Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია წინააღმდეგია ზუგდიდის მერიამ მიწის ნაკვეთი ქონების მართვის სააგენტოს გადასცეს


ზუგდიდის მერიის შენობა
ზუგდიდის მერიის შენობა

ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ თანხმობა მისცა მერიას დააკმაყოფილოს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნა მისთვის მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. საუბარია ზუგდიდის ცენტრში, ნიკოლაძის ქუჩაზე, მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 8576 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე. საკრებულოს გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, საკრებულოს უმრავლესობას სხდომაზე არ წარუდგენია სრულყოფილი ინფორმაცია მიწის გადაცემის პირობების შესახებ, ქონების მართვის სააგენტოს კი უკვე გადაწყვეტილიაქვს, რომ ფართი, კორპუსების მშენებლობის მიზნით, შპს „აკვაპარკს“ გადასცეს.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ბალომე შელიას თქმით, ეს ნაკვეთი წლების განმავლობაში ეკუთვნოდა აღნიშნულ შპს-ს, რომლის ყოფილ ხელმძღვანელს, მანანა მიქავას, სასამართლომ ის სხვადასხვა დარღვევების გამო ჩამოართვა:

„რეალურად საუბარია ძველ მესაკუთრეზე, რომელსაც წლების განმავლობაში ჰქონდა ეს ტერიტორია. მან ვერ შეასრულა ის ვალდებულებები, რაც თავის დროზე ჰქონდა აღებული. თუ დღეს იგივე პიროვნებას ან შპს-ს გადავცემთ ჩვენ ამ მიწის ნაკვეთს, მაშინ ლოგიკას ვერ ვხედავ და სად არის, მაინტერესებს, საკრებულოს წევრებისგან“.

გარდა შპს „აკვაპარკის“ მიმართ არსებული უნდობლობისა, „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი ლაშა ფარცვანია აცხადებს, რომ არსებობს კიდევ რამდენიმე მიზეზი, თუ რატომაც არ დაუჭირა მან საკრებულოს მხარი:

„ეს არის მუნიციპალიტეტის საკუთრება და უსასყიდლოდ ეკონომიკის სამინისტროს რატომ უნდა გადავცეთ, როცა ჩვენ შეგვიძლია ტენდერზე ამ მიწის გატანა? ეს არის სანაპირო ზოლი, რეკრეაციული ზონა და აქ 12 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის აშენება ყოვლად მიუღებელია“.

ოპოზიცია ირწმუნება, რომ საკრებულოს უმრავლესობა„მალავს“ პირველი წერილის არსებობის ფაქტს, წერილისა, სადაც ქონების მართვის სააგენტო „აკვაპარკისთვის“ გადასაცემად ითხოვდა მიწის ნაკვეთს, კორპუსების მშენებლობის მიზნით.

ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე. თენგიზ ქოჩუას მტკიცებით, წერილში მხოლოდ ის იყო ნათქვამი, რომ სააგენტო იღებს ვალდებულებას შემდგომში ტერიტორიის განვითარების შესახებ:

„ნებისმიერ საკითხზე შეიძლება რაღაც ეჭვები გაჩნდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ფაქტი ერთია: ქონების მართვის სააგენტო ჩვენ მოგვმართავს, რომ თვითონ იღებს პასუხისმგებლობას და არავითარი კონკრეტული პიროვნება ან ბიზნესმენი ამ წერილში არ ფიგურირებს. აქედან გამომდინარე, ეჭვებს პასუხს ვერ გავცემ“.

შპს „აკვაპარკის“ დამფუძნებელი მანანა მიქავაა. მან მიწის ნაკვეთი 2008 წელს შეიძინა. ხელშეკრულების პირობების თანახმად, მას მიწის ნაკვეთზე აკვაპარკი 2012 წლამდე უნდა აეშენებინა და 6 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაედო. თუმცა, როგორც ბიზნესმენი აცხადებს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება მისი დაპატიმრების გამო ვერ მოახერხა. მიქავა 2010 წლის 26 ნოემბერს თაღლითობის მუხლით დააკავეს. ის სასამართლომ ბიუჯეტისთვის გადასახადების დამალვისა და „ლაზიკა კაპიტალისგან“ დიდი ოდენობის თანხის თაღლითური გზით მითვისებისთვის გაასამართლა. ბიზნესმენი პატიმრობიდან 2013 წლის აგვისტოში გათავისუფლდა, თუმცა მის კუთვნილ მიწაზე ნასყიდობის ხელშეკრულება, ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის, გამგეობას უკვე ბათილად ჰქონდა ცნობილი. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ ეტაპზე შპს „აკვაპარკი“ დიმიტრი ქვარცხავას სახელზეა რეგისტრირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG