Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

კარავში შესახლებულები პრეზიდენტისგან რეაგირებას ითხოვენ


ზუგდიდში, პრეზიდენტის რეზიდენციის წინ გაშლილი კარავი
ზუგდიდში, პრეზიდენტის რეზიდენციის წინ გაშლილი კარავი
ზუგდიდში, პრეზიდენტის რეზიდენციის წინ, მიხეილ სააკაშვილის გადადგომისა და დევნილებისთვის საცხოვრებლად რეზიდენციის გადაცემის მოთხოვნით გაშლილ კარავში წუხანდელი ღამე ზუგდიდის ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში მცხოვრები დევნილების ნაწილმა გაათენა. მათთან ერთად იმყოფებოდა საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრი კახა მიქაია.

კახა მიქაიას განცხადებით, მან საზოგადოებრივი მოძრაობის დანარჩენ წევრებთან ერთად კარავში ელემენტარული საცხოვრებელი პირობები შექმნა - მიიტანა ღუმელი, შეშა და სხვა საჭირო ნივთები.

მისივე თქმით, „დაიცავი საქართველო“ და ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისთვის“ არიან იმ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები, რომლის მონაწილენიც პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ. რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, დევნილები რეზიდენციაში შეასახლონ, ის, მიქაიას თქმით, ეკუთვნის დევნილებს და მოძრაობამ „დაიცავი საქართველო“ მათ, უბრალოდ, დახმარება გაუწია. კახა მიქაიამ პრეზიდენტს 2010 წელს გაკეთებული განცხადებაც შეახსენა:
ზუგდიდში, პრეზიდენტის რეზიდენციის წინ გაშლილი კარავი
ზუგდიდში, პრეზიდენტის რეზიდენციის წინ გაშლილი კარავი

„2010 წელს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის რეზიდენცია დაუთმოს დევნილებს და სოციალურად დაუცველებს. მართალია, ის ახლა პრეზიდენტი არ არის, მაგრამ მოვითხოვთ შეასრულოს დაპირება. მეორე მოთხოვნაა, რომ, თუ სააკაშვილს არ სურს დაძაბოს სიტუაცია დასავლეთ საქართველოში, გონებას მოუხმოს, გამოიჩინოს კეთილი ნება, დაიხუროს ქუდი და წავიდეს სახლში“.

პრეზიდენტის რეზიდენციის გვერდით მდებარე ზუგდიდის ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ წუხელ კარავში მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ, რადგან იქ უკეთესი პირობებია, ვიდრე კოლეჯის შენობაში. მათივე განმარტებით, კარავში შესახლებულთა რაოდენობა თანდათან გაიზრდება.

კარავში ერთ-ერთი პირველი შესახლდა აფხაზეთიდან დევნილი 86 წლის ჩიქო შენგელია.

„მიშას სახლში უნდა შევიდე. აი, ეს არის ჩემი მოთხოვნა. არც წყალი გვაქვს და არც შუქი. რითი უნდა ვიცხოვროთ? ამიტომ შეგვიშვან. იქ ყველაფერი აქვს მიშას. კოლეჯის შენობაში მცხოვრები ოჯახები ყველა დავეტევით რეზიდენციაში. შეგვიშვით მიშას სახლში. ის არ დარჩება უსახლ-კაროდ, ნუ გეშინიათ. ბევრი ექნება ამისთანა“, - თქვა ჩიქო შენგელიამ.
ზუგდიდში, პრეზიდენტის რეზიდენციის წინ გაშლილი კარავი
ზუგდიდში, პრეზიდენტის რეზიდენციის წინ გაშლილი კარავი

საქართველოს პრეზიდენტის ზუგდიდის რეზიდენციის წინ გაშლილი კარავი 25 კაცზეა გათვლილი. კარვის გაშლის პროცესს „დაიცავი საქართველოს“ წევრები ხელმძღვანელობდნენ.

„სააკაშვილი დამთავრდა, სააკაშვილი ვადაგასულია“, - ამ სიტყვებით მიმართა კახა მიქაიამ გუშინ, 21 იანვარს, რეზიდენციის წინ შეკრებილ დაახლოებით 30-მდე მოქალაქეს.

კახა მიქაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის გადადგომისა და დევნილებისთვის ალტერნატიული ფართის გადაცემის მოთხოვნით გაშლილი კარავი ზუგდიდში მანამ დარჩება, სანამ კონკრეტული რეაგირება არ მოჰყვება პრეზიდენტის მხრიდან.
XS
SM
MD
LG