Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოტნე ცხვედიანი: უნივერსიტეტიდან მაღაროებამდე


ახალ ავტორებს და სადებიუტო წიგნებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება და მეც სულ ვცდილობ, თვალი მივადევნო მათ, მაგრამ ცხადია, დასაწყისი ხშირად არაა შთამბეჭდავი, უბრალოდ ხშირად ხელწერისა თუ თემატიკის რაღაც მომენტები იკვეთება, რომელთაც დამწყები ავტორი თუ სწორი გზით წაიყვანს, შეიძლება საინტერესო ავტორი შედგეს, მაგრამ ამ შემთხვევაში მე უცებ სტილურადაც და სათქმელის მხრივაც სრულიად ჩამოყალიბებულ მწერალს გადავაწყდი. მისმა წიგნმა პირველივე გვერდებიდან ჩამითრია და ბოლო სტრიქონებამდე ერთი ამოსუნთქვით წამაკითხა თავი. ლაპარაკია ცოტნე ცხვედიანის მოთხრობების კრებულზე „ქალაქი და წმინდანები“, რომელიც შარშან „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ დაბეჭდა.

ამ წიგნს ეპიგრაფად შოთა ჩანტლაძის ლექსის ფრაგმენტი უძღვის, სადაც საუბარია ქალაქზე, რომელშიც „არის დიდი, ძალიან დიდი, ვეებერთელა მოწყენილობა“, და ეს ეპიგრაფი ავტორის მიერ ძალიან ზუსტადაა შერჩეული, თუმცა პირველივე მოთხრობამ სულ სხვა მიმართულებით წამიყვანა: კარლო კაჭარავა გამახსენდა და მის სტრიქონებში მცხოვრები მაღაროელები. კარლო ამ ლექსებს 90-იანების დასაწყისში წერდა. მას შემდეგ 20 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ის ბედკრული ყოფა, რომელიც მას აღელვებდა, უკეთესობისკენ არანაირად არ შეცვლილა, და ამიტომაც ცოტნე ცხვედიანის „ანდერგრაუნდს“ ან „ოქროს ქალაქს“ სრულიად თავისუფლად შეგვიძლია წავუმძღვაროთ მისი „მაღაროებში თეთრი და შავი მემაღაროები ერთი ფერისანი არიან“ ან „ჩემი სატრფოა მაღაროს ჯორი“. და საერთოდაც, კარლო ცოცხალი რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა ამ წიგნის წინასიტყვაობაც დაეწერა, იმდენად ახლოს იქნებოდა მასთან ის სამყარო, რომელზეც ცოტნე ცხვედიანი წერს, ან დღეს სტუდიაში მოსულიყო ამ კრებულზე სასაუბროდ, მაგრამ სამწუხაროდ კარლო ცოცხალი აღარაა და ამიტომ წიგნზე საუბარი პოეტსა და დრამატურგს, ალექს ჩიღვინაძეს ვთხოვე, რომელიც ცოტნეს პირველივე მოთხრობამ შთაბეჭდილების ქვეშ მოაქცია და სწორედ მისი ინიციატივით დაიდო იგი თავდაპირველად საიტზე demo.ge.

ალექს ჩიღვინაძე
ალექს ჩიღვინაძე

ალექს ჩიღვინაძე: „რომ წავიკითხე პირველად ეს მოთხრობა, მეორე აბზაციდანვე ცოტა სხვანაირად განვეწყვე: იმიტომ რომ აღწერილი იყო როგორ კეთდება „მოლოტოვის კოქტეილი“ და მეგონა რომ სხვა რაღაცას წავიკითხავდი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ წავიკითხე ძლიერი მოთხრობა, გამართული და ყველაზე მთავარი ის იყო, რომ მე მჯეროდა, რომ ეს ადამიანი თვითონაც მუშაობდა მაღაროში, იმდენად კარგად აღწერს რეალობას. გუშინ რომ წავიკითხე ღამე დანარჩენი მოთხრობებიც, მივხვდი, რომ ყველა ქალაქზე, დაწყებული ზესტაფონით და მოყოლებული თბილისით, ასევე კარგად წერს და თვითონ კრებული არის კონცეპტუალურად ძალიან კარგად შეკრული, სახელწოდებაც ძალიან ზუსტადაა შერჩეული: „ქალაქი და წმინდანები“ - თან ეს პატარა ქალაქები, პროვინციული, დანგრეული, მიტოვებული ქალაქები, სხვაგან არ მახსენდება მე. გარკვეულწილად არის ფსიქოგეოგრაფიული მიდგომა: ამ წიგნში ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი თავად ქალაქებია, რაზეც წერს, და მეორე: წმინდანები - რეალურად ეს წიგნი არის წმინდანებზე, იმ წმინდანებზე, ვინც დაიტანჯა იმ რეალობის გამო, რა რეალობაშიც მოუწიათ ყოფნამ. პირველივე მოთხრობა, რომელიც წავიკითხე, იყო ამ განცდით, და მერე ეს განცდა გადაყვა სხვა მოთხრობებსაც: რომ რეალობა სადღაც სხვაგან ხდება, აქ არ ხდება, ჩვენთან, და იმ „მოლოტოვის კოქტეილს“, რომელიც შემოვიდა მეორე აბზაცში და გაისროლა, არაფერი არ მოჰყვა, ანუ ჟურნალისტებიც კი არ მოვიდნენ, მხოლოდ ერთი ჟურნალისტი მოვიდა, რომელიც გუბეებს აცილებდა ფეხებს - არაფერი - ისევ და ისევ დავბრუნდით ამ რეალობაში, ისევ და ისევ გადასახადების ფულისთვის რაღაც დაგვიანებულ ხელფასებს უნდა ველოდოთ. თითოეულ მოთხრობაში ავტორი ძალიან ოსტატურად ჰყვება, იმდენად ოსტატურად, რომ მთლად გაოცებული ვარ: უბრალოდ წმინდანი როგორ იტანჯება და ასე კი არ გაცოდებს მათ, არამედ სხვა გზით მიდის: დაწყებული ძაღლებით, რომლებიც წმინდანებს გვანან და ზესტაფონში პატარა ბავშვები უსმენენ ამ „წმინდანების“ ყმუილს, დამთავრებული ბელადით, რომელიც თავის სათაყვანებელ უნივერსიტეტში უბრალოდ ვერ შეიკავებს თავს და ჩაიჯვამს“.

ცოტნე ცხვედიანი კომპოზიციურად ოსტატურად აწყობს თავის მოთხრობებს, თითქოსდა ნახშირის ნატეხით ხელში ხატავს სხვადასხვა ქალაქისა და პერსონაჟის გრაფიკულ პორტრეტებს. მან იცის, ვინ რა ენაზე და როგორ ალაპარაკოს, წერს ფსიქოლოგიის უცნაურად ღრმა ცოდნით, მწარე რეალობას საჭირო დოზით ურევს იუმორსაც, იმ იუმორს, რაც გაჭირვებულ ადამიანსაც კი აუცილებლად რჩება. ერთადერთი, რაც ალაგ-ალაგ ზედმეტია, ესაა ის ბანალური „განმარტებები“, რაზეც ის არაჩვეულებრივად წერს და ამ „განმარტებების“ გარეშეც ცხადია. აი, ასეთები: „თბილისი მეგაპოლისი არ არის, მაგრამ ჩვენი ქვეყნის სხვა ქალაქებთან შედარებით ნამდვილ მონსტრად იქცა. დედაქალაქი ანადგურებს, ხოცავს პატარა ქალაქებს“. მაგრამ ეგ არაფერი, მწერლური ალღო მის ტექსტებს სულ მალე ასეთი ზედმეტობებისგანაც გაცხრილავს.

ცოტნე ცხვედიანი
ცოტნე ცხვედიანი

მე საერთოდ არაფერი ვიცოდი ამ ავტორის შესახებ და მაშინვე ინტერესი და კითხვები გამიჩნდა: საიდან იყო, რამხელა იყო და ჰქონდა თუ არა რამე გამოცდილება ამ გაპარტახებულ ქალაქებში ცხოვრებისა, თუ მწერლის ფანტაზიამ მოახერხა და შექმნა ასეთი დამაჯერებელი გარემო და ასეთ დამაჯერებელ გარემოში მცხოვრები დამაჯერებელი პერსონაჟები (ისე, ეს ფანტაზია რომ აშკარად არსებობდა და კარგადაც მუშაობდა, ამის მაჩვენებელი იყო მოთხრობა „სოხუმი“, რომელშიც აფხაზების ხელში გადასული ბოლო პერიოდის სოხუმია აღწერილი და რომელშიც ის ვერანაირად ვერ იცხოვრებდა). რაკი დარწმუნებული ვიყავი, რომ ავტორის პიროვნებისადმი ინტერესი მსმენელსაც გაუჩნდებოდა, ამიტომ იგი სოციალურ ქსელში მოვძებნე და გადაცემაშიც მოვიწვიე. ცოტნე 21 წლის მეოთხეკურსელი აღმოჩნდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობს და ქუთაისელია. აი, რა გვითხრა მან იმის შესახებ, თუ როგორ იქმნებოდა წიგნი:

ცოტნე ცხვედიანი: „ყველაფერი დაიწყო თსუ-ში შექმნილი სტუდენტური მოძრაობიდან. ჩვენ, სტუდენტები, ხშირად ჩავდიოდით ტყიბულში, ჭიათურაში და იქ უშუალო კონტაქტი გვქონდა მუშებთან, რომლებიც, ჩასვლის შემდეგ ჩვენთვის უფრო ნათელი გახდა, იქ ადამიანები მონურ პირობებში მუშაობენ და მსხვერპლიც დიდია, სტატისტიკაც ძალიან მძიმეა და დასაქმების პრობლემა არა მარტო ჭიათურასა და ტყიბულში და ამ პატარა ქალაქებშია, არამედ თბილისშიც ძალიან მძიმე პირობებში უხდებათ მუშაობა ადამიანებს. ეს წიგნი ჩაგრული ადამიანების ყოველდღიურობაზეა. ჩაგვრის ძირითადი მიზეზი კი არის ეკონომიკური საფუძველი და ეს აერთიანებს ამ ადამიანების პრობლემებს. მე არ ვაპირებ, რომ მარტო დავჯდე და ჩემთვის ვწერო. ეს ჩემთვის მიუღებელია. უპირველეს ყოვლისა უნდა ვიყო იმ ადამიანებთან ახლოს და სხვა ფრონტზეც გავაგრძელო ბრძოლა. მარტო წერით არაფერი არ გამოვა, სხვა აქტივობებიც საჭიროა, და ეს გამოცდილებაც არსებობს: ყველაზე კარგი მწერლები ხალხთანაც ახლოს იყვნენ და რადიკალურ ქმედებებზეც არ ამბობდნენ უარს“.

ძალიან ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს: ისეთი ემოციებით დატვირთული ვარ, რომ პირველი მოთხრობის შემდეგ რა შთაბეჭდილებაც მქონდა, ეს გამიძლიერდა, გამიათასმაგდა მართლა...
ალექს ჩიღვინაძე

ცოტნე რედაქციაში რომ შემოვიდა, გაყინული ხელი ჩამომართვა. დავსხედით და ერთმანეთის გაცნობა დავიწყეთ. ის შემცივნული თრთოდა, არადა, გარეთ თითქოსდა არცთუ ისე ციოდა, ადამიანი ასე რომ გათოშილიყო. და მე იგი უცებ საკუთარი მოთხრობებიდან გადმოსულ ერთ-ერთ პერსონაჟად წარმოვიდგინე. იმ ადამიანად, რომელიც სადღაც ბარაკივით შენობაში მშიერი და გაყინული ცხოვრობს. მერე სულ სხვა სურათი დავინახე: როგორ მოდის იგი პირდაპირ ქუჩიდან, მუშების მხარდამჭერი მრავალსაათიანი აქციიდან რადიოში და ამიტომ აქვს ასე გამჯდარი ტანში სიცივე. ჩვენ ვისხედით, ვსაუბრობდით, და რადიო თავისუფლების რედაქციის სითბო მას ნელ-ნელა ალხობდა. და როდესაც ცოტნემ მიკროფონთან ისაუბრა, საბოლოოდ გათბა და წავიდა, მე ახალი სურათი დავინახე: როგორ მიაქვს ეს შემთხვევით მოპოვებული სითბო მას სწრაფი ნაბიჯებით თავის პერსონაჟებთან, ურიგებს მათ და კვლავ გაყინული რჩება. გაყინული, მაგრამ ძლიერი და პრინციპული. იმიტომ რომ მან ზუსტად იცის, როგორ იცხოვროს და წეროს.

ალექს ჩიღვინაძე: „ძალიან ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს: ისეთი ემოციებით დატვირთული ვარ, რომ პირველი მოთხრობის შემდეგ რა შთაბეჭდილებაც მქონდა, ეს გამიძლიერდა, გამიათასმაგდა მართლა. ჩემი აზრით, შარშან, პრინციპში ორი მოვლენაა: ლიტერატურაში აი ეს წიგნი და „მე ვარ ბესო“ - ფილმი, ორივე სწორედ ამ მიტოვებულ, გაპარტახებულ რეალობაზე ლაპარაკობს, რეალობაზე, რომელსაც თვალი შევაჩვიეთ, და სწორედ ამ ცუდ რეალობაში იპოვო ისეთი სასწაული, რაც გადაგარჩენს, ესაა ყველაზე ძნელი გასაკეთებელი და იგი ამას ახერხებს“.

პრინციპში, მე ამ წიგნს პარლამენტარებს, მინისტრებს, გუბერნატორებს დავურიგებდი და თითქმის დავაძალებდი მის წაკითხვას. იქ, სადაც მრავალათასიანი მიტინგები და სატელევიზიო სიუჟეტები ვერაფერს ცვლის, შეიძლება მწერლის მიერ ასე ზუსტად გასროლილმა „მოლოტოვის კოქტეილმა“ უკეთ იმუშაოს. თუკი ადამიანს ქვის გული არა აქვს, იმან, რაც ამ წიგნში ხდება, იგი ოდნავ მაინც უნდა ააფორიაქოს.

XS
SM
MD
LG