Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


კვირის ბოლოს დასავლეთის პრესა ბევრს წერდა მიგრანტების შესახებ გეგმაზე, რომელიც შეიმუშავა ევროკავშირის 28 წევრმა ქვეყანამ და რომელიც პარასკევს თურქეთს შეუთანხმეს. ჟურნალისტების ნაწილი კვლავ ეწინააღმდეგება თურქეთთან შეთანხმებას, სხვები კი თვლიან, რომ ეს ერთადერთი გზაა ადამიანების ტრეფიკინგის შესაჩერებლად და ლტოლვილებისთვის კანონიერი გზების გასახსნელად.

გერმანიაში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ 18 მარტს წერდა: „ჩვენს წინაშე არსებული ყველა ცუდი ალტერნატივიდან თურქეთთან შეთანხმება საუკეთესოა, რადგან ეს, იმედია, შეზღუდავს ადამიანების ტრეფიკინგს და ლტოლვილებს გარკვეულ დაცვას და კონკრეტულ პერსპექტივებს გაუჩენს. ეს შეთანხმება ევროპას სრულიად არ ათავისუფლებს ჰუმანიტარული პასუხისმგებლობებისგან, თუმცა ეს მნიშვნელოვნად დაასუსტებს იმ ძალებს, რომლებიც აპოკალიპტურ სურათებს ხატავენ და პოლიტიკაში ბინძური, პანიკის გამომწვევი მეთოდებით მუშაობენ. ... თურქეთის ინტერესია საერთაშორისო აღიარება, ევროკავშირზე გავლენის მოპოვება და მისი ხელმისაწვდომობა და საგარეო მხარდაჭერა. ამ ქვეყანას ნამდვილად არ სურს აღქმული იყოს ადამიანების გლობალური ტრეფიკინგის ბაზრად“.

ბრიტანეთში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის „დეილი ტელეგრაფი“ 18 მარტს წერდა, ევროკავშირი თურქეთს აძლევს პირობას, რომლებსაც ვერ შეუსრულებსო: „ევროპასთან უვიზო მიმოსვლის მოსაპოვებლად თურქეთმა 72 პუნქტისგან შემდგარი, წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს, რომელთაგან დაახლოებით ნახევარი კვლავაც შესასრულებელია. საფრანგეთი და ესპანეთი განსაკუთრებით მკაფიოდ ამბობენ, რომ არ აპირებენ ამ კრიტერიუმების შერბილებას. ამდენად, ახლო მომავალში თურქეთის 75 მილიონ მოქალაქეს არ ექნება უვიზო მიმოსვლის პერსპექტივა, თუმცა ევროპელი ლიდერები, როგორც ჩანს, მაინც აპირებენ ხელი მოაწერონ დაპირებას, რომ ეს მოხდება. არადა, მათ კარგად იციან, რომ ეს დაპირება აზრსაა მოკლებული, ისევე როგორც ის „შეთანხმება“, რომელიც ითვალისწინებს ევროპაში 160,000 ლტოლვილის განსახლებას. ნდობას და ავტორიტეტს - იქნება ეს მშობლების, მასწავლებლების, ევროკავშირის თუ ქალბატონ მერკელის - არაფერი აყენებს ისეთ ზიანს, როგორსაც მიზანმიმართული, გააზრებული უშინაარსობა“.

პრესა ასევე აქტიურად გამოეხმაურა ანკარაში კვირას მომხდარ თავდასხმას, რომელსაც 37 ადამიანი შეეწირა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ქურთისტანის მუშათა პარტიისგან გამოყოფილმა დაჯგუფებამ, სახელად „ქურთისტანის თავისუფლების შევარდნები“ და განაცხადა, რომ ეს იერიში იყო შურისძიება თურქეთის სამხედრო ოპერაციებისთვის ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში.

გერმანიაში გამომავალი კონსერვატიული „ველტი“ 18 მარტს წერდა: „დადგება მომენტი, როცა უნდა დაისვას კითხვა, ის ‘ავტორიტარული ტენდენციები’, რომლებსაც დასავლელი პოლიტიკოსები ერდოანს მიაწერენ უკვე დიდი ხნის განმავლობაში, ხომ არ გადაიქცა სრულ სურათად და შედეგად ხომ არ მივიღეთ ის, რომ თურქეთში ავტორიტარული, პერსონალიზებული რეჟიმი მოქმედებს. თურქეთს ატომური ბომბი არ აქვს, თორემ სხვა თვალსაზრისით მასა და პაკისტანს შორის დღეს დიდი განსხვავება არ არის. კიდევ სხვა კითხვაა ის, თუ რამდენად არის მორალურად გამართლებული და პოლიტიკურად კეთილგონივრული ამ რეჟიმთან დათმობებზე წასვლა იმ მასშტაბით, როგორც ამას გერმანიის მთავრობა აკეთებს ახლა. ... თუმცა მთავარი კითხვა ის არ არის, რამდენ ხანს გასტანს ეს რეჟიმი, არამედ ის, თუ ვის ჩაიყოლებს ის თან, როცა დაეცემა, და რა შედეგები მოჰყვება ამას გერმანიისა და ევროპისთვის“.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ამ კვირაში ბევრი დაიწერა, რუსეთის გადაწყვეტილება იყო სირიიდან სამხედრო ძალების ნაწილობრივი გამოყვანის შესახებ. ჟურნალისტების ნაწილი თვლის, რომ პუტინის „მოულოდნელი“ განცხადება ლოგიკური ნაბიჯი იყო, რადგან მან ყველა სამხედრო მიზანს მიაღწია. სხვები კი წერდნენ, პუტინმა ეს ნაბიჯი მხოლოდ შიდაპოლიტიკური მოსაზრებებით გადადგაო. ბრიტანეთში გამომავალი კონსერვატიული ყოველკვირეული ჟურნალი „ეკონომისტი“ 18 მარტს წერდა: „დიახ, სირია გვაჩვენებს რა ხდება მაშინ, როცა ბატონი ობამა უკან იხევს იმ იმედით, რომ რეგიონალური ლიდერები აღარ იხეირებენ ამერიკის ძალით და ერთად იმუშავებენ კოლექტიური სიკეთისთვის. ვაკუუმს ავსებენ არაკონსტრუქციული ძალები - ირანი, „ისლამური სახელმწიფო“ და რუსეთი, რომელიც პროპაგანდის ახალ წყაროს ეძებს. ... საბოლოო ანგარიშით, რუსეთის აგრესიას ამ ქვეყნის დასუსტება მოთოკავს. მაგრამ ახლა, ბირთვული იარაღის მქონე ბატონი პუტინი აპირებს საბჭოთა კავშირის ძველი გავლენის სფეროს აღდგენას. ბატონ ობამას პრეზიდენტობის ბოლო წელიწადს ბატონმა პუტინმა, რომელმაც ახლახან მოიპოვა წარმატება სირიაში, შესაძლოა კიდევ ერთხელ გამოსცადოს დასავლეთი“.

ფინეთში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის ყოველდღიური გაზეთი „ჰიამეენ სანომატი“ 16 მარტს წერდა: „რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ერთხელ მაინც დადებითად გააოცა მსოფლიო განცხადებით, რომ რუსეთი იწყებს სამხედრო ძალების გამოყვანას სირიიდან, მაგრამ მალევე გადაგვასხეს ცივი წყალი ცნობებით, რომ რუსეთი აპირებს გააგრძელოს საჰაერო იერიშები. კრემლის გრანდიოზული განცხადებები მორიგ ჯერზე მხოლოდ თვალთმაქცობაა. სირიაში მშვიდობას არც ერთი ნაბიჯით არ მივახლოვებივართ. ... ეს ომი რუსეთს ძალიან ძვირი უჯდება. პრეზიდენტ პუტინს ნამდვილად არ სურს სირია ახალ ავღანეთად იქცეს. რუსებს ის კონფლიქტი კვლავაც მწარედ ახსოვთ. რუსეთში შესაძლოა დემოკრატია მნიშვნელოვან საკითხს არ წარმოადგენდეს, მაგრამ პუტინმა თავისი პოპულარობა უნდა შეინარჩუნოს და ცოტა მაინც უნდა იფიქროს შემოდგომაზე დანიშნული საპარლამენტო არჩევნების შესახებ“.

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG