Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მიმდინარეობს „ამბასადორიალი - 2015“


თბილისში მიმდინარეობს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა, „ამბასადორიალი - 2015“. მის გახსნას დაესწრნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეებს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარუდგინა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილს აქვს დიდი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც საქართველოს დაეხმარება აწარმოოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან მეტად დაკავშირებული საგარეო პოლიტიკა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი გზავნილია და ბევრს ნიშნავს ის ფაქტი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი იმავდროულად ვიცე-პრემიერიცაა.

საქართველო აქტიურად განაგრძობს შეუქცევად საგარეო-პოლიტიკურ კურსს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ - განაცხადა ამბასადორიალზე გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მან უახლოესი პერიოდის პრიორიტეტებად დაასახელა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება და საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ადეკვატურად ასახვა ნატოს მომავალი სამიტის გადაწყვეტილებებში. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელება და ამერიკული საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირება საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ. „საამისოდ აქტიურად ვითანამშრომლებთ შეერთებული შტატების აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, ასევე საექსპერტო წრეების და მედიის წარმომადგენლებთან და განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და სავაჭრო დიალოგს, რისთვისაც უკვე გაწეულია მნიშვნელოვანი ძალისხმევა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, საქართველო კვლავაც აქტიურად განაგრძობს მონაწილეობას საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში და წვლილის შეტანას საერთაშორიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამდღიანი ამბასადორიალის მონაწილეები საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ, დიპლომატიური სამსახურის საქმიანობას შეაფასებენ და მომავალი წლის პრიორიტეტებს განსაზღვრავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG