შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 08:15

ბლოგები / ზაზა ბურჭულაძე

თოჯინები იცინიან

x
ტექსტის ზომა - +
რამდენიმე დღის წინ ერთი დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა კინოთეატრ რუსთაველში. ნინო ორჯონიკიძემ და ვანო არსენიშვილმა მათი ერთობლივი ნამუშევარი “ინგლისურის მასწავლებელი” პირველად აჩვენეს ფართო აუდიტორიას. რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, მაყურებელმა ფილმი მიიღო. თუმცა, საკითხავია, რამდენად სწორად იქნა იგი გაგებული. რამდენადაც ფილმის მსვლელობისას ჩემს გარშემო მსხდომნი ხშირად ისეთ რამეებზე აკეთებდნენ ერთმანეთში კომენტარს, ეჭვი გამიჩნდა, რომ ფილმის აღქმა ოდნავ ზედაპირული იყო.

ჩემი აზრით, “ინგლისურის მასწავლებელი” რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაწარმოების თავისებური და მსუბუქი ვერსიაა. პირველ ყოვლისა, აქ ალბათ ლორან კანტეს ფილმი „კლასი" უნდა ვახსენოთ, რომელიც 2008 წელს კანში ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოვდა. რომელთანაც არაერთი გადაძახილი აქვს “ინგლისურის მასწავლებელს”. განსხვავება აქ ისაა, რომ ბრედლი ნელსონი ინგლისური ენის მასწავლებელია სოფელ საჯიჯაოში, ფრანსუა ბეგოდო კი ფრანგულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის ერთ პარიზულ სკოლაში.

“ინგლისურის მასწავლებელი” ასევე ენათესავება კაფკას „ციხე-სიმაგრესაც. როგორც მიწისმზომელი კ., ისე ბრედლი ნელსონიც წინასწარი განზრახვით ჩადის სოფლად, რომ იქაურ სისტემაში ჩაეწეროს, მაგრამ ვერ ეწერება. სისტემა არ იღებს მას. როგორც კ.-ს, ისე ბრედლისაც არავინ აგდებს ღიად სოფლის ქრონოტოპოსიდან, თუმცა სოფლელები ისე ახლოსაც არ იკარებენ, რომ მათ შორის ურთიერთგაგების აქტი შედგეს. იმის მიუხედავად, რომ სისტემა ხვდება გმირს, მაინც მათი შეხვედრა შეუძლებელია. “ინგლისურის მასწავლებელი” ვერშეხვედრის ილუსტრაციაა. ფილმში სისტემა და გმირი ერთმანეთში ლაპარაკობენ, მაგრამ ერთმანეთის არ ესმით. მათ არ შეუძლიათ მოსმენილის პირად გამოცდილებაში გადატანა. ისინი უბრალოდ არ ან/და ვერ ცნობენ ერთმანეთს.

„ინგლისურის მასწავლებელში“ სოფელი, - როგორც სისტემა, - თავს იცავს, მას არ სურს და არც შეუძლია ახლის შეცნობა. ასე რომ, მის სხეულში ბრედლი ბოლომდე ანტისხეულად რჩება. სისტემას არ უნდა ახალი, ძველი ურჩევნია. ეს ძველი კი, როგორც ფილმის განმავლობაში ვხედავთ, ტყუილით, დაცინვითა და ფარისევლობითაა გაჟღენთილი. სისტემა ისე თავხედურად აყრის ბრედლის თვალებში ნაცარს, რომ ამ უკანასკნელს ისღა დარჩენია, თავისთვის აღშფოთდეს და ჩუმად თქვას: „ეს შეუძლებელია!“. კერძოდ - საკლასო გამოცდების დროს. ფილმში კარგად ჩანს, თუ როგორი ფიქციაა ეს გამოცდები.

„ვინც ინგლისური არ იცის, ღარიბია“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი ფილმის დასაწყისში. ბრედლი ნელსონი ერთ-ერთია იმ ასობით მასწავლებელთაგან, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ ერის გასანათლებლად. ჩანაფიქრი მშვენიერია, თუმცა განუხორციელებელი. სხვას რომ თავი გავანებოთ, სოფელ საჯიჯაოში ინგლისურის სწავლა არ შეუძლიათ, არ გამოსდით. სიმართლე ითქვას, მაინცდამაინც არც ინდომებენ. ბრედლის შეკითხვაზე „სად გინდათ სკოლის დამთავრების შემდეგ წახვიდეთ?“, კლასი ერთხმად პასუხობს: „თბილისში!“.

ერთგან ბრედლი ამბობს: „საქართველოში სუფრა არასდროს მთავრდება. სკოლაშიც კი“. საჯიჯაოში ინგლისურის სწავლა არ უნდათ. ან რა საჭიროა? ინგლისური ენის საგამოცდო ტესტები მათ გარეშეც შეივსება მათსავე სასარგებლოდ. მონაცემები კი ეროვნულ საგამოცდო ცენტრში გადაიგზავნება, იქიდან კი - განათლების სამინისტროში. და ყველა კმაყოფილია. ყველა იცინის. მოსწავლეც და პრეზიდენტიც. მერე რა, რომ საჯიჯაოს სკოლაში ინგლისური არ უსწავლიათ? დოკუმენტი ხომ არსებობს, რომელიც ამის საპირისპიროს ამტკიცებს?

ან როგორ გაბედავს პროვინციული სკოლის დირექტორი იმის თქმას, რომ დღევანდელ საქართველოში მისი სკოლის მოსწავლეებმა ინგლისური არ იციან. ჩვენ ხომ გიგანტური ნახტომებით მივიწევთ ახალი მშვენიერი საქართველოსკენ, სადაც ძაღლსაც კი ეცოდინება ინგლისური და კომპიუტერი?

ერის ინტერნეტიზაცია-კომპიუტერიზაცია ცალკე საუბრის თემაა. თავის დროზე სააკაშვილმა კარგად შეადარა კომპიუტერი ილიას სანთელს, ცოდნის გადაცემის კუთხით. რაც, თავის მხრივ, გვაძლევს პასუხს შეკითხვაზე „რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი?“. იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა კომპიუტერი.

თუმცა დავუბრუნდეთ საჯიჯაოს. იქაური სკოლის დირექტორი სიმპტომატური სახელით - ელშუქ ტყებუჩავა - ერთგან ამბობს: „გამორიცხულია, ამას (ბრედლის) აქაურობა დაავიწყდეს. სადაც უნდა წავიდეს, ყოველთვის ემახსოვრება ეს სკოლა“. მართლაცდა რა დაავიწყებს ბრედლის საჯიჯაოს სკოლას?

ახლა ისე არ გამოვიდეს, თითქოს მარტო საჯიჯაოს სკოლაშია პრობლემა. სიმართლე ითქვას, ეს ბრედლიც კარგი მთხლეა და მისი მასწავლებლობაც საკმაო ეჭვებს ბადებს. თუმცა მოცემულ შემთხვევაში მას, ალბათ, ყველაზე ნაკლებად მოეთხოვება. ძაღლის თავი კი იქაა დამარხული, სადაც ბრედლისნაირებს იწვევენ მასწავლებლებად.

ფილმის შინაარს შეგნებულად არ ვყვები. რამდენადაც “ინგლისურის მასწავლებელი” აუცილებლად სანახავი ფილმია. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, დღეს საქართველოში დოკუმენტური კინო უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე მხატვრული. ამის კიდევ ერთი დადასტურებაა “ინგლისურის მასწავლებელი”.

Tags: განათლება, ბლოგი, კინო, ფილმი, თოჯინები, ინგლისურის მასწავლებელი, ნინო ორჯონიკიძე, ვანო არსენიშვილი



ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: გიზო
25.09.2012 03:02
მაგარი ხარ, ზაზა!!!!!! მგონი, ჩმეზე მწარედ არავის გაუკრიტიკებიხართ ამ ბლოგზე! იყო ერთ დროს...
ახლა კი მეორედ მოვისმენ თქვენს საუბარს!!
არ დამიტოვეთ გასაკრიტიკებელი არაფერი!!! :))) აღფრთოვანებული ვარ კაცი!! დიდი მადლობა!!!!

ავტორი: გიზო
25.09.2012 02:55
ნახეთ პოლიტმეტრში ზაზა ბურჭულაძე : 24.09.2012
ძალიან კარგი გამოსვლა იყო!!!

ავტორი: ანონიმი
20.09.2012 03:06
კაი იქნება თუ ისინი ვინც დროშების ფრიალით და მიშა მიშას ძახილით ეგენი მოიყვანეს ხელისუფლებაში ეხლა ოპოზიციაში გადასულ მათ ყოფილ თანამებრძოლებს მოიყვანენ უკვე გოგა გოგა (ხაინდრავას) ძახილით!

ავტორი: ანონიმი
19.09.2012 17:00
ძვირფასო ანონიმ, მე არა ვარ "ანონიმი" მაგრამ ახლა ასე უფრო ანონიმურად ვგრძნობ თავს და ამიტომაც ასე ვწერ.

ის რაც ციხეში გადაღებული ვიდეოფირის გამოქვეყნებით მოხდა იყო და არის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი.
1. ჯერ ერთი - გლდანის ციხეში ზის საქართველოს ყველაზე ცნობილი და რეკლამირებული პატიმარი - თამაზ თამაზაშვილი. ამიტომაც ამ ციხეში არასოდეს მოხდება ისეთი რამ, რაც ხელისუფლების სურვილი არაა.
2. საქართველოს ციხეებში ვერავინ შეიტანს რაიმე მეტალის ჭანჭიკსაც კი პიროვნულად ადეიშვილის თანხმობის გარეშე - ციხის უფროსებს ციხის დაცვაზე და საკონტროლო აპარატზე არავითარი ზალაუფლება არ გააჩნია, ეს ხალხი ადეიშვილის პირდაპირ დაქვემდებარებაშია, მაშინ როცა პოლიციელები მერაბისვილისანი არიან (ახლაც - ახალაია ახალია).
3. თამაზაშვილი ვითომდა ვინმეს რაიმეს უკვეთავდა - ეს სასაცილოდაც კი სისულელეა.

ეს ხელისუფლებამაც კარგად იცის და ამიტომ საინტერესოა, თუ რა გათვლით აკეთებდა ხელისუფლება ამას ყველაფერს. პროპაგანდის მიზნით, თითქოსდა ვინმე დააჯეროს, რომ ციხეებში უსამართლობა შეკვეთილია ივანიშვილის ხალხის დაფინანსებით რომ სააკაშვილის ხელისუფლებას სახელი გაუტეხოსო - ამას არავინ დაიჯერებს და ეს იცის ხელისუფლებამაც.

მაშ ვის რა ხელს აძლევს ეს ყველაფერი?

ჩემი აზრი ასეთია - ეს აქცია დაგეგმილი და მიმართულია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელტაც ეგებ იმის იმედი აქვთ, რომ როგორც მაღალი რანგის პოლიციელებს ივანისვილი მისი გამარჯვების სემტხვევაში გადაიბარებდეს და ამ იმედით ყველას თავი ქუდში ეგონოს. ეს ალბათ ეხება თავად მერაბიშვილსაც კი, რომელსაც ვითომდა ივანისვილიც აფასებდეს როგორც პროფესიონალს - თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ მერაბიშვილიც ამ საქმის დამგეგმავია.
მე ვფიქრობ, რომ ქართველი პოლიციელები არ არიან ჭკუასუსტნი და იციან, რომ ივანიშვილი ერთი ხელის მოსმით ვერ გაათავისუფლებს ან დაიჭერს ყველას - ეს ხელისუფლებამაც იცის. ამ აქციით ხელისუფლებამ უთხრა ყველა საშუალო თუ დიდ საპოლიციო-იუსტიციის მოხელეს - ყველაფერი, რასაც თქვენ სცადიოდიტ აკრიბული სიზუსტითაა დოკუმენტირებული და ნებისმიერ შემთხვევაში თქვენს წინააღმდეგ იქნებაო გამოყენებული. ამ მასალების გასაჯაროების მერე ივანიშვილი უბრალოდ იძულებული გახდება ყველა საშუალო-მაღალი რანგის მოხელე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
ეს ყველაფერი ძალიან კარგად და გასაგებად უთხრა სააკაშვილ-ადეიშვილ-მერაბიშვილის ალიანსმა თავისივე მოხელეებს და მომხრეებს. არა მარტო პოლიციელებს და მეციხოვნეთ, არამედ უკლებლივ ყველას - ადგილობრივ მმართველობას, მათ სორის იგიოვე მასწავლებლებსაც, რომლებიც იძულებულნი იყვნენ შიდა შეკრებებზე და თათბირებზე ბევრი უღირსი ეპითეტით შეამკეს პირადად ივანიშვილი. ამ ხალხსაც უთხრა ხელისუფლებამ - თუკი ივანისვილის დაპირებას პასუხისმგებლობაში არმიცემაზე ენდობით, აი გვაქვს მასალები და მათი გასაჯაროების მერე თქვენი დასჯა ივანიშვილის ხელისუფლების ქვეშ გარდაუვალიაო. ასეთივი სიტუაციაში სასამაღტლოსთან გარიგებაში მყოფნიც - ვინ რა იცის, იმ ფულადი გარიგების გარდა სხვა რა გარიგებებზე წაიყვანა ადეიშვილმა ეს ადამიანები.
ასე რომ, ამ აქციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ხელისუფლებისათვის.
თუმცა, არც ივანიშვილისათვისაა ნაკლებად მნისვნელოვანი.
თუკი ივანისვილს სურს ახლა სიტუაცია გააკონტროლოს და ამ დაკაბალებულ ადამიანებს საშუალება მისცეს კაბინაში თავისუფალი არჩევანი გააკეთონ, ახლავე უნდა თქვას, რომ ეს მასალა არის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი და ნებისმიერი სახის მასალა, სულერთია რა შინაარსისაც ხელისუფლების დამარცხების შემთხვევაში საჯარო გახდება, არ მიექცევა არავითარი ყურადღება და ცაითვლება როგორც დესტრუქციის მცდელობად. ივანისვილმა უნდა მისცეს გარანტია ყველა მოხელეს, რომ ეს პიროვნებები არავითარ პასუხისმგებლობას არ ატარებენ განვლილი დროის ნებისმიერ ქმედებაზე.

ავტორი: ლელა
19.09.2012 00:45
ჩოსერ, სრულიად გეთანხმები! მართალია, ვერაფერი გავიგე, რას ამბობ, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, რაღაცას ამბობ.

ავტორი: ანონიმი
18.09.2012 23:52
ახლა შეიძლება იყოს არამარტოთოჯინების ხარხარი.ლოპოტას ამბებმა ალბათ ვიღაცისთვის საჭირო რეზონანსი ვერ მიიღო და გამოიტანეს ვინ იცის ვის მიერ და ვისი დახმარებით გადაღებული ფილმი ციხეებში მომხდარი საშინელებების შესახებ და ამ ფილმის ტელევიზიებით ჩვენებით ადამიანებს და არაადამიანებსაც აბუნტებენ. რეზონანსი უკვე შთამბეჭდავია და აქვს გაძლიერების პერსპექტივა. ალბათ იწყება საბჭოთა არასაბჭოთა და ანტისაბჭოთა ცეცხლსასროლი იარაღით თბილისის დემოკრატიზაციის მეორე განყოფილება. ვიღაცას სახეზე ალბათ კმაყოფილებაც ეტყობა, თავს უშველეთ!

ავტორი: ჩოსერი საიდან გვწერთ: ქემბრიჯი
18.09.2012 11:41
მაინტერესებს, რამდენი საათი დღეში ზის, ეს კაცი სარკესთან,თავის ბლანჟე-ესფანიოლკის აგრერიგად კონდიციებამდე მიყვანისათვის, წერის დრო რჩება? სერვანტეს-ბექისფიერობა ფორმაა არა არის,შინაარსია. წერა დაწერისათვის?თუ ფულს გიხდიან? ვეჟო, რატომაც არა. აქტუალრი,ვისაც კალამი უჭრით, ბლოგერები, თავისუფლებასაც ჰყავს, მაყაშვილი, რუხაძე, ჭიაურელი, ლიკლიკაძე, ასათიანი, ნერგაძე. ამგვარია ჩემი აზრი, თქვენს მიერ, მოწოდებულზე. შურს არ ვთესავ, სიმართლე თვალებს არ უნდა გვწვავდეს.დანარჩენო ბლოგერებო! სწორება ჯავახიშვილ-მარკესებზე. საჯაროდ აზრის გამოთქმის, დრო და დრო გამოთქმა, ანაზღაურებით,უდუდესი ნდობაა შენი ხალხის მიერ ბოძებული, და თუ სუსტი ხარ ამ საქმით ფულის შოვნაში, დაფიქრდით უთუოდ, ულევ, კამკამა, სინდისის მასაზრდოვებელ, მკურნალ, სხვა საშემოსავლო წყაროებზე

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
12.09.2012 10:49
ეს ტრილოგიის ("პეპელა", "ძმები") დასრულებაა?

ავტორი: ირმა
11.09.2012 17:39
ავტორი: ელენე საიდან გვწერთ: თბილისი
09.09.2012 15:48

ელენე ეგ ერთეულები ყოველტვის არსებობდნენ..მასწავლებლები საერთოდ რომ არ სჭირდებათ ხოლმე..პრეზიდენტმა არ გაგიგოთ ერთეულებზე რომ საუბრობთ,არ მოეწონება:)

ავტორი: ლია საიდან გვწერთ: რომი
11.09.2012 08:19
მეც მაინტერესებს ფილმის ნახვა, მაგრამ როგორც ჩანს, თუ ფილმი თბილისის კინოფესტივალის სელექციაში მოხვდა, საქართველოს გარეთ მცხოვრებნი მას იანვრამდე ვერ ვნახავთ.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
11.09.2012 08:10
ვაზარი

შენ ქართულ ტელეარხებს და ჟურნალ-გაეზეთებს არ ეცნობი? ან ინტერნეტ გამოცემებს არ კითხულობ? ან სამარშრუტო ტაქსებში აღმოცენებული კამათები არ მოგისმენია?

ბიძინას შუშის საშინელებას არ აკრიტიკებენ? ის რაც ხდება კრიტიკა უკვე აღარაა :))

ასეც ნუ მოწყდები შენი ქვეყნის მედია და პოლიტ-ყოველდღიურობას

ავტორი: რეზო
10.09.2012 14:35
უცხოეთში მზოფებმა როგორ ვნახოთ ფილმი?

ავტორი: vazari
10.09.2012 12:16
სოფლის ჩამორჩენილობა მუდმივი ჭეშმარიტებაა, მითუმეტეს ქართული სოფლისა,მაგრამ ზედმეტი ეპატაჟი და სარკაზმი ისეთივე უგემოვნებობა და პროვინციალიზმია, როგორც სუსტის ჩაგვრა ან დაცინვა,მითუმეტეს ეს ეხება ასე თუ ისე, პროგრესის შემოტანას. რაღაც არ მახსოვს, ვინმეს გაეკრიტიკებიოს ის სიმახინჯე ივანიშვილის ,,შუშის სასახლე" რო ჰქვია!

ავტორი: miseenabyme საიდან გვწერთ: planeta venera
10.09.2012 12:05
რადგან სოფელსაც და ქალაქსაც (მოცემულ შემთხვევაში სკოლას) ერთნაირად და კარგად ვიცნობ, თავს ასეთი კომენტარის გაკეთების უფლება მივეცი : მართალია, სამწუხაროდ, ფილმი არ მინახავს, მაგრამ ავტორი უთუოდ მათალი უნდა იყოს, როცა ამბობს, რომ ძაღლის თავი იქ არის დამარხული, სადაც ბრედლისნაირებს იწვევენ მასწავლებლადო. ყველაზე მთავარი არა დეცენტრალიზაციის იდეის გადმოღებაა, არამედ როგორ განვახორციელებთ მას და როგორ მოვარგებთ ჩვენს რეალობას, მაქსიმალური შედეგების მისაღწევად.

ავტორი: ნინა საიდან გვწერთ: ფსიქიატრიულიდან
10.09.2012 10:56
ბრედლიც კაი მთხლეას გარდა არაფერი არ მომეწონა :)) მაგრამ ღირდა წაკითხვად ამ უკანასკნელის გამო

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
10.09.2012 04:51
ზაზას აგრესიულობა მომწონს და მეტიც, საჭიროდაც მივიჩნევ. რატომ აღარ მოგვწყინდა ქართველებს ეს ფსევდო ზრდილობიანი დუმილი და საკუთარი უვარგისობის უღიარებლობა, რატომ ვსხედვართ თავგადალესილ ქვევრში და არავისთან და არასოდეს საუბარი არ გვინდა

ჩვენი უბედურება ზუსტად ამ სიბნელეშია რომელშიც ჩვენივ სურვილით შევიკეტეთ და უარი ვთქვით გვეღიარებინა საკუთარი უარყოფითი მხარეები

ეს სწორედაც რომ კრიტიკული აზროვნების, ზოგადი გაუნათლებლობისა და პროვინციალიზმის მაჩვენებელია

აქ მთავარია ფურცელი გაივსოს შავი, ან ლურჯი, ანაც სხვა ფერის წარწერებითა და დასკვნებით და შედეგი ჭირსაც წაუღია. ტრიბუნა, პლასმასის ღიმილით მომღიმარი "პუბლიკა", იაფფასიანი პი-არ-სცენოგრაფია და ვსიო, მორჩა

ბრეჟნევის დროინდელი მშრომელი რაზმების შეჯიბრები მაგ. ვინ მეტ ჩაის მოკრეფდა, ხშირად ერთი გუნდის გამარჯვებით მარტო იმიტომ სრულდებოდა რომ მეტი ქვის ჩალაგებას ბედავდნენ კალათებში...

საინტერესოა ამ ქვეყნის ახალგაზრდობამ როგორ მოახერხა სსრკ საქართველოში ცხოვრების გარეშე, ესოდენ კომ-პარტიისთვის სანატრელ მოქალაქე ამხანაგებად დაზრდილიყვნენ

ყველაზე ცუდი ის არის რომ ეს მხოლოდ პოლიტიკაში არ გვჭირს, ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვრების თითოეულ ფეხის ნაბიჯზე გვიწყლულებს ტერფებს

ავტორი: ელენე საიდან გვწერთ: თბილისი
09.09.2012 15:48
ამ ერთი წლის წინ გრიბოედოვის თეატრში 'ჟიზელის' წარმოდგენაზე ჩემს გვერდით ერთი უცხოელი ქალბატონი იჯდა ქართველ გოგონასთან ერთად. გამოველაპარაკეთ ერთმანეთს და აღმოჩნდა ეს ქალბატონი იყო ავსტრალიიდან საჩხერის რაიონის ერთ–ერთ სოფელში (სოფლის სახელი აღარ მახსოვს) ინგლისურის მასწავლებლად განწესებული. ეს გოგონა იყო ზუსტად იმ სოფლის მკვიდრი და ამ ქალბატონის თქმით მისი საუკეთესო მოსწავლე. ინგლისურად უკვე მშვენივრად მეტყველებდა და ჯილდოს სახით ამ ქალბატონმა გოგონა ბალეტის სანახავად ჩამოიყვანა თბილისში. გოგნა 15 წლის იყო. მან მითხრა მითხრა, რომ პირველად არის თეატრში და მოხიბლულია აქაურობით:). ასე, რომ ცინიზმი ცინიზმად დარჩეს და ნებისმიერი სოფლის სკოლიდან ერთი ადამიანიც თუ განათლდება გამოდის, რომ ღირებული საქმე გაკეთებულა.

ავტორი: მანანა საიდან გვწერთ: თბილისიდან
09.09.2012 15:43
სოფელი, - როგორც სისტემა, - თავს იცავს, მას არ სურს და არც შეუძლია ახლის შეცნობა -კარგი წვდომაა და ეს ეხება მე მგინი მთელ თუ არა 3/4 საქართველოს. თქვენი მიმოხილვა საინტერესოა და ჭკვიანურია, თუმცა ოდნავ აგრესიული, როგორც ყველაფერი, რაც თქვენი კალმიდან გამოდის, მაგრამ პრინციპში მომწონხარტ, თუმცა ჩემი ასაკია ეს თუ სხვა რამ - არ მაძლევს ყველაფრის მირების უფლებას, ზოგი რამ მიუღებელი რჩება (ზოგადად, არა ამ ნაწერში). ძალიან მინდა ვნახო ფილმი და საერთოდ, დავძლიო ფსიქოლოგიური ბარიერები - იქნება ეს შიში, მოკრძალება თუ ჩემი ხასიათისთვის დამახასიათებელი კატეგორიული მიღებლობა. მგონი შორს შევიჭერი, მაგრამ შეგიძლიათ დამსახურებულად იამაყოთ რომ ამდენი ფიქრი აღძერით ერთ ხნოვან ქალში.

ავტორი: სტუდია არტეფაქტი საიდან გვწერთ: თბილისი
09.09.2012 15:43

თუ ფილმი თბილსის კინოფესტივალის სელექციაში მოხვდა, მაშინ ფესტივალზე იქნება შესაძლებელი ნახვა, შემდეგ კი ინტერნეტშიც დაიდება.

ავტორი: კუცა საიდან გვწერთ: თბილისი
09.09.2012 15:03
ეს ფილმი დევს ინტერნეტში?

ავტორი: ირმა საიდან გვწერთ: ინტერნეტი
09.09.2012 15:02
ოგესალმებით,მაინტერესებს ამ პილმის ლინკი და თუ გამომიგზავნით კარგი იქნება,მეორეც პირველ რიგში კარგი იქნებოდა ჯერ ნორმალურად ისწავლონ ბავშვებმა ქართული და მერე ინგლისური.და აუცილებლობაა არაა ყველამ იცოდეს ინგლისური.

ყველაზე პოპულარული