Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ ძაბირაძე - პოლიტოლოგი


22 ივნისი, კვირა

დღეს 22 ივნისია, კვირა საღამო; ვზივარ და დღიურებს ვწერ, „თავისუფლების დღიურებს“.

როდესაც ამ პროექტში მონაწილეობა შემომთავაზეს, მიუხედავად იმისა, რომ დღიურების წერა არც არასდროს მეხერხებოდა და, სიმართლე ითქვას, არც მომწონდა, უარი არ მითქვამს, რადგან „თავისუფლებაც“ და „დღიურებიც“ რაღაც შორეულ, სასიამოვნო ასოციაციებს აღმიძრავს და წარსულში მაბრუნებს.

თავად 22 ივნისიც კი, სრულიად შემთხვევით რომ დაემთხვა ჩემი ჩანაწერების პირველ დღეს, ჩემი და ჩემი თაობისათვის ისტორიული, სამამულო ომის დაწყების თარიღია, რომელში გამარჯვებამაც ფაშისტური გერმანიის მონობისაგან გვიხსნა - ასე გვასწავლიდნენ და გვარწმუნებდნენ სკოლებში თუ უმაღლეს სასწავლებლებში და ამ რწმენით გაიარა ბავშვობამ და სიყმაწვილემ.

ცოტა მოგვიანებით, როდესაც საბჭოთა პროპაგანდის სისწორეში ეჭვი შემაპარა და თავად ვცადე რეალობაში გავრკვეულიყავი, ძიებამ დასავლეთის რადიოსადგურებთან მიმიყვანა. საბჭოთა სიყალბის შემხედვარეს, ბუნებრივად გამიჩნდა სურვილი, გამეგო, რას გადმოსცემდნენ ეს რადიომაუწყებლები ისეთს, საბჭოთა პროპაგანდა მათ „მტრულ ხმებად“ რომ მოიხსენიებდა. ასე შემოვდა ჩემს ცხოვრებაში რადიო „თავისუფლება“, „ამერიკის ხმა“, ბი-ბი-სი, „თავისუფალი ევროპა“ და ა.შ. თუმცა მათი მოსმენა არცთუ იოლი საქმე იყო, რადგან მათი მიღება შეიძლებოდა ღამის საათებში და, რადგან საბჭოთა სადგურები მუდმივად ახორციელებდნენ ამ გადაცემების ჩახშობას, გამუდმებით გვიწევდა სიხშირიდან სიხშირეზე გადასვლა, რაც, თავისთავად, ნერვების მომშლელი ფაქტორი იყო. ამის მიუხედავად, მსმენელთა დამოკიდებულება „დასავლეთის ხმებისადმი“, ფაქტობრივად, ისეთივე ხასიათს ატარებდა, როგორი დამოკიდებულებაც დღესაა ფეისბუკის მიმართ.

სწორედ ამ „ხმების“ მიერ გადმოცემული ინფორმაციით გავიგე, რომ მეორე მსოფლიო ომმა მართლაც შეცვალა სამყარო; რომ ფაშისტური გერმანიის მარცხმა, ევროპა, მართალია, ორ ნაწილად გაყო, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპაში გერმანული ფაშისტური ტირანია რუსულმა კომუნისტურმა ტირანიამ ჩაანაცვლა, ხოლო დასავლეთი ევროპა არა მარტო გერმანული ფაშისტური ტირანიისგან გათავისუფლდა, არამედ უარი თქვა ტრადიციულ იმპერიულ კოლონიალიზმზე და თავისუფალ სამყაროდ ჩამოყალიბდა.

თავისუფლების დღიურები - ვახტანგ ძაბირაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:14:58 0:00
გადმოწერა

ამ ფაქტორის გაცნობიერება იყო მძლავრი იმპულსი აღმოსავლეთ ევროპის ხალხთათვის, რათა მათ გაეგრძელებინათ ბრძოლა რუსული კომუნისტური იმპერიის წინააღმდეგ, რომ არა მარტო გათავისუფლებულიყვნენ რუსული იმპერიალიზმისაგან, არამედ გამხდარიყვნენ თავისუფალი დასავლეთის ნაწილი.

თითქმის ნახევარი საუკუნე გაგრძელდა ბრძოლა რუსული კომუნისტური იმპერიის წინააღმდეგ და, საბოლოოდ, კომუნისტური იდეოლოგიის კრახითა და საბჭოური იმპერიის დაშლით დასრულდა. ორად გაყოფილი ევროპა და ბალტიისპირეთი გაერთიანდნენ და ჩამოყალიბდა ერთიანი თავისუფალი სივრცე. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იქცნენ; თუმცა რუსული იმპერიული სული ისევ ცოცხლობს და ძალას იკრებს. ცდილობს, როგორმე შეაჩეროს თავისუფალი ევროპული სივრცის აღმოსავლეთით გაფართოება და ამისათვის არც სამხედრო ძალის გამოყენებას ერიდება, როგორც ეს გააკეთა საქართველოსა და უკრაინაში. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მე სრულიად ღიად და დაუფარავად ვწერ „თავისუფლების დღიურებს“ და მახსენდება ის დრო, როდესაც, არათუ დღიურების წერა, არამედ იმის თქმაც კი, რომ რადიო თავისუფლების მსმენელი ხარ, ხელისუფლების მხრიდან გარდაუვალ რეპრესიებს იწვევდა. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რათა თავისუფალი ევროპული სივრცის ნაწილი გავხდეთ. ცხადია, იქნება პრობლემები და დაბრკოლებები, როგორც საშინაო, ისე საგარეო კუთხით, მაგრამ, თუ მოვინდომებთ, ამ პრობლემების მოგვარების პოტენციალი ნამდვილად მოგვეპოვება.

კვირადღის მიუხედავად, მაინც მომიწია საზოგადოებრივი რადიოს ეთერით გამოსვლა. საკითხი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების ანალიზსა და თვითმმართველობის კოდექსის განხილვას ეხებოდა. სტუდიაში ჩემთან ერთად იყო კოტე კანდელაკი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც, ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, დიდი ხანია თვთმმართველობის საკანონმდებლო ბაზის შექმნაზე მუშაობს და მოქმედი კოდექსის შემუშავებაშიც მონაწილეობდა. გადაცემაში ჩაერთო პარლამენტარი გია ჟორჟოლიანი, რომელიც ასევე მონაწილეობდა როგორც კოდექსის შემუშავებაში, ისე საპარლამენტო განხილვებში. საინტერესო ისაა, რომ არც ერთი და არც მეორე, ჩემზე რომ არაფერი ვთქვა, მიღებული კოდექსით კმაყოფილი არ არის. უფრო მეტიც, კოდექსს თან ერთვის გარდამავალი დებულებები, სადაც გაწერილია მთელი რიგი უფლებებისა, რომლებიც 2016 წლისთვის, ანუ მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისათვის უნდა ამოქმედდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქმედი კოდექსი არასრულყოფილია.

ბუნებრივად იბადება კითხვა: რატომ ვერ მოხერხდა კოდექსის სრულყოფილი სახით მიღება და რატომ გახდა აუცილებელი გარდამავალი დებულებების დროში გაწელვით, თანდათან ამოქმედება? რაც მთავარია, ასეთი სახით მიღებული კოდექსი მოსახლეობის თვალში ხომ არ გამოიწვევს რეფორმის იმ პოზიტიური ნაწილის დისკრედიტაციასაც, რომელსაც გამგებლებისა და მერების პირდაპირი წესით არჩევა ჰქვია? თუ ასე მოხდა, ეს ნიშნავს, რომ თვითმმართველობის რეფორმამ კრახი განიცადა და მას 2016 წლისთვის ამოქმედებული ნორმები ვეღარ გადაარჩენს.

23 ივნისი, ორშაბათი

დილით ადრე ვდგები და სამსახურში მივდივარ. რაც უფრო ადრე მივალ, მით უკეთესი, მაგრამ, სასურველია, 8-ისთვის მაინც ვიყო ადგილზე. რომ ვთქვა, სამსახური მხიბლავს და მაინტერესებს-მეთქი, მართალი არ ვიქნები. უბრალოდ, იძულებული ვარ ვიმუშაო, რადგან პური ჩვენი არსობისა ყველას სჭირდება; ქვეყანაში კი ისეთი ვითარებაა, რომ თუკი სამუშაო იშოვე და რაღაც შემოსავალი მაინცა გაქვს, ღმერთს მადლობა უნდა შესწირო და წუნიაობას თავი დაანებო. თუმცა ხანდახან საკუთარ თავს მაინც ვექილიკები, 70-იანი წლების მოსკოველი დისიდენტების მაგვარი სამუშაო მაქვს-მეთქი.

ორშაბათი, როგორც ამბობენ, ისედაც მძიმე დღეა და ჩემთვის ნავსიანიც გამოდგა - დანადგარი გაფუჭდა და დასაშლელი და სარემონტო გახდა. აქ ყველანი ერთნი ვართ, რაღაც ოჯახური ბიზნესის მსგავსია, ყველა იმას აკეთებს, რაც შეუძლია - უფროსიც ჩვენა ვართ და უმცროსიც, მუშაც და მეპატრონეც; ამიტომ დანადგარი დავშალეთ და შეკეთება დავიწყეთ. ბედად, მხოლოდ საკისარი აღმოჩნდა ჩაშლილი. გამოვცვალეთ და ავაწყეთ, მაგრამ საკმაოდ დიდი დრო დავკარგეთ.

ჩემს საქმიანობას, „ჩვენი არსობის პურის“ მოპოვების გარდა, ერთი დადებითი მხარეც აქვს: ეკონომიკურ პროცესებში უშუალოდ ჩართვა, რაც საშუალებას იძლევა მეტ-ნაკლებად ობიექტურად შეაფასო არსებული რეალობა და ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობა.

სამწუხაროდ, არც ახალი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ცვლილებებს გამოუწვევია ბიზნესის გააქტიურება. ის, რომ ხელისუფლება ბიზნესს არ „ატერორებს“, არ ნიშნავს, რომ ბიზნესგარემო თავისუფალია და მონოპოლიები გაქრა; მით უფრო არ ნიშნავს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, რის გარეშეც შეუძლებელია უმუშევრობის დაძლევა და მოსახლეობის სოციალური დონის ამაღლება. საოცარია, ყველა ხელისუფალი, დღევანდლის ჩათვლით, აღიარებს ამ პოსტულატის ჭეშმარიტებას, მაგრამ ეკონომიკის განვითარების მთავარ ფაქტორად ყველა მაინც უცხოური ინვესტიციების შემოდინებას მიიჩნევს. არადა, ცხადია, რომ არც ერთი სერიოზული უცხოელი ინვესტორი (არც ქართველი), წვრილსა და საშუალო ბიზნესში ინვესტიციას არ ჩადებს, ეს საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს; საჭიროა არა საკონსულტაციო ბიუროების შექმნა, არამედ წარმოების საშუალებათა მოდერნიზების მხარდაჭერა და ინვესტირება, საგადასახადო ტვირთის შემცირება და ადმინისტრირების გამარტივება. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზება იმდაგვარად უნდა უნდა მოხდეს, რომ მასში ჩართული აღმოჩნდეს წვრილი და საშუალო ბიზნესის რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

საღამოს, სახლში დაბრუნებულს, ჩემი დის შვილიშვილი, პატარა მარიამი შემომეგება და, ამაღამ თქვენთან ვრჩებიო, დიდის ამბით გამომიცხადა; შემდეგ გვერდით მომიჯდა და თავისი ამბების მოყოლა დამიწყო. მე თან მარიამს ვუსმენდი და თანაც ფეხბურთს ვუყურებდი. ამჟამად ხომ მთელი ქვეყანა ფეხბურთითა და პოლიტიკით ცხოვრობს. თუმცა, რომ ვუყურებ, მოვლენები ბრაზილიის ჩემპიონატშიც ისევე უცნაურად და ულოგიკოდ ვითარდება, როგორც ქართულ პოლიტიკაში.

24 ივნისი, სამშაბათი

გუშინდელ და გუშინწინდელ ჩანაწერებს გადავავლე თვალი; მათ ყველაფერი შეიძლება უწოდო, გარდა დღიურისა! რა ვქნა, არ მეხერხება ამ დღიურების წერა - როგორც კი საწერ მაგიდას მივუჯდები და მუშაობის პროცესში რაიმე იდეა წამომიტივტივდება ან პრობლემური საკითხი გამოჩნდება, მაშინვე სიტყვა გამირბის, მის ანალიზს ვიწყებ და გადაჭრის გზებს ვეძებ. ამიტომ დღიურის ნაცვლად ყოველდღიურ მოვლენებთან შერეული ანალიტიკური კონგლომერატი გამომდის. თუმცა ამიერიდან ვეცდები, ზოგად პოლიტიკურ პროცესებს თავი ავარიდო. რამდენად გამომივა, არ ვიცი, მაგრამ გულწრფელად შევეცდები.

დღე ჩვეულებრივ, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებით დაიწყო. ყველაფერი მშვიდად და უპრობლემოდ განვითარდა, რამაც საშუალება მომცა, სამსახურიდან დროზე ადრე (ამგვარი პრივილეგირებული უფლება მაქვს!), დღის მეორე ნახევარში წამოვსულიყავი. თან საპატიო მიზეზიც მქონდა: ჩემი ლეკვი, მოლი, რომელიც კურცჰაარის ჯიშისაა და საკმაოდ შთამბეჭდავი წინაპრები ჰყავს, მეორე კომპლექსურ აცრაზე უნდა წამეყვანა. მოლის მეურვეობას, ჩემს ოჯახთან ერთად, ცოლისძმის შვილებიც უწევენ. ჯერჯერობით, სანამ აცრების სრულ პაკეტს მოვრჩებით, ჩემთანაა, შემდეგ მათთან გადავა: ეზო აქვთ და უფრო თავისუფლად იქნება. მოვალეობებიც შესაბამისად გვაქვს განაწილბული. კვების უზრუნველყოფა - საერთო ძალებით, ხოლო ნადირობის შემდეგ, რაც, ძირითადად, ჩემი და ჩემი სიძის მოვალეობაა, ნანადირევის წილი.

ნადირობა ჩემი ჰობია. გულწრფელად რომ ვთქვა, საკმაოდ უხეირო მსროლელი ვარ. ამიტომ, ნადირობისას, რეალურად, ფაუნას ვიცავ, რადგან ჩემგან დამფრთხალი ნადირ-ფრინველი სხვებისთვისაც მიუწვდომელი ხდება!

საერთოდ კი, ზოგადად, დაპირების მიუხედავად, მაინც უნდა ვთქვა, რომ ამ შვიდი-რვა წლის წინ, ნადირობა ახალგაზრდებში საკმაოდ პოპულარული იყო, რაც შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფოს, რომ ეს პოტენციალი, თევზაობასთან და ეკოტურიზმთან ერთად უფრო პოპულარული გახადოს და ანტინარკოტიკული მოძრაობის ძირითად მიმართულებად აქციოს.

საღამოს საინფორმაციო საშუალებებიდან ვიგებ, რომ 27-ში ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისადმი მიძღვნილ კონცერტზე, რომელიც რიყეზე გაიმართება, მოსახლეობას მიმართავენ როგორც პრეზიდენტი, ისე პრემიერი. როგორც ჩანს, კინკლაობის პროცესი დასრულდა, ან დროებით მაინც შეწყდა!

დაბოლოს, ისევ ფეხბურთი: ჯგუფიდან გასვლა ვერც იტალიამ შეძლო და, ინგლისთან და ესპანეთთან ერთად, კიდევ ერთმა მსოფლიო ჩემპიონმა დროზე ადრე დაასრულა ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატი!

25 ივნისი, ოთხშაბათი

დღეს, 12 საათზე, შეხვედრა მქონდა; რა თქმა უნდა, პოლიტიკურ, უფრო კონკრეტულად, უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებით. შეხვედრას, შეიძლება ითქვას, საინციატივო ჯგუფის სახე უფრო ჰქონდა; ექსპერტთა და პოლიტოლოგთა ერთმა ნაწილმა მიიჩნია, რომ 27 ივნისს, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, უსაფრთხოების საკითხები, როგორც სახელმწიფოებრივი, ისე რეგიონალური მასშტაბით, უაღრესად მნიშვნელოვანი ხდება და საჭიროა ამ საფრთხეთა წარმოჩინება და მათი ნეიტრალიზაციის გზების ძიება.

შეხვედრა საკმაოდ წარმომადგენლობითი და სოლიდური იყო. ამ შემადგენლობას, ჩემი აზრით, ნამდვილად აქვს ინტელექტუალური პოტენციალი იმისა, რომ უსაფრთხოების პრობლემები გააანალიზოს და შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშაოს; ვფიქრობ, არც ერთად მუშაობის პრობლემა იქნება, თუ ჯგუფის ფორმალიზების სწორ ფორმას შევარჩევთ. ჯერჯერობით საკმაოდ პოზიტიური პერსპექტივა იკვეთება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები...

26 ივნისი, ხუთშაბათი

დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენს ოჯახში: უმცროსი ვაჟი, დავითი, მისაღებ გამოცდებს აბარებს და 14 საათზე, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში აქვს გამოცდა. მათემატიკოსის სპეციალობა აირჩია; ვეკუას სახელობის 42-ე მათემატიკური სკოლა კი დაამთავრა, მაგრამ ვურჩიე სხვა სპეციალობა შეერჩია; მაინც მეთემატიკოსობა გადაწყვიტა და მეც, ბუნებრივია, აღარ დამიძალებია.

ოჯახში, როგორც ასეთ სიტუაციას შეეფერება, ოდნავ ნერვიული და დაძაბილი ვითარებაა. ჩემი მეუღლე ცოტას ღელავს და დილიდანვე თადარიგს იჭერს; მეც ვნერვიულობ, თუმცა არ ვიმჩნევ. დარწმუნებული ვარ, ჩააბარებს, მაგრამ მინდა, რაც შეიძლება მაღალი ქულები მიიღოს. უფრო ზუსტად, მინდა თავისი ცოდნის ადეკვატური რეალიზება შეძლოს, ამიტომაც ვნერვიულობ; რაც უნდა იყოს, მაინც გამოცდებია! თავად მშვენიერ გუნებაზეა, სახეს გავაძრობო, ამბობს.

13 საათზე უფროსი ვაჟიც შემოგვიერთდა და ოჯახი სრული შემადგენლობით (ქომაგებთან ერთად), ქართული ტრადიციისამებრ, უნივერსიტეტისაკენ გავეშურეთ. დავითმა რეგისტრაცია გაიარა და გამოცდაზე შევიდა. ჩვენ კი ოთხსაათიანი ლოდინის შემდეგ, ისევ დავითმა დაგვამშვიდა და გვითხრა, ყველაფერი კარგად დავწერეო.

საღამოს ისევ ფეხბურთზე გადავერთეთ. ჯგუფური ეტაპი დასრულდა. ჯგუფიდან გაღწევა ვერც პორტუგალიამ შეძლო! საერთოდ, თუ პირველი ეტაპის შედეგებს შევაჯამებთ, უნდა ითქვას, რომ ბრაზილიის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ევროპულმა ფეხბურთმა სერიოზული მარცხი განიცადა.

27 ივნისი, პარასკევი

დღეს 27 ივნისია, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დღე, რომლის მოახლოებასაც ქართული საზოგადოება იმედით, შიშითა და გაურკვეველი მოლოდინით ელოდა. ვილნიუსის სამიტის შემდეგ, უკრაინაში განვითარებულმა პროცესებმა ქართულ საზოგადოებაში ასეთი განწყობა რომ გააჩინა, სრულიად ნორმალურია; თავად ის ფაქტიც, რომ ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღმა გადმოიწია და შემჭიდროებულ ვადებში განხორციელდა, სხვა ქვეყნებშიც ანალოგიური განწყობების არსებობაზე მიანიშნებს. მართალია, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ფართომაშტაბიანი დესტაბილიზაცია, ფაქტობრივად, გამოირიცხა, მაგრამ, სრული გარანტია, რომ ყოველგვარი პროვოცირებისგან ვიქნებოდით დაზღვეული, ცხადია, არ არსებობდა.

მადლობა უფალს, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა! თავისუფალმა სამყარომ ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და ჩვენც გაგვიჩნდა შანსი, თავისუფალი სამყაროს ნაწილად ვიქცეთ.

ახლა მხოლოდ ვიწყებთ ამ მიმართულებით მოძრაობას და დიდი სიფრთხილე და გონიერება გვმართებს, რადგან წინ მრავალი დაბრკოლება და ხიფათი გველოდება. ისიც გასათვალიწინებელია, რომ არც ის საფრთხეები გამქრალა, ხელშეკრულების ხელმოწერამდე რომ არსებობდა.

დღე დასრულდა საზეიმო გალაკონცერტით, რომელსაც ქვეყნის სასულიერო და საერო ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათმა ერთად დგომამ და ერისადმი მიმართვამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით წარმოაჩინა ამ დღის ისტორიული მნიშვნელობა.

28 ივნისი, შაბათი

დასრულდა ჩემი „თავისუფლების დღიურები“. არ ვიცი, რა გამოვიდა. ისე, უფრო იოლი საქმე მეგონა. მაინც მადლობა რადიო თავისუფლებას! მისთვის მიცემული პირობა რომ არა, ამ საქმეს ხელს ან საერთოდ არ მოვკიდებდი, ან მალევე მივატოვებდი. ახლა ბოლო აკორდიღა დამრჩა: ჩემი ნაცოდვილარი რადიოს ოფისში მივიტანო და ქ-ნ მარინა ვაშაყმაძეს ჩავაბარო; დანარჩენი მათი საქმეა.

XS
SM
MD
LG