Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თინა ხიდაშელი: „ნულოვანი ტოლერანტობა ოჯახში ძალადობას“


ძალადობის თემაზე უწყებათაშორისი ჯგუფის პირველი შეხვედრა
ძალადობის თემაზე უწყებათაშორისი ჯგუფის პირველი შეხვედრა

ოჯახური ძალადობისა და ზოგადად ძალადობის პრევენცია იქნება საზრუნავი ახლად შექმნილი უწყებათაშორისი ჯგუფისა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შეიქმნა და პირველი სამუშაო შეხვედრა 22 ოქტომბერს გამართა. ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან იუსტიციის, შინაგან საქმეთა, ეკონომიკის, სასჯელაღსრულების, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები, მთავრობის კანცელარიის მეთორმეტე სართულზე დღის 12 საათისთვის შეიკრიბა. მთავრობის კანცელარიაში გამართულ შეხვედრას მოჰყვა ოჯახური ძალადობის თემაზე გაფართოებული საკომიტეტო მოსმენა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოსთან ერთად შედგა.

უწყებათაშორისმა ჯგუფმა, რომელმაც ოჯახური ძალადობის პრევენციაზე უნდა იმუშაოს, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გამართა. ჟურნალისტებისათვის კარი მხოლოდ პრემიერ-მინისტრის მიმართვისას გაიღო. როგორც მან ცხრაწუთიანი სიტყვის დასაწყისში განაცხადა, ხელისუფლება ოჯახური ძალადობის პრევენციისათვის კომპლექსური ღონისძიებების დაგეგმვას აპირებს, რომელშიც, მისი თქმით, აქტიურად უნდა ჩაებას მთლიანად საზოგადოება და თან დაამატა, მხოლოდ თეატრალიზებული წარმოდგენებითა და ისტერიკით ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთო. პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ მსგავსი აქციებით მოსახლეობა კიდევ უფრო მეტად დაიძაბება. შეიძლება ითქვას, რომ პრემიერმა პირდაპირ გააკრიტიკა ამ დღეებში და, საერთოდ, უკანასკნელ პერიოდში გამართული ყველა ის აქცია, რომელიც ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ და სამართალდამცავების გააქტიურებისაკენ იყო მიმართული:

„მე ძალიან მიკვირს ადამიანების, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ისტერიკით პასუხობენ პრობლემას. ამით პრობლემა არ მოგვარდება. ამისათვის საჭიროა მიდგომა, თანმიმდევრული მუშაობა და კომპლექსური ღონისძიებების გატარება“.

ამ პრობლემის მოგვარებაში განათლების სამინისტროს როლი არის მნიშვნელოვანი. და მე მინდა მივმართო განათლების მინისტრს: ვიცი, რომ თქვენ ამ საკითხებზე უკვე აქტიურად მუშაობთ, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება იქნება ეს თუ სპეციალური გაკვეთილები...
ირაკლი ღარიბაშვილი

რეალობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ბოლო დღეებში და, საერთოდ, უკანასკნელ თვეებში ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი აქციებიც სწორედ იქითკენ იყო მიმართული, რომ ოჯახური ძალადობის პრევენცია, პირველი რიგში, სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის, სამართალდამცავი თუ საგანმანათლებლო სტრუქტურების აქტიური ჩართულობით განხორციელებულიყო. თუმცა, როგორც ჩანს, ქმედითი შედეგი ვერ გამოიღო, მაგალითად, შსს-ს წარმომადგენლებსა და არასამთავრობო სექტორს შორის გამართულმა რამდენიმე შეხვედრამ, რომელიც, ქალთა გახშირებული მკვლელობებისა და ოჯახური ძალადობის ფაქტების გამოვლენის შემდეგ, ისევ და ისევ უფლებადამცველების აქტიურობითა და მოთხოვნით შედგა.

პრემიერ-მინისტრმა 22 ოქტომბერს გამართულ შეხევდრაზე მიწვეულ მინისტრებს კონკრეტული მითითებები მისცა:

„მე ვიცი, რომ იუსტიციის სამინისტრო მუშაობს ოჯახის ძალადობის საკითხებზე შექმნილი კომისიის შემადგენლობის შეცვლაზე და ვიცი, რომ ეს პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება. ასევე მინდა ვთხოვო შს მინისტრს, რომ წარმოადგინოს და საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანოს ძალადობის პრევენციის საერთო ეროვნული სტრატეგია, მათ შორის იქნება ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კონცეფცია. ამ პრობლემის მოგვარებაში განათლების სამინისტროს როლი არის მნიშვნელოვანი. და მე მინდა მივმართო განათლების მინისტრს: ვიცი, რომ თქვენ ამ საკითხებზე უკვე აქტიურად მუშაობთ, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება იქნება ეს თუ სპეციალური გაკვეთილები...“

ოჯახური ძალადობის თემაზე მთავრობის კანცელარიაში გამართულ შეხვედრას მოჰყვა გაფართოებული საკომიტეტო მოსმენა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოსთან ერთად გაიმართა. „მსხვერპლი საკმარისია საიმისოდ, რომ მოხდეს საზოგადოების ფართომასშტაბიანი კონსოლიდაცია“, - ასე დაიწყო თავისი სიტყვა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მანანა კობახიძემ. მისი სიტყვებით, მნიშვნელოვანია უწყებათაშორისი კოორდინაცია, რათა თითოეულმა უწყებამ გაიაზროს და გაითავისოს თავისი როლი და ის ვალდებულებები, რაც მათ გააჩნიათ.

ქართველმა ქალებმა მოღალატე ქმრების კვლა რომ დაიწყონ, ცუდად დამთავრდება ეს ამბავი. კაცის ღალატის შემთხვევაში, „რა მოხდა მერეა“, ქალის შემთხვევაში მთავრდება სიკვდილით...
თეა წულუკიანი

„ბრძოლა ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ხდება ინტენსიური“, - განაცხადა კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელმაც, პირველ რიგში, ყურადღება გაამახვილა სტამბოლის კონვენციაზე, რომელსაც მან 2014 წლის ივნისში მოაწერა ხელი. შეგახსენებთ: სტამბოლის კონვენციის სახელით ცნობილი დოკუმენტი ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარებას, ამ მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას და, ასევე, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა მომზადებას. თეა წულუკიანის განცხადებით, კონვენციის რატიფიცირება რამდენიმე კვირაში მოხდება. თეა წულუკიანმა ოჯახში ძალადობასთან ბრძოლაში სხვა უწყებებთან ერთად ეკლესიის ჩართვაზე გაამახვილე ყურადღება:

„აუცილებელი იქნება სახელმწიფოსა და ეკლესიის მუშაობა იმისთვის, რომ თუნდაც მოკლე, რამდენიმეწინადადებიან ქადაგებაშიც კი გაუთვითცნობიერებელმა მრევლმა არ გაიგოს ქადაგების სიტყვები არასწორად - ის, რასაც ეკლესია არასდროს ქადაგებს. ეკლესია არ ქადაგებს ძალადობას - მით უმეტეს, კაცისას ქალზე. ამიტომ, ალბათ, ჩვენ დაგვჭირდება მუშაობა ეკლესიასთანაც, რათა ერთად ვებრძოლოთ იმას, რასაც ქალის კვლა ჰქვია“.

იუსტიციის მინისტრმა კომიტეტის სხდომაზე კაცებს მიმართა:

„სანამ ქართველი კაცები არ ამოიღებთ ხმას, ნუ გაქვთ იმის ილუზია, რომ ქალები მარტო მიხედავენ თავიანთ პრობლემებს. არ უნდა იწვევდეს სიმპათიას არც ერთ კაცში ის მიდგომა, რომ უღალატა ცოლმა და, აბა, რა უნდა ექნა - დაარტყამდა, აბა, რას უზამდა?! ალბათ, ქართველმა ქალებმა მოღალატე ქმრების კვლა რომ დაიწყონ, ცუდად დამთავრდება ეს ამბავი. კაცის ღალატის შემთხვევაში, „რა მოხდა მერეა“, ქალის შემთხვევაში მთავრდება სიკვდილით“.

ოჯახური ძალადობის პრევენციაში განათლების სისტემის მნიშვნელობაზე ისაუბრა ადამიანის უფლებების კომიტეტის სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა. საიდან მოდის ძალადობა? სწორედ ამ ფაქტორებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება პრობლემასთან ბრძოლისას, მიაჩნია ლია გიგაურს. მისივე სიტყვებით, ამ პროცესში აუცილებელია მასწავლებელთა აქტიური ჩართულობა და როგორც მათი, ისე მშობელთა ცნობიერების ამაღლება. ლია გიგაურის გამოსვლის შინაარსს დაეთანხმა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატი თინათინ ხიდაშელი, მაგრამ ისიც დააყოლა, რომ ეს ყველაფერი გრძელვადიანი პერსპექტივაა, მას კი მიაჩნია, რომ რეაგირება დღეს არსებულ სიტუაციაზე მყისიერი უნდა იყოს. რაც შეეხება კანონის გამკაცრებას ოჯახური ძალადობის მიმართ, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ აუცილებელია გამონახულ იქნეს ოქროს შუალედი, რათა შემდეგ პოლიციამ თავისი უფლებამოსილება არამართებულად არ გამოიყენოს:

თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი

„მე პირადად, როგორც ერთი დეპუტატი, არ ვარ ცალსახად ჩამოყალიბებული, რომ ყველა ეჭვის შემთხვევაში კარზე დააკაკუნოს პოლიციამ და შევიდეს ოჯახში, მაგრამ რაღაც რომ გასაკეთებელია, ეს ფაქტია. სადღაც შუაში რომ უნდა გავიაროთ, ესეც ფაქტია. თუკი კანონის გამკაცრებაზე ფიქრს ვიწყებთ, მაშინ უნდა ვიყოთ შეთანხმებული. შსს-სგან უნდა გვქონდეს აბსოლუტური გარანტიები, რომ ეს კანონი არ იქნება გამოყენებული სხვა მიმართულებით და მართლა არ მივალთ იქამდე, სადამდეც ხშირად მივსულვართ, სამწუხაროდ, ამ სახელმწიფოში კეთილი ზრახვებით. კარგი ამბებისთვის ვიღებდით ხოლმე კარგ კანონებს და მერე იმ კარგ კანონებს ცუდი ზრახვებისთვის ვიყენებდით. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ პარლამენტმა ისაუბროს ამ თემებზე და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ კვირას, სესიის დროს, ამის საშუალება ჩვენ გვექნება და პარლამენტი იქნება ადეკვატური თავის რეზოლუციაში. ძალიან არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ დღეს ყველაზე სწორი მიდგომა, ალბათ, ნულოვანი ტოლერანტობა იქნება მსგავსი დანაშაულების მიმართ“, - ამბობს თინა ხიდაშელი.

აღსანიშნავია, რომ დასასრულს უახლოვდება შსს-ს მუშაობა ძალადობის პრევენციის საერთო ეროვნულ სტრატეგიაზე, რომლის პრეზენტაციაც 24 ოქტომბერს გაიმართება. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავენ, ეს იქნება პირველადი სამუშაო დოკუმენტი, რომლის განხილვაში ჩაერთვებიან არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათი რეკომენდაციები კი საბოლოო დოკუმენტში აისახება.

XS
SM
MD
LG