Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ სოროკინი და „ოპრიჩნიკის დღე“ თბილისში


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ ქართულ ენაზე გამოსცა თანამედროვე რუსი მწერლის, ვლადიმირ სოროკინის, რომანი „ოპრიჩნიკის დღე“, რომელიც ქართულად ამავე უნივერსიტეტის პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თარგმნა. 2006 წელს დაწერილ რომანში მოქმედება ვითარდება 2027 წელს, მონარქიააღდგენილ რუსეთში, რომელიც რეპრესიული სახელმწიფო პოლიტიკის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება და დანარჩენი სამყაროსგან „დიდი რუსული კედლითაა“ გამოყოფილი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვევით, წიგნის პრეზენტაციაზე თბილისში იმყოფებოდა თავად ავტორი, რომელმაც ვრცლად ილაპარაკა როგორც თავის შემოქმედებაზე, ასევე რუსეთის ისტორიასა და პოლიტიკური მოწყობის იმ მანკიერებებზე, რომელთა წყალობითაც მისი რომანი - „ოპრიჩნიკის დღე“ - ახდენილ წინასწარმეტყველებად იქცა.

ვლადიმირ სოროკინს დიდად არ უყვარს საკუთარი ტექსტების ხმამაღლა კითხვა. ამბობს, რომ წიგნისთვის საჭიროა ინტიმური გარემო და რომ თავადაც ვერ არის კარგი დეკლამატორი, მაგრამ იშვიათად, გამონაკლისის სახით, მაინც აკეთებს ამას, ანუ ხმამაღლა კითხულობს თავის ტექსტებს:

„სიზმარი კვლავ იგივეა. ცისკიდურამდე გადაჭიმულ უსაზღვრო რუსულ ტრამალზე მივაბიჯებ. წინ თეთრ ცხენს ვხედავ, მისკენ მივეშურები, ვგრძნობ, რომ ეს უჩვეულო ცხენია, ცხენად-ცხენი, თვალწარმტაცი, გულთმისანი, თოხარიკი; ვჩქარობ და მაინც ვერ ვეწევი. კიდევ უფრო ვაჩქარებ ნაბიჯს. ვყვირი, ვეძახი. ერთბაშად ვხვდები, რომ ამ ცხენში მთელი ჩემი ცხოვრება, მთელი ჩემი ბედი და იღბალია, რომ ჰაერივით მჭირდება იგი. მივდევ, მივდევ, მივდევ მას, ის კი არარას და არაფერს იმჩნევს, კვლავ აუჩქარებლად მშორდება, სამუდამოდ მშორდება, საბოლოოდ მშორდება, მშორდება, მშორდება...“

ვლადიმირ სოროკინი
ვლადიმირ სოროკინი

ვლადიმირ სოროკინი „ოპრიჩნიკის დღეში“ მთავარი პერსონაჟის პირით აღწერს დამსჯელი ორგანოს ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ანდრეი დანილოვიჩ კომიაგას, სადაგ დღეს, რომელიც გაჯერებულია ცრუ რელიგიურობასა და პატრიოტიზმში არეული ძალადობით, ნარკომანიით, ორგიებით, კორუფციითა და სადისტური მკვლელობებით. ამასთან, ხელმწიფის ბრძანებით, 2027 წლის რუსეთში აკრძალულია ბილწსიტყვაობა, ცეცხლში წვავენ წიგნებს (მათ შორის, ტოლსტოის, დოსტოევსკისა და ჩეხოვისას), ხოლო უნივერსიტეტის წინ საჯაროდ წკეპლავენ ინტელიგენციას. თვითიზოლაციის გამო მაღაზიებიდან გამქრალია უცხოური ნაწარმი - მთელ რუსეთში მხოლოდ ერთი სახეობის ყველი იყიდება. ვლადიმირ სოროკინის თქმით, არაერთგვაროვანი გრძნობები ეუფლება, როცა მის წიგნში აღწერილი ანტიუტოპია ცხოვრებაში იწყებს ასრულებას. როგორც ავტორი, კმაყოფილი ვარო, ამბობს ის, მაგრამ როგორც მოქალაქეს, ბუნებრივია, ეს გარემოება მაშფოთებსო:

„როცა წიგნი გამოვიდა, ერთმა ჩემმა ისტორიკოსმა მეგობარმა მითხრა: იცი, ასე მგონია, რომ შენ დაწერე ერთგვარი მაგიური შელოცვა მსგავსად იმისა, როგორც შეულოცავენ ხოლმე ავადმყოფობაზე ან სიკვდილზე არქაულ საზოგადოებებში, რომ თავიდან აიცილონ უბედურება. მართალი გითხრათ, მომეწონა ეს იდეა, რომელზეც წერის დროს არც კი მიფიქრია. მაგრამ გავიდა წლები და ამავე მეგობარმა მსუბუქი ნაღველით მითხრა, ეს წიგნი შელოცვა კი არა, წინასწარმეტყველებააო! თანაც ეს ამბავი აღარ მთავრდება. ხელისუფლება როგორც კი მიიღებს რაღაც მორიგ სულელურ კანონს, მაშინვე პრესასა და ინტერნეტში ატყდება ერთი ამბავი: აი, ესეც „ოპრიჩნიკის დღიდან“ ამოიკითხესო“.

ლიტერატურა უნდა იყოს წინააღმდეგობა, ტექსტურა, რაც აქვს სოროკინის ამ ტექსტს, და რომელიც უბრალოდ იდეის ილუსტრაციად ან ჟურნალისტურ წინასწარმეტყველებად კი არ აქცევს (რა იქნება მომავალში) მას, არამედ აქცევს იმის აღმოჩენად, რაც მხოლოდ ლიტერატურაში შეიძლება გადმოიცეს...
გიგა ზედანია

ვლადიმირ სოროკინი იმასაც ამბობს, რომ ოპრიჩნიკებმა, ანუ ივანე მრისხანის საიდუმლო პოლიციის - ოპრიჩნინის - წევრებმა, არაერთი მიზეზის გამო, მე-16 საუკუნის რუსეთიდან მომდევნო საუკუნეებშიც გამოაღწიეს. „ოპრიჩნიკის დღეში“ აღწერილი ანტიუტოპიაც რუსეთის ისტორიის სავარაუდო გაგრძელებაა, რომელიც უფრო პოლიტიკური ტექსტია, ვიდრე უბრალო ლიტერატურული თამაში. ასე ფიქრობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ფილოსოფოსი გიგა ზედანია, რომლის თქმითაც, ვლადიმირ სოროკინის მიერ აღწერილი მომავლის რუსეთი ესაა შუა საუკუნეებისა და ტექნოლოგიების მიქსი, აღწერილი გამორჩეული ნიჭის მქონე მწერლის მიერ.

„ვლადიმირ ნაბოკოვს აქვსე ასეთი გამონათქვამი: not text, but texture – არა ტექტი, არამედ ტექსტურა, ანუ ქსოვილი. პრინციპში, ესაა ზუსტი განსაზღვრება იმისა, რაც უნდა იყოს ლიტერატურა. ლიტერატურა არ უნდა იყოს გამჭვირვალე რამ მწერალსა და მკითხველს შორის. ლიტერატურა უნდა იყოს წინააღმდეგობა, ტექსტურა, რაც აქვს სოროკინის ამ ტექსტს, და რომელიც უბრალოდ იდეის ილუსტრაციად ან ჟურნალისტურ წინასწარმეტყველებად კი არ აქცევს (რა იქნება მომავალში) მას, არამედ აქცევს იმის აღმოჩენად, რაც მხოლოდ ლიტერატურაში შეიძლება გადმოიცეს, ხოლო ის პრობლემატიკა, რომელიც დანახულია მწერლის ძალიან მძაფრი და სასტიკი მზერით, დარწმუნებული ვარ, ქართველი მკითხველისათვის იქნება მართლაც უაღრესად საინტერესო აღმოსაჩენი და ასევე უაღრესად დიდი სიამოვნების მომტანიც“, უთხრა გიგა ზედანიამ რადიო თავისუფლებას.

გიგა ზედანიას თქმით, ქართველ მკითხველს ასევე დააინტერესებს წიგნის პოლიტიკური განზომილებაც. საქართველო ხომ მნიშვნელოვანწილად ფიქსირებულია იმაზე, თუ რა მოხდება რუსეთში, რადგანაც დიდია ნეგატიური გავლენა, რომელსაც მეზობელი ქვეყანა ახდენს საქართველოზე. შესაბამისად, როგორც მწერალი ლაშა ბუღაძე ამბობს, ქართველი მკითხველისათვის საინტერესოა როგორც იმის გაგება, თუ რა ხდება რუსეთში, ასევე ისიც, თუ რა გავლენას ახდენს ყოველივე ეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე:

„ეს ტექსტი რუსეთის გააზრებისა და გაგებისთვის რაღაც კითხვარივით არის, მაგრამ ჩვენთვის ასევე საინტერესოა იმ კუთხითაც, რაზეც სოროკინი საუბრობს. ვგულისხმობ იმ უცნაურ თანამშრომლობასა და თანაცხოვრებას იმ ელემენტებისა, რომლებიც, წესით, შეუთავსებელი უნდა იყვნენ. მაგალითად, მართლმადიდებელი ეკლესია, საოცარი პოლიტიკური თვალთმაქცობა, მიუღებლობა განსხვავებულის, მუდმივი სურვილი დაჩაგრო, მოკლა ვინმე - აი, ესაა ელემენტები, რომლებიც თანაარსებობენ იმ ადამიანებში, რომლებსაც უცნაურად ესმით ტრადიცია და პატრიოტიზმი. ეს ჩვენთვისაც საინტერესოა და ბევრ რამეს ამოვიცნობთ ამ კუთხით, როცა ადამიანები თვალთმაქცობენ თავიანთი რელიგიურობით, რაც სინამდვილეში არის მხოლოდ და მხოლოდ სადამსჯელო იარაღი. რაც შეეხება ოპრიჩნიკებს, ზონდერებს, ასეთ ოპრიჩნიკებს ვიცნობთ ჩვენი წარსულიდან და აწმყოდანაც“.

ეს ტექსტი თანამედროვე ქართველმა უნდა წაიკითხოს იმისათვის, რომ მიხვდეს, რა არის რუსეთი, რადგანაც რუსეთი არის ეს. რაც შეეხება თარგმანის სიძნელეს. ვიტყვი, რომ საინტერესო იყო. სიძნელე უფრო მდგომარეობდა ქართულ ენაში, რადგანაც უნდა ამერჩია ქართულ ენაში შესაბამისი ენობრივი პლასტი...
ნოდარ ლადარია

და მართლაც, უცნაური დამთხვევით, „ოპრიჩნიკის დღეში“ ეპიზოდურად გაკრთება ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე, სამკერდე ნიშნით „მმკ“, რაც იშიფრება როგორც მიქაელ მთავარგანგელოზის კავშირი, მაგრამ ქართველ მკითხველს აუცილებლად გაუჩნდება ასოციაცია მართლმადიდებელ მშობელთა კავშირთან. და კიდევ, რომანის მიხედვით, ოპრიჩნიკის დღე შეიძლება იყოს სადღესასწაულო, მდიდარი, ცხელი, ხარჯიანი, ნაკლული და მჟავე, მაგრამ მათში აუცილებლად იქნება მკვლელობა, გამოძალვა, გაუპატიურება, ორგიებში მონაწილეობა, ლოცვა, ნარკოტიკები... აკი რომანის მთავარი პერსონაჟიც ამბობს: „პირჯვარს ვიწერთ, ვყნოსავთ, ვსვამთ, ვხვნეშით“.

რახმანინოვის მეორე კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის ნეტარებას ჰგვრის სოროკინის ოპრიჩნიკ პერსონაჟებს მასობრივი თანაყოფის, ეგრეთ წოდებული მუხლუხოს შემდეგ, რომელიც ოპრიჩნინის თავკაცმა, მამამ მოიგონა. „ბრძნულად, მართლაც რომ, ბრძნულად მოიგონა მამამ მუხლუხო. ადრე წყვილ-წყვილად ვიყოფოდით ხოლმე, რის გამო ოპრიჩნინას უკვე საშიში დაქსაქსულობის ჩრდილი ადგებოდა. ახლა კი წყვილ-წყვილად ტკბობა-ნეტარებას ზღუდე დაედო. ერთად ვიშრომებთ და ერთად ვტკბებით. ...ასე რომ, გვაქვს ყველაფერი, რათა ერთმანეთიც დავატკბოთ და რუსეთის მტრებიც დავსაჯოთ“, ვკითხულობთ რომანში. და სწორედ ერთ-ერთი ასეთი მასობრივი ორგიის - მუხლუხოს - შემდეგ მიმართავს მამა თავის ოპრიჩნიკებს:

„როგორ ფიქრობთ, ჩემო ძვირფასო და ფრთანათელო ენოქებო, რისთვის ავაშენეთ კედელი, რისთვის დავწვით საზღვარგარეთული პასპორტები, რისთვის შემოვიღეთ ხელახლა წოდებები, რისთვის გადავიყვანეთ გონიერი მანქანები კირილეს ანბანზე? იმისათვის, რომ ქრისტეს სარწმუნოება შეგვენახა, ვითარცა უბიწო საუნჯე, რამეთუ მხოლოდ ჩვენ, მართლმადიდებლებმა, შევინარჩუნეთ ქვეყანასა ზედა ეკლესია, ვითარცა სხეული ქრისტესი... ამიტომაც ააგო ჩვენმა ხელმწიფემ დიადი კედელი, რათა ზღუდის მიღმა დაეტოვებინა სიმყრალე და ურწმუნოება, წყეული კიბერპანკები, სოდომიტები, კათოლიკეები, მელანქოლიკები, ბუდისტები, სადისტები, სატანისტები, მარქსისტები, მეგაონანისტები, ფაშისტები, პლურალისტები და ათეისტები“.

ნოდარ ლადარია
ნოდარ ლადარია

იმის გამო, რომ „ოპრიჩნიკის დღე“ მე-16 საუკუნისა და თანამედროვე ეპოქის ერთგვარი მიქსია, ვლადიმირ სოროკინმა ერთმანეთს გადააჭდო ძველი, საეკლესიო რუსული და სკაბრეზული გამონათქვამებით გაჯერებული თანამედროვე რუსული, რამაც მნიშვნელოვნად გაართულა მთარგმნელის სამუშაო. გარდა ამისა, ნოდარ ლადარიას თქმით, აშკარა იყო ისიც, რომ ორიგინალში გამოყენებული მაღალფარდოვანი რუსულის შესაბამის მაღალფარდოვნებას ქართული ენა ვერ აიტანდა.

„ეს ტექსტი თანამედროვე ქართველმა უნდა წაიკითხოს იმისათვის, რომ მიხვდეს, რა არის რუსეთი, რადგანაც რუსეთი არის ეს. რაც შეეხება თარგმანის სიძნელეს. ვიტყვი, რომ საინტერესო იყო. სიძნელე უფრო მდგომარეობდა ქართულ ენაში, რადგანაც უნდა ამერჩია ქართულ ენაში შესაბამისი ენობრივი პლასტი. ტექსტის გაგება არანაირ სიძნელეს არ წარმოადგენდა, იმიტომ რომ, შეიძლება ითქვას, ჩემთვის საკმაოდ ახლობელი სფეროა ამ წიგნის ძირითადი ენობრივი სამყარო, ვგულისხმობ სემინარიულ საეკლესიო რუსულს“, უთხრა ნოდარ ლადარიამ რადიო თავისუფლებას.

რუსეთის პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მისი ძალაუფლების კონსტრუქცია კვლავინდებურად პირამიდის მსგავსადაა მოწყობილი. აი, როგორც ჩაუყარა საფუძველი ივანე მრისხანემ, ისევე დარჩა, არაფერი შეცვლილა. სწორედ აქედან მომდინარეობს ყველა პრობლემა...
ვლადიმირ სოროკინი

თარგმნილი წიგნის მიძღვნაში ვკითხულობთ: „გრიგორი ლუკიანეს ძე სკურატოვ-ველსკის, მეტსახელად მალიუტას“, რომელიც ოპრიჩნინის, ანუ როგორც ვლადიმირ სოროკინი ამბობს, ივანე მრისხანის ზონდერჯგუფის გამორჩეული წევრი იყო. მაინც რატომ დაიწერა ეს წიგნი? ვლადიმირ სოროკინის თქმით, წიგნის მთავარი იდეა ის არის, რომ ოპრიჩნინა არსად წასულა და რომ დღემდე ცოცხალია მისი სული, ყველაზე პარადოქსული კი ისაა, რომ ოპრიჩნინის ისტორია ადეკვატურად არ ასახულა მე-19-მე-20 საუკუნეების რუსულ ლიტერატურაში.

„ვერც ერთმა დიდმა რუსმა წვერებიანმა კლასიკოსმა ვერ გარისკა ამ თემისათვის ხელის მოკიდება. ჯერ ერთი, ცენზურა არ გაუშვებდა და, მეორეც, მათთვისაც ძნელი გადასატანი იქნებოდა ოპრიჩნიკების მიერ ჩადენილი მხეცობების აღწერა. ამ სიცარიელის გამო, გადავწყვიტე მე შემეღო კარი თუ არა, ფანჯარა მაინც იმ ბნელი და ჩახუთული ოთახისა, რომელშიც ჩაბუდებულა ოპრიჩნინის სული“, - უთხრა ვლადიმირ სოროკინმა რადიო თავისუფლებას, რომლის შეკითხვას, თუ რა განიპირობებს ოპრიჩნინის სულის ამგვარ სიცოცხლისუნარიანობას, მწერალმა ასე უპასუხა:

„რუსეთის პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მისი ძალაუფლების კონსტრუქცია კვლავინდებურად პირამიდის მსგავსადაა მოწყობილი. აი, როგორც ჩაუყარა საფუძველი ივანე მრისხანემ, ისევე დარჩა, არაფერი შეცვლილა. სწორედ აქედან მომდინარეობს ყველა პრობლემა: ხალხი ქვევითაა, ერთი მმართველი - ზევით და სადღაც მათ შორის კი - ოპრიჩნიკები. მოკლედ, ყველაფერი ძველებურადაა“.

სხვათა შორის, ოპრიჩნინის სოცოცხლისუნარიანობაზე მეტყველებს ის ამბავი, რომელიც ვლადიმირ სოროკინს 2002 და 2008 წლებში გადახდა თავს: ე.წ. პატრიოტულ-მართლმადიდებლური ორგანიზაციების წევრებმა საჯაროდ დაწვეს მისი წიგნები. როგორც უკვე ვთქვით, წიგნები იწვის „ოპრიჩნიკის დღეშიც“:

„ცეცხლში „ანა კარენინა“ და „იდიოტი“ იწვის. და ისიც უნდა ვთქვა, რომ კარგად იწვის. საზოგადოდ, წიგნები კარგად იწვის, ხელნაწერები კი - სულაც დენთივით. ბევრი ასეთი კოცონი მინახავს, წიგნებისა და ხელნაწერებისგან დანთებული. ამ კოცონებს ყოველთვის განსაკუთრებული სითბო აქვს. თბილი ცეცხლია“.

სხვათა შორის, რომანში წიგნებს წვავს გულთმისანი პარასკევა მამონტოვნა, რომელიც მთავარი პერსონაჟის, ოპრიჩნიკ კომიაგას შეკითხვაზე, რუსეთს რა დაემართებაო, მცირე დუმილის შემდეგ პასუხობს: „დაემართება არაფერი!“ ანუ არაფერი შეიცვლებაო და ამაში გასაკვირი არც არაფერია, რადგანაც ისევ მთავარ პერსონაჟს რომ დავესესხოთ: „ვიდრე ცოცხალია ოპრიჩნინა, ცოცხალია რუსეთიც“. ცხადია, იგულისხმება ივანე მრისხანის რუსეთი, რომელსაც უკვე დაემართა ცოცხიან-ძაღლისთავიანი ოპრიჩნინა და რომლისგანაც ვერაფრით განკურნებულა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG