Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2015 წელი ტექნოლოგიების სფეროსა და ქართულენოვან ინტერნეტში


გეიმჯემი
გეიმჯემი

2015 წელი საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროსა და ქართულენოვანი ინტერნეტისთვის რამდენიმე გამორჩეული ამბით დაგვამახსოვრდება. გასულ წელს რამდენიმე ქართული პროექტი ახალ ეტაპზე გადავიდა და გახდა საერთაშორისო. წლის განმავლობაში ვხედავდით ახალ იდეებს, თამაშებს, ვებსაიტებს... დისკუსიების გააქტუალურებას და საზოგადოების დაინტერესებასა თუ ჩართულობას განაპირობებდა ან ისეთი ამბები, რომლებიც პრობლემას უქმნიდა ყველას, განურჩევლად იმისა, თუ რამდენად იყვნენ დაინტერესებულნი მანამდე ამ სფეროში არსებული მდგომარეობით (მაგალითად, ბილეთების კრიზისი), ან შემთხვევები, რომლებიც აერთიანებდა ყველას(მაგალითად, 13 ივნისის სტიქიის შემდეგ წამოწყებული ინტერნეტკამპანია).

საჭიროა თუ არა ტექნოლოგიების სფეროს ტერმინებისთვის ქართული შესატყვისების მოძებნა, თუ ყველაფერი დავტოვოთ ისე, როგორც არის, ან, საერთოდ, როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ვერთვებით დისკუსიაში ტექნოლოგიების შესახებ? ინტერნეტმედიის გააქტიურებამ და ტექნოლოგიების შესახებ სტატიების რაოდეონობის მკვეთრმა ზრდამ, რითაც ასევე გამოირჩეოდა 2015 წელი, ავტომატურად აქტუალური გახადა ეს თემაც. დისკუსიებში აქტიურად მონაწილეობდა თემო ბარათაშვილი, ideahub.ge-ს რედაქტორი, რომელიც გვიზიარებს მოსაზრებას, თუ რატომაა საჭირო ადეკვატური ტერმინოლოგია:

"თუ ერთ მედიაში, რადიოში, მოვისმინე ასეთი სიტყვა თქვეს, დავუშვათ, ავიღოთ "wearable technology" ინგლისურად. ამაზე მქონდა პრობლემა, ფეისბუკში მეგობრებს ვკითხე, აბა, ეს ქართულად როგორ არის, როგორ დაუძახებდით-მეთქი ამას და ბევრი ისაუბრეს, ისაუბრეს, პასუხები მითხრეს, ვერ ჩამოვყალიბდით ერთ აზრზე და საბოლოოდ გამოვიყენე როგორც "სატარებელი ტექნოლოგია". შემდეგ ვუყურებდით ერთ გადაცემას, სადაც თქვეს "ტარებადი ტექნოლოგია". შემდეგ ჩვენც ვისაუბრეთ იმაზე, რომ "ტარებადი ტექნიკა" უნდა იყოს. როდესაც მე ან ნებისმიერი ადამიანი უსმენს ან რადიოს, ან უყურებს ტელევიზორს, ან გაზეთს კითხულობს, ერთი და იგივე ტერმინი უნდა ხვდებოდეს, ჩემი აზრით, რაც ერთ ნივთს შეესაბამება, რომ უფრო გასაგები გახდეს".

Biletebi.ge
Biletebi.ge

წლის ერთ-ერთი გამორჩეული ამბავი, რომელშიც საქართველოში წლების განმავლობაში მოქმედი ინტერნეტსერვისი იყო ჩართული, იყო ბილეთების კრიზისი. უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია უნდა მომხდარიყო საიტზე biletebi.ge, თუმცა საიტმა ვერ გაუძლო დატვირთვას, რაც განპირობებული იყო საიტის მიმართ აქამდე უპრეცედენტო ინტერესით და, საბოლოოდ, ვერ მოახერხა დაკისრებული მოვალეობის შესრულება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2015 წლის 22 ივნისს ქართულენოვანი ინტერნეტის მომხმარებელი იყო წლის განმავლობაში ყველაზე უკმაყოფილო. იმაზე, თუ რა გვასწავლა "ბილეთების კრიზისმა", რა გაკვეთილები მიიღო ინტერნეტბიზნესმა საქართველოში და სად უშვებდა ინდუსტრია შეცდომას აქამდე, ლაპარაკობს აკო ახალაია, marketer.ge-ს დამფუძნებელი:

"ეს, ჩემი აზრით, იქნება კარგი გაკვეთილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ჩვენ ასეთი მაგალითები გვაქვს, მაგრამ აქედან არაფერს არ ვსწავლობთ. მე ხშირად ვცდილობ მოვიძიო საქართველოში ინტერნეტბიზნესები, რომლებიც გლობალურ დონეზე ფიქრობენ, ანუ არა მარტო საქართველო აკმაყოფილებთ, არამედ გლობალური ბაზრები, და ძალიან იშვიათად, რომ ვინმე ამაზე ფიქრობდეს. biletebi.ge-ს შემთხვევაც იყო ის, რომ დიდი ხანია ამას აკეთებენ, ქართულ ბაზარს ყოფნიდნენ და შეიძლება უცებ ჩათვალეს... მე არ ვიცი, სხვა რას იზამდა მათ ადგილას, იმიტომ რომ ეს მათ კარგად რომ გამოსვლოდათ, იქნებოდა ძალიან დიდი ნაბიჯი წინ, მაგრამ, ნუ, არ გამოუვიდათ. დარწმუნებული ვარ, თვითონაც გამოიტანენ დასკვნებს და როცა ისინი დაუბრუნდებიან თავიანთ პოზიციებს, რომ ისევ ბილეთები უნდა გაყიდონ, ის რეალობა აღარ დახვდებათ, რაც აქამდე ჰქონდათ, იმიტომ რომ უკვე მომხმარებელი შეიცვალა, დამოკიდებულება შეიცვალა, კონკურენტები ჩნდებიან და მათ უკვე მოუწევთ ბაზრისთვის მოსმენა".

ქართულენოვანი ინტერნეტი გასულ წელს კარგ გაკვეთილებსაც სწავლობდა. klasi.ge - პროექტი, რომელიც 2015 წლის ზაფხულში გამოჩნდა, წარმოადგენდა ონლაინ პროზაულ სერიალს, რომელიც რამდენიმე კლასელისა და პარალელურკლასელის ცხოვრების ისტორიით ცდილობდა ჩვენთვის მოზარდების პრობლემები გაეცნო, ყურადღება გაემახვილებინა ბულინგის პრობლემაზე სკოლებში, მასწავლებლებისა და მშობლების მიერ ხშირად დაშვებულ შეცდომებზე და ა.შ. პროექტის ავტორები ბოლომდე ინარჩუნებდნენ ანონიმურობას. რადიო თავისუფლება მათ ფეისბუკის საშუალებით ესაუბრა, ერთ-ერთი ავტორი ასე განმარტავდა, თუ რატომ აირჩიეს ეს ფორმა და სიუჟეტი პრობლემებზე სასაუბროდ. შეგახსენებთ, რომ სიუჟეტში გამოყენებული ხმა არ ეკუთვნის პროექტთან ასოცირებულ არც ერთ ადამიანს:

"13 წელი ის ასაკია, საიდანაც უკვე იწყება სერიოზული გარდამტეხი პროცესები. როცა ბავშვებს მთლად ბავშვებადაც აღარ თვლიან - მით უმეტეს, თავიანთ თავს აღარ თვლიან ბავშვები ბავშვებად. ამ დროს საინტერესო პროცესი მიდის: პირველი ამბოხი მშობლებისა და საზოგადოების წინააღმდეგ. ამ ამბოხის შედეგი და ბრძოლის პროცესი განაპირობებს იმას, თუ როგორ ადამიანად ჩამოყალიბდება პიროვნება მომავალში. შეიძლება მთლიანად არ განსაზღვროს ვიღაცა, მაგრამ პირველი უმნიშვნელოვანესი პროცესები, ჩემი აზრით, სწორედ ამ ასაკში მიდის. გარდა თვითონ ბავშვის გაკეთებული არჩევანისა თუ მისი ბრძოლისუნარიანობისა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარშემომყოფთა ქცევას. მოკლედ, ძალიან კომპლექსური პროცესები მიდის და ამან გადამაწყვეტინა, რომ ამ ასაკიდან დამეწყო ამბების მოყოლა".

დევფესტი
დევფესტი

თბილისში 2015 წელსაც ჩატარდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის იყო დევფესტი, გუგლის დეველოპერების ჯგუფის მიერ ორგანიზებული ღონისძიება, რომელიც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქალაქში ტარდება და აერთიანებს დეველოპერებს მთელი მსოფლიოდან. დევფესტს წელსაც ჰქონდა გამორჩეული თემები, მაგალითად, ქალების როლი ტექნოლოგიებში, რის გაზრდასაც გუგლი ბოლო წლებში აქტიურად ცდილობს. გუგლის დეველოპერების ჯგუფის მენეჯერმა ნინო ნანიტაშვილმა 2015 წლის დევფესტზე საუბრისას განაცხადა, რომ მომავალი წლისთვის ჯგუფს საქართველოსთვის უკვე უფრო მასშტაბური გეგმები აქვს:

"ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ თბილისში უკვე ძალიან ბევრი რამ ხდება. გვაქვს ჯეოლაბი, სხვადასხვა აქსელერატორი პროგრამა, ფაბლაბი და ა. შ. რაც ჩვენს გეგმებშია, რაც გვინდა განვავითაროთ შემდეგი ერთი წლის მანძილზე, არის ის, რომ დავეხმაროთ სხვა ქალაქებს დააარსონ საკუთარი GDG. ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს იმდენივე GDG, რამდენი ქალაქიცაა. ამ შემთხვევაში, ჩვენთან არის მხოლოდ თბილისში და დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგ წელს, როცა მოხვალთ ინტერვიუზე, გეტყვით, რომ ჩვენ უკვე გვაქვს 4 ქალაქში გუგლის დეველოპერების ჯგუფი - ქუთაისში, ბათუმში, ხაშურსა და რუსთავში".

გასულ წელს უკვე მეორედ ჩატარდა თბილისის ინტერნეტფორუმიც. ინტერნეტფორუმის ორგანიზატორი მირიან ჯუღელი საუბარში ხაზს უსვამდა, რომ 2015 წლის ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ქართულენოვანი ინტერნეტის აქტუალური საკითხების განხილვას, ინტერნეტის ისტორიაზე დისკუსიასა და გამორჩეული ქართული პროექტის წარმოდგენას:

ინტერნეტფორუმი
ინტერნეტფორუმი

"საქართველოში დღეს ინტერნეტში ძალიან ბევრი რამ კეთდება. უბრალოდ, ჩემი აზრით, ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. ამ ღონისძიების ერთ-ერთი იდეა ზუსტად ეს არის, რომ ჩვენ განვიხილოთ, რა ხდება საქართველოში, ინტერნეტსივრცეში, და რაღაცნაირად შთაგონება მივიღოთ აქედან, რომ ჩვენც რამე გავაკეთოთ. კონკრეტული გამომსვლელი შეიძლება გამოვიდეს კომერციული იდეით და მან აქ ნახოს ადამიანი, რომელიც დაეხმარება განვითარებაში ან დაფინანსებაში და ა. შ. ამიტომაც, მე მგონია, რომ ძალიან ბევრი რამ ხდება დღეს ინტერნეტში. უბრალოდ, ჩვენ ეს ყველაფერი უნდა აღმოვაჩინოთ, ვისაუბროთ ამაზე და ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, რაც ხდება ამ ღონისძიებაზე რეალურად".

წლის ბოლოს კი განსაკუთრებით თავი დაგვამახსოვრა თბილისის გეიმჯემმა, რომელიც ამჯერად პირველ ნაბიჯებს დგამდა საერთაშორისო ღონისძიებად გადაქცევისკენ. გეიმჯემი გახდა სერიოზული ტრამპლინი ვიდეოთამაშების ქართველი შემქმნელებისთვის. 2015 წლის გეიმჯემის გამარჯვებული 2016 წლის თებერვალში გაემგზავრება ამსტერდამში და Casual Connect-ზე წარმოადგენს საკუთარ იდეას. ნიკა როსტომაშვილი, გეიმჯემის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ლაპარაკობს იმაზე, თუ რა გამოარჩევდა ამ ღონისძიებას და რატომ იყო ის მნიშვნელოვანი:

"ჩვენს შემთხვევაში მოხდა, ალბათ, ყევლაზე დიდი რამ, რაც შეიძლებოდა, რომ მომხდარიყო. Casual Connect-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი, წარმომადგენელი, თვითონ ჩამოვიდა იმისთვის, რომ პირადად დაესწროს ამ ღონისძიებას და რაღაც გადაწყვეტილებები მიიღოს, ვინ წაიყვანოს და ა.შ. ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ჩვენ აქ გავაჟღერეთ უკვე, რომ, ჩვენი კიბერსპორტის ფედერაციასთან ერთობლივი აქტივობის შედეგად, საქართველო დღეს არის ყველაზე რეალური კანდიდატი ელექტრონულ სპორტში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებისთვის. ეს დღეს გაჟღერდა აქამდე არგაჟღერებული, იმიტომ რომ მაინც ველოდებოდით, რომ დადასტურებულიყო. ჩვენ გაზაფხულზე უკვე დავიწყებთ მომზადებას, რომ „თბილისი გეიმჯემი“ და „თბილისი ქოსფლეი“ გადაიქცეს ისეთ საერთაშორისო ივენთად, როგორიც არის, მაგალითად, Casual Connect".

2015 წელს წამოწყებული პროექტების დიდ ნაწილს ერთი რამ აერთიანებთ - ისინი ცდილობენ დაიწყონ რაღაც ახალი, რომელიც გაგრძელდება და განვითარდება. თუ რამდენად შეძლებენ დასახული მიზნების შესრულებას, ამას უკვე 2016 წელს ვნახავთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG