Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო პოლიტიკა 2012 წელს


ნატოს კვირეული თბილისში (11-16.06.2012)
ნატოს კვირეული თბილისში (11-16.06.2012)
საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს შორის 2012 წელსაც უცვლელი და კვლავინდებურად მტკიცე იყო ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსი. მთავარ გამოწვევად დარჩა დეოკუპაციაზე ზრუნვა. დღის წესრიგის სიახლეს წარმოადგენს ურთიერთობების დათბობის მცდელობა რუსეთთან, რომლის მისამართითაც თბილისი წინა წლებში ძირითადად დაძაბულობას უსვამდა ხაზს.

2012 წელს საქართველომ არაერთხელ დაადასტურა, რომ ის კვლავაც ერთგულად მიისწრაფვის ნატოსა და ევროკავშირისკენ. ამ მხრივ საერთო სურათი არც ახალი ხელისუფლების პირობებში შეცვლილა და ეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემაც გაიმეორა 27 დეკემბერს, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე:

”ქართველმა ხალხმა გამოავლინა თავისი ნება და დიდი ხნის წინ გააკეთა ევროპული არჩევანი. ცხადია, საქართველოს ახალი მთავრობა, რომელიც უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს, მტკიცეა, რათა უზრუნველყოს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობა”.

თუკი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებს გადავხედავთ, 2012 წელსაც შეუფერხებლად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ შეთანხმების გარშემო, რომლის მნიშვნელოვან სეგმენტსაც წარმოადგენს შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. თბილისი იმედოვნებს, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გარშემო 2010 წლის ივლისში დაწყებული მოლაპარაკებათა პროცესი 2013 წელს ვილნიუსში დაგეგმილ სამიტამდე დასრულდება:

”ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ჩვენი საშინაო დავალება, ეგრეთ წოდებული, მაქსიმალურად კარგად შევასრულოთ, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის ვილნიუსის სამიტამდე მოვახერხოთ და ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი”, - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 13 ნოემბერს ბრიუსელში გააკეთა, სადაც ის ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. გაიმართა მისი შეხვედრები ევროპარლამენტის პრეზიდენტთან მარტინ შულცთან, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან ჰერმან ვან რუმპესთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟოზე მანუელ ბაროზუსა და ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში შტეფან ფიულესთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას საქართველოს მხარეს ევროკავშირი 2013 წლის დასაწყისისთვის წარუდგენს. რაც უფრო სწრაფად და ხარისხიანად შეასრულებს ამ გეგმას საქართველო, მით უფრო დაჩქარდება ევროკავშირის ქვეყნების უვიზოდ მონახულების შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

გარდა იმისა, რომ ევროკავშირი საქართველოს კვლავინდებურად ჰპირდება მხარდაჭერას და ერთგულად აღიარებს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ის გულდასმით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ევროკავშირი კმაყოფილია 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულობითა და სამართლიანობით, თუმცა ბრიუსელი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ხელისუფლების დემოკრატიული არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ საქართველომ დემოკრატიული განვითარების კურსი შეინარჩუნოს და პრეზიდენტმა და ახალმა მთავრობამ თანამშრომლობის რეჟიმში განაგრძონ დემოკრატიული ფასეულობების პატივისცემა და ნაყოფიერი მუშაობა საქართველოს ევროკავშირისკენ სვლის პროცესში. ქვეყანაში არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური ანგარიშსწორება ოპონენტების წინააღმდეგ, - განაცხადა კეტრინ ეშტონმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე. საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი 26 ნოემბერს რამდენიმესაათიანი ვიზიტის დროს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. აქვე ვთქვათ, რომ საქართველოში 2012 წელი მაღალი სტუმრების სიმრავლით გამოირჩეოდა როგორც საპარლამენტო არჩევნების წინ, ასევე შემდეგაც. აუცილებელია აღინიშნოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტი ივნისის დასაწყისში და ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტი სექტემბრის დასაწყისში. აშკარაა, რომ საქართველოს მიმართ ყურადღება არც 2012 წელს მოდუნებულა და უფრო პირიქით - გარკვეულწილად გაძლიერდა კიდეც.

საქართველოს პოლიტიკურ ლექსიკონში დამკვიდრებული სიტყვა - კოაბიტაცია - ევროკავშირის გარდა, 2012 წლის მიწურულს საკმაოდ ხშირად ისმოდა ნატოსგანაც. კოაბიტაციისკენ, ანუ თანაცხოვრებისკენ, მოუწოდებდა საქართველოს ძველსა და ახალ ხელისუფლებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც. გარდა ამისა, ისევე როგორც ევროკავშირის შემთხვევაში, ნატოც მოუწოდებდა თბილისს იმგვარად მოქმედებისკენ, რომ ბოლოდროინდელ დაკავებებთან დაკავშირებით ეჭვები არავის გაუჩნდეს.

”1 ოქტომბრის არჩევნები იყო თავისუფალი, სამართლიანი და შეესაბამებოდა დემოკრატიულ სტანდარტებს. მოვუწოდებ ყველა მხარეს საქართველოში - შეინარჩუნოს ეს იმპულსი და მოახდინოს დემოკრატიული პროგრესის კონსოლიდირება. მათ შორის ეს გულისხმობს კანონის უზენაესობის, კონსტიტუციისა და დემოკრატიული სტანდარტების სრულ აღიარებას ”, - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა 14 ნოემბერს ბრიუსელში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, მას შემდეგ, რაც ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ანდერს ფოგ რასმუსენი იმეორებს, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებით, რაც მომდევნო სამიტებზეც დადასტურდა, საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, მაგრამ გაწევრიანებამდე საჭიროა მეტი რეფორმა და კონსტრუქციული თანამშრომლობა ხელისუფლების შტოებს შორის:

”მოვუწოდებ ყველა მხარეს საქართველოში შეინარჩუნონ კონსენსუსი ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის გარშემო და ითანამშრომლონ, რათა განაგრძონ აუცილებელი რეფორმები და მიაღწიონ უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს დემოკრატია ამ ტესტს ჩააბარებს”.

ამ დღეს ანდერს ფოგ რასმუსენის ტონი ბევრს შერბილებულად მოეჩვენა რამდენიმე დღით ადრე პრაღაში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებასთან შედარებით. ნატოს გენერალურმა მდივანმა პრაღაში აღნიშნა, რომ „უაღრესად შეშფოთებულია” არჩევნების შემდგომ განვითარებული პროცესებით და, ”უწინარეს ყოვლისა, საქართველოში ახლახან პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით”. პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებების შესახებ საუბარია ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის ტექსტში. ამასთან, მასში გამოთქმულია წუხილი წნეხის გამო ადგილობრივი თვითმმართველობისა თუ „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელის“ მისამართით. თუმცა ნატოს გენერალურმა მდივანმა საჭიროდ არ მიიჩნია ხორცშესხმა ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებისა, რომლის თანახმადაც, უნდა შექმნილიყო საქართველოში მიმდინარე პროცესების მაკონტროლებელი მექანიზმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი კმაყოფილი დარჩა, რომ ანდერს ფოგ რასმუსენმა მის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

თუკი ნატოს თემას გავაგრძელებთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ სამიტი, რომელსაც 20-21 მაისს შეერთებული შტატების ქალაქი ჩიკაგო მასპინძლობდა. ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა დაამტკიცეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც საქართველოზეც არის ლაპარაკი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისადმი ერთგულების გარდა, დეკლარაცია მოუწოდებს რუსეთს მიბაძოს საქართველოს და ასევე დადოს სამშვიდობო დაპირება. აქვეა მოწოდებები რუსეთის მისამართით, რომ გააუქმოს საქართველოს რეგიონების - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის -დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება და უზრუნველყოს „ჰუმანიტარული დახმარებისა და საერთაშორისო მეთვალყურეების თავისუფალი შესვლა” ამ რეგიონებში. თბილისის განსაკუთრებული კმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ალიანსის ლიდერები საქართველოს მოიხსენიებენ ”ასპირანტთა” საგანგებო ჯგუფში, რომელშიც ასევე ერთიანდება ბალკანეთის 3 სახელმწიფო. როგორც იმხანად ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ”ასპირანტობა” ნატოს ფარგლებში გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე ამ სიტყვის პირდაპირი თარგმანია:

”პირდაპირი თარგმანი, რა თქმა უნდა, იქნებოდა: „ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ნატოში გაწევრიანებისკენ“, მაგრამ ეს დატვირთვა ნატოში სულ სხვა შინაარსს იძენს, რადგანაც ამ სიტყვის ქოლგის ქვეშ, თუ შეიძლება ასე ითქვას, გაერთიანდა ის 4 ქვეყანა, რომელთა მისამართითაც, პრაქტიკულად, ნატოში აზრი არის ჩამოყალიბებული, რომ ეს ქვეყნები გახდებიან ნატოს წევრები”.

თბილისი გამოთქვამდა იმედს, რომ ნატოს მომდევნო სამიტი, რომელიც 2014 წელს გაიმართება, გაფართოების სამიტი იქნება და ასეთი განწყობა ეფუძნება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მიერ გაკეთებულ განცხადებას: მჯერა, რომ ჩიკაგოს სამიტი იქნება ბოლო სამიტი, რომელიც არ არის გაფართოების სამიტიო.

როგორც ძველი, ასევე ახალი ხელისუფლება საქართველოს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორად შეერთებულ შტატებს მიიჩნევს და ეს არაერთხელ აღინიშნა 2012 წელსაც. გრძელდება მუშაობა ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში და საგანგებო ჯგუფები შეხვედრებს განაგრძობენ ვაშინგტონსა თუ თბილისში. ამასთან, საქართველოს სამხედრო კონტინგენტი კვლავაც ამერიკელი საზღვაო ქვეითების მხარდამხარ ასრულებენ თავიანთ მისიას ავღანეთში, აისაფის (ISAF)სამშვიდობო ოპერაციის ფარგლებში. კონტინგენტის გაორმაგების შემდეგ (1500-ზე მეტი სამხედროს წარგზავნით), საქართველო უმთავრესი კონტრიბუტორი გახდა ალიანსის არაწევრ სახელმწიფოებს შორის. ამ წვლილისთვის საქართველოს ემადლიერება არა მხოლოდ შეერთებული შტატები, არამედ მთელი ცივილიზებული სამყარო.

მართალია, სხვადასხვა ფორმითა და ინტენსივობით, მაგრამ ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები მთელი წლის განმავლობაში ადანაშაულებდნენ ”ქართულ ოცნებას”, რომ ის რუსეთის ინტერესების გამტარებელია. ძველი მთავრობისთვის ნაკლებად დამაჯერებელია ახალი მთავრობის განმარტებები, რომ მისი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია, იმ დრომდე კი - არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად. ოპონენტების ეჭვები გამოითქმის რუსეთთან საერთო ენის გამონახვის სურვილის კონტექსტში: რამდენად შეიძლება გადაიდგას საქართველოს ინტერესების შესაბამისი ნაბიჯები, მაშინ როცა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები 2012 წელსაც გაუთავებლად და პრინციპულად ახსენებდნენ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი ”ახალი რეალობის” ხელშეუხებლობას საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობების ჭრილში? ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ რუსეთი სწორედ ამ რეალობის დაკანონებით არის დაინტერესებული და რომ ის არასოდეს შეეგუება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის იდეას. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, დეპუტატი გიორგი კანდელაკი აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში პროგრესი მხოლოდ საქართველოს კომპრომისის ფასად იქნება შესაძლებელი:

”საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის ერთადერთ ფასს, რომელიც საქართველომ უნდა გადაიხადოს, აქვს მარტივი სახელი და მას ეწოდება საქართველოს სუვერენიტეტი. თუ საქართველოს მთავრობა მზად არის ამ ფასის გადასახდელად, სხვა საქმეა. ვფიქრობ, ასეთნაირი ფასის გადასახდელად საქართველოს მოქალაქეები მზად არ არიან”.

თუმცა საქართველოს ახალი ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ რუსეთთან საერთო ენის გამონახვა შესაძლებელია, თუკი საუბარი პირდაპირ რთული საკითხებით არ დაიწყება. შედარებით იოლი თემებით ასეთი საუბარი უკვე დაიწყო დეკემბრის შუა რიცხვებში და, კერძოდ, 14 დეკემბერს ჟენევაში ერთმანეთს შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი. წინასწარ ითქვა, რომ ეს იქნებოდა ტექნიკური ხასიათის შეხვედრა, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა შემდგომი შეხვედრების ბედი, და შესაძლებელი იქნებოდა პრინციპული თანხმობის მიღწევა სავაჭრო-ეკონომიკურ თუ რეგულარულ ავიაფრენებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ”პირველი ასეთი კონტაქტის კვალობაზე არ იყო ცუდი შეხვედრა”, - უთხრა ზურაბ აბაშიძემ რადიო თავისუფლებას 14 დეკემბერს, შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი შეფასებით, შეხვედრამ საქმიან ვითარებაში ჩაიარა:

”ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები, ფაქტობრივად, ჩიხშია მოქცეული და საჭიროა ამ ჩიხიდან გამოსავლის ძიება. დასაწყისისთვის სასაუბროდ განვსაზღვრეთ სავაჭრო, ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობების საკითხები და რეგულარული საავიაციო მიმოსვლის აღდგენის თემა“.

14 დეკემბრის შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ შეხვედრები რეგულარულ სახეს მიიღებს და შესაძლოა გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განახლების თვალსაზრისით. ხელისუფლების ოპონენტები შიშობენ, რომ, პირდაპირი დიალოგის ფორმატის დამკვიდრებით, რუსეთი ცდილობს გააუქმოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის შუამავლობით მიმდინარეობს. მართალია, ამ მოლაპარაკებებმა ხელშესახები შედეგი ვერც 2012 წელს გამოიღო, მაგრამ, საქართველოს ახალი ხელისუფლების განმარტებით, ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი ფორუმის გაუქმებას.

როგორც აღვნიშნეთ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო ვერც ძველი და ვერც ახალი ხელისუფლების პრობებში. ძირითად დილემად იქცა ძალის გამოუყენებლობის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთხელ მოუწოდა რუსეთს, მიებაძა საქართველოსთვის, რომელმაც უკვე კარგა ხანია დადო ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი დაპირება, იმის გამო, რომ რუსეთი აგვისტოს ომში თავს მხარედ არ მიიჩნევს, მას სურს, რომ თბილისმა სამშვიდობო ხელშეკრულება ცხინვალთან და სოხუმთან გააფორმოს. ასეთ ვარიანტს კატეგორიულად გამორიცხავდა თბილისი, რადგანაც ეს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება იქნებოდა. გარღვევაზე საუბარიც კი ზედმეტია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით გარკვეული პოზიტიური ნიშნები ბოლო 2 რაუნდზე გამოვლინდა. ამ პროცესს დადებითად აფასებს საქართველოს როგორც ახალი, ასევე ძველი დელეგაცია. როგორც 11 ოქტომბერს უთხრა რადიო თავისუფლებას საქართველოს იმდროინდელი დელეგაციის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ, ”ძალიან ცალსახა და კონსოლიდირებული საერთაშორისო პოზიციაა იმაზე, რომ რუსეთმა უნდა აიღოს ძალის არგამოყენების ვალდებულება” და რომ ტექსტი, რომელზე მუშაობაც 11 ოქტომბერს დაიწყო, სწორედ ამ შედეგზეა ორიენტირებული.

დაკონკრეტების გარეშე, მაგრამ ტრადიციულად ამ ყველაზე მძიმედ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული პროგრესი რომ შეინიშნება, ამას მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებიც აღნიშნავენ. 12 დეკემბერს, 22-ე რაუნდის შემდეგ გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, ეს ფილიპ ლეფორმაც აღნიშნა, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში:

”მონაწილეებმა განიხილეს საკითხი ძალის გამოუყენებლობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შესახებ, მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი კონკრეტული წინადადებების ჩათვლით. ამ დისკუსიების ფარგლებში, თანათავმჯდომარეების მიერ წარმოდგენილი პროექტის საფუძველზე, ექსპერტები განაგრძობენ მუშაობას შესაძლო ერთობლივ განცხადებაზე”.

თუმცა ვიდრე ყველასათვის მოსაწონი ტექსტის შემუშავება გახდება შესაძლებელი, ანალიტიკოსების აზრით, მთავარია, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, სათანადოდ იმუშაოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმმა. თანათავმჯდომარეები იმედოვნებენ, რომ 2013 წელს მაინც გახდება შესაძლებელი აფხაზეთის მიმართულების სამუშაო ჯგუფის შეხვედრების აღდგენა გალში.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG