Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვისოცკის ჰოლივუდში უნდოდა...


ვლადიმირ ვისოცკი
ვლადიმირ ვისოცკი

ამ კვირას ლეგენდარული საბჭოთა მომღერლისა და მსახიობის ვლადიმირ ვისოცკის გარდაცვალებიდან 35 წელი გადის. ის 1980 წლის 25 ივლისს 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. ახლა გაგაცნობთ მისი ბიოგრაფიის ერთ დეტალს: როგორ სცადა ვისოცკიმ, თავის სამშობლოში ალბათ ყველაზე ცნობილმა მომღერალმა, ჰოლივუდში თავის დამკვიდრება.

1976 წლის ივლისის თბილი საღამო იყო და ლოს ანჯელესის მდიდრულ უბანში, ჰოლივუდის პროდიუსერის მაიკ მედევოის სახლში, კინოვარსკვლავები შეკრებილიყვნენ. აქ იყვნენ გრეგორი პეკი, ნატალი ვუდი, ლაიზა მინელი და რობერტ დე ნირო, რომლებიც პირდაპირ ფილმის პრემიერიდან მოვიდნენ: სკორსეზეს „ნიუ-იორკი, ნიუ იორკი“ გამოვიდა იმ დღეს. იყვნენ აგრეთვე ენტონი ჰოპკინსი, მაიკლ დაგლასი და სილვერსტერ სტალონე, რომელსაც მაშინ ბევრი არავინ იცნობდა, თუმცა ოთხი თვის შემდეგ, როდესაც „როკის“ პრემიერა ჩატარდა, მისი სახელი საყოველთოდ ცნობილი გახდა.

კუთხეში ვლადიმირ ვისოცკი იჯდა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანი მთელ საბჭოთა კავშირში. თუმცა აქ მისი სახელი მასპინძლის გარდა არავის გაეგო. არც იცოდნენ, ვინ იყო. თავად ვისოცკი კი ოთახს, როგორც მისი მეუღლე მარინა ვლადი იხსენებს, აღტაცებული ბავშვის თვალებით ათვალიერებდა. ფხიზელი იყო და თან საკუთარი შვიდსიმიანი გიტარა მიეტანა.

მასპინძელმა, მაიკ მედევოიმ, იცოდა, რომ ის სტუმრებზე ნამდვილად შთაბეჭდილებას მოახდენდა.

ის ჰყვება: „ჩვენ ის მოვიწვიეთ, რათა, ასე ვთქვათ, შეკრების გული ყოფილიყო. ყველას გავაცანი. ეს ტიპიური ჰოლივუდური შეკრება იყო. ზოგი ერთმანეთს იცნობდა, ზოგიც - არა. ჩვენს შემთხვევაში კი განსხვავებული ის იყო, რომ ვისოცკი გვყავდა. ცხადია, არავინ იცოდა, ვინ იყო ის“.

ვისოცკის იმ დღეს სწორედ ამის შეცვლა სურდა - უნდოდა, რომ მიწვეულ ვარსკვლავებს, პროდიუსერებს, სტუდიების მესვეურებს ის გაეცნოთ. საბჭოთა კინოვარსკვლავს ჰოლივუდის ვარსკვლავობაც სურდა.

მედევოიმ ვისოცკი სტუმრებს წარუდგინა და სთხოვა ემღერა. იმ წვეულების დამსწრეები ზუსტად ვერ იხსენებენ, თუ რამდენი სიმღერა შეასრულა ვისოცკიმ. ზოგი ამბობს, ორიო, ზოგი ამბობს, 2 საათზე მეტს უკრავდაო, ზოგიც - ნახევარ საათსო. არც ის ახსოვთ, რა იმღერა, მაგრამ ეფექტი დამსწრეებს არ დავიწყებიათ.

ვისოცკიმ გიტარა მოიმარჯვა და სიმღერა დაიწყო.

მარინა ვლადი თავის მემუარებში იხსენებს, ლაიზა მინელი ვისოცკის თითქმის ფერხთით იჯდა და მას თვალს არ აშორებდა. ვალოდიაც, ამით გათამამებული, უფრო გულით მღეროდაო. რეჟისორი მილოშ ფორმანიც, რომელმაც 1981 წელს დოკუმენტური ფილმი გადაიღო ვისოცკიზე, ამბობდა, სიტყვაც არავის ესმოდა, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ ეს ღრმა სიმღერები იყო, გულწრფელი სიმღერები იყო და მთელი გულით იყო ნამღერიო.

წვეულებას დიკ ფინიც ესწრებოდა, ვისოცკის მეგობარი, რომელსაც ლოს ანჯელესში საკუთარი ბიზნესი ჰქონდა. ის იხსენებს, როდესაც ეშხში შევიდა და მისი უფრო და უფრო ხმამაღალი ნამღერი ქალაქის ღამეში გაიფანტა, ეზოში, აუზთან შეკრებილი სტუმრებიც სახლში შემოვიდნენ, რომ გაეგოთ, ვინ მღეროდაო.

მარინა ვლადი იხსენებს: როდესაც ვისოცკიმ სიმღერა დაასრულა, დიდი, დიდი ხნის განმავლობაში სიჩუმე იყო. პირველები დე ნირო და მინელი იყვნენ, ყვირილი რომ დაიწყეს, საოცარი იყო, საოცარიო, და უცბად ოთახი აპლოდისმენტებმა შეძრა.

ვისოცკიმ მედევოის წვეულებაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში თავისი პირველი ვიზიტისას იმღერა. ამის შემდეგ ის ამერიკაში კიდევ რამდენჯერმე იყო ჩასული. საბჭოთა ხელისუფლება მას, მართალია, ეჭვის თვალით უყურებდა, მაგრამ იცოდა, რომ ვისოცკი ამერიკაში დარჩენას არ აპირებდი. მომღერალს რამდენჯერმე წამოუწევია მეგობრებთან ეს თემა, უფიქრია, რას გააკეთებდა ამერიკაში რომ გაქცეულიყო, მაგრამ იქვე გადაუწყვეტია, ჩემი ადგილი მაინც სამშობლოშიაო.

ამას ისიც დაემატა, რომ მსახიობის ჰოლივუდური ამბიციებიდან არაფერი გამოვიდა. მას რამდენიმე სცენარის იდეა ჰქონდა, რომელიც მედევოისთან ერთად წარუდგინა ორი სტუდიის შეფს. მათ ზომიერი ინტერესი გამოხატეს, მომღერალი დააიმედეს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, გაგრძელება ამ ამბავს არ მოჰყოლია.

ამასობაში ვისოცკიმ სმა განაახლა. სმას, როგორც მისმა მეუღლემ მოგვიანებით აღმოაჩინა, მორფიც დაერთო თან. ის მთელი დღეების განმავლობაში იკეტებოდა ხოლმე სტუდიაში, არ ეძინა, არ ჭამდა და მხოლოდ მუსიკას წერდა.

ჰოლივუდში გამოჩენის ბოლო მცდელობა ვლადიმირ ვისოცკის სიკვდილამდე ერთი წლით ადრე ჰქონდა. 1979 წლის დეკემბრის სისხამ დილით თვალებჩაშავებული მომღერალი მეგობართან ერთად მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სატელევიზიო სტუდიაში შევიდა და ეს მიმართვა ჩაწერა:

„გამარჯობა, უორენ. როგორ ხარ? მაპატიე ჩემი ინგლისური, იმიტომ რომ ინგლისურად არასოდეს ვლაპარაკობ. ამდენი პირველად ვთქვი ახლა. არ ვილაპარაკებ ინგლისურად. მე ვილაპარაკებ რუსულად. იმიტომ რომ, ხომ იცი, რუსულად ვლაპარაკობ“.

ვისოცკი უორენ ბიტის მიმართავს, რომელიც აპირებდა ბიოგრაფიული ფილმი გადაეღო ამერიკელი ჟურნალისტის, ჯონ რიდის, ცხოვრებაზე, ჯონ რიდისა, რომელმაც დაწერა წიგნი ბოლშევიკურ რევოლუციაზე - „ათი დღე, რომელმაც შეძრა მსოფლიო“. ვლადიმირს რომელიღაც ჰოლივუდელმა ნაცნობმა ურჩია, ბიტის დაუკავშირდი და იქნებ ფილმში როლი გერგოსო. არ არის ცნობილი, ნახა თუ არა უორენ ბიტიმ ვიდეო, მაგრამ ვისოცკისთვის როლი არ შეუთავაზებიათ. თავად ფილმი „წითლები“ წარმატებული აღმოჩნდა. ის ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო ფილმისთვის, რომელიც ვერ მიიღო, მაგრამ ბიტის მოუტანა ოსკარი, როგორც საუკეთესო რეჟისორს.

თავად ვიდეო, რომელიც ვისოცკიმ ჩაწერა, საინტერესოა და, ამვე დროს, ალბათ, გულისმომკვლელიც. ნახევარსაათიანია. ვისოცკი კითხულობს საკუთარ ლექსებს, ჰამლეტის მონოლოგს, რითაც თავის დროზე მოსკოვის ტაგანკის თეატრის მაყურებელს აღაფრთოვანებდა. რამდენიმე სიმღერასაც ასრულებს, თუმცა სიმღერის წინ საშინლად ახველებს. ის კამერაში იყურება და ამბობს, დილაა და ამიტომ მახველებს. ფილტვები არ მუშაობს ჯერო. შემდეგ კი სიმღერას იწყებს...

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG