Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უთანხმოება მაგნიტსკიზე ფილმის გარშემო


„მაგნიტსკის კანონი - კულისებს მიღმა“ - ასე ეწოდება ცნობილი რუსი რეჟისორის, ანდრეი ნეკრასოვის, ახალ დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ამ დღეებში აზრთა მკვეთრ სხვადასხვაობას იწვევს. ფილმი 27 აპრილს უნდა ეჩვენებინათ ევროპარლამენტში, მაგრამ ჩვენება გაუქმდა. ის მომავალ კვირაში უნდა ეჩვენებინა ცნობილ ტელეარხ „არტეს“, მაგრამ ეს გეგმაც გაუქმდა.

გერმანულ-ფრანგული ტელეარხი „არტე“ აცხადებს, რომ საჩივარი შეუვიდა ანდრეი ნეკრასოვის ახალ დოკუმენტურ ფილმთან დაკავშირებით და ამის გამო უარი თქვა მომავალ კვირაში მის ჩვენებაზე, თუმცა საკითხს შეისწავლის, შეესაბამება თუ არა სინამდვილეს ფილმში ასახული ამბავი და, შესაძლოა, ის რამდენიმე კვირაში აჩვენოს. ამასობაში, „არტემ“ ვებსაიტიდან მოხსნა დოკუმენტური ფილმის „მაგნიტსკის კანონი - კულისებს მიღმა“ ტრეილერი.

თუ გავითვალისწინებთ ანდრეი ნეკრასოვის რეპუტაციას, წინა ნამუშევრებს, მაგალითად, ლიტვინენკოზე ან 2008 წლის აგვისტოს ომზე, რომლებიც უაღრესად კრიტიკული იყორუსეთის პრეზიდენტის მმართველობის მიმართ, შეიძლება კაცს ეგონოს, რომ მაგნიტსკიზე ფილმიც ასეთ პოზიციას გამოხატავს და პუტინის რეჟიმს აკრიტიკებს. შესაბამისად, შეიძლება გეგონოს, რომ კრემლია ის, ვინც ეწინააღმდეგება ევროპაში ნეკრასოვის ახალი ფილმის ჩვენებას და რომ კრემლმა ან მისმა მოკავშირეებმა შეიტანეს საჩივარი „არტეში“ მოთხოვნით, არ ეჩვენებინათ ფილმი... მაგრამ ასე არ არის.

ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებიან თავად მაგნიტსკის ახლობლები, მათ შორის, დედა და ქვრივი. შეგახსენებთ: სერგეი მაგნიტსკი იყო რუსი იურისტი, რომელმაც აღმოაჩინა მსხვილი კორუფციული სქემა რუსეთის მმართველ წრეებში და ამის შემდეგ, 2008 წლის ნოემბერში, დაკავებულ იქნა. ის 2009 წლის ნოემბერში გარდაიცვალა მოსკოვში, წინასწარი დაკავების იზოლატორში. როგორც მისი ოჯახი და მეგობრები ამტკიცებენ, საპატიმროში მაგნიტსკის სცემდნენ, აწამებდნენ და არ უწევდნენ სათანადო სამედიცინო დახმარებას.

რაც შეეხება მასზე დოკუმენტურ ფილმს, მაგნიტსკის ახლობლები წერენ, რომ ცოტა ხნის წინ მიეცათ ფილმის წინასწარ ნახვის საშუალება და ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დარჩათ. „აღშფოთებული ვართ და, ამავე დროს, ზიზღის გრძნობა გვაქვს“, - ნათქვამია წერილში, რომელიც მაგნიტსკის ოჯახმა გაუგზავნა ევროპარლამენტს მოწოდებით, არ აჩვენონ ანდრეი ნეკრასოვის ახალი ფილმი.

ანდრეი ნეკრასოვი
ანდრეი ნეკრასოვი

ამ პოზიციას იზიარებს უილიამ ბრაუდერიც, მაგნიტსკის საქმესთან დაკავშირებული, ალბათ, ყველაზე ცნობილი ადამიანი. ეს ბრიტანელი ინვესტორია კაცი, რომლის კომპანიისთვისაც მუშაობდა რუსეთში მაგნიტსკი და რომლის დამსახურებადაც ითვლება ის, რომ მაგნიტსკის გარდაცვალებას მსოფლიო რეზონანსი მოჰყვა. სწორედ ბრაუდერმა მიმართა „არტეს“ თხოვნით, არ ეჩვენებინა ნეკრასოვის ნამუშევარი და გაუგზავნა ფილმში დაშვებული “ფაქტობრივი შეცდომების“ მთელი სია. მან „არტე“ გააფრთხილა კიდეც, რომ სამართლებრივ ზომებს მიმართავდა ფილმის ჩვენების შემთხვევაში.

„ეს ფილმი არის, უბრალოდ, სიცრუის და შეთითხნილი ცნობების ნაკრები, რომელიც შეურაცხყოფს სერგეი მაგნიტსკის ხსოვნას და აყალბებს მისი გარდაცვალების მთელ ამბავს. ერთია გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ სულ სხვაა მანიპულირების მცდელობა და სიცრუე, ინსინუაცია, ფაბრიკაცია ისეთი დასკვნის გამოსატანად, რომელიც სწორი არ არის. ამის გამო არსებობს მსოფლიოში ცილისწამების შესახებ კანონები, რათა ხალხი დაიცვას ამ ტიპის მოქმედებისგან“, - უთხრა უილიამ ბრაუდერმა ჩვენს რადიოს.

სწორედ ბრაუდერის ძალისხმევის შედეგია, რომ შეერთებული შტატების კონგრესმა 2012 წელს მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს რუსი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, ვისი სახელიც უკავშირდება მაგნიტსკის დაკავებას და გარდაცვალებას. ამ კანონმა მძაფრი რეაქცია გამოიწვია მოსკოვში.

იყო დრო, როცა ანდრეი ნეკრასოვიც მიეკუთვნებოდაკრემლისადმი კრიტიკულად განწყობილებს. ის მეგობრობდა კაგებეს ყოფილ აგენტთან, ალექსანდრ ლიტვინენკოსთან, რომელიც 2006 წელს ლონდონში გარდაიცვალა რადიოაქტიური ნივთიერებით მოწამვლის შედეგად. ნეკრასოვმა 2007-ში გადაიღო ფილმი ლიტვინენკოზე და ის კანის კინოფესტივალზეც აჩვენეს.ნეკრასოვს შექმნილი აქვს ასევე დოკუმენტური ფილმი „რუსულის გაკვეთილები“ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე. ის ამხელს ინფორმაციის გაყალბებას და მანიპულირებას რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაში აგვისტოს ომის დროს, მანამდე და მის შემდეგ.

მაგნიტსკიზე ფილმი კი, როგორც უკვე მივანიშნეთ, სრულიად განსხვავებულია. ამ ფილმმა შემიცვალა მსოფლმხედველობა და, იქნებ, ცხოვრებაცო, - წერს ანდრეი ნეკრასოვი27 აპრილს გამოქვეყნებულ ბლოგში.

ფილმის მიხედვით, მაგნიტსკისთვის არ უცემიათ იზოლატორში და მას არც ერთი კონკრეტული პირი არ დაუდანაშაულებია რუსეთში დაკითხვისას. ჩვენს რადიოსთან 27 აპრილს საუბრისას, ნეკრასოვი ამბობს, რომ ფილმზე მუშაობა დაიწყო განზრახვით, მოეთხრო, როგორ ამხილა მაგნიტსკიმ კორუფციული სქემა და როგორ გააჩუმეს საპატიმროში, მაგრამ ფილმზე მუშაობისას პოზიცია შემეცვალაო.

„იოლად არ მითქვამს უარი ამ ხედვაზე, რადგან იდეოლოგიურად ძალიან ახლოს ვიყავი ბრაუდერთან. მეც ვაკრიტიკებდი რეჟიმს ღიად ბევრ საკითხში, მაგრამ თუ სიმართლეს არ ვიტყვით, ეს უფრო იოლს გახდის ცუდი ხალხისათვის, კვლავაც გააგრძელონ ცუდის კეთება“, - ამბობს ნეკრასოვი.

მაგრამ ბევრს ძალიან ეეჭვება, რომ ნეკრასოვი ახალ ფილმში სიმართლეს ამბობდეს.

„ეს არის პროპაგანდის ნიმუში, რომელიც არ უნდა იყოს პარლამენტში ჩვენი მუშაობის ნაწილი“, - უთხრა ჩვენს რადიოს ევროპარლამენტის წევრმა, გერმანელმა ელმარ ბროკმა. მისი კოლეგა, ლიტვის წარმომადგენელი პეტრას აუსტრევიჩიუსი კი ფიქრობს, რომ ევროპარლამენტში ფილმის ჩვენების ინიციატივა კრემლიდან მოდის.

„ჩემს თვალში ეს არის ნაბიჯი რუსეთის ხელისუფლების ზომების მთელი სერიიდან, პირველ რიგში, „მაგნიტსკის სიის“ გასანადგურებლად, რათა შესუსტდეს დასავლეთის პოზიცია რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების საკითხში. ვფიქრობ, ეს არის რუსეთის ხელისუფლებისაგან მომდინარე მზარდი ზეწოლა, რათა შესუსტდეს დასავლეთის რწმენა საკუთარ პოლიტიკურ კურსში, რომელიც კარგად არის ორგანიზებული და კარგად არის დასაბუთებული, რათა 2016 წლის შუა პერიოდში გადაისინჯოს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები“, - ამბობს ევროპარლამენტის წევრი რუსი დოკუმენტალისტის, ანდრეი ნეკრასოვის, ახალ ფილმზე „მაგნიტსკის კანონი - კულისებს მიღმა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG