Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს წლევანდელი ასამბლეის მთავარი თემები


ნიუ იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განსახილველ თემებს შორის რამდენიმე მთავარი საკითხი იკვეთება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა წელიწადში ერთხელ იკრიბება. ანალიტიკოსები თვლიან, რომ წლევანდელ სხდომაზე წამყვანი თემა იქნება ექსტრემისტი სუნიტი მუსლიმების ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ და მასთან ბრძოლა.

ორგანიზაცია, რომელიც თავს „ერაყისა და ლევანტის ისლამურ სახელმწიფოს" უწოდებს, აღმოსავლეთ სირიის და ჩრდილოეთ და დასავლეთ ერაყის მოზრდილ ნაწილს აკონტროლებს. მის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გავრცელებული ძალადობა, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების დევნა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში უნდა იყოს - ამბობს გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი.

„მივესალმები მზარდ საერთაშორისო კონსენსუსს იმასთან დაკავშირებით, რომ გლობალური და რეგიონალური მშვიდობის და უსაფრთხოებისთვის შექმნილი ამ სერიოზული საფრთხის წინააღმდეგ ქმედება აუცილებელია“ - აღნიშნავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი.

გაეროში განხილვის ეპიცენტრი უშიშროების საბჭოს სესია იქნება. მას თავმჯდომარეობას გაუწევს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა. ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორი რიჩარდ გოვანი ამბობს, რომ ამ თემაზე უშიშროების საბჭოს სხდომის დანიშვნა თავისთავად მნიშვნელოვანი გზავნილის მატარებელია.

„პრეზიდენტმა ობამამ 'ერაყის და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს' წინააღმდეგ 40 ქვეყნისგან შემდგარი კოალიცია ჩამოაყალიბა. გაეროში ის კიდევ ერთხელ დაადასტურებს ამ ბრძოლის აუცილებლობას. უნდა ითქვას, რომ უმთავრესი სამუშაოები უკვე ჩატარებულია, თუმცა გაერო კარგი ტრიბუნა იქნება, საიდანაც კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი ისლამისტებთან ბრძოლის აუცილებლობას“ - აღნიშნავს პროფესორი გოვანი.

გენერალურ ასამბლეაზე ასევე დიდი დრო დაეთმობა აფრიკაში ებოლას ვირუსის გავრცელების გამო შექმნილ კრიზისს. ებოლას გავრცელების შეზღუდვის საკითხებზეც გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაა დაგეგმილი. დასავლეთ აფრიკაში ვირუსმა 5 ათასი ინფიცირებულიდან 2 600 ადამიანი იმსხვერპლა. საგანგებო სესიას სიტყვით გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარგარეტ ჩანი მიმართავენ. უშიშროების საბჭოს მათ უნდა წარუდგინონ საერთაშორისო სამოქმედო გეგმა, რომელიც ებოლას შემდგომი გავრცელების შეჩერებას ითვალისწინებს.

„ეს მხოლოდ ჯანდაცვის კრიზისი არ არის. ამ ყველაფერს აქვს მძიმე ჰუმანიტარული, ეკონომიკური და საციალური ეფექტი, რომლის შედეგებიც სცდება დაზარალებული ქვეყნების საზღვრებს“ - აღნიშნავს ბან კი მუნი.

თეთრი სახლის განცხადებით, ლიბერიის მთავრობის თხოვნის საფუძველზე, აშშ დასავლეთ აფრიკაში 3000 ჯარისკაცს გაგზავნის. ისინი დაზარალებულ ქვეყნებს დაეხმარებიან სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარების კოორდინირებაში, დაავადების გავრცელების მინიმუმამდე შემცირებაში, საავადმყოფოებისა და ჯანდაცვის მუშაკების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

შეერთებული შტატების ელჩი გაეროში სამანთა პაუერი აღნიშნულ საფრთხეებთან მიმართებაში გაეროს გენერალური ასამბლეის მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, ყოველწლიური თავყრილობის მიზანი მსოფლიო ლიდერების შეკრება, გლობალურ გამოწვევებზე მსჯელობა და პრობლემების გადაჭრის გზების დასახვაა.

ორივე ეს საფრთხე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არსის ერთ-ერთი საუკეთესო ილუსტრაციაა. გენერალური ასამბლეის სესიებზე გაერო ყოველწლიურად უყრის თავს სახელმწიფოების მეთაურებს. მათი მიზანია არსებული რესურსების უფრო ეფექტიანი თანამშრომლობისთვის გათვალისწინება არა მარტო საერთო საფრთხეებთან გამკლავებისთვის, არამედ იმ საფრთხეების მიმართაც, რომელთა დაძლევა ცალკე მდგომ, ერთეულ ქვეყანას არ შეუძლია“ - აღნიშნავს აშშ-ის ელჩი გაეროში.

გაეროს წლევანდელ ასამბლეაზე მსოფლიოს ლიდერები ასევე განიხილავენ კრიზისს აფრიკაში, კონფლიქტს აღმოსავლეთ უკრაინაში და ღაზის სექტორში 50-დღიანი დაპირისპირების შედეგების დაძლევის გზებს. გარდა ამისა, გენერალურ მდივანს სურს, შეხვედრაზე წამოწიოს კლიმატური ცვლილებების თემა და ქვეყნებს მოუწოდოს, გამოიჩინონ მაქსიმალური ძალისხმევა გარემოს დაბინძურების შემცირების საქმეში.

ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორ რიჩარდ გოვანის თქმით, გასული წელი საერთაშორისო სარბიელზე განსაკუთრებით დატვირთული იყო მოვლენებით.

„გაეროს დიპლომატიისთვის ეს მართლაც მტკივნეული წელი იყო. ვგულისხმობ ბრძოლებს სირიასა და უკრაინაში. ორ გამოწვევასთან დაკავშირებით - 'ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს' მხრიდან და ებოლას კრიზისთან მიმართებაში - სავარაუდოდ, ყველა ქვეყნის მთავრობები შეთანხმდებიან. ძალიან დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო, რომ გაეროში ამ ურთულესი და დაპირისპირებებით დანაწევრებული წლის შემდეგ ერთობა რამენაირად აღდგეს“ - ამბობს პროფესორი გოვანი.

წლევანდელი სესიები გენერალური ასამბლეის ახლად გარემონტებულ სხდომათა დარბაზში გაიმართება. სარემონტო სამუშაოები ექვს წელიწადს გაგრძელდა და 2,2 მილიარდი დოლარი დაჯდა. თითქმის 70 წლის წინ აგებული შენობა ახლა ბევრად უფრო უსაფრთხო, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და ენერგიის მეტად დამზოგველი იქნება.

XS
SM
MD
LG