Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამას გეგმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წარმოადგინა გეგმა, რომელიც მოიცავს ზომებს ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობის წინააღმდეგ. გეგმა შემუშავდა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში კონექტიკუტის შტატში დაწყებით სკოლაზე თავდასხმამ 20 ბავშვი და ექვსი ზრდასრული ადამიანი შეიწირა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ოთხშაბათს ვაშინგტონში განაცხადა, რომ მისი გეგმა ითვალისწინებს აღმასრულებელი ხელისუფლების აქტებსა და საკანონმდებლო წინადადებებს, რომელთა შორის არის მოწოდება კონგრესის მიმართ, აკრძალოს სამხედრო დანიშნულების საბრძოლო იარაღი და დიდი მოცულობის სავაზნეები; ამასთან, აღმოფხვრას ხარვეზები იარაღით ვაჭრობის გაკონტროლების სისტემაში.

„დროა, კონგრესმა მოითხოვოს ყველა იმ პირის ყოველმხრივ შემოწმება, ვინც ცდილობს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენას (ტაში). კანონი უკვე ავალდებულებს იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირებს, ჩაატარონ ყოველმხრივი შემოწმება და ამის შედეგად, ბოლო 14 წლის განმავლობაში, თავიდან იქნა აცილებული იარაღის ჩავარდნა შეუსაბამო ხალხის ხელში. მაგრამ ამ კანონის განხორციელება ძნელია, როცა ცეცხლსასროლი იარაღის შესყიდვის 40-მდე პროცენტი ხდება ყოველმხრივი შემოწმების გარეშე“, -განაცხადა ობამამ.

პრეზიდენტი, გავრცელებული ცნობების თანახმად, ხელს აწერს აღმასრულებელი ხელისუფლების 23 აქტს. ეს აქტები ემსახურება, მაგალითად, იარაღით ძალადობის საკითხზე კვლევის გააქტიურებას და ცეცხლსასროლი იარაღით დანაშაულის ჩამდენთა სამართლებრივი დევნისათვის ძალისხმევის გაუმჯობესებას. აღმასრულებელი ხელისუფლების აქტებს არ სჭირდება კონგრესში დამტკიცება.

ობამას რწმენით, მისი გეგმის მხარდაჭერა სწორი გადაწყვეტილება იქნება ამერიკელების უსაფრთხოების დასაცავად: „დიდ ქალაქებსა და მომცრო დასახლებებში მცხოვრები მამაკაცებისა და ქალებისათვის, ვინც ყოველდღე უაზრო ძალადობის მსხვერპლი ხდება, ყველა ამერიკელისათვის, რომელსაც აქვს ჩვენი იმედი, რომ მათ უსაფრთხოებაზე ვიზრუნებთ - მოდით, მათთვის მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება! მოდით, სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ მათთვის და ამ ქვეყნისათვის, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს“.

ინიციატივა, რომლითაც ობამა გამოდის, მოჰყვა თეთრი სახლის მიერ ერთი თვის წინ შექმნილი საგანგებო ჯგუფის მუშაობას - დასკვნებს, რომლებიც ჯგუფმა გამოიტანა ცეცხლსასროლი იარაღის ხმარების უფლების დამცველებსა და მათ ოპონენტებთან, ისევე როგორც დაზარალებულებთან შეხვედრების საფუძველზე. პრეზიდენტის გეგმა ითვალისწინებს ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის და ხმარების შემზღუდველ ყველაზე მკაცრ ზომებს მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებში 2004 წელს ამოიწურა საბრძოლო იარაღის აკრძალვის მოქმედების ვადა. ეს აკრძალვა კონგრესის მიერ 1994 წელს იქნა დამტკიცებული.

მაგრამ ახლა ბევრში იწვევს ეჭვს, რომ კონგრესი დაამტკიცებს პრეზიდენტის საკანონმდებლო წინადადებებს. ცეცხლსასროლი იარაღის ხმარების უფლების ლობისტების ამერიკაში უდიდესი და ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის, National Rifle Association-ის (სიტყვასიტყვით, შაშხანის ეროვნული ასოციაციის) პრეზიდენტი დევიდ კინი 13 იანვარს ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში საკმაოდ დარწმუნებული ჩანდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი არ აიკრძალება:

„კინი: მე ვიტყოდი, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ვერ მიაღწევენ საბრძოლო იარაღის აკრძალვას ამ კონგრესში.

ჟურნალისტი: და რაც შეეხება დიდი მოცულობის სავაზნეებს?
კინი: არც ეს მგონია, რომ შეძლონ“.

არადა, საზოგადოებრივი აზრის ბოლოდროინდელი გამოკითხვა ცხადყოფს, რომ ამერიკელების უმრავლესობა (10-დან ექვსი ადამიანი) ემხრობა ცეცხლსასროლი იარაღის ფლობისა და ხმარების შემზღუდველი წესების გამკაცრებას. ბევრი საჭიროდ მიიჩნევს აიკრძალოს, უწინარეს ყოვლისა, იარაღი, რომლითაც სწრაფად სროლა არის შესაძლებელი, როგორც თვითდამტენი შაშხანის, ბუშმასტერის შემთხვევაში. დეკემბერში ამ ტიპის იარაღით მოეწყო საზარელი თავდასხმა დაწყებით სკოლაზე. ალკოჰოლის, თამბაქოსა და ცეცხლსასროლი იარაღის კონტროლის ბიუროს მონაცემებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ ტიპის ორ მილიონზე მეტი შაშხანაა გაყიდული.
XS
SM
MD
LG