Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზეწოლა საწვავის ფასებზე


მსოფლიოს ნავთობბაზარზე განვითარებული ტენდენციის შესაბამისად, საქართველოში საწვავი შესამჩნევად გაიაფდა, მაგრამ მთავრობა უფრო მეტს მოითხოვს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზარი შეისწავლა. კვლევის პირველად შედეგებზე დაყრდნობით, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ნავთობპროდუქტების ფასები მხოლოდ უმნიშვნელოდ არის შემცირებული.

ორიოდე დღის წინ გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „კონკურენციის სააგენტოს“ პირველადი ანგარიშის საფუძველზე, საქართველოში ნავთობპროდუქტების ფასის არასაკმარისად შემცირების შესახებ ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა ამ საკითხზე ყურადღების გამახვილების მიზეზად საზოგადოების დიდი ინტერესი და კითხვები დაასახელა:

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

„გასული წლის მეორე ნახევარში მსოფლიო ბაზარზე დაიწყო ნავთობზე ფასების მნიშვნელოვნად შემცირების ტენდენცია და, დღეის მდგომარეობით, სახეზე გვაქვს 60-პროცენტიანი კლება. ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს ადეკვატური ასახვა უნდა ჰქონოდა ქართულ ბაზარზე, მე ვიტყოდი, მაქსიმუმ 1 თვეში, 2 თვეში. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა, რაც ჩვენი საზოგადოების სამართლიანი უკმაყოფილების საბაბი გახდა და გააჩინა კითხვები. ფაქტია, ნავთობიმპორტიორი კომპანიების ფაქტობრივი საოპერაციო ხარჯები არ გაზრდილა, შემცირდა საერთაშორისო ბაზრებზე შეძენილი ნავთობპროდუქტების ფასი, მაგრამ, სამწუხაროდ, გაუგებარი რჩება, ამ ფასთა სხვაობის ეფექტით რატომ ვერ ისარგებლა ადგილობრივმა მომხმარებელმა“.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ, მთავრობის აზრით, თავისუფალ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის პირობებში უნდა მომხდარიყო კომპანიების მიერ ადეკვატური საფასო პოლიტიკის გატარება. ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, ნავთობპროდუქტების კომპანიებმა შედარებით უმნიშვნელოდ შეამცირეს პროდუქციის ღირებულება. მთავრობის მეთაური კონკურენციის კანონის დარღვევის შესაძლებლობაზეც მიანიშნებს:

„არაერთგზის დაფიქსირდა შუამავალი კომპანიების მიერ ერთი და იმავე სახეობის ნავთობპროდუქტების რადიკალურად განსხვავებულ ფასებში შეძენა. ეს არის კონკურენციის კანონის დარღვევა. კერძოდ, ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „დ" ქვეპუნქტის მიხედვით, აკრძალულია გარკვეული სავაჭრო პარტნიორების მიმართ იდენტურ ტრანსაქციებზე განსხვავებული ან დისკრიმინაციული პირობების გამოყენება. და მე მინდა გითხრათ, რომ, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „კონკურენციის სააგენტოს“ მიერ გრძელდება ამ საკითხის სიღრმისეული კვლევა და მე მინდა დავარწმუნო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და ჩვენი მომხმარებლები, რომ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე ხელისუფლება გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს“.

საცალო ქსელში ფასი შემცირებულია, საშუალოდ, 50 თეთრით. თუ არა ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში, ფასი კიდევ სადღაც, საშუალოდ, 35 თეთრით ნაკლები იქნებოდა...
ვანო მთვრალაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებას დიდი ხანია ელოდა ნავთობპროდუქტების მომხმარებელთა ნაწილი, რადგან მმართველი პოლიტიკური ძალის წინასაარჩევნო დაპირება საწვავის ფასების თითქმის განახევრება იყო. ახლა კი, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულება 60 პროცენტით შემცირდა, საქართველოში მომხმარებელი საწვავის უფრო მეტად გაიაფებას მოელის. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის პრეზიდენტ ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, საწვავის 30 პროცენტზე მეტად გაიაფებას ხელს უშლის ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებული საკითხები:

„საცალო ქსელში ფასი შემცირებულია, საშუალოდ, 50 თეთრით. თუ არა ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში, ფასი კიდევ სადღაც, საშუალოდ, 35 თეთრით ნაკლები იქნებოდა“.

აშშ-ის დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტების კურსის ცვლილება საწვავის ფასის საგრძნობ შემცირებას არამარტო საქართველოში აფერხებს. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ევგენიძემ რადიო თავისუფლების დილის გადაცემაში დიდი ბრიტანეთის მაგალითი მოიყვანა:

„საწვავზე ფასების კლების შენელებულ ტენდენციებზე ამახვილებდნენ ყურადღებას ბრიტანელი ექსპერტებიც ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში. მათი თქმით, ნავთობზე ფასების 26-პროცენტიანი კლების პირობებში, ბრიტანეთში ერთ ლიტრ საწვავზე ფასი მხოლოდ 6 პროცენტით იყო შემცირებული, თუმცა აქვე მოყვანილი იყო შემდეგი არგუმენტები: 1) საწვავის ფასის ორი მესამედი წარმოადგენს დღგ-ს და აქციზის გადასახადს და საწვავზე არსებულ მოსაკრებლებს. 2) იმის გათვალისწინებით, რომ ნავთობით ვაჭრობა ხდება აშშ დოლარში, ხოლო ფუნტი დოლართან მიმართებაში არის გაუფასურებული, ეს ანეიტრალებს ფასის კლების ეფექტს ბრიტანელი მომხმარებლებისთვის“.

ნინო ევგენიძე აღნიშნავს, რომ ამ მომენტისთვის დიდ ბრიტანეთში ნავთობპროდუქტების ფასები შემცირებულია 26 პროცენტით. რაც შეეხება საქართველოს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ საქართველოში ნავთობზე ფასის შემდგომ კლებას მომხმარებელი აღარ უნდა ელოდეს. ამის ერთ-ერთ ყველაზე მყარ არგუმენტად ლარის კურსის არამდგრადობა იქნება გამოყენებულიო, - ამბობს ნინო ევგენიძე.

ხალხის განწყობების ბიზნესმენის საწინააღმდეგოდ მიმართვა... ეს პოლიტიკოსებს სჩვევიათ, თავიანთი პასუხისმგებლობა მიმართონ ბიზნესის საწინააღმდეგოდ, გადაიტანონ ყურადღება და თვითონ შედარებით მშრალად გამოძრომა სცადო...
თემურ იობაშვილი

საქართველოში საწვავის ფასის ფორმირების კიდევ სხვა ფაქტორებზე ლაპარაკობს ჟურნალ ”ბიზნესი და მენეჯმენტის” რედაქტორი, ეკონომისტი თემურ იობაშვილი. ის ყურადღებას ამახვილებს მოთხოვნა-მიწოდების პრინციპზე:

„ფასის ფორმირებაზე მთავარი გავლენის მომხდენი არის უშუალოდ ბიზნესი და საწვავის შემომტანის მოგების სურვილი. ნებისმიერ ბიზნესს ამოძრავებს მოგების სურვილი. თუ იმ ბენზინის იმპორტიორს გაეყიდება 1 დოლარად შემოტანილი ბენზინი 2 დოლარის ეკვივალენტში, რატომ არ უნდა გაყიდოს?! ეს ეხება ნებისმიერ პროდუქტს და, მათ შორის, ბენზინსაც. ისე რომ, ზემოდან ან ხელისუფლებამ, ან თუნდაც ექსპერტებმა, ან რაიმე კომისიამ ნებისმიერი პროდუქციის მწარმოებელს თუ შემომტანს დაუდგინოს ფასები, ეს არის სრული აბსურდი, ეს არის გეგმიური ეკონომიკა, რაც საბჭოთა კავშირის პერიოდიდან გვახსოვს და სადამდეც მიჰყავს ნებისმიერი ბიზნესი ასეთ ზემოდან დადგენილ ფასებს, ყველას გვახსოვს“.

თემურ იობაშვილი, მაგალითად, პურპროდუქტებთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს: როდესაც მის ფასს სახელმწიფო არეგულირებდა, საქართველოში პურის დეფიციტი და უზარმაზარი რიგები იყო. ის მხოლოდ მას შემდეგ გაქრა, რაც ფასი გათავისუფლდა და მას ახლა მხოლოდ მოთხოვნა-მიწოდების პრინციპი განსაზღვრავს. ეკონომისტი თემურ იობაშვილი საწვავის ფასებზე მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებებში პოლიტიკურ მოტივებს ხედავს:

„ხალხის განწყობების ბიზნესმენის საწინააღმდეგოდ მიმართვა... ეს პოლიტიკოსებს სჩვევიათ, თავიანთი პასუხისმგებლობა მიმართონ ბიზნესის საწინააღმდეგოდ, გადაიტანონ ყურადღება და თვითონ შედარებით მშრალად გამოძრომა სცადონ“.

ამჟამად საქართველოში მაღალი ოქტანობის საწვავზე არსებული ფასი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, ნავთობის მწარმოებელ მეზობელ აზერბაიჯანში.

XS
SM
MD
LG