Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ოპოზიცია თელავის მერიაში ჩატარებულ კონკურსს ეჭვქვეშ აყენებს


თელავი
თელავი

კახეთის მუნიციპალიტეტებში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ბოლო, გასაუბრების, ეტაპი მიმდინარეობს. ამ პროცესით უკმაყოფილოა ოპოზიცია. მათ კომისიის მუშაობაში ეჭვი შეაქვთ. თელავის მერიაში გასაუბრების პროცესს ვერ დაესწრო მესამე სექტორი.

თელავის მერიაში ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებული კონკურსის ბოლო ეტაპი, გასაუბრება, მიმდინარეობს. ეს პროცესი 3-4 დღე გაგრძელდება. კონკურსანტთა უმრავლესობის მოთხოვნით, გასაუბრების პროცესს არ ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. როგორც საიას თელავის ოფისის იურისტი მარეხ მგალობლიშვილი ამბობს, ვერ მოხერხდა ამ პროცესის სრული მონიტორინგი:

„დავინტერესდით, კონკურსანტებს რატომ არ უნდოდათ ჩვენი დასწრება. მათ ძირითად მოტივად დაასახელეს, რომისინი არაკომფორტულად იგრძნობდნენ თავს და გარკვეული დისკომფორტი შეექმნებოდათ არასამთავრობო ორგანიზაციების დასწრებით. აქედან გამომდინარე,ჩვენ ვერ შევძელით სრულყოფილად სადამკვირვებლო მისიის განხორციელება და მონიტორინგი“.

თელავის მერიის მიმართ უფრო კრიტიკულები არიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ნიკა ვარდოშვილი თვითმმართველი ქალაქის საკრებულოში „ახალ მემარჯვენეებს“ წარმოადგენს. ამბობს, რომ მერიის საკონკურსო საატესტაციო კომისიაში წევრად არც ერთი ოპოზიციური პარტია არ არის წარმოდგენილი. ახალი ხელისუფლების პირობებში ჩატარებული კონკურსების მიმართ ნიკა ვარდოშვილს გარკვეული ეჭვები უკვე გაუჩნდა:

„ჩემი შეფასება ის არის, რომ კონკურსისგამჭვირვალობას ვაყენებ ეჭვქვეშ. ეს არ არის გამჭვირვალე კომისია, რაც შემიძლია გადაჭრით გითხრათ. თუ ექნება დღევანდელ ხელისუფლებას ამბიცია თქვას, ჩვენ გამჭვირვალედ ვატარებთ ამ ატესტაციასო, მე ვერ დავეთანხმები“.

თელავის მერიაში საკონკურსო საატესტაციო კომისიას არჩილ თხლაშიძე ხელმძღვანელობს. ის, იმავდროულად, თელავის საკრებულოს თავმჯდომარეა. თხლაშიძე ამბობს, რომ „არ ჩათვალა საჭიროდ კომისიის წევრი ოპოზიციიდანაც ყოფილიყო“.

„ცხრა კომისიის წევრში საკრებულოს დეპუტატები ორნი ვართ წარმოდგენილი და არ არის საკმარისი? ორი დეპუტატი ვართ „ოცნებიდან“. რა ვიცი, არ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ყოფილიყო ოპოზიციიდან დეპუტატი. ამაში რამე დანაშაულია?!“

საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი კახეთის თითქმის არც ერთ მუნიციპალიტეტში არ არის დასრულებული. მაგალითად, სიღნაღში 15 ადგილზე ხელახალი კონკურსის გამოცხადება გახდა საჭირო. სიღნაღის გამგებელი დავით ჯანიკაშვილი ამბობს, რომ მეორე კონკურსი 11-12 თებერვალს გაიმართება:

„15 პოზიციაზე კონკურსი თავიდან გამოვაცხადეთ. განაცხადების ატვირთვისთვის ბოლო ვადა გვაქვს ხუთ თებერვლამდე. გამგეობაში არის სამი ვაკანსია, ერთი-ბუღალტერიაში. გვჭირდებამთავარი სპეციალისტი საბუღალტრო საკითხებში, დანარჩენი - სოფლის სპეციალისტები“.

კონკურსები კახეთის მუნიციპალიტეტებში გასული წლის მიწურულს, დეკემბერში ჩატარდა. თითო რაიონში საშუალოდ 90-მდე ვაკანტური ადგილი იყო. გასაუბრების პასუხები ამჟამად ხდება ცნობილი, რის შემდეგაც უკვე გასაჩივრების ეტაპი დაიწყება.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG