Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა


თბილისი
თბილისი

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი თბილისსა და მის შემოგარენში დილის 10 საათზე დაიწყო. ანალოგური სიგნალის გამორთვის შემდეგ თბილისში, საგარეჯოს რაიონში, რუსთავში, მარნეულში, კოჯორსა და მცხეთაში ყველა იმ ოჯახს, რომელიც აქამდე ღია საეთერო მაუწყებლობით იღებდა სატელევიზიო სიგნალს, ანუ ბინის ან სახურავზე დამონტაჟებული ანტენის მეშვეობით, დასჭირდება სპეციალური მოწყობილობა, რომლითაც მათი ტელევიზორი ციფრულ სიგნალს მიიღებს. როგორ მიმდინარეობს პროცესი და რა სირთულეები ახლავს თან?

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ვალდებულება საქართველომ რამდენიმე წლის წინ იკისრა საერთაშორისო ტელეკომუნიკაციის კავშირის წინაშე და მას ამ ვალდებულების შესასრულებლად დრო 2015 წლის 17 ივლისამდე ჰქონდა. თუმცა, როგორც კომუნიკაციის ეროვნული კომისიის პრესმდივანი ხატია ყურაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, მაუწყებლებსა და ოპერატორებთან, ასევე არასამათავრობო სექტორთან შეთანხებით გადაწყდა, პროცესი პირველად თბილისში დაწყებულიყო, ისიც - ცოტა გვიან, რეგიონებში კი - უფრო გვიან. თბილისში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი 1 ივლისს დაიწყო და 25 აგვისტოს პროცესი მთლიანად დამთავრდება:

ხატია ყურაშვილი
ხატია ყურაშვილი

„გადაწყდა, რომ დედაქალაქი, ინფრასტურქტურის თვალსაზრისით, მეტად განვითარებულია. მოსახლეობის უმეტეს ნაწილს აქვს საკაბელო ოპერატორის მომსახურება. ესენია ინტერნეტტელევიზია, ასევე საკაბელო და თანამგზავრული და, შესაბამისად, პროცესი უფრო უმტკივნეულო იქნებოდა“.

ანალოგური მაუწყებლობის გამორთვა და, შესაბამისად, ციფრულზე გადასვლა შეეხებათ ანალოგურ მაუწყებლობაზე დამოკიდებულ პირებს, ანუ მათ, ვინც სახლის ან სახურავის ანტენით სარგებლობდა, ანუ უფასოდ იღებდა სხვადასხვა ქართულ სატელევიზიო არხებს. ამ ოჯახებს სპეციალური „სეტ ტოპ ბოქსების“, ე.წ. მიმღებების შეძენა დასჭირდებათ. თუმცა, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი ნინო რობაქიძე ორგანიზაციის მიერ დაკვეთილი კვლევის საფუძველზე ამბობს, გამოკითხულთა 90 % ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა მათი 49% ამ ცვლილებას მოუმზადებელი ხვდება.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 38% სატელევიზიო სიგნალს სატელიტური თეფშით იღებს, 32% - ანტენით, 25% - კაბელების მეშვეობით, 4% კი - ინტერნეტით. გამოკითხულთა მხოლოდ 8% აცხადებს, რომ არა აქვთ ინფორმაცია 2015 წლის ზაფხულიდან საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თაობაზე, განაცხადა ნინო რობაქიძემ:

„მოსახლეობის 32% ანტენის საშუალებით იღებს სატელევიზიო სიგნალს და ჩვენ ვთვლით, რომ თუნდაც ამ პროცენტის ნახევარიც რომ არ იყოს მზად ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის და აღმოჩნდეს სატელევიზიო სიგნალის გარეშე, ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემა იქნება, ვინაიდან ამ ადამიანებს არ ექნებათ წვდომა ინფორმაციის მთავარ წყაროსთან“.

მთავრობამ გადასწია ორი კვირით პროცესის დასაწყისი. ამის მიზეზი იყო თბილისის სტიქიაც და სწორად მოიქცა მთავრობა და სწორედ ამ ორი კვირის განმავლობაში „რესივერების“ რაოდენობა ძალიან გაიზარდა, თითქმის ყველა მაღაზიაშია...
უჩა სეთური

იმისათვის, რომ მოსახლეობა სიახლისათვის მზად ყოფილიყო, ამბობს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესმდივანი ხატია ყურაშვილი, 6 თვის განმავლობაში სპეციალური საინფორმაციო კამპანია წარმოებდა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ინფორმირებულია სიახლის თაობაზე, ამბობს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მედია და სატელეკომუნიკაციო მიმართულების სპეციალისტი უჩა სეთური, „სეტ ტოპ ბოქსების“ გაყოდვის მონიტორინგმა, რომელსაც ორგანიზაცია აწარმოებდა, უჩვენა, რომ გაყიდვები ბოლო 2 კვირის განმავლობაში გაიზარდა, რაც საზოგადოების ინერტულობაზე მიუთითებს:

„2 ივნისიდან დავიწყეთ მონიტორინგი ინტენსიურად და 2 ივნისს ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო, იმიტომ რომ ეს მიმღებები იყო რამდენიმე მაღაზიაში, მომხმარებელი დაბნეული იყო. მთავრობამ გადასწია ორი კვირით პროცესის დასაწყისი. ამის მიზეზი იყო თბილისის სტიქიაც და სწორად მოიქცა მთავრობა და სწორედ ამ ორი კვირის განმავლობაში „რესივერების“ რაოდენობა ძალიან გაიზარდა, თითქმის ყველა მაღაზიაშია, ჩვენ საიტზეც ყოველდღიურად ვამატებთ ამ ინფორმაციას, სად რომელ მაღაზიებშია მათი შეძენა შესაძლებელი, რა სახის, და შეიძლება ითქვას, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრა“.

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონებში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ჯერ არ დაწყებულა (პროცესი ჯერ მხოლოდ საგარეჯოს, მარნეულს შეეხო), „რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ მაუწყებლებს ტექნიკური გადაიარაღების გამო სერიოზული ფინანსური დარტყმა მიადგათ და ამიტომ თანამშრომელთა ხელფასებს ვერ ისტუმრებენ. ამასთან, ბანკებმა მხოლოდ სამომხმარებლო სესხები გასცეს, ისიც მაღალ პროცენტში. ნათია კუპრაშვილის თქმით, რეგიონებში აუდიტორიის 40 პროცენტი სწორედ ანალოგური სიხშირით იღებდა სატელევიზიო სიგნალს, რის გამოც ამ რაოდენობის აუდიტორიის დაკარგვის თუ არა, მათთვის შეფერხების საფრთხე მაინც არსებობს, რისი კვლევაც წინასწარ არ ჩატარებულა.

„ერთ-ერთ რეგიონალურ ტელევიზიაში მომხმარებელმა პირდაპირ მიიტანა ტელევიზორი და მიმღები და შეაერთეთ ვერაფერი გავიგე, რა უნდა გავაკეთოო. არიან ისეთებიც, რომლებიც ვერ გადაადგილდებიან და რეკავენ ტელევიზიებში და ითხოვენ მხარდაჭერას, ვინაიდან არ შეუძლიათ მისვლა, შეძენა და სხვა. და აი, ამ რეჟიმში ვართ“.

მომხმარებელი იღებს დიდი რაოდენობით ქართულ არხებს, რომლებიც მანამდე საერთოდ არ იყო ეთერში, ერთჯერადი ხარჯებით...
უჩა სეთური

შესაძლო შეფერხებების მიუხედავად, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მედია და სატელეკომუნიკაციო მიმართულების სპეციალისტის უჩა სეთურის თქმით, ცვლილება უმნიშვნელოვანესია როგორც მომხმარებლებისთვის, ისე სატელევიზიო ბაზრის განვითარებისთვის:

„მომხმარებელი იღებს დიდი რაოდენობით ქართულ არხებს, რომლებიც მანამდე საერთოდ არ იყო ეთერში, ერთჯერადი ხარჯებით. თუ ტელევიზორს არ აქვს ეს ფუნქცია შიგნით, 70 ლარის გადახდით მას აქვს ძალიან კარგი ხარისხის უფასო "კონტენტი". რას იღებს აქედან ქვეყანა? - ქვეყანა იღებს მედიის გავრცელების კუთხით ფართო შესაძლებლობებს, ანუ თუ სტუდია ვერ ავრცელებს თავის "კონტენტს", ამის პრობლემა არ იარსებებს. მთავარი მიღწევაა ის, რომ ძალიან მოკლე დროში განახორციელა ეს სახელმწიფომ და, იმედია, უპრობლემოდ დასრულდება. რეგიონალური მედიის უფასო ლიცენზიები არის რეგიონალური მედიის განვითარების კარგი საშუალება და, რაც ყველაზე მთავარია, კონკურენტული პლატფორმა ჩნდება საეთეროდ და ეს გამოიწვევს თანამგზავრული, საკაბელო და აიპი ტელევიზიების ხარისხის გაუმჯობესებასაც და ფასების შემცირებასაც“.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად საჭირო სპეციალური მიმღებები სახელმწიფომ სოციალურად დაუცველებისთვის შეისყიდა, სხვა მსურველებს კი მათი შეძენა თავად მოუწევთ.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG