Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა (14.05.2016)


გასულ კვირაში უცხოეთის პრესაში აქტუალური იყო საკითხი ევროპის მომავლის შესახებ. ხომ არ ითვლის ევროპის კავშირი თავის უკანასკნელ დღეებს, მიგრანტთა კრიზისის, დასაქმების დაბალი მაჩვენებლისა და ულტრამემარჯვენე პარტიების აღმასვლის ფონზე?

ფინური ყოველდღიური გაზეთი „კაინუუნ სანომატი“ 9 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ აღარავინ იცავს ევროპის ღირებულებებს.

„ადამიანის უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, საერთო სოლიდარობა - ხომ არ გაქრა ყველა ეს ღირებულება?“ - ვკითხულობთ სტატიაში, სადაც წერია ასევე, რომ პარალელურად იზრდება რასიზმი, ულტრანაციონალიზმი, უმცირესობების უფლებათა დარღვევის შემთხვევები, პრესის თავისუფლების შეზღუდვა.

„შემაშფოთებელია იმის ნახვა, თუ რამდენად სუსტად და ბრმად რეაგირებენ ევროპელი პოლიტიკოსები. ვინ იცავს დღეს ევროპის ღირებულებებსა და მისწრაფებებსო?“ - წერს ფინური ლიბერალური გამოცემა.

ბულგარულ გაზეთ „ტრუდში“ 11 მაისს გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში პოლიტოლოგი ვასილ პროდანოვი გამოთქვამს აზრს, რომ გადასარჩენად ევროპის კავშირს მეტი ინტეგრაცია სჭირდება, რაც გულისხმობს საერთო საზღვრების გაძლიერებას და სამხედრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას.

ამისთვის კი, როგორც ვასილ პროდანოვი წერს, მხოლოდ საერთო ვალუტა არ არის საკმარისი და საჭიროა საერთო ფინანსური პოლიტიკაც. თუმცა პოლიტიკური ელიტების დამოკიდებულებიდან და იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირის მიმართ სკეპტიციზმი სულ უფრო იზრდება, ნაკლებად სავარაუდოა, ევროპამ ეს კურსი აირჩიოსო, მიიჩნევს პოლიტოლოგი.

გრძელდება დებატები თურქეთის ევროპაში ინტეგრაციასთან დაკავშირებითაც.

ევროპის კომისიამ თურქეთს ივნისამდე მისცა ვადა, შეასრულოს ყველა კრიტერიუმი, რომელიც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლისთვის არის საჭირო. თუმცა თურქეთის პრეზიდენტი, რაჯეპ ტაიპ ერდოანი, უარს ამბობს შეცვალოს ქვეყნის ანტიტერორისტული კანონმდებლობა, რომელიც, ოფიციალური ბრიუსელის აზრით, ევროპის სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

გერმანულ მემარცხენე გამოცემა „ფრანკფურტერ რუნდშაუში“ 12 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ არ შეიძლება ევროპის პარლამენტი მხოლოდ თურქეთის პრეზიდენტის პოლიტიკაზე იყოს კონცენტრირებული და მან მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს თურქი ხალხის ინტერესებს.

„ევროპაში, მათ შორის გერმანიაში, მილიონობით თურქი ცხოვრობს, რომლებსაც ძალიან უნდათ მათმა ნათესავებმა შეძლონ მათთან უპრობლემოდ ჩამოსვლა. ევროკავშირში ხალხის მეტად შემოშვება ეკონომიკურადაც მომგებიანი იქნებაო“, - წერს გაზეთი.

თურქული ყოველდღიური გამოცემა „ჰურიეტ დეილი ნიუსი“ კი აქვეყნებს სტატიას, სათაურით „ერდოანი ევროპისგან იზოლირებულია“.

ამის მიზეზად 12 მაისის პუბლიკაციაში მოყვანილია ის, რომ ერდოანმა ევროპისადმი ზეწოლის გამო დაკარგა მხარდამჭერები დასავლეთში.

„აქედან გამომდინარე, დღეს მთავარი კითხვაა, რამდენად გამძლე იქნება თურქეთ-ევროკავშირის შეთანხმება ლტოლვილთა თემაზე, რომელმაც თურქეთს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა უნდა მოუტანოს. პრემიერ-მინისტრ დავუთოღლუს გადადგომის შემდეგი კი პასუხი, ალბათ, ორმოცდაათი-ორმოცდაათზეაო“, - ვკითხულობთ სტატიაში.

ისტორიაში პირველად, ლონდონის მერად მუსლიმი აირჩიეს.

ქალაქის მერის არჩევნები გასულ კვირას ლეიბორისტთა კანდიდატმა სადიქ ხანმა მოიგო, თუმცა პოლონური გამოცემა „გოშიჩ ნიეძელნი“ მიიჩნევს, რომ ეს სულაც არ რის ევროპაში ისლამის ინტეგრაციის მტკიცებულება.

9 მაისს გამოქვეყნებულ ბლოგპოსტში ავტორი, იაცეკ ძიეძინა, მიიჩნევს, რომ ხანი სულაც არ არის ისლამური საზოგადოების ტიპიური წარმომადგენელი, რადგან ის ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინებას მხარს უჭერს. ის ჩვეულებრივი ბრიტანელია, მისი გამარჯვება კი, უბრალოდ, ლოგიკური შედეგია ბრიტანეთში ბოლო ათწლეულებში მომხდარი სოციო-კულტურული ცვლილებებისაო, - წერს იაცეკ ძიეძინა.

ბრიტანული გამოცემა „ინდეფენდენტი“ კი 7 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ლონდონელებმა შიშს იმედი არჩიეს და სადიქ ხანის გამარჯვება ამტკიცებს ლონდონის კოსმოპოლიტურობას.

„ავტობუსის მძღოლისა და ტექსტილის ქარხნის მუშის შვილი, რომელიც საერთო საცხოვრებელში გაიზარდა, დღეს ლონდონის მერია. მოდით, აღვნიშნოთ, რომ ლონდონმა ეს-ესაა აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ იმედი ყოველთვის ჯაბნის უარყოფით გრძნობებს და ამ შესანიშნავ ქალაქში ყველას, ნებისმიერი წარმომავლობის ადამიანს, შეუძლია რასაც უნდა მიაღწიოსო“, - წერს „ინდეფენდენტი“.

იტალიამ მიიღო კანონი ერთი და იმავე სქესის ადამიანებისთვის ქორწინების უფლების მინიჭების შესახებ.

იტალიური კათოლიკური გამოცემა „ავენიერე“ შიშობს, რომ შემდეგი ეტაპი გეი წყვილებისათვის ბავშვის აყვანის უფლების მიცემა იქნება.

„ოჯახის ინსტიტუტზე დაფუძნებული საზოგადოება საუკუნეების განმავლობაში იყო დასავლეთ ევროპის მახასიათებელი, დღეს კი ამ მოჩვენებითი ოჯახების შექმნით ჩვენ ჩვენდაუნებურად ვემორჩილებით ბაზრის მოთხოვნებსო“, - წერს იტალიური გამოცემა.

სხვა იტალიური გაზეთი კი, „კორიერე დელა სერა“, წერს, რომ ოჯახის შექმნის კანონიერი უფლება ვერ იქნება სრულყოფილი, თუ ერთი და იმავე სქესის ადამიანების ოჯახებს არ ექნებათ ბავშვის აყვანის უფლება, რაც, ამავე გამოცემის აზრით, დიდი ხნის წინ იყო მისანიჭებელი.

„ნუთუ კიდევ 30 წელი უნდა ვიცადოთ? სწორედ ეს დრო დაგვჭირდა იმისთვის, რომ, ბოლოს და ბოლოს, მიგვეღო ღირსეული კანონი სამოქალაქო ერთობის შესახებო“, - წერს იტალიური გამოცემა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG