Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი უარს ამბობს მეამბოხეებთან მოლაპარაკებაზე, თუ ისინი არ განიარაღდებიან


პეტრო პოროშენკო
პეტრო პოროშენკო

მეამბოხეების სრულ განიარაღებამდე უკრაინამ უარი განაცხადა პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკებაზე. პარალელურად, დასავლეთის ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ დაძაბულობის განსამუხტავად ნაბიჯები გადადგას.

8 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში თავდაცვის მინისტრი ვალერი ჰელეტეი ამბობს, „მოლაპარაკება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა მეამბოხეები ერთხელ და სამუდამოდ დაყრიან იარაღსო“.

უკრაინის არმიის მიერ ბოლო დღეებში მოპოვებული წარმატების შედეგად, მეამბოხეების უმრავლესობა იძულებული გახდა უკან დაეხია.

მას შემდეგ, რაც სამთავრობო არმიამ სლავიანსკზე, მოწინააღმდეგეთა ყოფილ გამაგრების ადგილზე, კონტროლი დაიბრუნა, მეამბოხეებმა პირობა დადეს, რომ ძალებს დონეცკსა და ლუგანსკში აღიდგენენ.

პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ არმიას უბრძანა, ამ ქალაქებს ალყა შემოარტყას და მეამბოხეებს საშუალება არ მისცეს დამატებითი საბრძოლო აღჭურვილობა მოიმარაგონ. როგორც იუწყებიან, სამოქალაქო პირებს საშუალება აქვთ ქალაქები დატოვონ.

უკრაინის თავდაცვის საბჭოს პრესმდივანმა ანდრეი ლისენკომ 7 ივლისს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე შემდეგი განცხადება გააკეთა: „[უკრაინის არმიას] ბლოკირებული აქვს [ლუგანსკისა და დონეცკის] შესასვლელები, რათა ტერორისტებმა არ მიიღონ დამატებითი შეიარაღება, ადამიანური თუ ნებისმიერი სხვა სახის რესურსი. სამოქალაქო პირებს შეუძლიათ მშვიდად დატოვონ ეს ქალაქები და გაიარონ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე. მათ ყველა სახის დახმარებას აღმოუჩენენ“.

სეპარატისტების განცხადებით, სამხედრო ბლოკადის მოწყობის მცდელობა დაასამარებს კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავლის პოვნის იმედს.

7 ივლისს გავრცელებული ცნობებით, დონეცკისკენ - სეპარატისტების გამაგრების ადგილისკენ - მიმავალ გზებზე გადებული სამი ხიდი აფეთქებების შედეგად განადგურდა. გავრცელებული ვარაუდით, ხიდები სეპარატისტებმა ააფეთქეს, თუმცა თავად მეამბოხეები ამას უარყოფენ და აცხადებენ, რომ აფეთქებები საბოტაჟის მომწყობმა, კიევის ერთგულმა ძალებმა მოახდინეს.

თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ თვითდეკლარირებული ლიდერი, პაველ გუბარევი, „დონეცკის მთელი პარამეტრის გარშემო ნამდვილი პარტიზანული ომით“ დაიმუქრა.

უკრაინის არმიასა და სეპარატისტებს შორის ბრძოლის შედეგად, აპრილის შემდეგ 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ათასობით პირმა კი საცხოვრებელი სახლი დაკარგა.

გასულ კვირაში უკრაინის მთავრობამ ათდღიანი ცალმხრივი ზავი დაასრულა და მას შემდეგ მეამბოხეების წინააღმდეგ შეტევა უფრო ინტენსიური გახადა.

პარალელურად, 7 ივლისს შემდგარ სატელეფონო საუბარში აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, მოუწოდეს ზეწოლა მოახდინოს მეამბოხეებზე და ისინი კიევთან მოლაპარაკების გამართვაზე დაიყოლიოს.

საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ფრანსუა ოლანდი და ბარაკ ობამა პუტინს ტელეფონით 45 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდნენ.

თეთრი სახლის სხვა განცხადების თანახმად, ბარაკ ობამამ და ფრანსუა ოლანდმა გადაწყვიტეს, რომ ევროპამ რუსეთს დამატებითი სანქციები უნდა დაუწესოს, თუკი მოსკოვი დაუყოვნებლივ არ გადადგამს აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს.

XS
SM
MD
LG