Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერაქტები და რუსეთის მიზნები საქართველოს ინტერესების ხარჯზე


ბარაკ ობამასა და ვლადიმირ პიტინის შეხვედრა „დიდი ოცეულის“ სამიტზე, სტამბოლში
ბარაკ ობამასა და ვლადიმირ პიტინის შეხვედრა „დიდი ოცეულის“ სამიტზე, სტამბოლში

პარიზის ტერორისტული აქტების კვალდაკვალ შექმნილმა ურთულესმა ვითარებამ ათასგვარი საფიქრალი გაუჩინა საერთაშორისო თანამეგობრობას და ახლებური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა საქართველოც. აქტუალური გახდა შეკითხვა: ემუქრება თუ არა ქვეყანას რეალური საფრთხე ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან და რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ეს პროცესი. პარალელურად, ანალიტიკოსების ერთი ნაწილი მეტ საფრთხეს მოელის რუსეთის მიერ წამოწყებული სათავისო თამაშიდან – ლაპარაკია რუსეთის მცდელობაზე, მიიღოს მაქსიმალური სარგებელი, რომლის შედეგადაც, შესაძლოა, საგრძნობლად დაზარალდეს საქართველოს ინტერესები.

მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ე.წ. „გურჯისტანის ვილაიეთის“ ჩამოყალიბებას აპირებს, რაც საქართველოში მის შემოსვლას ნიშნავს, სადეზინფორმაციო პოლიტიკის ნაწილად მიიჩნევს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე და არ გამორიცხავს, რომ ხალხის დაშინების მიზნით წარმოებული ეს საინფორმაციო კამპანია რუსეთის მიერ იმართებოდეს. როგორც ექსპერტი აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, შედეგი საკმაოდ სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს, იმის გათვალისწინებით, რომ თავისი მიზნების მისაღწევად რუსეთი ყველანაირ საშუალებას გამოიყენებს და გამორიცხული არ არის, რომ ის თვითონ გახდეს საფრთხის წყარო საქართველოსთვის, რათა გაამართლოს თავისი პროგნოზები რადიკალი ისლამისტებისგან მომავალ საფრთხეებთან დაკავშირებით. რუსეთს ახალი რეალობის დამკვიდრების მიზანი ამოძრავებს:

გიორგი გობრონიძე
გიორგი გობრონიძე

„ხდება ამგვარი იდეის გაღვივება, რომ ეს საფრთხე რეალურია და მოდი, ჩვენ ამის გარშემო გავერთიანდეთ, ანუ დავივიწყოთ საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დავივიწყოთ საუბარი ეთნიკურ წმენდაზე, რომელიც განახორციელა რუსეთის ფედერაციამ საქართველოში, დავივიწყოთ საუბარი განგრძობადი ოკუპაციის პროცესზე, იმიტომ რომ, ხალხო, რა დროს ეს არის – „ისლამური სახელმწიფო“ შეიქმნა უკვე ჩრდილოეთ კავკასიაში, ერთი მიმართულებით, რადგანაც კავკასიის საამირო უკიდურესად დასუსტებულია... მეორე მხრივ, აგერ, სარფის საბაჟოს მიღმა ახლო აღმოსავლეთი იწყება და თურქეთის შემდეგ უკვე სირიაა (გეოგრაფიულად, მართლაც, ძალიან ახლოს ვართ)... აი, ამას იყენებენ იმისთვის, რომ ერთგვარი აზრის ფორმირებას შეუწყონ ხელი საქართველოში“.

მართალია, სხვა ანალიტიკოსების მსგავსად, არც გიორგი გობრონიძე გამორიცხავს, რომ ექსტრემისტული ორგანიზაციის კიდევ უფრო განვითარებისა დაგაძლიერების შემთხვევაში, მისმა ინტერესებმა, ადრე თუ გვიან, საქართველომდეც მოაღწიოს, მაგრამ ამ ეტაპზე ძირითად საფრთხეს ის სწორედ რუსეთის მიზნებიდან გამომდინარე მოელის. მიზანი ხალხის დაშინებაა და შემდეგ უკვე ხალხის შიშმა მთავრობების მხრიდან კომპრომისი უნდა გამოიწვიოს.

რუსეთი შეეცდება უკვე, რომ ის პრობლემები, რაც წამლავს მის ურთიერთობებს დასავლეთთან – ეს იქნება უკრაინისა თუ საქართველოს პრობლემატიკა, ერთგვარად უკანა პლანზე გადასწიოს...
ზაალ ანჯაფარიძე

რუსეთი რომ შექმნილ სიტუაციაში სათავისო თამაშს თამაშობს და მაქსიმალური ხეირის მიღებას ცდილობს, აშკარაა დამოუკიდებელ ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძისთვის და, როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, შესაძლოა ამ პროცესში მკვეთრად დაზარალდეს საქართველოს ინტერესები:

„როგორც კი ეს ტერაქტები მოხდა, მაშინვე დასავლეთი ალაპარაკდა საერთო ძალისხმევაზე ტერორიზმთან ბრძოლაში და რუსებთანაც შედგა გარკვეული კონტაქტები ამ მიმართულებით. ამის ფონზე რუსეთი შეეცდება უკვე, რომ ის პრობლემები, რაც წამლავს მის ურთიერთობებს დასავლეთთან – ეს იქნება უკრაინისა თუ საქართველოს პრობლემატიკა, ერთგვარად უკანა პლანზე გადასწიოს... და ეს, ალბათ, ასეც მოხდება, რადგანაც დღეს დასავლეთისთვის პირველი რიგის პრობლემას ISIS-ის („ისლამური სახელმწიფოს“) პრობლემა წარმოადგენს“.

იმის გარდა, რომ, შესაძლოა, მეორე პლანზე გადაიწიოს უკრაინისა და საქართველოს ოკუპაციისა თუ ანექსიის თემებმა, რუსეთის მცდელობებმა, შესაძლოა, უარყოფითი ასახვა პოვოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებზე და ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შეიძლება თავი შეიკავოს საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებისგან, რადგანაც ეს, ცხადია, გააღიზიანებს რუსეთს.

ნატოსთან დაკავშირებულ პესიმისტურ პროგნოზს სავსებით რეალისტურად მიიჩნევს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე, თუმცა რადიო თავისუფლებასთან ის ასევე სავსებით რეალისტურ ოპტიმისტურ პროგნოზზეც ლაპარაკობს, რაც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას გულისხმობს. ექსპერტი საკითხს შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტის ჭრილში განიხილავს:

ნიკა ჩიტაძე
ნიკა ჩიტაძე

„2001 წლის ტერაქტმა დააჩქარა ალიანსის გაფართოების პროცესები და ტერაქტიდან სამი წლის შემდეგ ნატოს ისტორიაში ყველაზე დიდი გაფართოების მომსწრე გავხდით – 7 სახელმწიფო ერთდროულად გახდა ნატოს სრულუფლებიანი წევრი. ამიტომაც შესაძლებელია, რომ, როგორც ერთ-ერთი აქტიური პარტნიორი ქვეყანა, ნატოს დასჭირდეს საქართველო“.

ნატოსგან განსხვავებით, ანალიტიკოსები შეფერხებებს ნაკლებად მოელიან ევროკავშირის მიმართულებით. ისინი იმედოვნებენ, რომ პარიზის 13 ნოემბრის ტერაქტების კვალდაკვალ პრობლემები არ შეექმნება ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის პერსპექტივას, რასთან დაკავშირებულ დადებით პასუხსაც საქართველოს მოქალაქეები წლის ბოლოსთვის მოელიან.

რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, პარიზში განვითარებული სისხლიანი მოვლენების ფონზე, ექსპერტები საქართველოს ხელისუფლებას მაქსიმალურ სიფრთხილესა და წინდახედულობას ურჩევენ. აქვეა მოწოდება საზღვრებისა თუ შემოვლითი გზების მაქსიმალურად გაკონტროლების თაობაზე. თავის მხრივ, ხელისუფლებამ უკვე გამოაცხადა გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომების გაძლიერების შესახებ. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, საქართველო შედეგიანად მუშაობს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და ქებაც არ აკლია ამ მხრივ თავისი დასავლელი პარტნიორებისგან. ირაკლი სესიაშვილი ქვეყანაში უშიშროების სისტემის კარგად მუშაობის მანიშნებლად იმ ფაქტსაც მიიჩნევს, რომ საქართველოდან „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საბრძოლველად გამგზავრება მხოლოდ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მოახერხა. ამასთან, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ტერორიზმთან ბრძოლის პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს, თავისი დასავლელი პარტნიორების მხარდამხარ, განსაკუთრებული წვლილი შეაქვს გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG