Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გროისმანი: „გაჩვენებთ, როგორ უნდა ქვეყნის მართვა“


ვლადიმირ გროისმანი
ვლადიმირ გროისმანი

„ გიჩვენებთ, თუ რას ნიშნავს, სინამდვილეში, ქვეყნის მართვა“ - ამ სიტყვების ავტორი ვლადიმირ გროისმანია, 38 წლის პოლიტიკოსი, რომელიც 14 აპრილიდან უკრაინის მთავრობას უხელმძღვანელებს. პარლამენტარებმა დააკმაყოფილეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის არსენი იაცენიუკის თანამდებობიდან გადადგომის თხოვნა. მან მადლობა გადაუხადა „მტრებს და ოპონენტებს“, რომლებმაც, იაცენიუკის თქმით, „იგი კიდევ უფრო გააძლიერეს“. ამ სიტყვების შემდეგ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სწრაფი ნაბიჯით და დეპუტატთა აპლოდისმენტების ქვეშ დატოვა პარლამენტის სხდომათა დარბაზი.

14 აპრილს ტაში და ოვაციები არც ვლადიმირ გროისმანს დაჰკლებია. ყველა მედია საშუალებამ ერთხმად აიტაცა „ვერხოვნა რადის“ ყოფილი სპიკერის, 38 წლის გროისმანის დაპირება, რომ იგი ყველას უჩვენებს, თუ „როგორ უნდა ქვეყნის მართვა“. თანაც, გროისმანის ეს ამბიციური, არცთუ უპრეტენზიო, განცხადება აშკარად ჩამოჰგავდა პოპულიზმს, რაც ახალ პრემიერ-მინისტრს ქვეყნის წინაშე მდგარ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიაჩნია:

„ვაცნობიერებ საფრთხეებს, რომელთა წინაშეც ვდგავართ. მინდა გამოვყო სამი მათგანი: კორუფცია, უხეირო მართვა და, ძვირფასო კოლეგებო, პოპულიზმი, რაც ისეთივე დიდი საშიშროებაა ჩვენი ქვეყნისათვის, როგორიც აღმოსავლეთში მყოფი მტერი“.

38 წლის გროისმანის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, რომელსაც დასავლეთი მოუწოდებს აღმოფხვრას კორუფცია, შეზღუდოს ოლიგარქების ჩარევა პოლიტიკურ პროცესებში და გაატაროს ეკონომიკური რეფორმები. სწორედ ამ პირობების შესრულებაზეა დამოკიდებული ის საერთაშორისო საფინანსო დახმარება, რომლის გარეშეც უკრაინას გაუჭირდება კრიზისის დაძლევა და საგარეო პოლიტიკური ამოცანების შესრულება. პეტრო პოროშენკომ თავად წარუდგინა „ვერხოვნა რადას“ გროისმანის კანდიდატურა, დაესწრო კენჭისყრას და დამტკიცების შემდეგ, უკრაინული ტრადიციის თანახმად, წითელი ვარდების თაიგული მიართვა ახალ პრემიერ-მინისტრს, რომელიც დარწმუნებულია, რომ უკრაინას, მისი ხელმძღვანელობით, თვისებრივად ახლი მთავრობა ეყოლება:

„უნდა ვაწარმოოთ სრულიად ახლებური დიალოგი უკრაინის საზოგადოებასთან. უფრო მეტი უნდა ველაპარაკოთ ხალხს ჩვენს გეგმებზე. ეს კაბინეტი უნდა იქცეს ხარისხობრივად ახალ მთავრობად, რომელიც პასუხისმგებლობას იკისრებს თავის საქმიანობაზე; მთავრობად, რომელიც პასუხს აგებს შედეგებზე“.

„ქართული კვალი“ უკრაინის მთავრობაში

14 აპრილსავე უკრაინელმა დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს პრემიერ-მინისტრ გროისმანის ერთწლიან სამოქმედო პროგრამას და მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას.

მინისტრთა კაბინეტში თანამდებობა შეინარჩუნეს თავდაცვის, შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრებმა. ახალ პრემიერ-მინისტრ ვალდიმირ გროისმანს ხუთი ვიცე-პრემიერი ეყოლება. მათ შორისაა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების მინისტრი ივანა კლიმპუშ-ცინცაძე, რომელიც 1998 -2008 წლებში აშშ-ში საქართველოს სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ არჩილ ცინცაძის მეუღლეა. თანამდებობა დატოვა ფინანსთა მინისტრმა ნატალია იარესკომ, რომელიც ამ პოსტზე შეცვალა ოლექსანდ დანილიუკმა, რომელიც პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. ჯერჯერობთი უცნობია უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ვინაობა. ამ პოსტს იაცენიუკის მთავრობაში იკავებდა ალექსანდრე კვიტაშვილი, რომელიც 2008-2010 წლებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად მუშაობდა.

უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნას მიესალმა ევროკავშირი, რომლის ხელმძღვანელებმა ამ ცვლილებას უწოდეს „მნიშვნელოვანი“ იმ დროს, როდესაც „ქვეყანას ახალი იმპულსი სჭირდება“. გროისმანს სასწრაფო რეფორმებისაკენ მოუწოდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, „ეს არის შესაძლებლობა, ბოლო მოეღოს პოლიტიკური გაურკვევლობას კიევში. საჭიროა სასწრაფოდ რეფორმების გატარება. უკრაინამ დრო აღარ უნდა დაკარგოს“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG