Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში რუსეთთან „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ შეთანხმების გასაფორმებლად ემზადებიან


დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვი.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვი.

რუსეთსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმების“ გაფორმებას მიმდინარე კვირაში ელოდებიან. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე მთავრობის წინადადება მიიღო, ცხინვალში კი აცხადებენ, რომ რამდენიმე ტექნიკური საკითხია დასაზუსტებელი, რომლის შემდეგაც ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართება. ამის შესახებ ჩვენი რადიოს რუსულენოვან პროგრამა „ეხო კავკაზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ხელმოწერილი დოკუმენტის პარლამენტში რატიფიკაცია უპრობლემოდ მოხდება და ამის შესახებ საპარლამენტო პარტიებს შორის თანხმობა მიღწეულია.

საქართველოს მთავრობა რუსეთსა და თვითაღიარებულ რესპუბლიკას შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებას საქართველოს ტერიტორიების ანექსიის მცდელობად მიიჩნევს. ამ აზრს იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა, თუმცა რუსეთის გადარწმუნება შეუძლებელია. თბილისში მყოფი ეუთოს გენერალური მდივნის ლამბერტო ძანიერის განცხადებით, რუსეთის მიერ აფხაზეთსა და თვითაღიარებულსამხრეთ ოსეთთან გაფორმებული "ხელშეკრულებების" გამო შეშფოთებას "ძალიან ხმამაღლა" გამოხატავენ.

როგორც ლამბერტო ძანიერმა საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრ თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ძალიან შეწუხებულები არიან იმ ნაბიჯით, რომელიც რუსეთმა გადადგა:

"ეს არის მეტი საწინდარი რეგიონში დესტაბილიზაციის. ჩვენ მკაფიოდ გვესმის ეს ყველაფერი. შესაბამისად, ძალიან ხმამაღლა გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მარტო შეშფოთება არ არის საკმარისი, ქმედებების განხორციელებაა საჭირო. ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ იმ მექანიზმს, რომელიც ჩვენს ხელთ არის – ეს არის დიალოგის ფორმატი, ორგანიზაციის ჩართულობა“.

თიბილოვის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ხელმოსაწერად გამზადებული დოკუმენტი ითვალისწინებს ეგრეთ წოდებულ საზღვარზე მოქალაქეთა თავისუფალ გადაადგილებას, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საბაჟო სისტემების ერთიანი სივრცის შექმნას. მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალში დოკუმენტის სამუშაო ვერსიების გამო დისკუსია არ წყდებოდა, ეს ვერსიები პერიოდულად ოსურ მედიასა და სოციალურ ქსელებში ჩნდებოდა, ხელმოსაწერად გამზადებული დოკუმენტის ტექსტი კი საგულდაგულოდ გაასაიდუმლოეს და ადგილობრივი მოხელეები მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ეს ხელშეკრულება აფხაზეთთან გაფორმებული ხელშეკრულების მსგავსია. დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე სტანისლავ კოჩიევი მიიჩნევს, რომ ეს ხელშეკრულება კიდევ ერთი ნაბიჯია სამხრეთ ოსეთის რუსეთთან საბოლოოდ გაერთიანების გზაზე.

რაც შეეხება ცხინვალში საზოგადოების განწყობას, ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ხელშეკრულებით დე ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებული სუვერენიტეტი არ უნდა შეილახოს, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ რუსეთთან მეტი ინტეგრაციაა საჭირო და, საბოლოოდ, სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციაში უნდა გაერთიანდეს. ორ ნაწილად გაყოფილ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დოკუმენტის საბოლოო ვარიანტზე მუშაობისას ამ საკითხებზე ცხარე დისკუსია და ურთიერთდაპირისპირება იყო. ოსური საზოგადოება დოკუმენტზე ხელმოწერამდე ვერ გაიგებს ის საბოლოოდ რა სახეს მიიღებს: რუსეთთან მჭიდრო ინტეგრაციის შედეგად დაიკარგება ეგრეთ წოდებული სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები, თუ მინიმალურად მაინც შენარჩუნდება ეგრეთ წოდებული სუვერენიტეტი.

XS
SM
MD
LG