Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძლიერდება დიპლომატიური ძალისხმევა უკრაინის გარშემო


ჯონ კერი და პეტრო პოროშენკო
ჯონ კერი და პეტრო პოროშენკო

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 5 და 6 თებერვალს კიევსა და მოსკოვში გამართავენ შეხვედრებს, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გადაჭრის გზების ძიების მიზნით.

პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე ოლანდმა განაცხადა, რომ „დრო იწურება“ და დასძინა, რომ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრებზე ის და მერკელი „ახალი შეთავაზებით“ გამოვლენ კონფლიქტის გადასაჭრელად. აღმოსავლეთ უკრაინაში მთავრობის ძალებსა და პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს შორის კონფლიქტს აპრილის შემდეგ 5,350 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა:

„ჩვენ ახალი წინადადებით გამოვალთ უკრაინის კონფლიქტის გადასაჭრელად. ჩვენი შეთავაზება დაეფუძნება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და ჩვენ მას განვიხილავთ უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. დრო იწურება. არ უნდა დარჩეს სათქმელი, რომ საფრანგეთმა და გერმანიამ, ერთიანი ძალებით, ყველაფერი არ სცადეს, ყველა ზომა არ გაატარეს მშვიდობის შესანარჩუნებლად“.

5 თებერვალს კიევში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი. მან პრეზიდენტ პოროშენკოსთან გამართა შეხვედრა.

შეხვედრის შემდეგ კერიმ განაცხადა, რუსეთმა უნდა აჩვენოს, რომ ცდილობს უკრაინაში სისხლისღვრის დასრულებასო. კერის თქმით, მოსკოვმა უნდა შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა, უკრაინიდან გაიყვანოს სამხედროები და შეიარაღება და მეამბოხეები აიძულოს უერთგულონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. კიევში ვიზიტით მყოფმა კერიმ ასევე განაცხადა, აშშ-ს სურს კონფლიქტი მშვიდობიანად გადაიჭრას, მაგრამ „ჩვენ თვალს ვერ დავხუჭავთ იმაზე, რომ საზღვარს რუსეთის ტანკები კვეთს“ უკრაინის მიმართულებითო. კერის თქმით, დღეს უკრაინის უდიდესი საფრთხე „აღმოსავლეთში რუსეთის მხრიდან გაგრძელებული აგრესიაა“.

„ჩვენ ვისაუბრეთ ყველაზე დიდ საფრთხეზე, რომელიც უკრაინას დღეს ემუქრება - ესაა რუსეთის მხრიდან კვლავ გაგრძელებული აგრესია ქვეყნის აღმოსავლეთში. ამას სხვა სახელს ვერ ვუწოდებთ“, განაცხადა კერიმ.

კიევში კერის ვიზიტის ფონია გავრცელებული ცნობები, რომ ვაშინგტონი შესაძლოა ცვლიდეს უკრაინისთვის იარაღის მიუწოდებლობის პოლიტიკას. ამ დრომდე ვაშინგტონი უკრაინას მხოლოდ არალეტალურ შეიარაღებას აწვდიდა - მაგალითად, რაციებს და ღამის ხედვის მოწყობილობებს.

5 თებერვალს უკრაინის შესახებ იმსჯელეს ბრიუსელშიც, ნატოს მინისტერიალზე. ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 5 თებერვალს განაცხადა, რომ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილის გაძლიერებისთვის გადადგმული ნაბიჯები წარმოადგენს პასუხს რუსეთის აგრესიაზე. სტოლტენბერგმა მოსკოვს მოუწოდა შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა აღმოსავლეთ უკრაინაში და ისინი აიძულოს შეასრულონ სექტემბერში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება. სტოლტენბერგი ამ განცხადებებით გამოვიდა ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ. შეხვედრის თემა იყო ისეთი მცირე ზომის სამხედრო ცენტრების დაარსება, რომლებიც სწრაფად შეძლებენ რეგიონის თავდაცვის გაძლიერებას რუსეთიდან წამოსული საფრთხის შემთხვევაში.

პარალელურად, მედიაში ვრცელდება ევროკავშირის ანონიმურად დატოვებული დიპლომატების სიტყვები, რომ ასევე ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირი შეთანხმდა განავრცოს იმ პირთა თუ ორგანიზაციათა სია, რომლებსაც უკრაინის კონფლიქტის გამო შეეხო ვიზების აკრძალვა და აქტივების გაყინვა. როგორც იუწყებიან, ახალ სიაში მოხვდა 9 ორგანიზაცია და 19 პირი - მათ შორის,რუსეთის მოქალაქეები. სახელები ჯერჯერობით არ დაკონკრეტებულა, თუმცა სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს დიპლომატების სიტყვებს, რომ ახალ სიაში შესული პირებიდან თუ ორგანიზაციებიდან არც ერთი არაა „ძალიან მაღალი რანგის ან დიდი მნიშვნელობის“ მქონე. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში 9 თებერვალს გამართავენ შეხვედრას ამ ახალი სიის დასამტკიცებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG