვარხარ. სიყვარული ჩემშია, სიყვარული ჩემშია, სიყვარული ჩემშია. ჩამეხუტე, ჩამეხუტე, ჩამეხუტე. მთავარია, ეს ფრაზები ბევრჯერ გაიმეორო - ათჯერ, ოცჯერ, ასჯერ და ამ ყველაფერს იჯერებ. მანტრა, ხო? მანტრას ეძახიან, მგონი, ამას. უფრო ზუსტად, მანტრის პრინციპს. ერთხელ მითხრეს, ცუდ ხასიათზე რომ იქნები, დადექი სარკის წინ, გაუღიმე საკუთარ თავს და ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ გაიმეორე, მე კარგად ვარ, მე კარგად ვარ, მე კარგად ვარ და ნახე, როგორ კარგ ხასიათზე დადგებიო. ვდგავარ დარბაზის ცენტრში, ვუყურებ კედელზე ჩამოკიდებულ შავ კვადრატს, დიდ კვადრატს, რომელზეც თეთრი საღებავით აწერია: მე შენ მიყვარხარ, მე შენ მიყვარხარ... და ვხვდები, როგორ იცვლება ჩემი სახის გამომეტყველება. თუმცა, რაღა მე! დგას ყურსასმენებიანი გოგო, ანი, კედელზე ჩამოკიდებულ დიდ თეთრ კვადრატთან, რომელსაც ოქროსფრად აწერია: ჩამეხუტე, ჩამეხუტე, ჩამეხუტე. ვაკვირდები სახეზე და ვხედავ, როგორ იცვლება მისი სახე. შეჭმუხნილი შუბლი იშლება, მკერდთან გადაჯვარედინებული ხელები იხსნება და რამდენიმე ნაბიჯს დგამს წინ, თეთრი კვადრატისკენ:

ზურაბ არაბიძის გამოფენა
ზურაბ არაბიძის გამოფენა

„მელოდიასთან ერთად ამ ნაწერების კითხვა ძალიან ემოციური იყო. ვიგრძენი ძალიან დიდი სიყვარული და სითბო. და ჩემი საყვარელი ადამიანი მახსენდებოდა. ძალიან დადებითი ემოციებით ვარ დამუხტული. ჩემში არის სიყვარული. მოდი ჩემთან, ჩამეხუტე - ეს ფრაზები გულში ჩამყვა“.

ეს მისია ჰქონდა ამ ნამუშევრების ავტორსაც, ზურა არაბიძეს. ეს ნამუშევრები უბრალოდ არ უნდა დაათვალიერო. ეს ნამუშევრები უნდა წაიკითხო. მიჰყვე თავიდან და გახვიდე ბოლომდე. თუნდაც 127-ჯერ მოგიწიოს ერთი სიტყვის, „მომეფერე“-ს, გამეორება. ეს ერთგვარი მედიტაციააო, მეუბნება ზურა. ის 36 წლისაა, პროფესიით - არქიტექტორი. მუშაობს სამშენებლო-საპროექტო კომპანიაში. დილით ადრე მიდის სამსახურში, საღამოს ბრუნდება. და მერე გვიან, ღამით, თავისუფალ დროს ხელოვნებას უთმობს. იდეა, შეექმნა ნამუშევრები მანტრის პრინციპით, გასულ წელს ბათუმში მოუვიდა. ქუჩის ფესტივალის ფარგლებში, ბათუმში ერთ-ერთი შენობის კედელი მოხატა. უფრო ზუსტად კი, „მოწერა“ სიტყვებით „მე შენ მიყვარხარ“. სწორედ ბათუმში დაწერილ „მე შენ მიყვარხარ“-ს მოჰყვა გალერეაში გამოფენილი ნამუშევრების შექმნის იდეა თემაზე სიყვარული. შავი კვადრატი, ბევრი „მე შენ მიყვარხარ“-თი. თეთრი კვადრატი, ბევრი „სიყვარული მოვა“-თი. სარკე, ბევრი „მე ყველაზე ლამაზი ვარ“-თი. და კიდევ სხვა ისეთი სიტყვა, რომელიც სიყვარულს გამოხატავს:

ზურაბ არაბიძე
ზურაბ არაბიძე

„ეს ისეთი უბრალო და ძალიან მარტივი ფრაზებია, რომლებსაც, ალბათ, ყველა დიდი სიამოვნებით ისმენს. ან, თუ შეყვარებულია, უთხრას საყვარელ ადამიანს. ბუდისტური ლოცვის, მანტრის პრინციპით არის აგებული. მანტრაში ერთი და იგივე პატარ-პატარა ფრაზები მეორდება ძალიან ბევრჯერ, რათა ჩვენში მოვიტანოთ ეს ინფორმაცია და მთლიანად დავმუხტოთ ამ ემოციითა და განცდით ჩვენი სხეული და სული. აქედან გამომდინარე, მეც შევქმენი ასეთი ნამუშევრები. ერთი და იგივე ფრაზები მეორდება ბევრჯერ. საინტერესო რა არის: ვინც ბევრჯერ წაიკითხა თავიდან ბოლომდე, ისინი ამბობენ, რომ მათთან ნამდვილად მივიდა ეს მუხტი და ემოცია. დავამატებ, ამ ნამუშევრებს განწყობით უნდა მიუდგე. თუ ზერელედ შეხედე, არაფერი გამოვა. თუ განწყობით მიუდგები და ყველაფერს წაიკითხავ, აუცილებლად დააგროვებს გარკვეულ ემოციას“.

საგამოფენო დარბაზში დგას წიგნების ძველი კარადა. იქ თეთრყდიანი წიგნები აწყვია. ეს წიგნებიც ზურასია. წიგნებიც სიყვარულზეა. წიგნს „მე შენ მიყვარხარ“ ჰქვია. 404-გვერდიან, 202-ფურცლიან წიგნში თითქმის 64 ათასჯერ წერია ერთადერთი ფრაზა - „მე შენ მიყვარხარ“. ესაა წიგნი მათთვის, ვისაც სიყვარული შეუძლია, ამბობს ზურა. წიგნის პირველი გვერდი ცარიელია:

ზურაბ არაბიძის გამოფენა
ზურაბ არაბიძის გამოფენა

„ეს წიგნი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიუძღვნას თავის საყვარელ ადამიანს, შვილი იქნება ის, დედა, მამა თუ საყვარელი ქალი ან კაცი, და პირველ გვერდზე შეუძლია ნებისმიერი ფორმით გამოხატოს თავისი სიყვარული“.

დგას ზურას ნამუშევრებთან მხატვარი ოლეგ ტიმჩენკო. ცდილობს ეს ნამუშევრები ჯერ როგორც მხატვარმა, ისე შეაფასოს და შემდეგ უკვე როგორც რიგითმა დამთვალიერებელმა თუ მკითხველმა, რომელზეც ზურას ნამუშევრებმა სიყვარულზე შთაბეჭდილება მოახდინა:

„მე მიყვარს მინიმალისტური ნამუშევრები. ძალიან ზუსტად არის დალაგებული ნაწერების ზომა, თითქოს ლაქობრივად, თოვლივით რომ აყრია შრიფტი. ეს არის პირველი ვიზუალური ეფექტი, რომელიც გიზიდავს. და მერე უკვე გაინტერესებს, რა წერია. წერია ძალიან მარტივი სიტყვები. აქ არც პოეზიაა, არც დიდი შემოქმედება, მაგრამ აქ არის კონცეპტუალური მიდგომა, რომელიც შეგიძლია აღიქვა როგორც ლოცვა, მანტრა, ან როგორც სურვილი, წერილი ან მესიჯი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ამ ყველაფრიდან დადებითი ემოცია მოდის. ამ ნაწერს რომ კითხულობ, ისეთი ფრაზები და სიტყვები წერია, ბევრჯერ რომ წაიკითხოს და დაიჯეროს, ალბათ, შეუსრულდება კიდეც“.

გამოფენა ინტერაქტიულია და გათვლილია იმაზე, რომ მნახველი რომ მოდის, ეს ყველაფერი უნდა წაიკითხოს და შემდეგ, აი, ამ სპეციალურ დაფაზე დაწეროს ის, რა ენერგიითაც დაიმუხტება. გამოხატოს თავისი ემოცია...
ნინო მეტრეველი

ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა ჯერ შავზე თეთრით ნაწერ „მე შენ მიყვარხარ“-ის ფონზე გადაიღო ფოტოები და მერე მითხრა, რომ ეს გამოფენა თვითრეალიზაციის კიდევ ერთი ვარიანტია, რაღაც სხვა მოვლენაა, რომელსაც ხელოვნებასაც ვერ დაარქმევს, თუმცა...

„თუ მართლა ასეთი სიყვარული სუფევს ადამიანის გულში და უნდა, რომ ჩვენ, ამ სიყვარულს მოკლებულ საზოგადოებას, ეს გაუზიაროს, ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ნახე, ხალხიც ასე დადის, განათებული თვალებით, რაღაც ხდება ნამდვილად. ეს რაღაც მოძღვრებასთან შეიძლება გავაიგივოთ. შეიძლება სახარებასთან გავაიგივოთ. იმასთან, რომ სიყვარული ღმერთია“.

საგამოფენო დარბაზის თეთრ კედელზე ერთი დიდი შავი დაფაა აყუდებული. დამთვალიერებელი შორიდან უვლის. ვერ ვხვდები მის დანიშნულებას ვერც მე. ამ „საიდუმლოს“ ფარდას ხდის ნინო მეტრეველი, გალერეა „გამრეკელის“ კურატორი. სწორედ ამ გალერეაში შეიქმნა ზურას ნამუშევრები. სწორედ ნინო იყო ერთ-ერთი ინიციატორი, რომ ეს ნამუშევრები შექმნილიყო:

„გამოფენა ინტერაქტიულია და გათვლილია იმაზე, რომ მნახველი რომ მოდის, ეს ყველაფერი უნდა წაიკითხოს და შემდეგ, აი, ამ სპეციალურ დაფაზე დაწეროს ის, რა ენერგიითაც დაიმუხტება. გამოხატოს თავისი ემოცია“.

მე მიყვარს ყველა. მე მიყვარს ჩემი ჯარისკაცი. მთელი დღე მიყვარხარ. სიყვარული ბედნიერებაა. იმიტომ, რომ მიყვარხარ. - შავი დაფა ნელ-ნელა, აი, ამ და კიდევ სხვა, მსგავსი ფრაზებით ივსება. დამთვალიერებლების ნაწილი იმ სარკის წინ პოზირებს, რომელსაც „მე ყველაზე ლამაზი ვარ“ აწერია. ნაწილი „სითბო მინდა, მოდი ჩემთან“-თან იღებს ფოტოებს. კიდევ ნაწილი დარბაზის ცენტრში დგას გაუნძრევლად და გუგებისა და ტუჩების მოძრაობაზე ეტყობათ, რომ იმეორებენ და იმეორებენ: სიყვარული მოვა. სიყვარული მოვა. სიყვარული მოვა. სიყვარული ჩემშია. სიყვარული ჩემშია. სიყვარული ჩემშია. მომეფერე. მომეფერე. მომეფერე...

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG