Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისს მოწყვეტილი სოფლები


დამეწყრილი გზა
დამეწყრილი გზა

13-14 ივნისს სტიქიური უბედურების დროს ჩამოწოლილმა მეწყერმა მწყობრიდან გამოიყვანა წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზა, რის გამოც რამდენიმე სოფლისა და დაბის მოსახლეობას თბილისში მოსახვედრად შემოვლითი გზის გავლა უწევს. სამადლოს, ახალდაბის, ბეთანიისა და თონეთის მცხოვრებლები ჩივიან მგზავრობის გაძვირებული საფასურისა და ცუდი პირობების გამო. რა პრობლემები შექმნა წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა და როგორ აპირებს ხელისუფლება პრობლემის გადაჭრას?

13-14 ივნისს ჩამოწოლილმა მეწყერმა მნიშვნელოვნად გაურთულა ცხოვრება სოფელ სამადლოს მკვიდრ ვაჟა ზუბიაშვილს, რომლის თქმითაც, სამადლოსა და ბევრ სხვა ახლომახლო მდებარე სოფელს ლამის ყოველდღიური კავშირი ჰქონდა წყნეთსა და თბილისის ვაკის რაიონთან:

„წყნეთში რომ მოვხვდეთ, გვიწევს 100 კილომეტრის გავლა. მოწყვეტილი ვართ ქალაქს მარტო ჩვენ კი არა, მთელი რეგიონი, მანგლისის ჩათვლით. გვიწევს შემოვლითი გზით სიარული, თუმცა მარტო ეს არაა პრობლემა. ვერც ბანკებს ვუკავშირდებით და ვერც ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქტი ჩაგვაქვს ქალაქში. ძირითადად ვაკეში ასაღებდნენ - განსაკუთრებით, რძის ნაწარმს. დავდივართ კოჯორზე, რაც, გარდა იმისა, რომ შორი გზაა, ასევე უხარისხოცაა“.

ვაჟა ზუბიაშვილის მიერ აღწერილ პრობლემებს კარგად იცნობენ სოფლების პანტიანის, ორბეთის, კიკეთის, ბეთანიის, კვესეთის, თონეთის, ღვევის, შამთის, დრეს, ვანათისა და ღოლოვანის მცხოვრებნი. თონეთელი დალი აქრასაშვილი ამბობს, რომ ერთი თვეა შემოვლითი, კოჯრის გზით უწევს მგზავრობა, რის გამოც კარგავს ბევრ დროსა და ფულს:

„შვილიშვილები სტუდენტები არიან და უწევთ სიარული კოჯრის გზით, რაც ძალიან ძვირი გვიჯდება. ძალიან შეწუხებულები ვართ. თანაც, ამ გზაზეც არის საშიში მონაკვეთები და უსაშველოდ გრძელი გზაა. ბავშვი სწავლობს ილიას უნივერსიტეტში. იმის ნაცვლად, რომ წყნეთიდან ჩავიდეს, მიდის შემოვლით - თავისუფლების მოედანზე და იქიდან ვაკეში. მარტო ჩვენ კი არა, მთელი თონეთი (300 კომლი) ასეთ დღეშია. ტაქსი ოთხი ლარი გვიჯდებოდა, ახლა შვიდი ლარი გახდა, სამარშრუტო ტაქსით მგზავრობაც გაგვიძვირდა. სად არის იმდენი შემოსავალი, რომ გზის ფულები ასე ვიხადოთ!“

ტრანსპორტი რომ გამოვყოთ, მაინც დიდ დროს დაკარგავენ გზაში და არაკომფორტული იქნება. სერიოზული პრობლემაა ამ გზის აღდგენა. სადღაც 1 კილომეტრზეა მეწყერი...
ლაშა აბაშიძე

დალი აქრასაშვილის თქმით, ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ არავინ იცის, როდემდე გაგრძელდება ასეთი ვითარება. ამასვე ჩივის სამადლოელი ვაჟა ზუბიაშვილი:

„არ ვართ ინფორმირებული, ეს გზა იქნება თუ არ იქნება, აღდგება თუ სხვა გაკეთდება. არ ვიცით, რა დროში გაკეთდება. ბავშვები გვყავს სკოლაში წასაყვანი, მათი ნაწილი წყნეთის სკოლაში დადის. წყნეთიდან ვიღებდით სასწრაფო სამედიცინო დახმარებას“.

პასუხად ვაკის რაიონის გამგებელი ლაშა აბაშიძე ამბობს, რომ წყნეთთან დამაკავშირებელი გზის მომავალი ჯერჯერობთი უცნობია, თუმცა გამგეობა ყველანაირად ცდილობს მეწყრის ჩამოწოლით გამოწვეული დისკომფორტის შემსუბუქებას.

„ათამდე ბავშვი დადის წყნეთში. მათ მშობლებს შევთავაზეთ, რომ დროებით წყნეთში გადავიდნენ საცხოვრებლად, ჩვენ დავეხმარებით ქირის გადახდაში. ტრანსპორტი რომ გამოვყოთ, მაინც დიდ დროს დაკარგავენ გზაში და არაკომფორტული იქნება. სერიოზული პრობლემაა ამ გზის აღდგენა. სადღაც 1 კილომეტრზეა მეწყერი. გეოლოგები არც უშვებენ იქ ტექნიკას, რადგან დაძვრის საშიშროება არაა მოხსნილი“, უთხრა ლაშა აბაშიძემ რადიო თავისუფლებას.

დღეისათვის ამ მეწყრულ სხეულზე დაახლოებით 500 ათასი კუბური მეტრი მყარი მასალაა დარჩენილი, რომელიც სხვადასხვა გარემოების (წვიმის, მიწისძვრის) შემთხვევაში დაიძვრება ფერდობიდან მდინარის კალაპოტისაკენ...
მერაბ გაფრინდაშვილი

წყნეთი-ბეთანიის გზაზე შექმნილი პრობლემის მასშტაბურობას უსვამენ ხაზს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც, თუმცა, როგორც სამინისტროს საზოგადოებასთან სამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, საავტომობილო გზა არც საერთაშორისო მნიშვნელობისაა და არც საქალაქთაშორისო. შესაბამისად, მის აღდგენაზე თბილისის მერიამ უნდა იზრუნოს, თუმცა მანამდე საჭიროა გეოლოგებისა და სხვა სპეციალისტების დასკვნა. სპეციალისტთა შორისაა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი, რომლის თქმითაც, დამეწყრილ უბანზე საშიშროება კვლავ შენარჩუნებულია, თუმცა არა იმ მასშტაბის, როგორიც იყო 13-14 ივნისს:

„დღეისათვის ამ მეწყრულ სხეულზე დაახლოებით 500 ათასი კუბური მეტრი მყარი მასალაა დარჩენილი, რომელიც სხვადასხვა გარემოების (წვიმის, მიწისძვრის) შემთხვევაში დაიძვრება ფერდობიდან მდინარის კალაპოტისაკენ“.

წყნეთი-სამადლოს საავტომობილო გზის აღდგენის პერსპექტივასთან დაკავშირებით კი მერაბ გაფრინდაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა:

„ჩვენი წინასწარი შეფასებით, რომელიც ასევე დაგვიდასტურეს ამერიკისა და იტალიის გეოლოგიური სამსახურების ცნობილმა ინჟინერ-გეოლოგებმა - ყველა პრაქტიკულად ერთ აზრზე ვიყავით, რომ ამ ადგილზე გზის გაყვანა მიზანშეწონილი არ არის არც გვირაბის გაყვანით, არც ხიდის გადებით და ა.შ., იმიტომ რომ იმდენად რთული უბანია, რომ, მექანიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მოსალოდნელია უარყოფითი აქტივობები“.

მერაბ გაფრინდაშვილისავე თქმით, ალტერნატიული გზის მარშრუტი საბოლოოდ მეგზევე ინჟინრებმა უნდა შეარჩიონ, თუმცა, მდგრადობის თვალსაზრისით, შესაძლებელია სერპანტინებით კოჯრის გზისკენ წასვლა და ძველ გზასთან შეერთება.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG