Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წიგნის ფესტივალი 2016 - რა ვიყიდოთ და რა წავიკითხოთ?


თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2016
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2016

დაიწყო თბილისის წიგნის მეთვრამეტე საერთაშორისო ფესტივალი. 26-დან 29 მაისის ჩათვლით, უკვე ტრადიციულად, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გელით ფესტივალის ასამდე მონაწილე და 80 ღონისძიება. წლიდან წლამდე თბილისის წიგნის მთავარი ფესტივალი უფრო და უფრო მასშტაბური ხდება და გამომცემლებიც ცდილობენ ახალი წიგნების გამოცემა-პრეზენტაციებიც სწორედ ამ დღეებს დაამთხვიონ.

მე თუ მკითხავთ, ზუზუნებს შორის ეს ყველაზე სასიამოვნო ზუზუნია - როდესაც წიგნის ფესტივალი იხსნება და „ექსპო ჯორჯიას“ გაშლილ პავილიონში წიგნების ფურცვლა-შრიალს დაბრუნებული ხურდის ჩხრიალი ერთვის, გამომცემლობებთან დამდგარ რიგში მყიდველსა და გამყიდველებს შორის ყველაზე ცოცხალი დიალოგი არ წყდება: რა წიგნს მირჩევთ? რამე ჰორორი გაქვთ? სიყვარულზე მინდა რამე წიგნი, კლასიკის სერიიდან ახალი რა გამოვიდა? ამ წიგნზე ფასდაკლება არ არის? ნახეთ, ეს მსოფლიო ბესტსელერია, ქართველი ავტორები აქეთ - დიდი ენერგია ტრიალებს, ხალხი ერთმანეთს გვერდს ძლივს უვლის - მერე კი, ალბათ, იტყვიან, რომ პავილიონში ძალიან ცხელოდა და უკეთესი კონდიცირება უნდა იყოს, მაგრამ მათთვის, ვისაც უწიგნოდ ცხოვრება არ შეუძლია და ყოველი ახალი წიგნის დანახვაზე ნდომისგან ნერწყვს ყლაპავს, ეს დისკომფორტი მეორეხარისხოვანი ხდება. ის წიგნის ფესტივალზე მაინც წავა, თუნდაც იმის იმედით, რომ სასურველ წიგნს ცოტა იაფად იყიდის - წელს გარკვეულ წიგნებზე ფასდაკლება თითქმის ყველა გამომცემლობას აქვს - გააჩნია, ახალ წიგნებზე უფრო ნაკლები, წინა წლებში გამოცემული წიგნები კი ნახევარ ფასშიც შეიძლება შეიძინოთ.

მთავარ სცენასთან გვანცა ჯობავა ფესტივალის გახსნისთვის ემზადება. გვანცა წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას უდგას სათავეში და ფესტივალის ორგანიზატორია. გვეუბნება, წელს, წინა წლებთან შედარებით, ყველაზე მეტი მონაწილე გვყავსო.

„წლევანდელი ფესტივალი ძალიან დატვირთულია ღონისძიებებით. ერთი სრულდება და მეორე იწყება. ასამდე მონაწილე გვყავს. დაახლოებით, 80 ღონისძიება ტარდება. ყველა გამომცემლობა ცდილობს ახალი წიგნის გამოსვლა სწორედ ფესტივალს დაამთხვიოს და აქ, ამ სივრცეში, შესთავაზოს თავის მკითხველს ახალი წიგნები“.

14 ახალი წიგნი გვაქვს და ხალხი დილიდან არ წყდება. ჩვენც ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მკითხველს ასე უხარია ჩვენს დახლთან მოსვლა და წიგნების არჩევა. რომელი ერთი ჩამოვთვალო?! ...
ირაკლი ბაკურიძე

ცნობილი ქართული გამომცემლობების გარდა, ფესტივალში, ტრადიციულად, მონაწილეობენ საუნივერსიტეტო, უცხოური, ცალკეული ორგანიზაციების გამომცემლობებიც, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თუ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, თავისი გამოცემებით, თუ თავისუფალი უნივერსიტეტი, „პროსპეროს წიგნები“ თუ „დილა“ და ა.შ. და ა.შ. ყველგან წიგნები, ბანერები, სარეკლამო ბუკლეტები, კალენდრები, წიგნებისთვის განკუთვნილი ნაჭრის ჩანთები - როგორც უნდა იყოს კიდეც ნამდვილ წიგნის ფესტივალზე. გამომცემლობის „წიგნები ბათუმში“ სტენდის თავზე მუყაოს დელფინები კონწიალობს - ეს ამ გამომცემლობის ლოგო და მთავარი სიმბოლოა. როგორც „ბათუმელების“ დამფუძნებლები ირაკლი ბაკურიძე და მარი კორინთელი ამბობენ, ეს იმიტომ, რომ დელფინები ახალგაზრდების მეგობრები არიან. ამ გამომცემლობის ძირითადი სამიზნეც თავიდან, წელიწად-ნახევრის წინ, სწორედ ახალგაზრდები იყვნენ, თუმცა დღეს მათ ფერად დახლთან ყველა ასაკის ადამიანს ნახავთ. ირაკლი ორი წუთით მოვწყვიტეთ იქაურობას და წლევანდელ სიახლეებზე ვკითხეთ:

„14 ახალი წიგნი გვაქვს და ხალხი დილიდან არ წყდება. ჩვენც ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მკითხველს ასე უხარია ჩვენს დახლთან მოსვლა და წიგნების არჩევა. რომელი ერთი ჩამოვთვალო?! აი, მაგალითად, ბრედბერის „მარსის ქრონიკები“, ჰერბერტის „დიუნი“, კლასიკის სერიიდან გამოვეცით ოსტინი და დოვლატოვი, გამოვეცით ასევე ძალიან დიდი მწერალი, პატრიკ როტფუსი, რომელიც 21-ე საუკუნის საუკეთესო ფენტეზის ჟანრის ავტორად ითვლება, დავიწყეთ ახალი სერია „პალატა #6“, რომლის ფარგლებშიც გამოვიდა რიუ მურაკამი, გამოვიდა „ბრიჯიტ ჯონსის დღიური“, თინეიჯერებისთვის - კასანდრა კლერის მორიგი წიგნები და ველოდებით ყველას“.

ზაზა ჯაში გამომცემლობა „არტანუჯის“ სტენდთან შეჩერდა. ჯერ სულ ნახევარი საათია ფესტივალზე მოვიდა და ორი წიგნის ყიდვა მოასწრო - თვალიერება და შერჩევა წინააო, უთხრა მან რადიო თავისუფლებას:

„ჯერ მარსელ პრუსტის „სოდომი და გომორი“ ვიყიდე და რემარკი, რომელიც არ მქონდა. ჯერ ახლა მოვედი, ბევრი მაქვს სანახავი და ასარჩევი“.

გამომცემლობა „არტანუჯსა“ და „ინტელექტს“ წელსაც ბევრი სიახლე აქვს და, როგორც „ინტელექტის“ მთავარი რედაქტორი, მწერალი ზვიად კვარაცხელია ამბობს, ახალ წიგნებს ყველა გემოვნების ადამიანს შესთავაზებენ - მათ შორის იქნება როგორც ნათარგმნი ლიტერატურა, ისე ქართველი ავტორების ახალი წიგნები. სხვათა შორის, ქართველი ავტორების გამოცემის თვალსაზრისით, „ინტელექტსა“ და „არტანუჯს“ ცოტა გამომცემლობა თუ შეეჯიბრება.

„გამოვეცით თამაზ ჭილაძის დიალოგების წიგნი „სასიცოცხლო სივრცე“, ბესიკ ხარანაულის საკმაოდ კონცეპტუალური წიგნი, რომანი ოთხ ლექსად „რძის ფოსტა“, ვთარგმნეთ ცნობილი უკრაინელი მწერლის, სერგეი ჟადანის, ძალიან პოპულარული რომანი - „მესოპოტამია“, საგანგებოდ ამ ფესტივალისთვის გამოიცა მაქს ფრიშის ცნობილი რომანი „ლურჯწვერა“, რომელიც დავით კაკაბაძემ თარგმნა...“

წიგნის ფესტივალი 2016
წიგნის ფესტივალი 2016

„არტანუჯის“ დახლზე ხალიდ ჰოსეინის ახალი ბესტსელერი დევს - „ფრანით მორბენლის“ შემდეგ „მთებმა მთებს უთხრეს“ ამ ავტორის უკვე მეორე ქართულად ნათარგმნი წიგნია. „ინტელექტი“ თანამედროვე ქართველ მწერლებსაც აქტიურად გამოსცემს - როგორც პროზას, ისე პოეზიას, ესეისტიკას, კრიტიკას.

„ამით ჩვენ იმის ხაზგასმა გვინდა, რომ ქართულ მწერლობას აქვს ნამდვილად იმის პოტენციალი, რომ პოპულარულიც გახდეს, მსოფლიო კონტექსტშიც ბუნებრივად ჩაჯდეს და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი პოეტები და პროზაიკოსები ნამდვიალდ იმსახურებენ იმას, რომ უკეთესად ჩანდნენ“.

ტრადიციულად, ხალხმრავლობაა გამომცემლობა „დიოგენეს“ კუთხესთან. აქ უკვე ამოწურულტირაჟიანი წიგნების ხელახლა დასტამბულ წიგნებსაც შეხვდებით და „დიოგენეს“ ცნობილი სერიის ახალ გამოცემებსაც. გამომცემლობა „დიოგენეს“ მენეჯერი ნინო მჭედლიშვილი რამდენიმე მათგანს ჩამოთვლის:

„ახალი ყდით გამოვიდა, მაგალითად, უმბერტო ეკოს „ვარდის სახელი“ და „პრაღის სასაფლაო“. ამ სერიის ნაწილია ალეკო შუღლაძის ახალი რომანი - „გადამალვა“. სერია „ამერიკელებში“ კიდევ ერთი ახალი წიგნია - ჩარლზ ბუკოვსკის „ფოსტა“. აი, ესეც - ბუცატის „თათრების უდაბნო“, ჩვენი სიამაყე. გარდა ამისა, შედარებით ძველ წიგნებზე 90 %-მდე ფასდაკლებაც გვაქვს“.

წიგნის ფესტივალი 2016
წიგნის ფესტივალი 2016

წიგნის ფესტივალზე ისეთ კუთხესაც წააწყდებით, სადაც მხოლოდ ერთი წიგნი დევს. მაგრამ ეს წიგნი ყველა წიგნს იტევს თავის თავში. ასეთია ლინ კოფინის მიერ ინგლისურად ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“, - როგორც გამომცემლობა „პოეზიის“ დამფუძნებელი ნატო ალხაზიშვილიც ამბობს, - საუკეთესო საჩუქარი და საუკეთესო ნივთი პირად კოლექციაში:

„და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ვეფხისტყაოსანი“ ინგლისურად ითარგმნა 16- მარცვლიანი შაირით. აქამდე იყო სულ ოთხი თარგმანი, ძირითადად პროზაში, და ვენერა ურუშაძის ცნობილი თარგმანი, ჰეგზამეტრში გაკეთებული. მგონია, რომ ძალიან ლამაზი წიგნია და უკვე მკითხველის დიდი მოწონებაც დაიმსახურა. მაგალითად, დონალდ რეიფილდმა, ცნობილმა ქართველოლოგმა და მთარგმნელმა, თქვა კიდეც, რომ ეს წარმოუდგენელი წარმატებაა, არც მეგონა, თუ შეიძლებოდა ასე გადმოეცა ვინმეს სხვა ენაზე შოთა რუსთაველის სილამაზე და სიბრძნეო“.

წიგნის ფესტივალზე ყველაზე ჭრელი კუთხეები ბავშვებს და მოზარდებს ეკუთვნით. თინეიჯერების დაბანაკების ადგილი მაინც გამომცემლობა „პალიტრა ლ“-ის სტენდი და, კონკრეტულად, „ლიბერთინსის“ პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნებია. მარიამ მერაბიშვილი და მარიამ ოქრუაშვილიც აქ თავის კიდევ რამდენიმე მეგობართან ერთად მოვიდნენ - ზუსტად იციან, რა წიგნები სურთ და რატომ:

„უფრო თანამედროვე ლიტერატურა გვიყვარს“;

„ფენტეზი, განსაკუთრებით“;

„იმიტომ, რომ ისეთ სამყაროზეა, სადაც ჩვენ არ ვცხოვრობთ და გვაინტერესებს“;

„უფრო ჩვენზეა და მაგარია“;

„არა, კლასიკასაც ვკითხულობთ და მერე ვხვდებით, რომ ორივე ერთ რამეს გვასწავლის, მაგრამ თანამედროვე ცოტა სხვა გზით გვიყვება იგივეს და თან ახლაა დაწერილი, ახლა ხდება ყველაფერი, აი, ამწუთში“.

მოსაყოლი წელსაც ბევრია, მით უმეტეს, თუ საფესტივალო პროგრამას ჩავხედავთ - ერთმანეთზე საინტერესო ავტორები, წიგნები. მოკლედ, თავად უნდა ნახოთ. მე ამ სიუჟეტს მოვრჩები და ისევ ფესტივალზე გავვარდები. იქ რამდენიმე წიგნია, რომელიც, ზუსტად ვიცი, მე მელოდება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG