Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალციხეში საგანმანათლებლო დაწესებულებათა ნაწილი ზამთრისთვის მზად არ არის


ახალციხე
ახალციხე

ახალციხის მასშტაბით, სკოლებსა და ბაღებში ბუნებრივი აირის ან საშეშე მერქნის საშუალებით თბებიან, მაგრამ მათი ნაწილი მკაცრი კლიმატური პირობებისთვის მზად არ არის. შეშის ნაკლებობა ჰქონდა ქალაქ ახალციხის #1 ბაგას, თუმცა ამბობენ, რომ გათბობის პრობლემა მათ არ შეჰქმნიათ. თანამშრომელთა განმარტებით, მათთვის ყოველწლიურად საწვავი მერქანი ადგილობრივ თვითმმართველობას მიაქვს, წელს კი შეშით უზრუნველყოფა დაგვიანდა.

ჯერ კიდევ გათბობის გარეშე მიმდინარეობს სასწავლო პროცესი ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაში. წელს აქ ახალი სისტემა დამონტაჟდა, რომელიც ბუნებრივი აირის გამოყენებას მოითხოვს. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი განმარტავს, რომ პრობლემას მხოლოდ შენობაში გაზის შეყვანა წარმოადგენს. მისივე თქმით, აღნიშნული სამუშაოების შესრულებაზე ტენდერია გამოცხადებული. ეკა დალალიშვილი ამბობს, რომ თუ სისტემა დროულად არ გაიმართა, კლიმატური პირობების გამკაცრების შემთხვევაში სასწავლო პროცესის დროებით შეჩერება მოუწევთ.

ახალციხის მერიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ამბობენ, რომ საბავშვო ბაღებში საწვავის შეტანის თაობაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა და მასში გამარჯვებულიც გამოვლენილია. დაწესებულების დირექტორი ნანა ბერიძე განმარტავს, რომ ბაღების მომარაგება ეტაპობრივად მიმდინარეობს, ამიტომ როდის დასრულდება პროცესი, ცნობილი არ არის.

ახალციხის ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გათბობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ნოემბრის შუა რიცხვებიდან ელოდებიან. აქ სკოლების საწვავით უზრუნველყოფას განათლების სამინისტრო, ხოლო საბავშვო ბაღების მომარაგებას ადგილობრივი თვითმმართველობა – ქალაქის მერია და მუნიციპალიტეტის გამგეობა – უზრუნველყოფს.

XS
SM
MD
LG