Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ტურისტთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა


უცხოელი ტურისტები მცხეთაში
უცხოელი ტურისტები მცხეთაში

ავტორი: ირინა გურული

საქართველოში ტურისტული ბუმია. ამას ცხადყოფს 5 თვის სტატისტიკა, რომელიც საზოგადოებას გუშინ ტურიზმის დეპარტამენტმა წარუდგინა. 2016 წლის მაისის თვის მონაცემებით, საქართველოს 522,3 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ზრდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14,9 %-ია.

განსაკუთრებით მაღალია მაისის მონაცემი: მაისის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების, ანუ ტურისტების, რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაყვეს საქართველოში, 204,714 შეადგინა. ზრდა +24.3 %-ია.

მიუხედავად მოსაზრებისა, რომ ტურისტთა ძირითადი ნაკადი საქართველოს რუსეთიდან მოაწყდებოდა და ამ მიმართულებით იქნებოდა ზრდა რუსულ-თურქული დაპირისპირების ფონზე, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ტურისტთა ნაკადი ყველაზე მეტად უკრაინიდან გაიზარდა, კერძოდ, 2016 წლის მაისში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+6.8 %), აზერბაიჯანიდან (+18.6 %), სომხეთიდან (+3.9 %), რუსეთიდან (+18.7 %) და უკრაინიდან (+30.9%) განხორციელდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც, საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, მაისში გამოირჩნენ ლატვია (+64 %),, პოლონეთი (+30 %), გერმანია (+29 %) და ლიტვა (+21 %). განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ინდოეთი (+319 %), ირანი (+300 %), ისრაელი (+122 %), ომანი (+149%) და საუდის არაბეთი (+85%).

საერთაშორისო მოგზაურების ზრდა დაფიქსირდა 5 თვის მონაცემებითაც, საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 2,1 მილიონზე მეტი შეადგინა, ზრდა კი +15.3 %-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 782,814 შეადგინა, რაც +18.8 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე.

ცხადია, ტურიზმის ზრდა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია უცხოური სავალუტო შემოდინებების თვალსაზრისით - განსაკუთრებით, სავალუტო რყევების ფონზე და მაშინ, როცა ექსპორტი ქვეყანას მნიშნელოვნად აქვს შემცირებული.

ოფიციალური სტატისტიკა გვეუბნება, რომ, 2015 წლის ჯამური მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 1.94 მილიარდ დოლარს (ზრდა +8.3), რაც 149 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ცხადია, ეს ერთ-ერთი ფაქტორი იყო ლარის გამყარების იმ პროცესში, რომელიც ბოლო თვეებში საქართველოში დაფიქსირდა, მით უფრო სიტუაციაში, როცა ტურიზმის წილი მშპ-ში იზრდება.

ტურიზმის სააგენტოს მონაცემებით, ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, 2015 წლის ჯამური მონაცემებით, შეადგენს 6.7 %-ს, რაც ნიშნავს, რომ ზრდა, წინა წელთან შედარებით, +16.2%-ია.

2016 წელს ხუთი თვის საერთაშორისო შემოსვლების ჯამურმა მაჩვენებელმა პირველად გადააჭარბა ორ მილიონ ვიზიტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG