Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოელთა მოწოდებებისა და ივანე მერაბიშვილის დაკითხვის კვირა


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი კეთრინ ეშტონი
ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი კეთრინ ეშტონი
უცხოეული მაღალჩინოსნებისათვის კვლავაც აქტუალურია საქართველოში ორი თვის წინ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და მასთან დაკავშირებული ხელისუფლების გადაბარების პროცესი. გასულ კვირაში საქართველოში ვიზიტით მყოფი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ კეთრინ ეშტონის სიტყვებით, საქართველომ ისტორიული არჩევნები ჩაატარა:

”მსურს განვაცხადო, რომ ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში აქ ჩატარებული ისტორიული არჩევნებიდან ასე მოკლე ხანში. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეს არის ხელისუფლების დემოკრატიულად გადაცემის პირველი შემთხვევა. და მე აქ ჩამოვედი იმისათვის, რომ როგორც პრეზიდენტის, ისე პრემიერ-მინისტრისათვის მიმელოცა ეს შესანიშნავი მიღწევა”.

ანგარიშსწორება ოპონენტებთან - ეს იყო კიდევ ერთი საკითხი, რაზეც საქართველოში ვიზიტით მყოფმა კეთრინ ეშტონმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება და მხარეებს მოუწოდა დაიცვან ევროკავშირის მიერ აღიარებული ძირითადი ფასეულობები - დემოკრატია, თავისუფლება და კანონის უზენაესობა:

”არ უნდა არსებობდეს შერჩევითი სამართალი, არ უნდა იყოს ანგარიშსწორება პოლიტიკურ ოპონენტებთან, წარსული დარღვევები კი უნდა გამოიძიონ მიუკერძოებლად, გამჭვირვალედ და სათანადო წესების დაცვით”.

კანონდარღვევებისა და დაკავებების გამჭვირვალედ გამოძიებისაკენ საქართველოს ხელისუფლებას უკვე რა ხანია არაერთი უცხოელი მაღალჩინოსანი მოუწოდებს. იმისათვის, რომ თხრობის ხაზი არ გავწყვიტოთ, გასული კვირის ბოლოსკენ გადავინაცვლოთ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შესახებ ვისაუბროთ. აუცილებელია აღინიშნოს, რომ მაია ფანჯიკიძის ვიზიტი შეერთებულ შტატებში დასავლური პრესის მწვავე კრიტიკის ფონზე წარიმართა. კრიტიკა კი საქართველოში მაღალი თანამდებობის პირთა დაკავებების საკითხებს მიეძღვნა.

სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ, მიუხედავად საქართველოში დემოკრატიული პროცესისადმი შტატების ურყევი მხარდაჭერისა, უმნიშვნელოვანესია კანონის უზენაესობა და პროცესის გამჭვირვალობა:

”ჩვენ მხარს ვუჭერთ ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას, რაც ამ არჩევნების შემდეგ მოხდა. ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ რაც კეთდება პოტენციური დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით, არის გამჭვირვალე, პროცესი სათანადოდ და კანონის უზენაესობის შესაბამისად მიმდინარეობს, როგორც ეს შეეფერება ”ქართულ ოცნებას”, ქართველი ხალხის მისწრაფებებსა და აღქმას”.

29 ნოემბერს ჟურნალისტებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ჰილარი კლინტონის შეხვედრის სასაუბრო თემების შესახებ კომენტარი სთხოვეს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს ვიქტორია ნულანდს. მან, შეიძლება ითქვას, დააზუსტა ჰილარი კლინტონის პოზიცია საქართველოში ახალი ხელისუფლების პირობებში დაკავებების პროცესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ შტატების ძლიერი თხოვნაა, პროცესი გამჭვირვალედ და პოლიტიკური მოტივაციის გარეშე წარიმართოს. ეს არის ის საკითხი, რასაც საერთაშორისო საზოგადოება აკვირდება და რისი მოლოდინიც ასევე აქვს შეერთებულ შტატებს.

შეერთებულ შტატებში გაკეთებული განცხადებების პარალელურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი თბილისში ჟურნალისტებთან საუბრისას ამტკიცებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრისას განსაკუთრებული არაფერი უთქვამს, უცხოურ პრესაში გამოქვეყნებულ კრიტიკულ სტატიებს კი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას მიერ ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პასკვილს უწოდებს:

”ძალიან კარგი შეხვედრა იყო. თუ მიაქციეთ ყურადღება და გააანალიზეთ, არაფერი განსაკუთრებული არ თქმულა ამ მხრივ. გამჭვირვალე და გასაგები უნდა იყოს საზოგადოებისთვის როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა გამოძიება, ყველა დაკავება იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე... ახერხებს სააკაშვილი, მხოლოდ ამაზე გადაერთო დღეს, რომ როგორმე გააკეთოს ლობირება, რომ ეს ცრუ ინფორმაცია მიიტანოს და გაიტანოს საზღვარგარეთ. ჩვენ ვერ მოვახერხეთ დღემდე ბოკერიას სამინისტროს თუ სამსახურის ინფორმაციის გახსნა. ბიუჯეტიდან დახარჯული აქვს 16 მლნ და ამას ადევს გრიფი „საიდუმლო“. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ეჭვი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება ასეთი პასკვილები”.

თუკი საუბარს კვლავაც მაღალჩინოსანთა დაკავებებისა თუ დაკითხვების თემაზე გავაგრძელებთ, მაშინ ამ მიმართულებით გასული კვირის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ ყოფილი პრემიერ- მინისტრის ივანე მერაბიშვილის ორსაათიანი დაკითხვა შაბათს, პირველ დეკემბერს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ 30 ნოემბერს ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა მიაწოდა:

”საპასპორტო კონტროლის გავლის დროს საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელმა აეროპორტის მესაზღვრე კონტროლიორს წარუდგინა ივანე მერაბიშვილის პასპორტი. მესაზღვრე კონტროლიორმა კანონით დადგენილი პროცედურის გავლის დროს აღმოაჩინა, რომ, სინამდვილეში, პასპორტი გაცემული იყო ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე, ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათით.

ორსაათიანი დაკითხვიდან გამოსულ ივანე მერაბიშვილს ჟურნალისტებთან დაკითხვის დეტალებზე არ უსაუბრია. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეკრებილმა რამდენიმე ადამიანმა კი ყოფილი პრემიერ-მინისტრი მანქანამდე შეძახილებით მიაცილა. ისინი მერაბიშვილს სხვადასხვა ბრალდებას უყენებდნენ და მის დაკავებას მოითხოვდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იქიდან გამომდინარე, რომ ივანე მერაბიშვილმა გამოძიებასთან პრაქტიკულად არ ითანამშრომლა და მისი ჩვენება იყო უკიდურესად ზედაპირული, გამოძიება გაგრძელდა და განმეორებით დაიკითხება საქმეში მონაწილე უკლებლივ ყველა პირი, მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის თანამშრომლები და ყოფილი პრემიერი ივანე მერაბიშვილი", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სამართალდამცავებთან ურთიერთობის თემა გავაგრძელოთ და ამჯერად 2011 წლის ივლისში დავბრუნდეთ. საქმე ეხება ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულ ფოტოგრაფებს. ერთ-ერთმა მათგანმა, გიორგი აბდალაძემ, ტელეკომპანია „მეცხრე არხს“ გადასცა ვიდეოკადრები, რომლებიც ნათელყოფს, რომ ფოტოგრაფების გიორგი აბდალაძისა და ზურაბ ქურციკიძის მიერ ადვოკატების აცილება იძულების წესით მოხდა. ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე არ ამხელს იმ პირის ვინაობას, ვისი დახმარებითაც მას ხელთ ჩაუვარდა მასა და მის მეგობარზე განხორციელებული ზეწოლის ამსახველი კადრები. გიორგი აბდალაძე ამბობს, რომ მტკიცებულებათა შეკრებისა და ადვოკატთან კონსულტაციების შემდეგ პროკურატურაში, ფოტორეპორტიორების საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით, სარჩელი შევა.

სასამართლოს მიერ ჯაშუშებად ცნობილმა ფოტორეპორტიორებმა, თითქმის ორკვირიანი დაკავების შემდეგ, საპატიმროს დატოვება მოახერხეს, ხოლო თუ რა ბედი ელით ამნისტიის მომლოდინე პატიმრებს, ამის შესახებ გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა იმსჯელა. კომიტეტის წევრებმა პირველი მოსმენით განიხილეს ”ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის ძირითადი პრინციპები. სამსაათიანი სხდომის შემდეგ გაირკვა, რომ კომიტეტი გაითვალისწინებს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს, რომლებიც კანონპროექტის განსახილველ ვერსიაში ჩადებული არაერთი მუხლის ამოღებას ეხება. ამ ცვლილებების მიღებისა და დამტკიცების შედეგად, სავარაუდოდ, შემცირდება იმ პატიმართა რაოდენობა, რომლებსაც ამნისტია შეეხებათ. თავად კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, შენიშვნების ნაწილს დაეთანხმა, გარკვეული კატეგორიის დანაშაულში მსჯავრდებული პირების მიმართ კი კომიტეტის წევრებს და დისკუსიაში მონაწილე მთავრობისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს მეტი ლიბერალურობის გამოჩენისაკენ მოუწოდა.

კომიტეტის სხდომა ხანგრძლივი კამათის ფონზე წარიმართა. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი დასაშვებზე მეტი რაოდენობის პატიმრის გამოშვებას და მათთვის სასჯელის შემსუბუქებას ითვალისწინებს, მისი ავტორები და მხარდამჭერები კი ფიქრობენ, რომ წინა ხელისუფლების რეჟიმს უამრავი უდანაშაულო ადამიანი შეეწირა და ისინი უნდა გათავისუფლდნენ. სასჯელაღსრულების მიერ მომზადებული სტატისტიკა კომიტეტის სხდომაზე მინისტრის მოადგილემ გიგა გიორგაძემ წარმოადგინა, თუმცა იქვე მიუთითა, რომ ეს ციფრები შეიცვლება მას შემდეგ, რაც კანონპროექტში ცვლილებები შევა. მას ასევე მოაკლდება 23 ნოემბერს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმართა რაოდენობა:

”20 500 მსჯავრდებულიდან - წინასწარი მონაცემებით, ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულებიდან - ამნისტია შეეხება დაახლოებით 2 000 ადამიანს. ამ სიაში შეტანილი არ არიან პირობით ვადამდე გათავისუფლებული ადამიანები, ასევე შეწყალებული პატიმრები, ანუ ისინი გამოაკლდებიან ამ სიას. 1000 ისეთი პატიმარია, რომლებსაც აქვთ შერეული მუხლი წაყენებული, განსაკუთრებით მძიმესთან ერთად ნაკლებად მძიმე, და ეს უკანასკნელი მოეხსნებათ, მძიმე ბრალდება კი დარჩებათ. 3500 პატიმარს სასჯელის განახევრების შემთხვევაში ექნება იმის საფუძველი, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიას მიმართოს და ეს კომისია ინდივიდუალური შეფასების შედეგად მიიღებს გადაწყვეტილებას, ხოლო მათი რიცხვი, ვისაც შეეხება სასჯელის ერთი მესამედით შემცირება, არის 1500 პატიმარი”.

კვირაზე მეტია, ხმაურია არაერთი რეგიონის მუნიციპალიტეტის შენობასთან. მათ შორის ყველაზე მწვავე სიტუაცია კვლავაც მარტვილშია, სადაც მოქალაქეები საპროტესტო აქციებს მართავენ. რამდენიმე მათგანმა კი პროტესტის უკიდურეს ზომას, შიმშილობას მიმართა. ისინი მარტვილის გამგებლის მამუკა დანელიასა და საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ გოროზიას გადადგომას მოითხოვენ.

თვითმმართველ ორგანოებში პოლიტიკური ბალანსის შეცვლის პროცესი ისეთი მეთოდებით, როგორიცაა დაშინება, საფინანსო უწყებებისა და მაკონტროლებლების შესვლა და სხვა, არ ემსახურება თანაარსებობისა და თანამშრომლობის იმ დეკლარირებულ პრინციპებს, რომლებზეც მმართველი კოალიცია საუბრობს, - უთხრა გასულ კვირაში რადიო თავისუფლებას ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარემ მამუკა აბულაძემ. მისი შეფასებით, მუნიციპალიტეტებში საშიში პროცესები ვითარდება:

”თუ მარტვილში ეს ყველაფერი ვიზუალურად ჩანს, - ფანჯრებიდან სკამების გადმოყრა, შუშების ჩამსხვრევა, შევარდნები და ასე შემდეგ, - მსგავსი სიტუაცია და მსგავსი ზეწოლები არის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. ზოგი ახერხებს, რომ გაუმკლავდეს ამ სიტუაციას, ზოგი ამას, გარკვეულწილად, ვერ ახერხებს. ძალიან მნიშვნელოვანია მყისიერი რეაგირება სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან, რაც არ ხდება, და უმეტეს შემთხვევაში - მინდა ხაზი გავუსვა, ეს არის თეთრი წყარო, ეს არის წალკა, ეს არის მარტვილი - სამართლდამცავი ორგანოები ამაზე ან არ რეაგირებენ, ან თუ მიდიან, მიდიან ძალიან გვიან”.

ამ ვითარების ესკალაციაზე პასუხისმგებლობას იხსნის მმართველი პარტია. მთავრობისა და პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროცესები არ არის მართული ”ქართული ოცნების” მიერ, უმცირესობა კი ირწმუნება, რომ თვითმმართველობებზე პირდაპირი ზეწოლის პროცესში ჩართული არიან სახელმწიფო უწყებები, კერძოდ კი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

გასულ კვირაში თბილისში ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული კონგრესი გაიმართა, სადაც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა, თავის მხრივ, კოჰაბიტაციის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს, თავ-თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

გასულ კვირაში საქართველოს სტუმრობდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპასა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინი. ვიზიტის ფარგლებში, ერიკ რუბინი წარმოადგენდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში არსებული თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფში შეერთებული შტატების მხარეს. სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგად ირკვევა, რომ საქართველოსა და შეერთებული შტატების თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ღრმავდება. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული განცხადების ტექსტში ვკითხულობთ, რომ კვლავაც გაგრძელდება ქართველი სამხედროების წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა, ასევე გაგრძელდება ქართული კონტინგენტის მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში, მათ შორის, ავღანეთში. განცხადებაში საუბარია იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით.

თავდაცვის საკითხებზე საუბრის გარდა, ერიკ რუბინმა ქვეყნის ახალი ხელისუფლების პოლიტიკის შესახებაც გააკეთა კომენტარი და დასძინა, რომ შტატები მხარს უჭერს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოზიციას დაარეგულიროს ურთიერთობა ჩრდილოელ მეზობელთან.
XS
SM
MD
LG