Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნარმანიამ საკრებულოს ახალი მთავრობა წარუდგინა


4 აგვისტოს ახლად არჩეულმა მერმა, დავით ნარმანიამ, თბილისის საკრებულოში დედაქალაქის ახალი მთავრობა და პროგრამა წარადგინა. თბილისის მთავრობის ახალ შემადგენლობას საკრებულო სამშაბათს, 5 აგვისტოს, დაამტკიცებს.

თბილისის საკრებულოში ოთხი კომისიის გაერთიანებული სხდომა ჩატარდა. საკრებულოს წინაშე ქალაქის ახალმა მერმა საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების, გამგებლებისა და მერის მოადგილეების კანდიდატები წარადგინა. საკრებულოს წევრებს მათი გეგმებისა და პროგრამების მოსმენის შესაძლებლობა მიეცათ.

სხდომის მსგავსი ფორმატით ჩატარებამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელთა პროტესტი გამოიწვია. ისინი მიიჩნევენ, რომ უფრო მეტი შეკითხვის დასმის შესაძლებლობა ექნებოდათ, თუკი კომისიების ნაცვლად ფრაქციების სხდომა ჩატარდებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი აბესაძის თქმით, უმრავლესობას ოპოზიციის არსებობაც კი არ სურს:

„ძალიან სამწუხაროა, რომ დავით ნარმანიამ უარი თქვა ფრაქციებთან შეხვედრაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ოპოზიციას არ აღიარებენ. მათ არ სურთ, რომ ოპოზიცია არსებობდეს. მიუხედავად ამისა, თბილისელების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ უარს არ ვიტყვით კომისიების სხდომაში მონაწილეობის მიღებაზე“.

“ნაციონალური მოძრაობის” პრეტენზიებს პროვოკაციული უწოდა საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ:

„ეს არის თითიდან გამოწოვილი პრობლემა. „ნაციონალურ მოძრაობას“, ასევე, სხვა ნებისმიერ პარტიას მიეცემა შესაძლებლობა, კითხვები დაუსვან მთავრობის შემადგენლობის წევრებს“.

არცთუ უსაფუძვლოდ გაგვიჩნდა განცდა, რომ ეს იქნება არასასურველი, ვითომდა პოლიტიკურად ანგაჟირებული პირებისაგან მერიის წმენდის საშუალება...
სევდია უგრეხელიძე

თბილისის მერმა საკრებულოს წარუდგინა კანდიდატები მერის მოადგილეების თანამდებობებზე: ალექსანდრე მარგიშვილი, ნინა ხატისკაცი, გიორგი ხელაია, გიორგი სოლომონია, ალუდა გოგლიჩიძე.

ასევე წარდგენილნი არიან გამგებლობის კანდიდატები: საბურთალოს რაიონის - ბექა მიქაუტაძე, ვაკის - გივი ჭიჭინაძე, მთაწმინდის - გელა არჩვაძე, ჩუღურეთის - ზურაბ ჩიკვილაძე, დიდუბის - ირმა ზავრადაშვილი, ნაძალადევის - ზაზა გაბუნია, გლდანის - ბესიკ ქარცივაძე, კრწანისის - გიორგი კოპალეიშვილი, ისნის - ვახტანგ ქიზიყურაშვილი, სამგორის - მამუკა ჩოქური.

საკრებულოს სხდომა დილიდან დაიწყო და საღამომდე გასტანა. კითხვებს ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სვამდნენ. სევდია უგრეხელიძე სავალდებულო ატესტაციით დაინტერესდა და იკითხა, ხომ არ გახდება კონკურსის წესით თანამშრომლების შერჩევა არასასურველი პირების თავიდან მოშორების საბაბი:

ეს წესი დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა. კანონპროექტს თან ახლავს თავისი განმარტებითი ბარათი, არგუმენტაცია. რაც შეეხება ჩემს გამონათქვამებს, კარგია, ქალბატონო სევდია, რომ თვალყურს ადევნებთ...
დავით ნარმანია

„არცთუ უსაფუძვლოდ გაგვიჩნდა განცდა, რომ ეს იქნება არასასურველი, ვითომდა პოლიტიკურად ანგაჟირებული პირებისაგან მერიის წმენდის საშუალება. სამწუხაროდ, ბატონ დავითს აქვ ისეთი გამონათქვამები, რომელიც ძალიან დიდ ეჭვებს ბადებს“.

ამასთან დაკავშირებით დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ აღნიშნული პროცედურა კანონის ფარგლებში ჯდება.

„ეს წესი დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა. კანონპროექტს თან ახლავს თავისი განმარტებითი ბარათი, არგუმენტაცია. რაც შეეხება ჩემს გამონათქვამებს, კარგია, ქალბატონო სევდია, რომ თვალყურს ადევნებთ. ეს საშუალებას მომცემს, დაუფიქრებლად არაფერი ვთქვა“.

გარდა ამისა, კითხვები გაჩნდა სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურასთან დაკავშირებითაც. გელა ჩივიაშვილს 2011 წელს ბრალი აქვს წაყენებული. მაშინ ის ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობდა. წარსული დღეს მას ისევ ირაკლი აბესაძემ შეახსენა:

ჩვენ დეტალურად გავიარეთ ხელშეკრულება, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც არის გასაიდუმლოებული, და ამ ნაწილის გასაჯაროების შემდეგ ჩვენ საკრებულოსა და საზოგადოების წინაშე სრულ ინფორმაციას წარმოვადგენთ...
დავით ნარმანია

„ბატონო გელა, თქვენ იყავით ბრალდებული იმისთვის, რომ იყავით ბრალდებული საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში, სოციალურად დაუცველი პირების თანხის. თქვენთან გააფორმეს საპროცესო გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ დანაშაული აღიარეთ“.

თავად გელა ჩივიაშვილის თქმით, მისი დაკავება უკანონო იყო და ეს მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრმაც აღიარა:

„2011 წელს, მართლაც, დაგვაკავეს მე და ჩემი მეგობრები. მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე და მისი მოადგილე მორის წამალაშვილი აღიარებენ, რომ ჩვენი დაკავება იყო უკანონო და ამ საქმესთან კავშირი არ გვქონია“.

დაისვა შეკითხვები „სითი პარკთან“ დაკავშირებითაც, რომელთან დადებულ ხელშეკრულებასაც დავით ნარმანიამ კაბალური უწოდა:

„ჩვენ დეტალურად გავიარეთ ხელშეკრულება, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც არის გასაიდუმლოებული, და ამ ნაწილის გასაჯაროების შემდეგ ჩვენ საკრებულოსა და საზოგადოების წინაშე სრულ ინფორმაციას წარმოვადგენთ. საზოგადოებას ძალიან დიდი კითხვის ნიშნები აქვს ამ კომპანიის შემოყვანასთან და, საერთოდ, ამ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით“.

თბილისის მთავრობის ახალ შემადგენლობას საკრებულო სამშაბათს, 5 აგვისტოს, დაამტკიცებს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG