Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლის უნდობლობა პუტინის ინიციატივას


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განმეორებით გააკეთა განცხადება ექსტრემიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად კოალიციის შექმნის თაობაზე. რუსეთის ლიდერის მტკიცებით, ეს იდეა მან აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ლიდერს გააცნო. აღნიშნული განცხადება პუტინმა ვლადივოსტოკში მას შემდეგ გააკეთა, რაც ობამას ადმინისტრაციამ „მადესტაბილიზებელი და კონტრპროდუქტიული“ უწოდა რუსეთის ავიაციის სავარაუდო მონაწილეობას სირიის სამთავრობო ძალების მიერ წარმოებულ სამხედრო ოპერაციებში.

პუტინმა „ნაჩქარევად“ მიიჩნია ლაპარაკი იმაზე, თითქოს რუსეთი მზად იყოს მონაწილეობა მიიღოს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციაში, თუმცა იქვე თქვა, რომ რუსეთმა შეიარაღება და ტექნიკა მიაწოდა სირიას და ასევე დაეხმარა ჯარისკაცების გაწვრთნაში.

4 სექტემბერს, აღმოსავლეთ რუსეთში მდებარე ქალაქ ვლადივოსტოკში ჟურნალისტებთან საუბრის დროს, პუტინმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო კოალიციის იდეა მან უშუალოდ პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის - იორდანიის, თურქეთის, საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების - ლიდერებთან განიხილა:

„თუ დღეს შეუძლებელია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლით დაინტერესებული ყველა ქვეყნის ერთობლივი საქმიანობა, როგორც იტყვიან, უშუალოდ ბრძოლის ველზე, მაშინ თუნდაც გარკვეული კოორდინაცია უნდა მოხდეს მათ შორის. ჩვენ ვცდილობთ და ვმოქმედებთ ამ მიმართულებით“.

ამ განცხადების ფონია რამდენიმე ინტერნეტსაიტზე გავრცელებული ვიდეოკადრები, სადაც ჩანან ირბილის პროვინციაში განლაგებული რუსული წარმოების სამხედრო მოიერიშეები და დრონები, რამაც გზა გაუხსნა ვარაუდებს რუსეთის მიერ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის სამხედრო გზით გაძლიერების თაობაზე.

სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში რუსეთის მონაწილეობა შესაძლოა „მადესტაბილიზებელი და კონტრპროდუქტიული“ იყოს დავაშინგტონი გულდასმით სწავლობს მედიით გავრცელებულ ამ ინფორმაციებსო,- განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა:

„პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის ნებისმიერი მხარდაჭერა სამხედრო მოსამსახურეებით, თვითმფრინავების მიწოდებით, იარაღითა და ფინანსებით არის, ერთდროულად, მადესტაბილიზებელიც და კონტრპროდუქტიულიც“.

აშშ და მისი მოკავშირეები აცხადებენ, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას და ქვეყნის მომავალი სხვა პოლიტიკოსებმა ააშენონ. ამ იდეას ეწინააღმდეგება რუსეთი, რომელიც მიიჩნევს, რომ ასადის გადადგომა არ უნდა იქცეს სირიაში სამოქალაქო ომის დასრულების პირობად.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG