Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვნებათაღელვა ბოტანიკური ბაღის გარშემო


აქცია თბილისის მერიასთან
აქცია თბილისის მერიასთან

გრძელდება ხმაური ბოტანიკური ბაღის საზღვრების კორექტირების გარშემო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აპროტესტებენ ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 29 ჰექტარი ფართობის მიწის აუქციონზე გატანასაც, რომელიც 3 მაისს სრულდება. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, რომ ამ ტერიტორიის შეძენას ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანია გეგმავს, მერიის წარმომადგენლების მტკიცებით კი, ამ თემით სპეკულირებას კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, თუ მერია გადაწყვეტილებას არ შეცვლის, ისინი ფართომასშტაბიან აქციებს დაიწყებენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მოქალაქეებმა თბილისის მერიასთან შეკრება დილიდანვე დაიწყეს. მათთან ერთად შეიკრიბნენ სამართალდამცავებიც. იყო ხმაური. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის ნიკა მელიას სიტყვებით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თბილისის ბოტანიკურ ბაღს ოთხი ჰექტარი ტერიტორია წაართვა და თავის რეზიდენციას მიუერთა. მან ამის შესახებ ინფორმაცია 26 აპრილს გაავრცელა და მერიის წინ აქციაც დაიგეგმა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ლაშა ცუცქირიძის, თქმით, ის მერიასთან იმ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად მივიდა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ბოტანიკური ბაღის კუთვნილი ოთხი ჰექტარი მიწა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანიას, „ფინსერვისი XXI“-ს, გადაეცა:

„თბილისის ე. წ. მერმა, რომელიც არის შემსრულებელი იმ ადამიანის ბრძანებების, რომელიც მთაწმინდის სასახლეში, კოლბაში, ზის, გადასცა თბილისის საკუთრება“.

ჩვენ დავთანხმდით მერიას მომხდარიყო საზღვრების ამ სახით კორექტირება. იმ ხრიოკი ტერიტორიის სანაცვლოდ, რომელსაც ჩვენ ვერ ვიყენებდით, ბოტანიკურმა ბაღმა მიიღო ხეხილოვანი მცენარეების უნიკალური კოლექცია...
თამაზ დარჩიძე

კომპანია „ფინსერვისი“ 26 აპრილს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა მისთვის ბოტანიკური ბაღის კუთვნილი ტერიტორიის გადაცემის ფაქტს. კომპანიის მტკიცებით, მათ ბოტანიკური ბაღის მიზნებისათვის გამოუსადეგარი ქვა-ღორღიანი ფერდობი გადაეცა, სანაცვლოდ კი, 2007 წლიდან შპს „ფინსერვისმა“ მერიისგან შეძენილ მიწის ნაკვეთზე რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. შედეგად, ბოტანიკურმა ბაღმა მიიღო შპს „ფინსერვისი XXI“-ის მიერ მოვლილი, ახალხეებდარგული, სარწყავი სისტემებით განაშენიანებული, ვიზიტორთათვის საფეხმავლო ბილიკებითა და მიმართულებების მაჩვენებელი ნიშნებით მოწყობილი ტერიტორია. კომპანია „ფინსერვისს“ ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 10 ჰექტარი მიწის ფართი მერიის მიერ 2007 წელს პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცა, რაშიც მათ 3 მილიონ 600 ათასი ლარი გადაიხადეს. როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, ამ 10 ჰექტარიდან „ფინსერვისმა“ ოთხ ჰექტარზე განახორციელა სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მათ შორის, მოაწყო საფეხმავლო ბილიკები და დარგო ახალი ხეები. ეს ინფორმაცია 26 აპრილსვე დაადასტურა ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ. ამ ინფორმაციას გამოეხმაურა თავად ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძეც:

„ჩვენ დავთანხმდით მერიას მომხდარიყო საზღვრების ამ სახით კორექტირება. იმ ხრიოკი ტერიტორიის სანაცვლოდ, რომელსაც ჩვენ ვერ ვიყენებდით, ბოტანიკურმა ბაღმა მიიღო ხეხილოვანი მცენარეების უნიკალური კოლექცია“.

თამაზ დარჩიძისვე თქმით, ბოტანიკური ბაღის იმ ნაწილზე, რომელიც გაიცვალა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ვრცელდებოდა. შეგახსენებთ, ბოტანიკურ ბაღს ძეგლის სტატუსი 2007 წელს მიენიჭა. ვიცე-მერის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, თბილისის მერიის მიერ საზღვრების კორექტირება განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და დადგენილი წესების შესაბამისად. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ბოტანიკურ ბაღს ძეგლის სტატუსი მიენიჭა, მისი ფართობი მოიცავდა 81 ჰა ტერიტორიას და აღნიშნულ საზღვრებში არ შედის ის ფართობი, რომლის ცვლილებაც განხორციელდა.

კიდევ ერთი სადავო საკითხი, რომლის შესახებაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ავრცელებენ ინფორმაციას, შეეხება ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ არსებულ 29 ჰექტარ მიწას, რომელზეც კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი ახალი გზა უნდა გაკეთდეს. ნიკა მელიას მტკიცებით, იმ ტერიტორიის შეძენით, რომელიც ქალაქის მერიას აუქციონზე გააქვს, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული:

ნიკა მელია
ნიკა მელია

„ამ ტერიტორიას შპს „ფინსერვისის“ მეშვეობით ისევ და ისევ იყიდის ბიძინა ივანიშვილი. მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის საგანგაშო ვითარება, რომელიც უკავშირდება ამ ტერიტორიისთვის სტატუსის შეცვლას. ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებული ყველა ტერიტორიისთვის ხდება სტატუსის შეცვლა. ეს 29 ჰექტარი მიწა იყო ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში, იქ შესაძლებელი იყო ვიწრო სეგმენტში საგზაო სამუშაოების წარმოება და დღეს სტატუსი შეუცვალეს და გახდა იმ ზონის მატარებელი, სადაც ნებისმიერი სახის სამშენებლო სამუშაოები არის დაშვებული“.

აუქციონი 29 ჰექტარ მიწაზე, რომელზეც კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზა უნდა აშენდეს, 22 აპრილს გამოცხადდა და ის 3 მაისს სრულდება. მიწის საწყისი ღირებულება 6 მილიონ 233 ათას ლარს შეადგენს. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული მიწის გაყიდვით შეიძლება შეფერხდეს გზის მშენებლობა, მცდარია. მისი თქმით, მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს და აუცილებლად დასრულდება. კარლო ლაფერაძის თქმით, ლაპარაკია მაგისტრალის მარცხნივ არსებული ნაწილის გასხვისებაზე:

„მაგისტრალის მშენებლობას მოჰყვება შესაბამისი ინფრასტრუქტურა და, შესაბამისად, იმ ტერიტორიის განვითარება, სადაც ეს გზა გადის. ამ გზის მომიჯნავედ არის უამრავი კერძო ტერიტორია. ამიტომ არ შეიძლება შეიზღუდოს ტერიტორიის განვითარება, კერძო საკუთრების განვითარება, ოღონდ, ცხადია, იმ ჩარჩოში, იმ ნორმებში, რა ნორმასაც და რა დასაშვებობასაც ითვალისწინებს ის ზონა, რაც დღეს ამ მიწას ადევს. ამ შემთხვევაში ეს არის რეკრეაციული ზონა 2“.

კარლო ლაფერაძის თქმით, კანონმდებლობის თანახმად, რეკრეაციული ზონა 2 არ წარმოადგენს საცხოვრებელ ზონას და ამ ტერიტორიაზე შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. მისი მტკიცებით, ზონის ცვლილების გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმისათვის, რომ მაგისტრალის მშენებლობის პარალელურად შესაძლებელი ყოფილიყო ტერიტორიის განვითარება, თუმცა ისევ და ისევ რეკრეაციის დონეზე. მისივე თქმით, აუქციონში მონაწილეებს აქვთ ვალდებულება, რომ ამ ტერიტორიაზე განავითარონ რეკრეაციული ფუნქცია.

მიუხედავად მერიის ქონების მართვის სააგენტოს განმარტებებისა, აუქციონზე გასაყიდად გატანილი ტერიტორიისათვის ზონის შეცვლის ფაქტს აპროტესტებს პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე, რომელიც ამბობს, რომ საკრებულოში ზონის სტატუსის შეცვლის პროცესი ფარულად განხორციელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG