Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
twitter

რამდენად გამჭვირვალეა თბილისის გამჭვირვალე ბიუჯეტი


კვლევის პრეზენტაცია
კვლევის პრეზენტაცია
„ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა თბილისის ბიუჯეტის მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოადგინეს. ”პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი”, ”ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი” და ”კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევების ცენტრი” თბილისის ბიუჯეტის ანალიზს თებერვლიდან აწარმოებენ. ყურადღება ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე, სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხების მიზნობრიობაზე, სკოლამდელი განათლების დაწესებულებათა დაფინანსებასა და ასევე ქალაქის დასუფთავებაზე გამახვილდა.

როდესაც სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების თვალსაზრისით თბილისის ბიუჯეტის გაუმჭვირვალობაზე ლაპარაკობს, ”ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” მკვლევარს მიხეილ კუკავას მხედველობაში აქვს ის, რომ თბილისის მერია გამოყოფილი თანხის შედეგიანობის შესახებ ინფორმაციას არათუ არ გასცემს, არც კი ფლობს. ერთ-ერთი რეკომენდაციით, იმისათვის, რომ დედაქალაქის მომავალი 2013 წლის ბიუჯეტი, კანონის შესაბამისად, პროგრამული იყოს, ის სწორედ შედეგიანობის ანალიზს უნდა ეყრდნობოდეს.როგორც მიხეილ კუკავა ამბობს, თუ მერი გარკვეული დაავადებების მკურნალობისთვის გარკვეულ თანხას გამოყოფს, მას მინიმუმ იმის შესახებ უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რამდენი ადამიანია ამ დაავადების მატარებელი, თანხის დახარჯვის შემდეგ კი გააკეთოს ანალიზი, რამდენად მიზნობრივად გაიხარჯა თანხა და რა შედეგი გამოიღო ამან.

” პრიორიტეტები, მიზნები, ღონისძიებები, ამოცანები, პასუხისმგებლობის ვადები, ხარჯთეფექტურობის კოეფიციენტი და ასე შემდეგ - ესენი არ არის. ვიღებთ აბსოლუტურად გაუმჭვირვალე ბიუჯეტს, ანუ დისკრეციული ხარჯები არის ძალიან მაღალი, ეს არის პრობლემა, ანუ შეგიძლია განათლების პროგრამიდან გასწიო ისეთი ხარჯები, რომელიც წინასწარ არასდროს გაგიწერია, ამაზეა საუბარი”, ამბობს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მკვლევარი მიხეილ კუკავა.

ბაღებთან მიმართებაში თბილისში ტენდერები არ ცხადდება, საკვებ პროდუქტებს იძენენ ტენდერის ფარგლებს გარეთ. როგორც გვეუბნებინ, რადგან საბიუჯეტო დაფინანსებაზე არ ვართო ...
მიხეილ ძაგანია

თბილისის ბიუჯეტის გაუმჭვირვალობაზე საუბრისას ”კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევის ცენტრის” წარმომადგენელი მიხეილ ძაგანია ამბობს, რომ პრობლემას წარმოადგენს ტენდერების ჩატარების საკითხი. მიხეილ ძაგანიას ორგანიზაცია იკვლევდა სკოლამდელი განათლების დაწესებულებების დაფინანსების წესს. შუალედური ანგარიში იძლევა საფუძველს ითქვას, რომ საბავშვო ბაღებისთვის კვების პროდუქტებისა და ინვენტარის შესყიდვის პროცედურები ბუნდოვანია, რადგან სისტემა თანადაფინანსების წესზეა გადასული, ანუ ნაწილობრივ მერია აფინანსებს, ნაწილობრივ - მშობელი. საჯარო ინფორმაციის გაცემა გართულდა. მერიამ ორგანიზაციას საბავშვო ბაღების სააგენტოსკენ მიუთითა, სააგენტო კი ინფორმაციას არ გასცემს.

”ბაღებთან მიმართებაში თბილისში ტენდერები არ ცხადდება, საკვებ პროდუქტებს იძენენ ტენდერის ფარგლებს გარეთ. როგორც გვეუბნებინ, რადგან საბიუჯეტო დაფინანსებაზე არ ვართო, საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება არ გვაქვსო. სწორედ ასეთი საკითხია აქაც. ამბობენ, რომ ეს არის მშობლის თანხა და ეს არ არის საჯარო ფინანსები და რაც არ არის საჯარო ფინანსები, მასზე ტენდერი მაინცდამაინც აუცილებელი არ არისო ” ,- ამბობს მიხეილ ძაგანია, ბაღების სააგენტოს მიერ გაცემულ სიტყვიერ პასუხზე დაყრდნობით, თუმცა ორგანიზაცია წერილობით პასუხსაც ელის.

სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი არც ერთ თვითმმართველობას არ აქვს, იმიტომ რომ კანონი ამას არ ითხოვს. შესაბამისად, ეს ფორმა ამოღებულ იქნა თბილისის ბიუჯეტიდან, გაქრა ანგარიშებში დეტალური ჩამოთვლა ...
შოთა მურღულია

კიდევ უფრო გაუმჭვირვალეა მერიის სარეზერვო ფონდების განკარგვა. მის მონიტორინგს ”სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ აწარმოებდა. ცენტრის კვლევისა და რეფორმების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორი შოთა მურღულია ამბობს, რომ 2010 წლამდე სარეზერვო ფონდის შესახებ ძალიან დეტალური ინფორმაციის მიღება შეიძლებოდა კვარტალური და წლიური ანგარიშებიდან. სწორედ ამ ფონდის მონიტორინგის შედეგად მოიპოვა 2010 წელს ორგანიზაციამ ინფორმაცია, რომ მერია შეძლებულ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებიც კი არ იყვნენ, თბილისში ძვირად ღირებულ ბინებს უძენდა, რაც შესაძლებელი იყო ბიუჯეტისთვის დართული ფორმის ანალიზის საფუძველზე. ახლა სარეზერვო ფონდის ბიუჯეტს ასეთი ფორმა აღარ ახლავს:

”სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი არც ერთ თვითმმართველობას არ აქვს, იმიტომ რომ კანონი ამას არ ითხოვს. შესაბამისად, ეს ფორმა ამოღებულ იქნა თბილისის ბიუჯეტიდან, გაქრა ანგარიშებში დეტალური ჩამოთვლა, თუ რაზე იხარჯება სარეზერვო ფონდი და მოცემულია მხოლოდ ჯამური მოცულობა, პლუს ამას ჩვენ დავადგინეთ, რომ, სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით, თბილისის სარეზერვო ფონდიდან ფულის ხარჯვა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობას არ ექვემდებარება. ”

ეს იმას ნიშნავს, რომ სარეზერვო ფონდიდან ყოველგვარი ტენდერის გარეშე შეიძლება თანხა დაიხარჯოს, ამბობს შოთა მურღულია. მისი სიტყვებით, თუ არ იქნა გაშიფრული სარეზერვო ფონდის ხარჯვის შინაარსი, შეიძლება უფრო მეტი თანხა დაიხარჯოს, ვიდრე ეს ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული და ის შემდეგ ხელახლა შეივსოს. თბილისის ბიუჯეტის მკვლევარი ორგანიზაციები მონიტორინგს წლის ბოლოსთვის დაასრულებენ. მათი განცხადებით, სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად შეიძლება სასამართლოსთვის მიმართვაც დასჭირდეთ.

თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი მონიტორინგის შედეგებზე კომენტარი არ გააკეთეს. იქ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ბიუჯეტი სრულიად გამჭვირვალეა.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG