Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ნიშნავს ტუბერკულოზის „არანებაყოფლობითი მკურნალობა“


ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს, შესაძლოა, „არანებაყოფლობითი მკურნალობა“ ჩაუტარდეთ. როგორც საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, პარლამენტში დაიწყო განხილვა "ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ" ახალი კანონპროექტისა, რომლის მიზანიც პაციენტების სრული განკურნება და ტუბერკულოზისგანსაზოგადოების დაცვა იქნება, რასაც მანამდე არსებული წესები ვერ არეგულირებდა.

იმ შემთხვევაში, თუ ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტი საქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობასთან დაკავშირებულ ეროვნულ რეკომენდაციებს გარკვეული გაფრთხილებების შემდეგაც არ შეასრულებს და მკურნალობას თვითნებურად შეწყვეტს, ის „არანებაყოფლობით“, იძულებითმკურნალობას დაექვემდებარება. სავალდებულო მკურნალობა ინფექციის საფრთხის თავიდან აცილების წინაპირობა უნდა გახდეს - ასეთია კანონპროექტის ავტორების მოლოდინი. როგორც 5 ოქტომბერს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემაც განაცხადა, კანონის ამოქმედების შემდეგ ტუბერკულოზის მკურნალობისათვის გათვალისწინებულ ყველა ხარჯს კვლავაც სახელმწიფო დაფარავს.

6 ოქტომბერს პორტალ „კვირის პრესკლუბში“ გამართულ პრესკონფერენციაზეახალი კანონის დეტალებსა და ქვეყანაში ტუბერკულოზის მხრივ არსებულ ვითარებაზე ილაპარაკა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა გიორგი ხეჩინაშვილმაც. მისი თქმით, კანონი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წამყვან ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად დაიწერა, ამ უმძიმესი დაავადებისგან საზოგადოების დაცვას გულისხმობს, მით უმეტეს, რომ დღეს საქართველოში ნამკურნალევი პაციენტები, სხვაფასხვა მიზეზის გამო, ხშირად წყვეტენ მკურნალობას და, როგორცინფექციის გამავრცელებელნი, საშიში ხდებიან დანარჩენი საზოგადოებისთვის. სახელმწიფოს კი ერთი ადამიანის მკურნალობა 15 000 ლარი უჯდება:

„სახელმწიფო მკაფიოდ ამბობს, რომ ის იღებს ვალდებულებას ამ დაავადების დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის, უფრო მეტიც, სოციალური მხარდაჭერის კუთხით. ცენტრში დგას პაციენტის გამოკვლევა. არის თუ არა ის გადამდები პაციენტი - ამის გაგება ხდება სწორედ სავალდებულო და თუ დადასტურდა მისი ავადობა, სახელმწიფო მას მკურნალობის სრულ კურსს სთავაზობს“.

საქართველო იმ 27 ქვეყანას შორისაა, რომლებიც განსაკუთრებით მდგრადი ფორმის ტუბერკულოზის შემთხვევათა სიჭარბით გამოირჩევიან და, ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმების თვალსაზრისით, საქართველო ე.წ. „მაღალი ტვირთის“ ქვეყნად ითვლება, გვეუბნება ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი, პროფესორი ზაზა ავალიანი. მისი თქმით, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ახალმა კანონმა ქვეყნის მოსახლეობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მხრივ ახალი მექანიზმები უნდა შექმნას, ამბობს ის. ავალიანის განცხადებით, არაერთი გამოკვლევა ადასტურებს, რომ ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიები ყველაზე ხშირად ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. კანონმა ამის პრევენციაც უნდა მოახდინოს. პრევენცია კი ყოველთვის უფრო იაფი უჯდება ქვეყანას, ვიდრე შედეგებთან ბრძოლა:

„ერთი პაციენტი, რომელიც დაავადებულია ტუბერკულოზის გადამდები ფორმით, ბიოლოგიური იარაღის საფრთხის ტოლფასია, მას შეუძლია დააავადოს 10-15 სხვა მოქალაქე. კანონმდებლობა მოწოდებულია, რომ გავრცელების ეს საფრთხე შემცირდეს და იმ მოქალაქეებს, ვისაც აქამდე ვალდებულება არ ჰქონდა კანონით, რომ მკურნალობას და იზოლაციას დაქვემდებარებოდა, ახლა ამის ვალდებულება გაჩნდება, რათა გარშემომყოფებზე აღარ გავრცელდეს ეს დაავადება“.

ზაზა ავალიანი ამბობს, რომ ტუბერკულოზი განკურნებადია, მაგრამ მხოლოდ იმ ეტაპზე, როდესაც ის მკურნალობას ექვემდებარება. შეწყვეტილი მკურნალობა კი, შესაძლოა, სახიფათო გახდეს არა მხოლოდ პაციენტისათვის, არამედ მის გარშემომყოფთათვის, თითოეული ჩვენგანისთვის ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანპორტში, თავშეყრის ადგილას და ა.შ.

როდესაც სახელმწიფოს ასეთი საკანონმდებლო ნორმები შემოაქვს, უნდა იზრუნოს იმაზეც, რომ კონკრეტულ სფეროში შექმნას შესაბამისი, სტანდარტებთან მიახლოებული პირობები იმ ავადმყოფებისათვის, რომლებსაც აიძულებ იმკურნალონ. ჩემი აზრით, ჯერჯერობით ასეთი პირობები, კონკრეტულად ტუბერკულოზის მხრივ, ჩვენთან არ არსებობს...
კაკი ზოიძე

ამ დროს კი დაუსრულებელ მკურნალობათა რაოდენობა საქართველოში 38 %-ს აღწევს. ზაზა ავალიანის თქმით, ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში ტუბერკულოზით უკვე დაავადებულია 4 000-მდე ადამიანი. გაზრდილია ბავშვთა ავადობის მაჩვენებელიც. როგორც წესი, მათ დაავადება მშობლებისგან გადაეცემათ, ისინი კი ძალიან ხშირად მკურნალობაზე უარს აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამა სრულად ფარავს მკურნალობის ყველა ხარჯს. ზაზა ავალიანი ელის, რომ სწორედ ასეთ ვითარებაში კანონი მშობელს დაავალდებულებს შვილისგან დროებით იზოლირებას და სავალდებულო მკურნალობას.

არც ის უნდა დავივიწყოთ, ამბობს ზაზა ავალიანი, რომ ტუბერკულოზი ქრონიკული დაავადებაა. მისი მკურნალობა შეიძლება 9 თვიდან რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდეს. როგორც წესი, ამ ხანგრძლივ მკურნალობაზე უარს ამბობენ განსაკუთრებით სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსული პატიმრები, რომელთა ნაწილი ამ დაავადების მატარებელია. მოსახლეობას არ ესმის, რომ ეს არ არის „მყისიერი მკვლელი“, ამბობს ზაზა ავალიანი, ეს ჩუმი, ნელი მკვლელია, რომელიც ბოლოს მაინც კლავს.

სტაციონარში მოთავსებულ პაციენტს კანონი დღემდე არ ზღუდავდა და, შესაბამისად, მას შეეძლო დაეტოვებინა საავადმყოფო და ქალაქში ემოძრავა. უარეს შემთხვევაში, საავადმყოფოს მხოლოდ ასეთი პაციენტების გაწერა შეეძლო, რაც პრობლემას ვერ წყვეტდა. კანონმა, თუ ის სწორად შესრულდება, ეს პრობლემაც უნდა გადაჭრას, ამბობს ზაზა ავალიანი.

ჯანდაცვის სპეციალისტი კაკი ზოიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ პაციენტების სავალდებულო მკურნალობა და იზოლაციის პრაქტიკა მიღებულია იმ ქვეყნებში,სადაც ტუბერკულოზის ტვირთი საკმაოდ მაღალია, პაციენტების უმრავლესობა კი მკურნალობის რეკომენდებულ რეჟიმს არ მიჰყვება. თუმცა კაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ როდესაც იძულებით მკურანლობას ვეხებით, განსაკუთრებული სიფრთხილე და, რაც მთავარია, შესაბამისი პირობების შექმნაა საჭირო:

„როდესაც სახელმწიფოს ასეთი საკანონმდებლო ნორმები შემოაქვს, უნდა იზრუნოს იმაზეც, რომ კონკრეტულ სფეროში შექმნას შესაბამისი, სტანდარტებთან მიახლოებული პირობები იმ ავადმყოფებისათვის, რომლებსაც აიძულებ იმკურნალონ. ჩემი აზრით, ჯერჯერობით ასეთი პირობები, კონკრეტულად ტუბერკულოზის მხრივ, ჩვენთან არ არსებობს. ამის გარეშე კი ასეთი საფრთხილო კანონის ამოქმედება არ შეიძლება. მაგალითად, ესტონეთში, სადაც არის ასეთი კანონი, არის საავადმყოფოც, რომელიც საუკეთესო პირობებით გამოირჩევა და სწორედ იქ უშვებენ პაციენტებს, როდესაც იძულებით მკურნალობას უნიშნავენ“.

მთელ მსოფლიოში დღეს ტუბერკულოზით დაახლოებით 60 მილიონამდე ადამიანია დაავადებული. ყოველ ათ წამში ამ დაავადებით გამოწვეული გართულებების გამო ერთი ადამიანი იღუპება. წელიწადში ეს რიცხვი 3 მილიონზე მეტია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, 2013 წელს ტუბერკულოზით დაავადების 9 მილიონი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 550 000 ბავშვი იყო. ტუბერკულოზით გარდაიცვალა მილიონ-ნახევარი ადამიანი, 80 000 - ბავშვი.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG