Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოემბრის არჩევნები: ვინ გააკონტროლებს ამერიკის სენატს?


ვაშინგტონში სასწორზე რესპუბლიკელებს და დემოკრატებს შორის ძალთა გადანაწილების საკითხი დგას. კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, ვინ მოიგებს ჩრდილოეთ კაროლინის შტატში.

სამშაბათს, 4 ნოემბერს შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები გაიმართება, რომელზეც გაირკვევა, თუ რომელი პარტია გააკონტროლებს ამერიკის სენატს. ვაშინგტონში სასწორზე რესპუბლიკელებს და დემოკრატებს შორის ძალთა გადანაწილების საკითხი დგას. ერთ-ერთი ასეთი კრიტიკული მნიშვნელობის არჩევნები ჩრდილოეთ კაროლინის შტატში ტარდება. ჩვენ სწორედ მის შესახებ მოგითხრობთ.

ჩრდილოეთ კაროლინის ქუჩებში გამართულ აქციებზე ორივე პარტიის წარმომადგენლები გამოვიდნენ. დემოკრატებს შტატის სენატორად ქეი ჰაგანის ხელმეორედ არჩევა უნდათ. რესპუბლიკელებს კი ვაშინგტონში ამ პოსტზე ტომ ტილისის ხილვა სურთ.

ჰაგანის მხარდამჭერებს შორისაა მელისა რიდი, ორგანიზაციიდან Planned Parenthood. „ეს ალბათ ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია. სენატის კონტროლი პრინციპში სულ სამი სენატორის პორტფელზეა დამოკიდებული. მათ შორის ჩრდილოეთ კაროლინა სიის სათავეშია“ - ამბობს მელისა. ის რესპუბლიკელების მხრიდან აბორტის აკრძალვის იდეას ეწინააღმდეგება.

„ქალები ფიქრობენ, რომ მათი [რესპუბლიკელების] პოლიტიკა მოძველებული და წარსულში ჩარჩენილია. სწორედ ამიტომ მოვედით დღეს 50-იანების სტილში ჩაცმული“ - ამბობს ის.

რესპუბლიკელები აქციაზე მოსულ ქალებს მათთვის ასევე პრინციპული საკითხით -აბორტის საწინააღმდეგო აქციებით- უპირისპირდებიან და ამ გზით ტომ ტილისისთვის მეტი მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობენ. თამი ფიცჯერალდი თვლის, რომ სოციალ-კონსერვატორთა არჩევნებზე გამოყვანა ტილისის არჩევის ბედს გადაწყვეტს.

„შტატში უმრავლესობა აბორტის მოწინააღმდეგეა, დაახლოებით 55 პროცენტი. განსაკუთრებით კი - კონსერვატორები, რომლებიც დიდ უმრავლესობას, მოსახლეობის 70 პროცენტს შეადგენენ“ - აცხადებს რესპუბლიკელი კანდიდატის მხარდამჭერი.

თავად ტილისი მაქსიმალურად ცდილობს დემოკრატი ოპონენტის ასოცირება პრეზიდენტ ობამასთან და მის დაბალ რეიტინგთან მოხდეს. „ყველაფერს გავაკეთებ, რომ ხალხმა გაიგოს: სენატორმა ჰაგანმა 96 პროცენტში ხმა ობამას გადაწყვეტილებებს მისცა“ - აცხადებს ის.

ჰაგანი ბევრი სხვა დემოკრატი კანდიდატივით ყურადღებას საკუთარ საქმიანობაზე და მიზნებზე ამახვილებს: „მას [ტილისს] სურს ეს არჩევნები პრეზიდენტს დაუკავშიროს. ბიულეტენში პრეზიდენტის გვარი არ არის. ამ არჩევნებზე წყდება ის, თუ ვინ წარმოადგენს ჩრდილოეთ კაროლინას ამერიკის სენატში“.

ადგილობრივი ანალიტიკოსი ჯონ დეივისი ამბობს, რომ უნდა ეს ჰაგანს, თუ არა, პრეზიდენტ ობამას საქმიანობა და მისი დღევანდელი რეიტინგი შტატის არჩევნებზე გავლენას მაინც მოახდენს.

„მისი რეიტინგი არც ისე მაღალია, 40-ზე ცოტა მეტი. საგარეო პოლიტიკაში დაახლოებით 35. რესპუბლიკელი თუ ხარ, ეს კარგი დროა იმისთვის, რომ შენი ოპონენტის საქმიანობა პრეზიდენტის რეიტინგს დაუკავშირო. შუალედურ არჩევნებზე ასეთ დაბალ მაჩვენებლებს დიდი მნიშვნელობა აქვს“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

ამ არჩევნებზე თავისებური როლი შესაძლოა ლიბერტარიანელმა კანდიდატმა შონ ჰიუმაც შეასრულოს. შტატში მასაც საკუთარი მხარდამჭერები ჰყავს.

„მე პირადად, ბევრად მერჩივნა ნოემბერის არჩევნებზე ხმა არა უფრო მეტი ომის წარმოების, ან მეტი ვალის აღების, არამედ სხვა რამისთვის მიმეცა“ - ამბობს კანდიდატი.

არც რესპუბლიკელებს აქვთ საქმე საათივით აწყობილი, აღნიშნავს თავისუფალი ბაზრის ადვოკატი მიჩ კოკაი, მაგრამ ჰაგანის შანსები კიდევ უფრო უარესად გამოიყურება.

„უმეტესობა ფიქრობს, რომ თუკი ეს არჩევნები მოსაგებია, მაშინ სამიზნედ ჩრდილოეთ კაროლინა უნდა ამოიღონ, ვინაიდან ჰაგანი მათ [დემოკრატ კანდიდატებს] შორის ერთ-ერთი ყველაზე ადვილად დასამარცხებელია“ - ამბობს ის.

კამპანია გადამწყვეტ ფაზაში გადადის. ორივე მხარემ კარგად იცის, თუ რა დევს სასწორზე და შესაბამისად უკანდახევას არავინ ფიქრობს.

XS
SM
MD
LG