ორშაბათი, 20 ოქტომბერი, 2014 თბილისის დრო 13:42

საზოგადოება / ადამიანის უფლებები

ტელევიზორი ყველა პატიმარს

გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაგლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულება
x
გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულება
გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულება

მულტიმედია

აუდიო
სახალხო დამცველის აპარატი სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართავს რეკომენდაციით დაიცვას საქართველოს ციხეებში პატიმართა უფლება ისარგებლონ ტელევიზორით. ომბუდსმენის ეს რეკომენდაცია განსაკუთრებით #7 და #9 დაწესებულებებს ეხება. დეკემბრის ბოლოს სახალხო დამცველს განცხადებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ამჟამად პატიმარ ბაჩანა ახალაიას ადვოკატმა დავით დეკანოიძემაც მიმართა და თავისი დაცვის ქვეშ მყოფისათვის ინფორმაციის მიღების მიზნით ტელევიზორით სარგებლობის უფლება მოითხოვა. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ინფორმაციაზე გარკვეული სახის შეზღუდვები დღემდე რჩება პრობლემად ციხეებში.

სახალხო დამცველის რეკომენდაციის თანახმად, სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში მყოფ პატიმარს უნდა შეეძლოს ტელევიზორის ყურება - არა მხოლოდ შემეცნებითი ხასიათის გადაცემების ნახვა DVD-ის მეშვეობით, არამედ საინფორმაციო გამოშვებების მოსმენაც. სახალხო დამცველის აპარატში არ უარყოფენ, რომ ბოლო ხანებში ციხეებში ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა ნაწილობრივ მოიხსნა, მაგრამ, როგორც პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები გვაუწყებენ, მე-7 და მე-9 დაწესებულებებში მყოფი პატიმრების ნაწილს კვლავ არ ეძლევა საშუალება ისარგებლოს ტელევიზორით და მოუსმინოს ახალ ამბებს.

”გამომდინარე იქიდან, რომ ტელეტრანსლაციის მიღების საშუალებას მოკლებულნი არიან მხოლოდ #7 და #9 დაწესებულების პატიმრები, შეიძლება ითქვას, რომ ისინი სხვებთან მიმართებაში არათანაბარ და დისკრიმინაციულ პირობებში იმყოფებიან. აღნიშნული გარემოება ეწინააღმდეგება ციხის ევროპული წესების მიდგომას, რომელთა მიხედვითაც პატიმრებს ხელი უნდა მიუწვდებოდეთ სატელევიზიო გადაცემებზე, ხოლო ყოველი აკრძალვა ინდივიდუალურად უნდა იყოს დასაბუთებული”, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის 9 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.

ციხის მონიტორინგის პარალელურად, სახალხო დამცველის ოფისს ტელევიზორით სარგებლობის მოთხოვნით 2012 წლის 21 დეკემბერს ბაჩო ახალაიას ადვოკატმა დავით დეკანოიძემაც მიმართა, რომლის თქმითაც, მიუხედავად მისი არაერთი თხოვნისა, ბაჩო ახალაიას არ მიეცა აქამდე საშუალება იქონიოს ტელევიზორი ინფორმაციის მისაღებად.

”ამ რეკომენდაციის მიზეზი გახდა ბაჩო ახალაიას ადვოკატის მომართვა და ამას თან დაერთო ჩვენ მიერ მეშვიდე დაწესებულებაში ჩატარებული მონიტორინგიც”,- გვეუბნება ომბუდსმენის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია იმნაძე. მისივე ინფორმაციის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ყოველთვის პრობლემა იყო პრესაზე ხელმისაწვდომობაც, რაც დღემდე მოსაგვარებელია:

”ოქტომბრის თვემდე ტელევიზორები არ ჰქონდათ რუსთავის მეექვსე, გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში, ქუთაისში. შემდეგ, გიორგი ტუღუშის მინისტრობის დროს, ციხეების ნაწილს ეს პრობლემა მოეხსნა და დარჩა მეშვიდე და მეცხრე დაწესებულებები, სადაც ეს პრობლემა დღემდე დგას... იყო დაწესებულებები, მაგალითად, #17, სადაც ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ყოველთვის სახელდებოდა პრესის არარსებობა, მით უმეტეს, არჩევნების წინ, როდესაც ყველა პატიმრის მთავარი საზრუნავი იქ მართლაც იყო ინფორმაციის მიღება”.

ციხეში ბოლო წლების განმავლობაში არსებულ დისკრიმინაციაზე ლაპარაკობს ადვოკატი ნინო ანდრიაშვილიც და გლდანის #18 დაწესებულებას იხსენებს, სადაც ტელევიზორით სარგებლობის უფლება მხოლოდ გამონაკლისებს ჰქონდათ, ბეჭდვითი მედიიდან კი მხოლოდ კროსვორდებსა და გასართობი შინაარსის პრესაზე ჰქონდათ ხელმისაწვდომობა:

”თუ მოახერხებდა და მიაღწევდა მსჯავრდებული ტელევიზორის შეძენას, ამის შემდეგ სხვა პრობლემა ჩნდებოდა - ანტენის დაყენების, რაც მუდამ თვეობით იწელებოდა და პრაქტიკულად ტელევიზორიც გამოუსადეგარ ნივთად იქცეოდა ხოლმე. ტელევიზორის გარდა, DVD-იც ჰქონდათ, მაგრამ ესეც შეზღუდვებით. თუმცა რა ნიშნით ხდებოდა პატიმრების შერჩევა, ეს არის მნიშვნელოვანი. მაგალითად, თუ გახმაურებელი საქმის მონაწილე იყავი ან ადვოკატი გყავდა, ან ადმინისტრაციასთან დაახლოებული, მაშინ შეგეძლო ამ ყველაფრით გესარგებლა, თუ არადა, არა”.

სულ ბოლო მაგალითად ნინო ანდრიაშვილს ლოპოტის გახმაურებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ახმედ ჩატაევის საქმე მოჰყავს, რომლის ადვიკატიც ანდრიაშვილი იყო, და ამბობს, რომ ჩატაევს ასევე არ მიეცა არც რადიოთი, არც ტელევიზორით სარგებლობის უფლება.
სასჯელაღსრულების სამინისტრო მზადაა პრობლემა ორ-სამ თვეში მოაგვაროს, თუმცა, როგორც სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი ამბობს, ტელევიზორით სარგებლობის უფლება გამორჩეულად ცალკეულ პატიმარს, სხვათა დისკრიმინაციის ფონზე, არ მიეცემა. სუბარის განცხადებით, უკვე არსებობს პოლიტიკური ნება, რომ პატიმრებმა შეძლონ თვალი ადევნონ, „რუსთავი 2“-ის, „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და „იმედის“ გარდა, სხვა ტელევიზიებსაც და იცვლება ციხეებში ტექნიკური აღჭურვილობაც:

”ერთ-ერთ ყველაზე დიდ, რუსთავის #6 დაწესებულებაში უკვე დაწყებულია განმხოლოებისა და დაქსელვის პროცესი, თუმცა ამას დრო დასჭირდება და საკმაოდ შრომატევადი პროცესიცაა, თუმცა იგივე მალე სხვა დაწესებულებებშიც დაიწყება. რაც შეეხება #7 საპყრობილეს, რომელიც, როგორც ცნობილია, არის მკაცრი რეჟიმის დაწესებულება, სადაც ე.წ. კანონიერი ქურდები და მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირები იხდიან სასჯელს, იქ რომ ტელევიზორები არ იყო, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩემი აზრია, რომ ეს შეზღუდვა უნდა მოიხსნას”.

სუბარი განმარტავს, რომ, წინა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ინფორმაციის მიღების მიზნით ტელევიზორის დადგმის უფლება ეკრძალებოდათ მხოლოდ წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს, რომლებიც მოთავსებულები არიან თბილისის მერვე და მეცხრე, ქუთაისის მეორე, ზუგდიდისა და ბათუმის დაწესებულებებში:

”თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ არასწორია ლაპარაკი იმაზე, რომ რომელიმე კონკრეტულ პატიმარს პრივილეგია უნდა ჰქონდეს და მისი თხოვნა ტელევიზორის დადგმის შესახებ დაკმაყოფილდეს მაშინ, როდესაც იგივე პრობლემა სხვა არაერთ პატიმარს აქვს არაერთ დაწესებულებაში”.

უახლოეს დღეებში სასჯელაღსრულების სამინისტრო რამდენიმე ტენდერს გამოაცხადებს (პატიმართა კვებაზე, აფთიაქების მედიკამენტებით მომარაგებაზე) და მათ შორის, როგორც სოზარ სუბარი აცხადებს, ციხეების ტელევიზორებით აღჭურვასთან დაკავშირებული ტენდერიც იქნება.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ტოროლა საიდან გვწერთ: პატიმართა კლუბი "პეპელა"
09.01.2013 22:24
მექისე? უმექისეოდ შეიძლება?

სხვა მასალები

აუდიო ლევან ცუცქირიძე ქალთა მიმართ ძალადობაზე

20 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო პოლიტოლოგი, ბლოგერი ლევან ცუცქირიძე.
გაგრძელება

აუდიო “სტუდენტობა მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს..."

საქართველოში დაახლოებით 117 ათასი სტუდენტია. ისინი პერიოდულად ჩანან საზოგადოებრივ ასპარეზზე სხვადასხვა სოციალური თუ პოლიტიკური კამპანიის დროს. რამდენი მათგანია ჩართული ამ აქტივობაში და, საერთოდ, არის თუ არა მისაღები სტუდენტების სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივობა, თუ სტუდენტის საქმე მხოლოდ სწავლა და მეცადინეობაა?
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული