Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვალის მართვის სტრატეგიის აუცილებლობა


საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, რომელიც მოიცავს სამთავრობო სექტორს, ეროვნულ ბანკს, კომერციულ ბანკებს, სხვა სექტორებს და კომპანიათაშორის ვალებს, 13 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. მთლიანი საგარეო ვალის 32 პროცენტი სამთავრობო ვალია, კომერციული ბანკების წილი მთლიან საგარეო ვალში 20 პროცენტია. 2006 წლიდან მოყოლებული, 6 წლის განმავლობაში მთლიანი საგარეო ვალი მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა. 2012 წლიდან დაწყებული, ადგილი აქვს ვალის თანდათანობით, თუმცა უმნიშვნელო, კლებას. მთლიანი საგარეო ვალისგან განსხვავებით, შედარებით მცირე ტემპებით იზრდება სამთავრობო საგარეო ვალიც.

საკრედიტო რესურსის წილმა მთლიან საბიუჯეტო სახსრებში 2013 წელს არსებული 3 პროცენტიდან 2014 წელს 12 პროცენტამდე მოიმატა. ასეთი მაღალი მაჩვენებლი ფიქსირდებოდა 2009-2010 წლებში, როდესაც, მსოფლიო კრიზისისა და ომის ფონზე, სახელმწიფო ბიუჯეტის მასტიმულირებელ პოლიტიკას ახორციელებდა.

იმის მიუხედავად, რომ სამთავრობო და საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან, ექსპორტსა და საბიუჯეტო შემოსავლებთან მიმართებაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით დაწესებულ კრიტიკულ ზღვრებს არ აჭარბებს, ვალის მასშტაბის ზრდასთან ერთად დგება სახელმწიფო დონეზე ვალის მართვის სტრატეგიის არსებობის აუცილებლობა. საქართველოში მსგავსი სტრატეგია არ არსებობს, მაგრამ ჩამოყალიბებულია ხედვა და მიდგომები, თუ როგორ უნდა იმართებოდეს სახელმწიფო ვალი, და საკანონმდებლო დონეზე გაწერილია ვალის მართვაზე პასუხისმგებელი ორგანოს (ფინანსთა სამინისტრო) ფუნქციები და მოვალეობები. საქართველოს კანონმდებლობა ასევე განსაზღვრავს ვალის აღებისა და მართვის პროცესში სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების (ეროვნული ბანკი, საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტი) უფლებამოსილებას.

ვალის მართვის სტრატეგია არის ვადებში გაწერილი კონკრეტული გეგმა, რომელიც მთავრობას ეხმარება მიაღწიოს სახელმწიფო ვალის პორტფელის სასურველ, ოპტიმალურ შემადგენლობას. სტრატეგიაში მოცემული უნდა იყოს ვალის აღებისა და მართვის პროცედურა და აღწერილი უნდა იყოს ვალის მართვასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო რისკის შინაარსი და გამომწვევი ფაქტორი.

სტრატეგიის არსებობა ქვეყნების მთავრობებს ეხმარება, რომ მოახდინონ რისკების იდენტიფიცირება, შეაფასონ და მართონ რისკები, უზრუნველყონ ფისკალური და მონეტარული სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია, შეამცირონ ვალის მომსახურების ღირებულება და უზრუნველყონ ვალის მართვის პროცესის გამჭვირვალობა.

სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია შინაარსობრივად შედგება რამდენიმე ერთმანეთთთან დაკავშირებული კომპონენტისგან, რომელთაგან შეიძლება გამოიყოს 3 ძირითადი: ვალის აღებისა და მართვის ორგანიზაციული პროცედურების უზრუნველყოფა, ვალის დაფინანსების წყაროს მოძიება და გრაფიკის განსაზღვრა, ასაღები ვალის ოდენობის განსაზღვრა, რისკების შეფასება, მართვა და ხარისხიანი სტატისტიკური მონაცემების წარმოება.

ვალის მართვის სტრატეგია პირდაპირ კავშირშია ქვეყნის მაკროეკონომიკურ და ფინანსურ პოლიტიკასთან. მთლიანობაში, სახელმწიფო ვალის მართვის პოლიტიკის უმთავრესი მიზანია ქვეყანას ჰქონდეს ეკონომიკური და ფინანსური სარგებელი საგარეო და საშინაო დაფინანსებიდან, ისე რომ თავიდან იყოს აცილებული მაკროეკონომიკური პრობლემები და შენარჩუნებული იქნეს საგადამხდელო ბალანსის სტაბილურობა. იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული სახელმწიფო ვალის ნეგატიური გავლენა ეკონომიკაზე, ვალის მართვა მაკროეკონომიკური პოლიტიკის მუდმივი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. ბევრი ქვეყანა ვალის მართვას კრიზისის დროს იწყებს, რაც შეიძლება დაგვიანებული აღმოჩნდეს, რადგან სწორედ ამ კრიზისის ასარიდებლად არის საჭირო ვალის მართვის პროცესის წარმოება.

XS
SM
MD
LG