კვირა, 26 მაისი, 2013 თბილისის დრო 12:06

რუბრიკები / ბიბლიოთეკა

სტიგ ლარსონის ტრილოგია

x

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ახლა გაგანია ზაფხულია და თამამად შეიძლება საგანცხრომო საკითხავსაც მივაქციოთ ყურადღება, პოპულარულ ლიტერატურას, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ ხშირად გამოიცემა ქართულ ენაზე. ასეთებს შორის ალბათ ყველაზე მეტად უნდა გამოვარჩიოთ სტიგ ლარსონის მსოფლიო ბესტსელერი, რომლის მეორე წიგნიც "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" უკვე გამოსცა. რამდენიმე თვის წინ ნიკა სამუშიას მიერ გადმოქართულებულ პირველ ნაწილს ახლახან მეორეც მოჰყვა, "გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა", და, როგორც მთარგმნელმა მითხრა, შემოდგომაზე მესამე ნაწილსაც უნდა ველოდოთ მშობლიურ ენაზე.

ჯერ მთარგმნელზე მინდა ორი სიტყვა ვთქვა. ზოგადად, ნიკა სამუშია ძალიან გამრჯე, ზუსტი, თანმიმდევრული და ოპერატიული მთარგმნელია. მას უზარმაზარი ტექსტები აქვს დაძლეული. ოდესღაც ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში შეიძლებოდა მოძებნილიყო ადამიანი, ვინც ტოლკინის "ბეჭდების მბრძანებელს" თარგმნიდა. ეს ადამიანი ნიკა სამუშია აღმოჩნდა. გარდა ამისა, მან თარგმნა ტოლკინისვე ჰობიტი, კიდევ ერთი ბესტსელერის, "ბინდის" 4 წიგნი, სიუზენ კოლინზის "შიმშილის თამაშების" პირველი წიგნი, ფილიპ პულმანის "ოქროს კომპასი", ჩაკ პალანიკის "მებრძოლთა კლუბი". მოკლედ, თანამედროვე პოპულარული პროზის თარგმანი ამ ბიჭზე დგას, თუმცა გასულ წელს "ამერიკული მოთხრობის ანთოლოგიაში" მის მიერ თარგმნილი ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, უილიამ საროიანი და ჯოის ქეროლ ოუთსიც ვნახეთ. განსაკუთრებით გამოვყოფდი ოსტატურად გადმოტანილ განწყობას ფიცჯერალდის მოთხრობაში "ზამთრის ოცნებები".
საერთოდ, როცა ბესტსელერებზე ვსაუბრობთ ხოლმე, ყოველთვის არის ისეთი მიდგომა, რომ ძირითადად ეს არის გასართობი წიგნები. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ, თუ გასართობია, რაღაც თვალსაზრისით ეს წიგნი საინტერესოცაა, იმიტომ რომ უინტერესო წიგნით ვერ გაერთობი...

ახლა ავტორს რაც შეეხება. ბევრმა შეიძლება იცით, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ეს გახლავთ შვედი ჟურნალისტი სტიგ ლარსონი, რომელიც 50 წლისა გარდაიცვალა 2004 წელს და სამი სქელტანიანი რომანი დატოვა. მალევე, მისი გარდაცვალების შემდეგ, რომანები მსოფლიო ბესტსელერებად იქცნენ. მათ მიხედვით 2009 წელს შვედებმა სამი ფილმი გადაიღეს, 2011-ში მათ ამერიკელებმაც მიბაძეს. ეს ფილმები, ალბათ, ბევრ თქვენგანს აქვს ნანახი.

სტიგ ლარსონი ცნობილი იყო თავისი ულტრამემარცხენე შეხედულებებით და მთარგმნელმაც ამ თემით დაწყება ამჯობინა საუბრისას:

"მთელი კარიერის მანძილზე სტიგ ლარსონი მუშაობდა მემარცხენე ჟურნალ-გაზეთებში, შვედეთის ტროცკისტულ და კომუნისტურ გამოცემებში და, სხვათა შორის, მის მიმართაც არ იყვნენ დადებითად განწყობილნი შვედეთის მთავრობის წარმომადგენლები. მას ხშირად მიუღია მუქარის წერილები, განადგურებითაც დამუქრებიან და დადიოდა ეჭვი, რომ ლარსონის სიკვდილში გარეშე ძალებს მიუძღვით წვლილი."

ამ ეჭვს ზოგი არარეალურად მიიჩნევს, სხვები კი ბევრ სიგარეტს აბრალებენ ლარსონის ინფარქტით გარდაცვალებას. ერთ რამეზე ყველა თანხმდება - ლარსონს და მის მეგობარ ქალს მუდმივი ზეწოლისა და მუქარის პირობებში უწევდათ ცხოვრება. როდესაც ნეონაცისტებმა 1999 წელს შვედეთის პროფკავშირის ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს, მკვლელის ბინაში მწერლის შესახებ ინფორმაციები და ფოტოები აღმოაჩინეს. ამის შემდეგ ლარსონს პატარა წიგნიც კი დაუწერია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ჟურნალისტები ასეთი მუქარისა და დევნის შემთხვევაში, ერთგვარი ცნობარი რისკიანი ჟურნალისტისთვის. ისე, ზოგიერთ ქართველ ჟურნალისტსაც გამოადგებოდა ეს ცნობარი.

ლარსონის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი თემები მისი რომანების მთავარ თემებადაც იქცა:

"საერთოდ, როცა ბესტსელერებზე ვსაუბრობთ ხოლმე, ყოველთვის არის ისეთი მიდგომა, რომ ძირითადად ეს არის გასართობი წიგნები. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ, თუ გასართობია, რაღაც თვალსაზრისით ეს წიგნი საინტერესოცაა, იმიტომ რომ უინტერესო წიგნით ვერ გაერთობი. ანუ რაღაც საინტერესო თემაა ყველასთვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ძირითადი თემა მაინც ქალზე ძალადობის საკითხია, განსაკუთრებით პირველ წიგნში... თავად ლარსონის თქმით, იგი ახალგაზრდობისას შესწრებია გოგონას ჯგუფური გაუპატიურების სცენას და ამან ძალიან იმოქმედა მის ფსიქიკაზე. სხვათა შორის, თუ სწორად მახსოვს, იმ გოგონას სწორედ ლიზბეთი ერქვა, ამ ტრილოგიის მთავარი გმირის სახელი."
მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალური რომანია, ანუ დეტექტივია, წიგნის არც ერთი მთავარი გმირი არ არის დეტექტივი - ერთი ჟურნალისტია, მეორე კი ჰაკერი. ალბათ, ესეც იწვევს მკითხველის დაინტერესებას...

ეს წიგნის დაწერის ერთ-ერთ მოტივს რაც შეეხება... თუმცა, ამის გარდა, ბევრი სხვა საკითხიც შეიძლება წამოვიდეს წინა პლანზე:

"მეორე მხრივ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს წიგნი თანამედროვე მკითხველზეა გათვლილი, გმირებიც თანამედროვენი არიან, ძალიან ორიგინალური. მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალური რომანია, ანუ დეტექტივია, წიგნის არც ერთი მთავარი გმირი არ არის დეტექტივი - ერთი ჟურნალისტია, მეორე კი ჰაკერი. ალბათ, ესეც იწვევს მკითხველის დაინტერესებას. როგორც უკვე აღვნიშნე, მკითხველის გარკვეულ წრეში შეიძლება ლარსონის პოლიტიკურმა სიმპათიებმა გამოიწვიოს დაინტერესება, იმიტომ რომ იგი დაუფარავად აკრიტიკებს თუნდაც ბიუროკრატებს და მათთან ერთად მილიარდერებს, მდიდრებს. ეს მისი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური სიმპათიებიდან გამომდინარე. ეს იგრძნობა მის წიგნებში და შეიძლება მკითხველის რაღაც რაოდენობა ამიტომაც ინტერესდება ამ წიგნებით. სიუჟეტი ორიგინალურია იმიტომაც, რომ დეტექტივი ზოგადად საინტერესო წასაკითხია და ბევრი მკითხველი ჰყავს, განსაკუთრებით, როცა სიუჟეტიც ორიგინალურია და გმირებიც ორიგინალური არიან."

ახლა გმირებს რაც შეეხება. ზოგს მიაჩნია, რომ ლარსონის წიგნი მისი ერთი ბრწყინვალე მიგნების გამო გახდა ასე პოპულარული, მიგნება კი შემდეგში მდგომარეობდა: წიგნის მთავარი გმირები, ჟურნალისტი ბლუმკვისტი და ჰაკერი ლიზბეთ სალანდერი ასტრიდ ლინდგრენის ორი ძალიან ცნობილი პერსონაჟის დიაქრონულ ვარიანტად აქცია ავტორმა. საუბარია 14 წლის დეტექტივ კალე ბლუმკვისტზე და პეპი გრძელი წინდაზე, რომლებიც თითქოს გაიზარდნენ და თანამედროვე ხიფათებში გაეხვივნენ.

ლიზბეთი მეორე რომანში ცოტათი შეცვლილი გამოდის ასპარეზზე. მართალია, ისევ მეტრნახევარია სიმაღლეში და ისევ 40 კილოს იწონის, მაგრამ, სამაგიეროდ, გენუის კლინიკაში მკერდი გაიდიდა და პირსინგები მოიძრო ძუძუსთავიდან, ქვედა ტუჩიდან და მარცხენა სასქესო ბაგიდან, ასევე გამოიძრო ლურსმანი ენიდან და ამჯერად მხოლოდ მარცხენა წარბსა და ჭიპზე დარჩენილი პირსინგებით წარდგება მკითხველის წინაშე.

როგორც ზემოთ ვთქვი, შემოდგომაზე მესამე წიგნსაც უნდა ველოდოთ, მანამდე კი, რაღაც მასალების ქექვისას, მეოთხე წიგნის მოკლე შინაარსსაც გადავაწყდი, რომელიც ლარსონს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გაუგზავნია თავისი მეგობრის, ჯონ ჰენრი ჰოლმბერტისთვის. რომანის მოქმედება კანადის ერთ ძალიან მიყრუებულ ადგილას, საქს ჰარბორში იწყება, სადაც სალანდერი და ბლუმკვისტი აღმოჩნდებიან. წერილში ასეთი პასაჟიცაა: "საქს ჰარბორში 134 ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც მხოლოდ კვირაში ორჯერ უკავშირდებიან დანარჩენ სამყაროს ვერტმფრენების საშუალებით, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ამინდი გამოვიდა... სამაგიეროდ, იქ 48 000 ხარვერძია (რაღაც საშუალოა ბიზონსა და ცხვარს შორის - მ.ხ.), 80 სხვადასხვა სახეობის ყვავილი, რომელიც მხოლოდ 2 კვირის განმავლობაში ყვავის, ივლისში, და 1500-ზე მეტი პოლარული დათვი."


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: Tbilisi
15.08.2012 15:07
მალხაზ, თუ ტოლკინის , სიუზენ კოლინზის, ფილიპ პულმანის, ჩაკ პალანიკისა და ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის სახელებს სწორად წერთ, ჯოის ქეროლ ოუთსის სახელი რა მოსაზრებით მოიტანეთ ასეთი ფორმით. უნდა იყოს კეროლ ოუტსი

ავტორი: თამთა საიდან გვწერთ: თბილისი
08.08.2012 14:41
არა მგონია, პეპი ლიზბეთისნაირი გაზრდილიყო )

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
06.08.2012 14:10
სტიგ ლარსონის ნამუშევრებს თუ ასე სწრაფად მოაბავდა ვინმე თავს და თარგმნიდა ქართულად ნამდვილად არ მეგონა....

უნდა აღინიშნოს რომ ლარსონი იყო ექსპერტი მემარჯვენე ნაცისტური მოძრაობის. კარგი იქნება ამის შესახებ იქნეს რაიმე გამოცემული ქართულად...ზოგიერთ ვაიმამულიშვილებს ნაცისტური სვასტიკის ტარება და იდეოლოგიის გაზიარება პატრიოტობად რომ მიაჩნია.

ავტორი: ჟოფრე
06.08.2012 00:35
"ტატუ" რომ სჯობია "სვირინგს" და დღეს უფრო ფართოდ გავრცელებული სიტყვაა საქართველოში და დრაკონი რომ დრაკონია, ეგ ნაღდად ვიცი.

მეტი რა გითხრა? როგორც ჩანს "სვირინგს" ვერ გადაგაყვარებ და დავიშალოთ ასე მეგობრულად...

ავტორი: დარტანიანი საიდან გვწერთ: ლენინაკანი
06.08.2012 00:10
ჟოფრე-ჯან! ქართული ჩემზე უკეთ გეცოდინება, ფრანგი კაცი ჩანხარ... მაგრამ გემოვნებაში პა-მოემუ ვერ ლავეს ხარ... ია ტაკ დუმაიუ!

ავტორი: ჟოფრე
05.08.2012 23:51
დრაკონი ქართულად ითარგმნება დრაკონად, (ან გველეშაპად) როგორც ელფი ითარგმნება ელფად, ან როგორც ტროლი - ტროლად. ურჩხული არის მონსტრი. ურჩხულის სვირინგი არა ის კიდე... სადმე გაგიგიათ სვირინგის სალონი რომ ეწეროს? ან დღეს ვინმე ამბობს სვირინგი გავიკეთეო?

"გოგონა დრაკონის ტატუთი" და "დრაკონისტატუიანი გოგონა" ორივე მისაღები ფორმაა.

"ქალი კამელიებით" არ წაგიკითხავთ?

ავტორი: ხარა საიდან გვწერთ: თბილისი
05.08.2012 22:44
შესაძლოა თქვენ სხვაგვარად ფიქრობთ, მაგრამ ჩემთვის წინადადების წყობა "გოგონა დრაკონის ტატუთი" უფრო ლამაზად ჟღერს, ვიდრე "ურჩხულისსვირინგიანი გოგო". შესაძლოა გრამატიკულად არასწორია, მაგრამ როცა მხატვრულ ნაწარმოებს ეხება საქმე, ნამდვილად მირჩევნია გრამატიკულად იდეალურად აწყობილი ტექსტის მაგივრად მცირედ ხარვეზული, მაგრამ ლამაზი თარგმანი. "ურჩხულისსვირინგიანი გოგო" ძალიან ცუდად მხვდება ყურში.

ან კიდე რა მნიშვნელობა აქვს, ტატუს დაუძახებთ თუ სვირინგს?

ავტორი: ვასო საიდან გვწერთ: თბილისი
05.08.2012 22:27
"თავსაფრიანი დედაკაცი" წაგიკითხავთ? თუ "დედაკაცი თავსაფრით" ერქვა?

მოსე, გეთანხმები. ძალიან კარგი შენიშვნა იყო!

ავტორი: A.
05.08.2012 21:36
გოგონა დრაკონის ტატუთი - ზუსტი და კარგი სათაურია.

ავტორი: ჟოფრე
05.08.2012 16:36
"ტატუ" საერთაშორისო სიტყვაა და დღეს საქართველოში "სვირინგზე" უფრო გავრცელებულია. თანაც ბევრად მოხდენილი და ლამაზი სიტყვაა.

დრაკონი და გველეშაპი კიდევ ჰო, მაგრამ დრაკონი და ურჩხული...

სასირცხო ბაგეს სასქესო ბაგესაც უწოდებენ ქართულად თუმცა, სასირცხო ბაგე ალბათ უფრო ზუსტია.

ავტორი: დ.
05.08.2012 14:44
ტექსტში ნახსენებ სასქესო ბაგეს სასირცხო ბაგე ჰქვია.

დეფი

ავტორი: მოსე საიდან გვწერთ: ხონი
05.08.2012 13:52
ნიკა სამუშია ძალიან გამრჯე, ზუსტი, თანმიმდევრული და ოპერატიული მთარგმნელიაო, ბრძანებთ თქვენ, ბატონო მალხაზ. შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ ქართულ ენასთან რომ მწყრალად არის, ესეც ფაქტია. როცა ლარსონის ტრილოგიის პირველი წიგნის ქართული გამოცემა ვნახე, თვალებს არ დავუჯერე! "გოგონა დრაკონის ტატუთი" - ასე ჰქვია ქართულ ვარიანტს. არადა, გამართული ქართული იქნებოდა "ურჩხულისსვირინგიანი გოგონა" ან, თუ მაინცდამაინც, "დრაკონისსვირინგიანი გოგონა". მოკლედ, წიგნის გარეკანის შემხვედვარეს, მისი ყიდვის სურვილი გამიქრა. სამუშიას თარგმანის წაკითხვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია...

ავტორი: ბიო საიდან გვწერთ: home
05.08.2012 13:12
აუ, რა კარგი იქნებოდა ამ ტრილოგიას გაგრძელება რომ ჰქონდეს, ისე მომეწონა, დამენანა სამ წიგნში რომ დამთავრდა...

ყველაზე პოპულარული