Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის დასჭირდება სახელმწიფო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი


საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველს თუ ქართულენოვანი უნივერსიტეტის დამთავრების დამადასტურებელი დიპლომი არ ექნება, სახელმწიფო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი დასჭირდება. ამას ითვალისწინებს „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული და რომლის სასესიო განხილვაც, სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისში დაიწყება.

სახელმწიფო ენის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთ ინიციატორს, ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, პროფესორ ავთანდილ არაბულს უკვირს, რატომ გამოიწვია განსაკუთრებული გაუგებრობა იმ საკითხმა, რომ საჯარო მოხელემ უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა. მისი თქმით, არც ერთ ქვეყანაში ამაზე კითხვას არ დასვამენ, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე-15 მუხლის თანახმად კი, საჯარო მოხელეს ისედაც მოეთხოვება ქართული ენის ცოდნა:

ავთანდილ არაბული
ავთანდილ არაბული

„რაც შეეხება შეკითხვას, საჯარო მოხელეს უნდა ჰქონდეს თუ არა აუცილებლად სერტიფიკატი, ეს კანონში ნამდვილად არ წერია. არც ის წერია, რომ საჯარო მოხელემ აუცილებლად უნდა ჩააბაროს გამოცდა. იქ წერია, რომ იარსებებს სახელმწიფო გამოცდა სახელმწიფო ენის სერტიფიკატის მისანიჭებლად, ვისაც ეს დასჭირდება. შეიძლება მოქალაქეობის მისაღებად დასჭირდეს ან, როგორც ჩვენ ვიღებთ სხვადასხვა უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, იმისთვის თუ როდისმე დაგვჭირდა, და ასევე, თუ საჯარო სამსახურში მოსთხოვენ. ამას ენის კანონი ვერ მოსთხოვს. საჯარო სამსახურის შესახებ კანონმა უნდა მოსთხოვოს და თუ მოსთხოვენ, რომ მას ჰქონდეს სერტიფიკატი, მან ეს სერტიფიკატი უნდა წარადგინოს“.

საჯარო სამსახურის შესახებ კანონი სახელმწიფო ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს არ ითხოვს, მოთხოვნა მხოლოდ ენის ცოდნაა.

რას შეეხება კანონპროექტის თანახმად მეორე სახელმწიფო ენად განსაზღვრულ აფხაზურ ენას და მის ცოდნას, ავთანდილ არაბული ამბობს, რომ საკანონმდებლო ინიციატივაში გადმოტანილია კონსტიტუციური ნორმა, რომელიც მეორე სახელმწიფო ენად აფხაზურს ადგენს, თუმცა აფხაზური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოთხოვნა იმოქმედებს აფხაზეთის ტერიტორიაზე, სადაც სახელმწიფო ენად, ქართულთან ერთად, აფხაზურიცაა:

„შეუძლებელია აფხაზურთან დაკავშირებით დავაზუსტოთ მოთხოვნები გამოცდასთან დაკავშირებით. ერთადერთი - აფხაზეთის ტერიტორიაზე ამოქმედდება აფხაზური ენის სახელმწიფო სტატუსი და ის მეორე ადგილს დაიკავებს სახელმწიფო ენის - ქართულის - შემდეგ“.

ბუნებრივია, კანონის დონეზეც რომ არ იყოს გაწერილი ეს ნორმა, მიმაჩნია, რომ საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ, რომელსაც სურს თვითრეალიზება, როგორც სახელმწიფო მოხელეს, იმისათვის, რომ იყოს სახელმწიფო სამსახურში და ემსახუროს საზოგადოებას პოლიტიკურ არენაზე, უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა...
აგიტ მირზოევი

ამ კანონპროექტით გათვალისწინებულია სპეციალური სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაც, რაც გააადვილებს სახელმწიფო ენის დაუფლებას, ამბობს ავთანდილ არაბული. ეს პროგრამები, მისი თქმით, დააინტერესებთ ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებს. ისინი იქნება უფასო. პროგრამების შემუშავება დაევალება ენის სახელმწიფო დეპარტამენტს, რომლის შექმნაც იგეგმება სახელმწიფო ენის შესახებ კანონის თანახმად, და პროგრამებს დაამტკიცებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ამ პროგრამის საფუძველზე დაინიშნება გამოცდა, რის შემდეგაც გაიცემა ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ეთნოსთა შორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის დირექტორი აგიტ მირზოევი ამბობს, რომ შესაძლოა ადგილობრივ დონეზე მოსახლეობისთვის - ან მათთვის, ვისაც საჯარო მოხელეობა სურს - წარმოიშვას გარკვეული დაბრკოლება, მაგრამ თუ საჯარო მოხელეს სურს ემსახუროს ქვეყნის ინტერესებს, მან აუცილებლად უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა:

„ბუნებრივია, კანონის დონეზეც რომ არ იყოს გაწერილი ეს ნორმა, მიმაჩნია, რომ საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ, რომელსაც სურს თვითრეალიზება, როგორც სახელმწიფო მოხელეს, იმისათვის, რომ იყოს სახელმწიფო სამსახურში და ემსახუროს საზოგადოებას პოლიტიკურ არენაზე, უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ძალიან გაუჭირდება საზოგადოებრივი ინტერესების ადვოკატირება“.

აგიტ მირზოევის აზრით, ენის შესწავლის უმთავრესი ფაქტორი არის მოტივაცია - მან უნდა იცოდეს, რა ასპარეზს გაუხსნის ენის ცოდნა. თუმცა, აგიტ მირზოევის ხედვით, არსებობს ზოგადად პარტიული პრობლემა, ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლობის თვალსაზრისით, და თავად პარტიებს არ გააჩნიათ სტრატეგია, თუ როგორ შეიძლება გაზარდონ კადრები და შექმნან პირობები თუნდაც ადგილობრივ დონეზე იმისათვის, რომ ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებს შორის იყოს კონკურენცია ადგილებზე უფრო მაღალი, ვიდრე დღესაა.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG