Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკული მედია მომავალი თავდაცვის მინისტრის ვინაობაზე მსჯელობს


ამერიკული მედია, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, ქვეყნის თავდაცვის მინისტრის სავარაუდო კანდიდატურებად დემოკრატ სენატორ ჯეკ რიდს (როდ აილენდიდან), თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ეშტონ კარტერსა და პოლიტიკის დარგში თავდაცვის მინისტრის თანაშემწე ქალს, მიშელ ფლურნუას, ასახელებს.

ეს უკანასკნელი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ლიონ პანეტას მთავარ მრჩევლად მუშაობდა 2012 წლამდე და თანამდებობა სამხედრო უწყებაში სწორედ ჩაკ ჰეიგელის დანიშვნის შემდეგ დატოვა.

პენტაგონში ყოფნის დროს მიშელ ფლურნუა კოორდინაციას უწევდა ავღანეთში მიმდინარე ანტიტერორისტული სტრატეგიის შემუშავებას, რომელზეც ბარაკ ობამამ უარი თქვა სამხედრო უწყებაში ხელმძღვანელობის შეცვლასთან ერთად. მიშელ ფლურნუა ამჟამად ვაშინგტონში მდებარე კვლევით ორგანიზაციაში, ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრში, მუშაობს, როგორც მისი თანადამფუძნებელი. თუკი მის კანდიდატურას ბარაკ ობამა მხარს დაუჭერს, მაშინ 54 წლის ფლურნუა ამერიკის პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი გახდება.

თავდაცვის მინისტრობის კიდევ ერთ სავარაუდო კანდიდატად ამერიკული მედია ეშტონ კარტერს ასახელებს.

60 წლის კარტერს 2011-2013 წლებში თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა. უფრო ადრე, პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციაშიც, კარტერი სამხედრო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე იყო საერთაშორისო პოლიტიკის დარგში.

ეშტონ კარტერი ჰარვარდის უნივერისტეტის პროფესორია, სხვადასხვა დროს მუშაობდა ერთ-ერთი საინვესტიციო ბანკის მრჩევლად ტექნოლოგიებისა და თავდაცვითი ინდუსტრიის დარგში.

ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი გორდონ ადამსი იხსენებს, რომ ორივეს - ფლურნუასა და კარტერს - იმ დროს მოუწია პენტაგონში სამსახური, როდესაც სამხედრო უწყებას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციასთან.

„ვფიქრობ, სავსებით ნათელია, რომ მიშელ ფლურნუა და ეშტონ კარტერი, იმ დროს, როდესაც თავდაცვის სამინისტროში მაღალ თანამდებობებზე იმყოფებოდნენ, გამუდმებით ცდილობდნენ დაესაბუთებინათ ადმინისტრაციის შიგნით უფრო მეტი რესურსისა და, ცალკეულ შემთხვევებში, უფრო მკაცრი საგარეოპოლიტიკური კურსის აუცილებლობა, ვიდრე თეთრ სახლს სურდა. როდესაც ისინი გეიტსის, პანეტასა და, მოგვიანებით, ჰეიგელის დროს, მოადგილეებად მუშაობდნენ, საკმაოდ დიდი დაძაბულობა არსებობდა თავდაცვის სამინისტროსა და თეთრ სახლს შორის“.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის კიდევ ერთი სავარაუდო კანდიდატი, დემოკრატი სენატორი ჯეკ რიდი, სულ მალე დატოვებს სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს. მის კანდიდატურას თავდაცვის მინისტრის პოსტზე უფრო ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება იმის გამო, რომ ადრე ჯეკ რიდს თავად აქვს ნათქვამი, რომ არ აინტერესებს ეს პოსტი. გასაგებიცაა, თუ რატომ ამბობს იგი ამ თანამდებობაზე უარს. ჯეკ რიდი ნოემბერში ხელახლა აირჩიეს, კიდევ ექვსწლიანი ვადით, სენატში. თუკი იგი თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს, მაშინ მას მოუწევს გარანტირებულ ექვსწლიან სენატორობაზე უარის თქმა იმ პოსტის სანაცვლოდ, რომელზე დარჩენის პირობასაც მას ვერავინ მისცემს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

ამერიკული მედიის თანახმად, ჩაკ ჰეიგელის მემკვიდრეებად სახელდებიან ასევე თავდაცვის მინისტრის ამჟამინდელი მოადგილე რობერტ ვორკი და სამხედო-საზღვაო ძალების მინისტრი რეი მაბუსი.

თუმცა, რომელ კანდიდატურაზეც არ უნდა შეჩერდეს პრეზიდენტ ბარაკ ობამას არჩევანი, აშკარაა, რომ სტრატეგიულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში გადამწყვეტი მოთამაშე დიდწილად კვლავ თეთრი სახლი დარჩებაო, - ამბობს მაიკლ კოენი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი:

„ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ ვამჩნევდით ერთ რამეს, რაც აშკარაა ობამას პრეზიდენტობის განმავლობაში: გადაწყვეტილების მიღების პროცესს დიდწილად თეთრი სახლი განსაზღვრავს. ადმინისტრაცია მოუსმენს, თუ რას ამბობენ მინისტრთა კაბინეტის წევრები, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი და ადმინისტრაციის წევრები ღებულობენ. არა მგონია, რომ თეთრი სახლის შიგნით სტრატეგიულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ჰეიგელს დიდი გავლენა ჰქონოდა, და სერიოზულად მეპარება ეჭვი, რომ საქმის კურსში უფრო მეტად მომდევნო თავდაცვის მინისტრი ჩააყენონ“.

ჩაკ ჰეიგელის მიერ თანამდებობიდან საკუთარი ნებით გადადგომის განცხადება, გავრცელებული ინფორმაციით, სირიის საკითხში სტრატეგიის თაობაზე ეროვნული უსაფრთხოების დარგში პრეზიდენტის მრჩეველ სუზან რაისთან დაპირისპირებამ გამოიწვია. წერენ, რომ ჰეგელს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ასევე ობამას უახლოეს მრჩევლებსა და საარჩევნო შტაბის ყოფილ წევრებთან.

XS
SM
MD
LG