Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


გასულ კვირაში დასავლეთის მედიამ დიდი ყურადღება დაუთმო აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას გამოსვლას, რომელშიც მოცემული იყო ექსტრემისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი სტრატეგია. ეხმაურება რა ამ გამოსვლას, კოლუმბიის გაზეთი „ტიემპო“ წერს: „ობამამ მსოფლიოს მიმართა მოწოდებით, ბრძოლა გამოუცხადოს საფრთხეს, რომელიც კარგა ხანია გასცდა სირიისა თუ ერაყის საზღვრებს. თეთრი სახლის სტრატეგია ოთხ პუნქტს მოიცავს. ესენია: მიზანმიმართული საჰაერო იერიშები, სახმელეთო ძალების გაგზავნაზე უარის თქმა, საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება და სირიის ოპოზიციის ზომიერი ფრთის უვადო სამხედრო მხარდაჭერა. ამ გადაწყვეტილების მიღება ობამასთვის იოლი ნამდვილად არ ყოფილა და ჯერჯერობით ძნელია იმის განსაზღვრა, რა შიდაპოლიტიკური შედეგები მოჰყვება მას. რაც დღეს ‘ისლამური სახელმწიფოს’ წინააღმდეგ სამართლიან ომად გვეჩვენება, მოგვიანებით, რეგიონის კომპლექსურობის გათვალისწინებით, შეიძლება ჩიხად გადაიქცეს“.

აშშ-ის გაზეთ „ჰიუსტონ ქრონიკლის“ მიმომხილველი ფიქრობს, რომ ამერიკას უფლება არა აქვს, მორიგ უაზრო ომში ჩაებას. „სწორედ ამის თავიდან აცილებას ცდილობს პრეზიდენტი ობამა, როცა ‘ისლამური სახელმწიფოს’ ტერორისტული დაჯგუფების განადგურებას ისახავს მიზნად“, წერს სტატიის ავტორი. „დიახ, პრეზიდენტს შეიძლება ვუსაყვედუროთ, უფრო ადრე რატომ არ დაიწყე აქტიურად მოქმედებაო. მაგრამ შეერთებულ შტატებს ისეთი პრეზიდენტი სჭირდება, რომლისთვისაც პრობლემის სამხედრო გზით მოგვარება უკანასკნელი გამოსავალია, და არა პირველი.“

ამავე თემას ეხება დიდი ბრიტანეთის „ინდეპენდენტი“, რომელიც დასკვნის სახით აღნიშნავს: „ბედის თავზარდამცემი ირონიაა: პრეზიდენტი, რომელსაც სურდა, წერტილი დაესვა ისლამის წინააღმდეგ თავისი ქვეყნის ომისთვის, იძულებული ხდება, ახალი ომი წამოიწყოს.“

ჩინეთის გაზეთ „ჟენმინ ჟიბაოს“ მიმომხილველს ეჭვი ეპარება, ვაშინგტონის ახალმა სტრატეგიამ რაიმე სიკეთე მოიტანოს: „ახლო აღმოსავლეთის საქმეებში დასავლეთის გაუთავებელ ჩარევას შედეგად ის მოჰყვა, რომ ვითარება არავითარ კონტროლს აღარ ექვემდებარება და რეგიონის პოლიტიკური რუკა დაქუცმაცებულია. ამ მცდარი პოლიტიკის მსხვერპლად კი რიგითი მოქალაქეები ქცეულან. ამიტომ, როცა დასავლეთი უკმაყოფილებას გამოთქვამს რეგიონში ამდენი ვერშემდგარი სახელმწიფოს არსებობის გამო (იქნება ეს ერაყი, ავღანეთი, ლიბია თუ სირია), პასუხი უპირველესად საკუთარ თავს უნდა მოსთხოვოს.“

მეორე თემა, რომელიც დასავლეთის პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები და მათი სავარაუდო ეფექტი გახლავთ. შვეიცარიის გერმანულენოვანი გაზეთი „ნოიე ციურხერ ცაიტუნგი“ სკეპტიკურად აფასებს სანქციების ეფექტიანობას: „უკრაინის საკითხი მხოლოდ პოლიტიკური გზით შეიძლება მოგვარდეს. ამასთანავე ევროპა, პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერებასთან ერთად, უნდა გამოეთხოვოს ილუზიას, რომ მისი ეკონომიკური სანქციები რაიმე შედეგს გამოიღებს. აშკარაა, რომ პუტინზე სანქციები არ მოქმედებს, რასაც, სხვათა შორის, მისი რეჟიმის კარგი მცოდნეებიც წინასწარმეტყველებდნენ. სანქციებზე მას ეცინება, ხოლო იმ სირთულეებისთვის, რომლებსაც რუსეთის მოსახლეობა მათი შემოღებით აწყდება, პუტინი ‘ფაშისტურ’ დასავლეთს ადანაშაულებს“.

უკრაინის კრიზისზე და რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებზე მსჯელობისას, აშშ-ის გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ აღნიშნავს, რომ აუცილებელია დასავლეთის შეთანხმებული და ჰარმონიული მოქმედება: „მოსკოვის ნეოიმპერიული ზრახვებისთვის წერტილის დასმა ან, თუნდაც, მათი დამუხრუჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ დასავლეთი მტკიცედ და შეთანხმებულად იმოქმედებს. სანქციები შეიძლება შესუსტდეს კიდეც, მაგრამ მხოლოდ იმ უტყუარი საბუთის საპასუხოდ, რომ მოსკოვი მართლაც მონაწილეობს კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების პროცესში და საფრთხეს აღარ უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს. თუ დასავლეთმა ასეთი ერთსულოვნება ვერ გვიჩვენა, ნუღარავის გაუკვირდება, პუტინმა კვლავაც აგრესიულად იმოქმედოს“.

აი, რას წერს ამავე თემაზე ვილნიუსის გაზეთი „ლიეტუვოს ინიოსი“: „ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში გაჩაღებული კონფლიქტი ახალ ფაზაში შევიდა. ჯერ კიდევ გაუგებარია, შეასრულებენ თუ არა, ან რა ფასად შეასრულებენ დაპირისპირებული მხარეები საზავო შეთანხმების პირობებს. თუ რუსეთმა წინსვლა განაგრძო, ღია ომის თავიდან აცილება ძალიან გაჭირდება; თუ ახლანდელ პოზიციებზე დარჩა, დასავლეთს საშუალება მიეცემა, უკრაინის არმია სამომავლო ბრძოლებისთვის მოაღონიეროს. ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ყველაზე მეტად რუსეთს დასავლეთის სანქციები კი არ ვნებს, არამედ საკუთარი პოლიტიკა. დასავლეთს არავითარი ხელშეკრულებები არ ავალდებულებს, უკრაინას დაეხმაროს, მაგრამ უკრაინის მარცხი მთელი ცივილიზებული სამყაროს მარცხის ტოლფასი იქნებოდა. საუბარია ისეთ მარცხზე, რომელიც ევროკავშირმა და ნატომ არცთუ დიდი ხნის წინათ საქართველოში განიცადეს“.

XS
SM
MD
LG