Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისს ახალი ვიცე-მერი ჰყავს


თბილისს ახალი ვიცე-მერი ჰყავს. ამ თანამდებობაზე თბილისის საკრებულომ ლაშა აბაშიძე დაამტკიცა. აბაშიძეს საკრებულოს წევრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭრა მხარი, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მისი დანიშვნით არაფერი შეიცვლება.

„ოცდათორმეტი მომხრე, სამმა თავი შეიკავა, ერთი - წინააღმდეგი. შეგიძლიათ მიულოცოთ“.

თბილისის ვიცე-მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თბილისის მერის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა. რაც შეეხება ლაშა აბაშიძეს, ამ დრომდე მას ვაკის გამგებლის თანამდებობა ეკავა, უფრო ადრე კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იყო. აბაშიძეს დამთავრებული აქვს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), სახელმწიფო მმართველობის განხრით, და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლის განხრით.

თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ სევდია უგრეხელიძემ განაცხადა, რომ ლაშა აბაშიძე ამ თანამდებობაზე საკუთარი გუნდის ჩამოყალიბებას ვერ შეძლებს და შესაძლოა ეს პოსტი მისი კარიერისთვის საბედისწეროც იყოს:

„იმ მშვენიერმა ბიოგრაფიამ, რომელიც ჩვენი ხელისუფლების დროს ვითარდებოდა, არ განიცადოს დაღმასვლა და სწორედ ეს თანამდებობა არ აღმოჩნდეს მისთვის წარუმატებელი“.

მიზეზები, თუ რატომ არ უჭერენ მხარს ლაშა აბაშიძეს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის“ თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ ასე ჩამოაყალიბა:

„თბილისის მთავრობას, მერ დავით ნარმანიას არ გააჩნია არანაირი ხედვა, საით მიჰყავს ქალაქი: რა რეფორმები უნდა ხორციელდებოდეს, რა ინფრასტრუქტურული პროექტები, რა საჭიროებები აქვთ თბილისელებს, რაზე უნდა იხარჯებოდეს თბილისის ბიუჯეტი... ასე რომ, მორიგი ექსპერიმენტი, ერთი ადამიანის შეცვლით, განწირულია წარუმატებლობისთვის. იმ არაკვალიფიციური გუნდის მთლიანი განახლების გარეშე არც ერთი თანამდებობის პირისთვის მხარის დაჭერას არ ვაპირებთ“.

სამაგიეროდ, აბაშიძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს „ქართული ოცნების“ წევრებმა. მხარდამჭერები ხაზგასმით მიუთითებდნენ, რომ 13 ივნისის სტიქიის დროს მან ძალზე ეფექტურად იმუშავა. აბესაძის ბრალდებების საპასუხოდ კი, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ წევრმა ნუგზარ მალაღურაძემ შემდეგი რამ განაცხადა:

„რაც შეეხება ხედვებს, ბატონო ირაკლი, ხედვაც გაგვაჩნია. თქვენ თუ ქალაქის განვითარების გენგეგმას ხედვას არ ეძახით, ეს თქვენი პრობლემაა... შეიძლება შორიდან ასე ჩანდეს, რომ ამ ქალაქში არაფერი კეთდება, მაგრამ ძალიან კარგადაც ვიცით და ყველამ ჩვენ ჩვენს გულში ჩავიხედოთ, რამხელა სამუშაოები მიმდინარეობს და რაც არის - და კიდევ ხაზს ვუსვამ - ქალაქის განვითარების გეგმა“.

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ ერთი ადამიანის შეცვლით თბილისისთვის მართლა არაფერი შეიცვლება, რადგან, მისივე თქმით, თბილისს ბოლო 10-12 წლის განმავლობაში ასეთი სუსტი მთავრობა არ ჰყოლია.

„აბსოლუტურად შეუსაბამო იმ მოთხოვნებთან, რასაც დედაქალაქი ჰქვია, მისი ეკონომიკური განვითარება, მის ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა, მის კულტურულ მხარეზე ზრუნვა, მის ეკოლოგიურ, არქიტექტურულ მხარეზე ზრუნვა და ასე შემდეგ. ვერ იპოვით ვერც ერთ მიმართულებას, სადაც თბილისის დღევანდელი ხელმძღვანელობა შეიძლება მეტ-ნაკლებად წარმატებული იყოს. ამიტომ, ჩემი პირადი აზრი არის, რომ ერთი ადამიანის შეცვლით არაფერი თბილისის მთავრობაში არ შეიცვლება“.

რაც შეეხება უშუალოდ ლაშა აბაშიძეს, მან ნდობისთვის საკრებულოს მადლობა გადაუხადა:

„რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, რა თქმა უნდა, უფრო პრიორიტეტული არის კონკრეტული პირების შეცვლის ნაცვლად სისტემური ცვლილებები განხორციელდეს, თუ ამის საჭიროება იქნება“.

უფრო კონკრეტულ გეგმებზე ლაშა აბაშიძეს არ უსაუბრია.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG