ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 21:29

საქართველო

33-ე თბილისობა ახალი რეალობის ფონზე – გაკონტროლდება თუ არა მერიის ბიუჯეტი?

x

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
6-7 ოქტომბერს თბილისი დედაქალაქის ტრადიციულ დღესასწაულს, თბილისობას,  უკვე 33-ედ აღნიშნავს. ძირითადი სადღესასწაულო ღონისძიებები, წინა წლების მსგავსად, წელსაც თბილისის ძველ უბნებში ტარდება, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ყიდვა კი ქალაქის გარეუბნებშია შესაძლებელი. თბილისის მერმა გიგი უგულავამ, რომელმაც 6 ოქტომბერს თბილისის სტუმრებთან ერთად მეიდანზე დადგმულ საწნახელში ყურძნის დაწურვის ტრადიციულ რიტუალში მიიღო მონაწილეობა, განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები და ახალი პოლიტიკური რეალობა დედაქალაქის მერიის გეგმებზე არ იმოქმედებს და მერია ჩვეულებრივ განაგრძობს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა  თუ სხვა პროგრამების განხორციელებას. არჩევნებში გამარჯვებულ ”ქართულ ოცნებაში” კი აცხადებენ, რომ ყველა დახარჯული თეთრი გაკონტროლდება.

ტრადიციული საწნახელი, ავტოშოუ, ძველი ქართული სპორტული თამაშობები, ბაზიერთა შოუ, ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გასეირნება ტივით, ხილის, ჩაის და ღვინის ფესტივალები, ლიტერატურულ პრემია ”გალას” დაჯილდოების ცერემონია - ეს ნაწილია იმ ღონისძიებებისა, რომლებიც თბილისობის დღესასწაულისთვის დედაქალაქის მერიამ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაგეგმა. 6 ოქტომბერს მეიდანზე მისულმა თბილისის მერმა ჯერ თბილისის მეგობარი ქალაქებიდან ჩამოსულ სტუმრებთან ერთად საწნახელში ყურძენი დაწურა, თბილისელებს დღესასწაული მიულოცა და თქვა, რომ ქალაქის მთავრობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას:

”თბილისობა ყველა თბილისელის დღესასწაულია და მშვიდობა და განვითარება მინდა ვუსურვო ჩვენს ქალაქს, ემოციების დაწყნარება, ყველაფერი ძველის დავიწყება და ცხოვრების გაგრძელება. მერია მუშაობს ისე, როგორც მუშაობდა აქამდე. ჩვენ გვაქვს უამრავი პროგრამა, უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც ვახორციელებდით და ამას არჩევნებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია, თვითმმართველობა სხვა შტოა ხელისუფლების, პარლამენტი კი სხვა და ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას.”
ქალაქში რაც კეთდება, კეთდება იმიტომ, რომ გასაკეთებელია და არა იმიტომ, რომ ის არჩევნებს უკავშირდება. ასე რომ, ჩვეულ რიტმში ვაგრძელებთ...

არჩევნები და პოლიტიკა თბილისის დღესასწაულთან არაფერ კავშირშია, - გვეუბნება ძველი თბილისის გამგებელი დავით ავალიანიც:
”ქალაქში რაც კეთდება, კეთდება იმიტომ, რომ გასაკეთებელია და არა იმიტომ, რომ ის არჩევნებს უკავშირდება. ასე რომ, ჩვეულ რიტმში ვაგრძელებთ.”

საწნახელთან  დამონტაჟებულია სცენა, სადაც ფოლკლორული ანსამბლები საკუთარ შემოქმედებას წარმოადგენენ. ცოტა მოშორებით, მეტეხის ხიდთან, ავტოშოუ იმართება, სადაც იშვიათი ავტომობილებია გამოფენილი. ხიდქვეშ ტივი მიცურავს. ეს ღონისძიებები, როგორც თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელმძღვანელი ნეკა სეფისკვერაძე ამბობს, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე იგეგმება ხოლმე და ყოველწლიურად რაღაც ახალი ემატება.

როგორ დაიხარჯება დღეიდან დედაქალაქის ბიუჯეტი და გააკონტროლებს თუ არა მას ქალაქის საკრებულო? - ვეკითხებით კოალიცია ”ქართულ ოცნებაში”  შემავალი „თავისუფალი დემოკრატების“ წევრს საკრებულოში ზურაბ აბაშიძეს. ის ამბობს, რომ ამიერიდან ყველა თეთრი გაკონტროლდება:

ზურაბ აბაშიძეზურაბ აბაშიძე
x
ზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე
”ჩვენ გვინდა და ვაპირებთ, რომ საკრებულოში აბსოლუტურად შეიცვალოს ვითარება და აღარ იყოს ისე, რომ მერი, როგორც უნდოდა, ისე განკარგავდა თანხებს და ვისაც უნდოდა, ისე ნიშნავდა ყველას, საკრებულოს წევრები კი  „ნაციონალური მოძრაობიდან“ ყველაფერზე ხელს წევდნენ. ჩვენ რეალურ თვითმმართველობას შევქმნით და გავაკონტროლებთ ყველა თეთრს. დღეს ყალიბდება ახალი მთავრობა და საჩქარო არაფერი გვაქვს, ნელ-ნელა ყველა საკითხით დავინტერესდებით.”

როგორც ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში კოტე კანდელაკი ამბობს, თვითმმართველობა ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოა. მიმდინარე წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია და, შესაბამისად, წლის ბოლომდე ბიუჯეტში არსებული თანხები გეგმის მიხედვით დაიხარჯება, თუ ახალი პარლამენტი ბიუჯეტში რაიმე ცვლილებას არ შეიტანს:

”გარდა საკუთარი შემოსავლებისა, თბილისის ბიუჯეტში ასევე არის საკმაოდ სოლიდური ოდენობის ტრანსფერი, რომელიც სპეციალურ პროექტებზე იხარჯებოდა, რომლის დამტკიცების პრეროგატივაც აქვს ცენტრალურ ბიუჯეტს, ანუ პარლამენტს, და მომავალ წელს რა თანხას განსაზღვრავს ამისათვის, ეს სხვა საკითხია, მაგრამ დღეს რაც საკუთარი შემოსავლები აქვს მერიას, ის მას კანონით ეკუთვნის და თავად ხარჯავს - ქონების გადასახადი და სხვა მოსაკრებლები. თუ საკრებულომ ან ახლად შეკრებილმა პარლამენტმა რაიმე ცვლილება არ შეიტანა ბიუჯეტში, მაშინ ჩვეულებრივ გაგრძელდება უკვე დამტკიცებული ბიუჯეტის ხარჯვა.”

”მართალია, თბილისელი არ ვარ, მაგრამ  40 წელია ამ ქალაქში ვცხოვრობ და ამ დღესასწაულსაც სულ აღვნიშნავო”, - გვეუბნება ტაქსის მძღოლი გიორგი თოიძე. ამბობს, რომ დღისით იმუშავებს, საღამოს კი მეგობრებთან ერთად თბილისობას აღნიშნავს: ”რაღაც მგონია, რომ უფრო განსხვავებულად, მეტი იმედით შევხვდებით. ყველაზე საყვარელი ქალაქია, თუმცა მგონია, რომ ადრე უფრო სხვანაირი სითბო იყო, ყველა იღიმებოდა...”
ასეთი ლეგენდაც არსებობს, რომ დავით აღმაშენებელი ბრძოლის წინ მტაცებელ ფრინველებს თვალებში უყურებდა - რაღაც დადებით, ვაჟკაცურ, საბრძოლო ენერგიას იღებდა... ვახტანგ გორგასლის მთავარი ლეგენდაც ამ ფრინველთანაა დაკავშირებული. გვინდოდა რაღაცნაირად ამ ლეგენდის გაცოცხლება...

აბანოთუბანში ბაზიერებს მონადირე  ფრინველების გამოფენა მოუწყვიათ.
ბაზიერთა კავშირის თავმჯდომარე ალექსანდრე კვანტალიანი იხსენებს, რომ პირველად თბილისობის დღესასწაულის აღსანიშნავ ღონისძიებებში ე.წ. ბაზიერთა შოუს ჩართვის წინადადებით მერიას 2005 წელს მიმართა. მან და მისმა მეგობრებმა ლეგენდის გაცოცხლება თბილისობაზე სცადეს:

”ასეთი ლეგენდაც არსებობს, რომ დავით აღმაშენებელი ბრძოლის წინ მტაცებელ ფრინველებს თვალებში უყურებდა - რაღაც დადებით, ვაჟკაცურ, საბრძოლო ენერგიას იღებდა... ვახტანგ გორგასლის მთავარი ლეგენდაც ამ ფრინველთანაა დაკავშირებული. საერთოდ, ცნობილია, რომ ჩვენი მეფეები შესანიშნავი ბაზიერები იყვნენ. გვინდოდა რაღაცნაირად ამ ლეგენდის გაცოცხლება და ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ კარგი იქნებოდა, თუ თბილისობის დღესასწაულის დროს ერთ-ერთ ღონისძიებად ბაზიერთა შოუც დაემატებოდა.”

თბილისობის საზეიმო ღონისძიებები 7 ოქტომბერს გაგრძელდება და საღამოს ლიტერატურული პრემია ”გალას” დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
08.10.2012 09:22
ახალი რეალობა ის არის რომ საქართველო კიდევ ერთხელ ამტკიცებს კავკასიაში ლიდერობას როგორც დემოკრატიული საზოგადოება და ვხედავთ რომ ის გულია მისი განვითარებისა

იმ რეგიონში სადაც მთელი სამყარო კატასტროფას მოელის რუსეთის გასვლის შემთხვევაში (დაერევით და დაჭამთ ერთმანეთსო), ქართველები ამტკიცებენ რომ მათთვის შეუძლებელი არაფერია და რომ 20 წლიანი სამარცხვინო პოლიტ-ისტორიის შემდეგ კვლავ აღიდგენენ საკადრის იმიჯს

არ მინდა ჩემი კომენტარი ვიწრო ნაციონალური და "ურა-პატრიოტული" ჩანდეს, უბრალოდ ის რეალობა რაც საქართველოს პოლიტიკურ ყოველდღიურობაში შეიქმნა რბილად რომ ვთქვათ უპრეცედენტოდ უნიკალურია...

და ძალიან მსურს რომ ეს პოლიტიკური ცვლილება კიდევ უფრო ყოველდღიური გავხადოთ, გამოვაწრთოთ და ერთი, საქართველოს განვითარების იდეის ქვეშ გაერთიანებულებმა გავხადოთ კიდევ უფრო აუთენტური

სოციალური სისტემა სადაც რუსი, სომეხი, აზერბაიჯანელი, იეზიდი, ებრაელი, ბერძენი, სხვადასხვა წარმოშობის მუსულმანი და ბუდიზმის მიმდევარი საქართველოს მოქალაქე თანასწორია უფლებებით და საკუთარი ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობაში- ზუსტად ამგვარი სოციუმი ქმნის წარმატებულ და დემოკრტიულ ქვეყნებს

და არა პოლარიზებული, რადიკალიზმში და ვიწრო-ნაციონალიზმში ჩაძირული პროვინციალური "საზოგადოება" რომელსაც აშინებს ყველაფერი ახალი, ღია და საინტერესო

ამგვარ სოციუმს შეუძლია შექმნას სამართლიანი საზოგადოება, სადაც ადამიანის უფლებები და მათი დაცვა არის უპირველესი ღირებულება

და მიხარია რომ თბილისი, ჩვენი უსაყვარლესი ქალაქი დღეს ამგვარი რეალობით, იმედებითა და მომავლის მზერით არის გაჯერებული, და რომ ამგვარი სურნელი ტრიალებს ქალაქის დღებაზე, ქალაქისა რომელიც იყო არის და იქნება კავკასიის გული

ავტორი: ანონიმი
07.10.2012 17:50
ახალი რეალობა ისაა რომ ბეჩავი მოსკოველი კრუჩინას და მისნაირების მათი საკუთარი ფანჯრებიდან გადაყრის შემდეგ განთავისუფლებული საბჭოთა კაპიტალი შეესია მსოფლიოს. ხოდა თქვენ მაინც შეგვეშვით რაა.ოხ კრუჩინა კრუჩინუშკააა!!!

ავტორი: ანონიმი
07.10.2012 13:31
რა ახალი რეალობაა? ხაინდრავები და შენგელაიები მადლობა ღმერთს იყვნენ,არიან და იქნებიან! საქართველო ცოტა უფრო ღაფავს სულს ვიდრე თემურ ლენგის შემოსევების შემდეგ მაგრამ არაფერი,ეგეც გაივლის! ხოდა მასე, დასხედით და იქეიფეთ და დალოცეთ ჯაბა და ბალტინი !

ავტორი: Khati
07.10.2012 10:11
ჩემი აზრით თბილისი ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქალაქი იმსახურებს იმას, რომ წელიწადის ერთი დღე მას ეკუთვნოდეს. მათ ვისაც უყვართ თბილისი და ზოგადად თავიანთი ქალაქი, იქნება ეს ქუთაისი ,ზუგდიდი თუ გორი სიამოვნებით აღნიშნავენ ამ დღეს. რა მნიშვნელობა აქვს იმას თუ როდის და ვინ დააწესა. იგი არ ემსახურება არანაირ იდეოლოგიას და პიროვნების კულტს. ასე რომ აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის თქვენი კომენტარი. გირჩევთ მოვრჩეთ უსაფუძვლო კრიტიკას, მით უმეტეს რომ საკრიტიკებელი და გამოსასწორებელი ძალიან ბევრია სხვა უამრავ თემატიკაში, აი იქ გამოიყენეთ თქვენი მონდომება და ობიექტური კრიტიკა, დამერწმუნეთ საქმეს გამოადგება

ავტორი: ანონიმი
06.10.2012 20:00
არ შიძლება ამ კრეტინობის გაუქმება და ჰაბოობის აღდგენა? შევარდნაძის პარტიული აღმზრდელების მიერ საქართველოს აოხრებამდე(ეს 1921 წელს დაიწყო) და ტფილისის მფარველი წმინდა ჰაბოს წამების ადგილას არსებული სალოცავის აფეთქებამდე ტფილისში ყოველწლიურად იმართებოდა ჰაბოობის საერთოეროვნული ზეიმი. ხოდა მინამ ეგ თქვენი შევარდნაძე და მისი თაყვანისმცემლები ლამაზები არიან და მინამ მათი ფიტულები კი არა თვითონ ეგენი მტკვარში კი არა დიდ ცისფერ ოკიანეში არ გადაუყრიათ გირჩევნიათ ეგ სიმახინჯე მოსპოთ და ჰაბოობის საეკლესიო-საერთოეროვნული დღესასწაული აღადგინოთ! იცოცხლეთ და გაიხარეთ!

ყველაზე პოპულარული