Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ შეჩერდა ობამას არჩევანი რესპუბლიკელ ჰეიგელზე


ბარაკ ობამა და ჩაკ ჰეიგელი
ბარაკ ობამა და ჩაკ ჰეიგელი
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფილ რესპუბლიკელ სენატორს, ჩაკ ჰეიგელს წარადგენს. დემოკრატების ადმინისტრაციაში რესპუბლიკელი ადრეც ყოფილა თავდაცვის მინისტრი, თუმცა უცნაური ისაა, რომ ჰეიგელის კანდიდატურის დამტკიცებას ყველაზე მეტი წინააღმდეგობა სწორედ რესპუბლიკელი კანონმდებლების მხრიდან ელოდება.

66 წლის ჩაკ ჰეიგელი ვიეტნამის ომის მონაწილე და სოლიდური საკანონმდებლო საქმიანობის სტაჟის მქონე სენატორია. იგი 12 წლის განმავლობაში იყო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და მტკიცედ უჭერდა მხარს რესპუბლიკელთა პოზიციებს. თუმცა 2005 წელს ერაყის ომის საკითხში მისი პოზიციები მკვეთრად დაშორდა თანაპარტიელებისას. ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის პასუხად, თითქოს ერაყელი მეამბოხეები აგონიაში იმყოფებოდნენ, ჰეიგელმა ერაყი ვიეტნამის ომს შეადარა, ხოლო 2007 წელს ჰეიგელი ერთადერთი რესპუბლიკელი სენატორი აღმოჩნდა, რომელმაც მხარი დაუჭირა ერაყიდან ამერიკული სამხედრო დანაყოფების გამოყვანის გადაწყვეტილებას. როგორც რადიო თავისუფლების მიმომხილველი ბრაიან უიტმორი განმარტავს, სწორედ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოღვაწეობის დროს გაიცნეს ერთმანეთი ბარაკ ობამამ და ჩაკ ჰეიგელმა, რომლებიც მოგვიანებით თანამოაზრეებიც გახდნენ:
გადმოწერა

„ორივე ეწინააღმდეგებოდა ერაყის ომს და ეს არის ის სფერო, რომელშიც მათი აზრები ერთმანეთს ემთხვევა. ვფიქრობ, ობამას გულწრფელად მოსწონს ჰეიგელი და კომფორტულად გრძნობს მასთან თავს. ჰეიგელი საყოველთაოდ არის ცნობილი, როგორც სენატის ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტი საგარეო პოლიტიკისა და განსაკუთრებით თავდაცვის საკითხებში. ამიტომ, ვფიქრობ, მისი კანდიდატურის დასახელება არ ყოფილა მოულოდნელი“.
ეს არ არის უჩვეულო და თავდაცვის მინისტრის პოსტი ერთ-ერთია, სადაც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის დანიშვნა სხვა დემოკრატი პრეზიდენტის მმართველობის დროსაც მომხდარ ...
ბრაიან უიტმორი

„არაპატრიოტიზმი არ არის ის, რომ საკუთარ მთავრობას შეკითხვით მიმართო. არ დაუსვა შეკითხვა შენს მთავრობას, აი, ეს არის არაპატრიოტობა“, - ასე უპასუხა 2007 წელს ჩაკ ჰეიგელმა თანაპარტიელებს, რომლებიც მას ერაყის ომში ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მისამართით გამოთქმული კრიტიკული შენიშვნების გამო დაუპირისპირდნენ. სენატიდან წასვლის შემდეგ ჰეიგელი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში განაგრძობდა მოღვაწეობას და სათავეში ედგა არაპარტიულ სამეცნიერო ცენტრ „ატლანტიკურ საბჭოს“.

მოელიან, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფილ რესპუბლიკელ სენატორს, ჩაკ ჰეიგელს, ორშაბათს წარადგენს. თუკი სენატის მხარდაჭერას მოიპოვებს, ჩაკ ჰეიგელი კიდევ ერთი რესპუბლიკელი პოლიტიკოსი გახდება, ვინც თავდაცვის მინისტრის პოსტს დემოკრატების ადმინისტრაციაში დაიკავებს. ასეთ პოლიტიკურ თანამშრომლობას საკმაოდ გავრცელებულს უწოდებს რადიო თავისუფლების მიმომხილველი ბრაიან უიტმორი:

„ეს არ არის უჩვეულო და თავდაცვის მინისტრის პოსტი ერთ-ერთია, სადაც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის დანიშვნა სხვა დემოკრატი პრეზიდენტის მმართველობის დროსაც მომხდარა. ამის გამო ასეთი მოსაზრებაც კი არსებობს, რომ რესპუბლიკელები უკეთ წყვეტენ თავდაცვის საკითხებს. თუ გახსოვთ, პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა თავდაცვის მინისტრად დანიშნა უილიამ კოენი, რომელიც რესპუბლიკელი იყო”.

თუმცა ფიქრობენ, რომ ყველაზე დიდი წინააღმდეგობა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჰეიგელის კანდიდატურის დამტკიცებას სწორედ რესპუბლიკელი ულტრაკონსერვატორი სენატორებისაგან ელოდება. ბარაკ ობამას ფავორიტს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს ასევე გავლენიან ლობისტურ ორგანიზაცია „ისრაელის საზოგადოებრივ საქმეთა კომიტეტშიც“ (AIPAC-ის ), - ამბობს ბრაიან უიტმორი.

ჩაკ ჰეიგელი ცნობილია ისრაელის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით, ისევე როგორც ირანთან დიალოგის მხარდაჭერით.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG