Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თუთა ჩხეიძე - სამოქალაქო აქტივისტი


13 ივლისი, კვირა

დაღლილობა კლავს რომანტიკას. არადა, რამდენი წელი ვემზადებოდი ამ დღისთვის! დღეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალია ფეხბურთში და ჩემი გუნდი თამაშობს. როდესაც ამ სიტყვებს ვწერ („ჩემი გუნდი“), მახსენდება ფეხბურთის მოძულეების სტატუსები ფეისბუკზე, ბლოგპოსტები იმაზე, თუ როგორ აღვივებს ფეხბურთი ნაციონალიზმს, რატომ სძულდა ბორხესს ფეხბურთი, როგორ შეიძლება გიყვარდეს სხვა ქვეყნის ნაკრები და არა საკუთარი. მე ვიცი, როგორ შეიძლება და როგორ გახდა არგენტინა ჩემი გუნდი. მაშინ ექვსი წლის ვიყავი, 1990 წლის ზაფხულში მამასთან ერთად ვუყურებდი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ფეხბურთში. მაშინაც გერმანიას ხვდებოდა არგენტინა. არგენტინამ წააგო, სერხიო გოიკოეჩეამ მსაჯის დანიშნული პენალტი ვერ აიღო და მარადონამ იტირა. მე გავედი საძინებელ ოთახში. ჩუმად ავძვერი დიდ თეთრ ლოგინზე და ავზლუქუნდი. მას შემდეგ 24 წელი გავიდა და ყოველ ჯერზე, როცა არგენტინა აგებს, მე ვუბრუნდები ჩემს თავს ბავშვობაში.

ვამბობდი, დაღლილობა რომანტიკას კლავს-მეთქი და დაღლილობაზეც უნდა მოვყვე. რადგან დღიურები სხვებისთვის მოყოლილი ამბებია, არ მჯერა დღიურების ანონიმურობის, ფეისბუკის არ იყოს, რომელსაც რატომღაც პრივატულ სივრცედ აღიქვამენ. სისულელეა.

ორი საათის ჩაძინებული ვიყავი, როცა ლიკამ გამაღვიძა. 20-საათიანი სამუშაო დღის შემდეგ ისევ ოფისში ვბრუნდები, დილის ცხრაზე მედიაცენტრში შემაჯამებელი პრესკონფერენციაა. ნინო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგებს აცხადებს. მონაცემები PVT-ცენტრმა ღამის სამ საათზე მიიღო. დილამდე ვამუშავებდით მე და ანი ინფოგრაფიკებს. „სამართლიანი არჩევნების“ ხმების პარალელური დათვლის შედეგებით თბილისის მერი ნარმანია გახდა. ყველა სხვა საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება“ იმარჯვებს.

თავისუფლების დღიურები - თუთა ჩხეიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:08:29 0:00

14 ივლისი, ორშაბათი

გუშინდელი წაგება არ მინახავს, დამატებითი დროის მეორე ტაიმში არგენტინამ გაუშვა გოლი და მე ტელევიზორი გამოვრთე. დათო ჩემს დამშვიდებას ცდილობდა, მაგრამ რა დამამშვიდებდა?! ან უნდა მეტირა, ან გავბრაზებულიყავი. მეორე ავირჩიე. ყელში მაინც ბურთი მეჩხირება. ისტორია ასე მარტივად არ იცვლება, არგენტინამ ვერ მოიგო, ღარიბებმა ვერ მოუგეს მდიდრებს, „მესი ვერ გახდა მარადონა“, თუმცა რატომ უნდა გამხდარიყო, არასოდეს მესმოდა. მარადონა უნიკალურია, მესი უნიკალურია, ერთი ვერ გახდება მეორე და პირიქით. რაც მთავარია, ანგელა მერკელს უხარია. მის გვერდით მჯდომ პუტინსაც, ალბათ. მანქანას ვერავინ გააქრობს.

დღეს თათულის დაბადების დღეა, მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად ვნახულობთ ერთმანეთს, თათული ის გამონაკლისია, ათი წელი რომ არ ვნახო, მაინც მეგობარი იქნება.

დილიდან რადიოში ვარ, ორის ნახევარზე ესპანეთის ვიზის მისაღებად საბუთები მაქვს ჩასაბარებელი. ვერაფრით ვხვდები, რატომ უნდა გადავიხადო 142 ლარი 85-ის მაგივრად მხოლოდ იმიტომ, რომ 57 ლარი სავიზო მომსახურების ცენტრის მომსახურების თანხაა. ანუ, შენგენის ვიზა ჩემთვის 35 ევრო კი არა, გაცილებით მეტი ღირს.

დღეიდან ხუთდღიანი შვებულება მაქვს, მაგრამ ISFED-ში მაინც უნდა გავიარო. არჩევნები დასრულდა, უამრავი სამუშაო ისევ დარჩა. 40-მდე საჩივარი დაწერეს ჩვენმა დამკვირვებლებმა საოლქო კომისიებში, იურისტები მთელი კვირა იმუშავებენ საჩივრებზე. სანამ ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნების პირველ და მეორე ტურზე ვრცელი ანგარიშის წერას დავიწყებდეთ, რამდენიმე დღით მივდივარ. ცოტა მეშინია, საჭირო არ გავხდე. ISFED-ში ყველა ასეა: გადიხარ შვებულებაში და მაინც მიგაქვს თან ინტერნეტი. ტელეფონიც მუდმივად რეკავს.

15 ივლისი, სამშაბათი

მე და ნუცამ ორი კვირით ბაკურიანში კოტეჯი ვიქირავეთ და ბავშვებით ჩავედით დასასვენებლად. მიუხედავად იმისა, რომ დასვენების დღის გარეშე ვმუშაობ, ორ სამსახურში ერთად, მაინც რთულია დასვენებისთვის თანხის გადანახვა, მით უფრო, როცა ორი შვილი გყავს და ირაკლი ღარიბაშვილს თუ ვკითხავთ, ოჯახიც არ გვქვია, რადგან მისი ინიციატივით ოჯახი ქალის და კაცი ერთობაა. ჩვენი ოჯახი კი სამი გოგოსგან შედგება, მე უფროსი გოგო ვარ, ქეთო შუათანა, ნენე კი - პატარა.

ბაკურიანი სამოთხეა! თბილისის ჩახუთული, სიმწვანისგან დაცლილი ასფალტის ორთქლისგან განსხვავებით, აქ უამრავი სიხარულია: მწვანე მდელოები, გვირილებით და სხვა ფერადი ყვავილებით, ტყეებით და ხეებით. ვათვალიერებ ამ სილამაზეს და მეშინია, მალე ადამიანმა კოტეჯების, სასტუმროების და სახლების აშენებას არ შესწიროს ეს მდელოები და ტყეები. გამორიცხული არაფერია, აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე მშენებლობაა, თანაც ქაოსური. არადა, რა მარტივია ერთი ციდა ბაკურიანის დაგეგმარება.

თათამ დამირეკა, „ნეტგაზეთი“ წერს, ეროსი კიწმარიშვილი გარდაიცვალა, რამე ხომ არ იციო. რა თქმა უნდა, არაფერი ვიცოდი, მთელი დღე ბავშვებთან ვთამაშობდით და ტელევიზორი არც ჩაგვირთავს. „ნეტგაზეთმა“ თუ დაწერა, გადამოწმებული იქნება-მეთქი. სასწრაფოდ ჩავრთე ლეპტოპი და ეროსი კიწმარიშვილზე ახალი ამბების ძებნა დავიწყე. სულ რამდენჯერმე შევხვდი ეროსის - მაშინ, როცა ჟურნალისტად ვმუშაობდი „ნეტგაზეთში“ და როცა ის ახალ პარტიას აფუძნებდა. რამდენიმე დღის წინ „რუსთავი 2“-ზე ვუყურე, თავის ამომრჩეველს მოუწოდებდა, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატისთვის მიეცათ ხმა. ჯერჯერობით ოფიციალური ვერსია თვითმკვლელობამდე მიყვანაა, თუმცა კიწმარიშვილის ოჯახს და მის მეგობრებს შსს-ს ვერსიის არ სჯერათ. იმდენად ბევრი კითხვაა და ცოტა პასუხი, იმდენად დაბალია საზოგადოების ნაწილში საგამოძიებო ორგანოებისადმი ნდობა, რომ გასაკვირიც არაფერია.

16 ივლისი, ოთხშაბათი

დილით ტყეში წავედით, წესით იქ ბამბუკები უნდა დაგვხვედროდა, მაგრამ გზა აგვერია, ბოლოს რომელიღაც ხესთან ჩამოვსხედით და პლედი გავშალეთ. ბავშვები აშკარად არ აღფრთოვანდნენ ტყით. არ მიკვირს, ასფალტზე გაზრდილი ბავშვებისთვის უცხოა ტყე-ღრე ბოდიალი. ძლივს გამოვაგენით უკან, ქეთო ხელში ავიყვანე, მეორე ხელი ნენეს მოვკიდე და ჩამოვედით კოტეჯში. ისე დავიღალეთ, მაშინვე „მშვიდი საათი“ მოვაწყვეთ. მე ახალ ამბებს გადავხედე, გოგოები მულტფილმებს უყურებენ.

ეროსი კიწმარიშვილი თავისივე ნაყიდი იარაღით არის გარდაცვლილი. ადგილი აქვს მიბჯენით სროლასო - ამბობს დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი. არაფრის მეშინია ისე, როგორც იარაღის. მახსოვს, როცა მამა რამდენიმე დღით ბრუნდებოდა აფხაზეთიდან, თან მოჰქონდა ავტომატი. ჩემი ბიძაშვილი აღტაცებით ათვალიერებდა, მე დანახვაც არ მინდოდა. მძულდა ომი და ყველა ის ადამიანი, რომელიც მამას აკითხავდა, დროა უკან დავბრუნდეთო. რომ შემეძლოს, ავკრძალავდი იარაღის გაყიდვას. იარაღი სიკვდილისთვისაა, მოკვლისთვის, ან თავის მოკვლისთვის. როგორ შეიძლება, ასე მარტივად შეიძლებოდეს იარაღის ყიდვა ქვეყანაში, სადაც აგრესია და ზიზღი ყველა სხვა გრძნობაზე მეტია.

17 ივლისი, ხუთშაბათი

სულაკაურის „სალამურა“, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო ქართული წიგნია, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება „პეპის“ და „ემილის“, „ვინის“ და „ტომს“. მას შემდეგ, რაც ბავშვებისთვის საბავშვო ლიტერატურის კითხვა დავიწყე, ყველა ჩემს მეგობარს ვურჩევ, მიუბრუნდეს დავიწყებულ წიგნებს. იმდენი ვიტირე ძმებ ლომგულებზე, სულ ღაპა-ღუპით მცვიოდა ცრემლები, ხელახლა აღმოვაჩინე ყველა ის ავტორი, რომელსაც დედა მიკითხავდა ბავშვობაში და დავასკვენი, რომ საუკეთესო მწერლები საბავშვო მწერლები არიან.

კოტეჯი, სადაც მე და ნუცა დავსახლდით, სხვა რამდენიმე კოტეჯთან ერთად, გზიდან ოდნავ მოშორებით, გვირილების მდელოზე დგას. ჩამოსვლიდან მეორე დღეს მეზობლებიც გავიცანით, ძირითადად ბავშვების დახმარებით, რომლებსაც კომუნიკაცია არ უჭირთ, ახალი მეგობრების გაჩენაც თავისუფლად შეუძლიათ, არც სოციალურ სტატუსს უყურებენ, არც სქესს, არც წარმომავლობას. მათთვის ბავშვი ბავშვია, ეს შემდეგ ხდება ტვინის გამოტენვა ათასგვარი დაყოფით. რაც უფრო მეტია დაყოფა, მით უფრო მეტია დისკრიმინაცია. ამიტომაც მიყვარს ბავშვები, ისინი თავისუფლები იბადებიან.

ჩვენი კოტეჯის გარდა ამ მდელოზე სხვა ხუთი კოტეჯი დგას. თითქმის ყველგან მხოლოდ ქალები ცხოვრობენ. დედები და ბებიები, ბავშვებით. მამა, ალბათ, დაკავებულია, როგორც ყოველთვის. მუშაობს თუ არ მუშაობს, მაინც დაკავებულია, ალბათ დასვენებაც უნდა. რა თქმა უნდა, არა ოჯახთან ერთად: აბა, ბავშვების ხმაურში როგორ დაისვენებს? მამის მონაწილეობა შვილის აღზრდაში საღამოს თავზე ხელის გადასმით შემოიფარგლება. ცხადია, მამა დაღლილია.

18 ივლისი, პარასკევი

არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე უსუსურება. როცა იცი, რომ 298 ადამიანი ჰაერიდან ჩამოაგდო ბოროტების იმპერიამ, რომელიც ახლა მშვიდი სახით უკრაინელ სამხედროებს ადანაშაულებს მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაში. არაფერია იმაზე საშინელი, როცა იცი, რომ კაცი, რომელსაც ადამიანები სძულს, იმპერია, რომელიც ბოროტებაზეა აშენებული, არ დაისჯება. პუტინი ისევ მიუჯდება მერკელს, რომელიც მზადაა ყველაფერი აპატიოს ამ ანტიჰუმანისტს, სიძულვილით სავსეს, სამყაროს დამონებით შეპრყობილ ადამიანს, გაზის გამო.

არანაირი ორი რუსეთი არ არსებობს, არასოდეს მჯეროდა მეორე, კეთილსახოვანი რუსეთის, რომელთანაც თურმე ერთმორწმუნეობა აკავშირებს საქართველოს. ვერანაირი რწმენა ვერ გადაწონის ამ ბოროტებას. და ვისთვისაც გადაწონის, ის რიგითი მედროვეა, რომელიც რელიგიას ან, გინდაც, კულტურას აფარებს თავს, საკუთარი მერკანტილური სურვილების მისაჩქმალად. მე არ მიყვარს ეს ქვეყანა, მთელი თავისი ერთმორწმუნეობით, რომელსაც აქტიურად ატენიან საქართველოს მოქალაქეებს.

19 ივლისი, შაბათი

დღეს თბილისში ვბრუნდები. რამდენიმე დღით ვემშვიდობები ბავშვებს და ფეხით მივუყვები გზას ბაკურიანის ავტოსადგურისკენ. ხუთზე რადიო თავისუფლებაში უნდა მივიდე. არადა, არც ერთი სამარშრუტო ტაქსი არაა, არც ისეთი, რომელიც ბორჯომამდე მიდის. ცხოვრებაში პირველად შემთხვევით მანქანას ვაჩერებ.

გამიმართლა, მანქანა მიჩერებს და თბილისისკენ მივდივარ.

XS
SM
MD
LG