Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლელა კოდალაშვილი - მწერალი


1 იანვარი, ოთხშაბათი
დილის ხუთ თუ ექვს საათზე ჩაძინებულს უცნაური დიალოგ-ბურტყუნი მაღვიძებს:

ზურა: ჩაგეძინა, თამთა? შენ რომ გათენების ნახვა გინდოდა, აი, ახლა თენდება და მოდი, აივანთან მივიდეთ და ვუყუროთ...
თამთა: არა, არ ვიცი... მე უკვე შევასრულე.
ზურა: რა შეასრულე...
თამთა: მე შევასრულე ჩემი მოვალეობა. უკვე გათენდა. მეძინა... მძინავს... ვნახე...
ზურა: ააა, კარგი, თამთუ, დაიძინე, პატარავ...
თამთა: კი, მე შევასრულე... ხო. ახლავე... (ნახევრად მძინარე, საბანმოხურული თამთა თავს ლოგინში დურთავს და მყისვე ხვრინვას ამოუშვებს).

ზურა ჩემი ქმარია. თამთა ჩვენი სულ უმცროსი, თერთმეტი წლის ქალიშვილი. როგორც მამამისი ამბობს, კომკავშირელი აქტივისტის ლექსიკა აქვს და, ცხადია, დედის გავლენით. თამთამ და მისმა დამ - ქეთიმ, თავის თავს პირობა მისცეს, ახალი წლის ღამე გაეთენებინათ. მას მერე, რაც მე დასაძინებლად დავწექი, ერთი ერთ ოთახში მჯდარა სიბნელეში საწოლზე, მეორე – მეორეში. უფროსმა, მარიმ, ამ "აქციაში” მონაწილეობა არ მიიღო. მას დიდი ხანია, მშვიდად სძინავს. სახლში ისევ სიჩუმე ისადგურებს და ახალი წლის პირველი დილაც ჩვენი ოჯახისთვის, უფრო კი, ჩემთვის, მოგვიანებით იწყება, რადგან ჩემამდე ყველას გაუღვიძია და არის ერთი ჩურჩული, ცუნცული, თეფშების წკარუნი და ჩუმი გადაძახილ-გადმოძახილი. ფიქრობენ, მე თუ გამეღვიძა, ვაიძულებ, ჯერ საუზმე მიირთვან და შემდეგ გოზინაყ-ჩურჩხელა-ტორტ-შოკოლადი.

სამზარეულოში გადატანილი გუშინდელი ქარ-ცეცხლი მახსენდება და კიდევ ერთხელ ჩემს თავს პირობას ვაძლევ, რომ მომავალი ახალი წლისთვის ამდენი სახეობის კერძებს აღარ მოვამზადებ. კიდევ ერთხელ რისხვის "ჯოხს” ქართულ ტრადიციებს ვამტვრევ თავზე და მერამდენედ ვიმეორებ, რომ ჩვენ მუცელა, საცივისტი, ტაშ-ფანდურა, უსაქმური ხალხი ვართ. წლიდან წლამდე შრომას მხოლოდ იმიტომ ვიტანთ, რომ საახალწლოდ მთელი თვის მანძილზე უზომოდ ჩავსკდეთ. მანამდე კი, მთელი კვირის მანძილზე, ქალაქის ქუჩები, მაღაზიები, ბაზრის ტერიტორია დახუნძლულია წარბებშეჭმუხნული ადამიანებით. ისინი ისეთი სერიოზულები არიან, იფიქრებ, რომელიმე მნიშვნელოვან რელიგიურ რიტუალზე მიიჩქარიანო. ერთნი ფილოსოფიური სიდარბაისლით ათვალიერებენ ყელგამოჭრილ გოჭებსა და ინდაურებს, მეორენი რაღაცით აღშფოთებულან და მზად არიან, გამვლელ-გამომვლელსა თუ გამყიდველს ახალნაყიდი წიწმატის კონა ან ჯონჯოლის მწნილით სავსე პარკი სტყორცნონ. ცოტა ხნის მერე კი ქალები, კაცები, ბავშვები, ხანში შესულები, ძალიან მოხუცები, მიშისტები, ბიძინისტები, მართლმადიდებლები, ათეისტები, ღმერთის თავისებურად მაძიებელნი, ჰედონისტები – ორი მძიმე ჩანთით სახლებისკენ მიიჩქარიან. მათი გამომეტყველება უკვე აღარაა ისეთი დაძაბული. თითქოს ბასიანის ბრძოლა გადაიხადეს და დაჭრილი რუქნადინი ბრძოლის ველიდან არზრუმს გააქციეს, სახეზე გამარჯვებისა და სიამაყის ღიმილი დასთამაშებთ. ისინი შემხვედრი მიმართულებით მომოძრავე ადამიანებს ნიშნისმოგებით თუ გადახედავენ და თავიანთ დიად გზას და მისიას ახლა სახლებში მისვლისას აგრძელებენ – გოჭსა და ინდაურს გატრუსვა უნდა, სასაცივე ნიგოზს გატარება-დაბლენდერება, ფხალს გათუთქვა... მოკლედ, შესასრულებელი სამუშაოების სია გრძელია, მისია კი უზენაესი – საახალწლოდ კუჭებს არნახული პატივი უნდა მივაგოთ. მხოლოდ ასე ვიგრძნობთ თავს სრულფასოვან ადამიანებად. მხოლოდ ასე შევდგებით პიროვნებებად. მხოლოდ ასე გავიფართოვებთ მსოფლმხედველობას, ავირჩევთ უკეთეს ხელისუფლებას, გავხდებით ევროპის (ზოგის აზრით რუსეთის) ნაწილი, და საერთოდ, არასოდეს დავიხოცებით.
თავისუფლების დღიურები - ლელა კოდალაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:16:51 0:00

ე.წ. მომარხულეებზე გამახსენდა... ხშირად ისინიც ყიდულობენ ხორცს. თან, თუ ვინმე შინაური ვითომ დეკანოზიც მიიწვიეს სუფრასთან... ერთი-ორჯერ შევსწრებივარ, შექეიფიანებულმა მამაომ როგორ გადასწერა პირჯვარი ინდაურს, მერე რაღაც ლოცვა ჩაიბურტყუნა და – ნაკურთხია, შეგიძლიათ, მიირთვათო... და პირველ დაბრაწულ ნაჭერს თვითონ დასწვდა – არა, რაა... მამაოს მაგალითი სულ სხვაა... ეს ვაკანსიაა სამოთხეში... ზოგი მომარხულე კდემამოსილი გამომეტყველებით შედის ნამცხვრების მაღაზიაში... ოდნავი ამრეზით ათვალიერებს ამ შუა მარხვის დროს ურწმუნოთათვის გამოფენილ, ცხოველური პროდუქტების შემცველ ნუგბარეულობას და მერე ამაყი ტონით კითხულობს: სამარხვო ტორტი თუ გაქვთ, კარაქისა და კვერცხის ეფექტით?

გასაოცარი რამ ხდება ჩემს თავს ამ ახალი წლის დილას. ვფიქრობ, ამ ქაოსურ უსიამოვნებებზე და მაინც რაღაც დიდი, უშველებელი, წამლეკავი სიხარულით ვარ სავსე. ჩემს ამ სენსიტიურ განცდას კიდევ მეტად ვუღრმავდები და აღმოვაჩენ, რომ ეს განწყობილება წლის ბოლოსკენ დაგეგმილი საქმეების დამთავრებისგან და ვალმოხდილობისგან მომდინარეობს. საახალწლო სუფრა, ასე თუ ისე, „განვახორციელე“. შემიძლია, სამი დღე სამზარეულოს არ გავეკარო. გიორგი ლობჟანიძისა და პაატა ქურდაძის წიგნებზე რეცენზიები დავწერე, ჩემი პიესების კრებული, სახელწოდებით ,,ცოლები გეგმავენ ღალატს”, გამომცემლობა ,,საუნჯეში” ჩავუშვი... დირექტორმა, ვაჟა წოწკოლაურმა ერთი ბოთლი შავი ღვინო გახსნა და რამდენიმე საათი ჩემი პიესის პერსონაჟ მოღალატე ცოლებზე ვისაუბრეთ. საუბრის ბოლოს დავასკვენი, რომ ვაჟა ჩემთვის წლის აღმოჩენაა, პერსონაჟი ქალები მართლები არიან, როცა ღალატობენ, კაცებიც მართლები არიან, როცა ღალატობენ და, რაც მთავარია, სიტყვა ,,ღალატი” გადასასინჯია და მისთვის სხვა მნიშვნელობაა მისაცემი.

მოკლედ, კიდევ მრავალი სხვა საქმე უკან მოვიტოვე, როგორც ეს დაგეგმილი მქონდა. ახლა შემიძლია, რამდენიმე დღე თავისუფლებითა და უსაქმურობით დავტკბე.

სხვადასხვა მეგობარი ქალაქის სხვადასხვა უბანში მიწვევს. ვფიქრობ, რომელთან წავიდე. როგორც ყოველთვის, ჩემი ნათლულის, ბექას დაბადების დღეზე კვლავ ვერ მივდივარ. არჩევანს ვერანაირი კრიტერიუმით ვერ ვაკეთებ და ბოლოს ვასკვნი, რომ წინასაახალწლო დღეებში იმდენ ადგილას მომიწია სუფრებზე, პრეზენტაციებზე, ფურშეტებზე კონიაკისა თუ ღვინის წრუპვა, რომ ახლა სახლში დარჩენა და ახალი წლის საღამოს უალკოჰოლოდ გატარება სჯობს... თან მოგვიანებით ზურას მეგობარ ცოლ-ქმარს ველოდებით და აჯობებს, მათ დავხვდე.

,,დაუნდობელი თვეა აპრილი. ამოზრდის მკვდარი მიწიდან იასამანს” - ორი დღეა, ამეკვიატა გუშინწინ წაკითხული ელიოტის ,,უნაყოფო მიწის” ახალი, ზვიად რატიანისეული თარგმანიდან ნაწყვეტი. მაგიური ტექსტია. ტექსტი, რომელიც სხვა ტექსტებითაა დახუნძლული. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მასშტაბური სამყარო მოიცავს ყველაფერს, რაც კი კაცობრიობის მიერ შექმნილა. კულტურებს, ესთეტიკურ სკოლებს, რელიგიას და... და გაცრუებულ იმედებს...

ღამღამობით კომპიუტერთან დაკავშირებულ სამუშაოებს და ვირტუალს ვეკუთვნი. ჩემი რამდენიმე ძველისძველი მეგობარი წლებია, სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს. ცხადია, სკაიპი და ფეისბუკი ჩვენი ურთიერთობისთვის თითქმის სრულფასოვანი კომფორტია. ამჯერად მუშაობას არ ვაპირებ, მილოცვების მიღება-გაცემაში ვარ. ამ საღამოს ერთ-ერთი ვირტუალელი შემომხმიანებელი მერაბია, რომელთანაც ჯერ საერთო გვარი მაკავშირებს, მერე კი სხვა უამრავი რამ, რაც ადამიანებს სხვად აქცევს. შეიძლება ითქვას, რომ მერაბი ერთადერთია, ვინც რამდენიმე წლის წინ აქ, ვირტუალში გავიცანი. ის უკრაინაში ცხოვრობს და არასოდეს მინახავს. ამის მიუხედავად, ესაა ადამიანი, რომელმაც ჩემთვის სამყარო შეცვალა ისევე, როგორც გვიცვლის სამყაროს ფილმი, რომანი, ლექსი ან სკულპტურა. და ამ სიტყვებში არ ურევია მისხალი პათეტიკა. ურთიერთობის ამ ფორმას თავისებური თვისებები აღმოაჩნდა. ეპისტოლარულ რეჟიმში ადამიანები სულ სხვა შრეებს ხსნიან ერთმანეთსა თუ საკუთარ თავში. რომ არა ეს ფორმატი, ამ ,,შრეებს” სამუდამო ობი მოეკიდებოდა. სამაგიეროდ, გაიშლებოდა სხვა სამყარო, ის, რისი გამოცდილებაც კაცობრიობას რეალში ისედაც აქვს. მერაბს გამთენიასღა ვემშვიდობები და წლის პირველი დღე-ღამით დაქანცული, როგორც იქნა, ვიძინებ...

2 იანვარი, ხუთშაბათი
დილაობით ელექტრონულ ფოსტებს და ფეისბუკის ინბოქსს ვამოწმებ ხოლმე, სანამ სხვა საქმეებს შევუდგები. ფოსტაზე რამდენიმე საქმიანი შეტყობინება მხვდება – არაფერი ღირსშესანიშნავი. ფეისბუკზე კი - ჩემი ისრაელში მცხოვრები მეგობრის, მირიამ სოლოღაშვილის წერილია. მირიამი და მეორე, აქაური მეგობარი, მაია ავლოხაშვილი ჩემი, ასე ვთქვათ, ფსიქოთერაპევტები არიან. ადრე ამ ფუნქციას ნენე გიორგაძე ტვირთულობდა. ახლა მას პატარა შვილი ჰყავს, დღენიადაგ პრობლემებში გახლართული და დაქალისთვის ნაკლებად სცალია. მაიასთვის ფსიქოთერაპევტობა პროფესიაა, მირიამისთვის კი მოწოდება. ძალიან საინტერესო ტანდემი იქმნება, როცა ორივეს ერთი და იმავე ამბის ან მოვლენის შესახებ ვუყვები. ისინი მსჯელობისას ხან ემთხვევიან, ხანდახან კი რადიკალურად სცდებიან ერთმანეთს. თითოეული თავის მოსაზრებას ასაბუთებს. და, ჩემის მხრივ, ახლა მათ ვაქცევ დაკვირვების არეალში. მე, როგორც მათი დაკვირვების ობიექტი, ვხდები მათივე დამკვირვებელი. საინტერესო ჯაჭვი ებმება და ეს მდგომარეობა ძალიან მახალისებს. ვფიქრობ, ასეთი ,,სავარჯიშოები” პატარ-პატარა ფსიქოლოგიური ტესტებივითაა. ყოველი მათგანი ახალი დასკვნის საშუალებას გვაძლევს ადამიანურ შესაძლებლობებზე, სიღრმეზე, ანალიზის უნარზე და, ბოლოს და ბოლოს, თითოეულ ჩვენგანზე... ჩემის მხრივ, მეც ხშირად მიწევს მეგობრებისთვის ფსიქოთერაპიული დახმარება. იმდენად გულმოდგინედ ვიცი ხოლმე ახსნა-გაანალიზება, იმდენად ,,ძვლებამდე” მივდევ ხოლმე საკითხს, რომ აშკარაა, ზომიერების განცდა მღალატობს და ხშირად თანამოსაუბრე მადლიერების ნაცვლად აღშფოთებული ან შეურაცხყოფილიც კი გამიშვია. მერე კი დავმჯდარვარ და მინერვიულია.

კიდევ ორი წერილი მელოდება. ერთ-ერთს ვხსნი: "გსურთ, გაატაროთ დაუვიწყარი საახალწლო ღამე ვნებიან ბიჭთან ერთად? დატოვეთ თქვენი ტელეფონი და დაგირეკავთ.” წერილს ვშლი, გამომგზავნს ვბლოკავ. ამგვარი ტექსტი ადრეც მივიღე და მაშინ ძალიან ბევრი ვიცინე. სტატუსადაც მედო ფეისბუკზე. ახლა აღარ მეცინება. ვფიქრობ იმაზე, თუ რა უბედურები ვართ ადამიანები. ვირტუალი, როგორც ხსნა, ვირტუალი, როგორც რუტინიდან თავდაღწევა, როგორც თვითრეკლამა...

ამასწინათ გია ეძგვერაძეს ჰქონდა ასეთი სტატუსი: "ფბ-ს ყველაზე დიდი პლუსია, რომ ამ სივრცეში აქტიურობის შედეგი წარმატებაზე არ არის და არ შეიძლება იყოს ორიენტირებული! ამ სივრცის პოტენცია იმაშია, რომ ის თვითდისციპლინის, თვითრეფლექსიის სივრცედ უნდა იქცეს — სწორედ ამაშია მისი ანონიმურობის ხიბლი(!) თითქოს განათებულ სცენაზე დგახარ, წინ, სიბნელეში, იცი, რომ მრავალი ადამიანია, ვერ ხედავ, არ იცნობ, მაგრამ იცი, რომ გისმენენ და გაკვირდებიან — სულის ნამდვილი სტრიპტიზია და ასევე უსასყიდლო გაცემის და მსახურების პრაქტიკა." მე ვეთანხმები ამ ადამიანს, როგორც მრავალი წლის წინ მის მიერ პუბლიკაციებში გამოთქმულ მოსაზრებებს, როგორც მის მხატვრობას, რომელმაც ოთხმოცდაათიანებში აღაშფოთა ის-ის იყო „გაპოსტსაბჭოთავებული“ ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი... მაგრამ თემას დავუბრუნდები და გია ეძგვერაძის მოსაზრებას განვავრცობ: დავძენ, რომ ადამიანების ეს ტოტალური ექსჰიბიციონიზმი სასოწარკვეთილების აპოთეოზია. იმ სასოწარკვეთილების, რომელიც სიმარტოვისგანაა ინსპირირებული.

სოციალური ქსელი, როგორც პარადიგმა!
სიშიშვლე, როგორც ერთადერთი გამოსავალი მარტო არდარჩენისა!

ვირტუალური რომანები, ვირტუალური სექსი, ვირტუალურ სივრცეში სიყვარული და სიძულვილი, ღალატი და ერთგულება... ვირტუალი, ვირტუალი, ვირტუალი – სხვა არაფერი ისმის გარშემო, რეალური ურთიერთობები ატროფირების სტადიაშია, შეხვედრა მიმოწერამ ჩაანაცვლა, კოცნა და გამომეტყველებები – სიცილაკებმა. აქ ყველაფერი ხელის გაწვდენაზეა. აქ ადვილია, იყო განათლებული საძიებო პროგრამების მეშვეობით. აქ არ გეხარჯება დრო ტრანსპორტში, ფული – კაფეში. აქ არ გჭირდება, გაგაცნონ ადამიანი, ,,დაუფრენდდი” და მორჩა. აქ არ გაწუხებს, ვინ რომელ უბანსა თუ ქვეყანაში ცხოვრობს, როდის სცალია ან არ სცალია. აქ ყველა და ყველაფერია ერთდროულად. რას მოუტანს კაცობრიობას სოციალური ქსელები, ამაზე ჯერ ალბათ სერიოზული სტატისტიკა და ექსპერტთა ვარაუდები არ არსებობს. არც მე შემიძლია პროგნოზირება. მაგრამ აი, ახლაც, შევყურებ საახალწლო მილოცვათა ტალღებს, კომენტარებს, კომენტარის კომენტარებს, ფოტოებს, ლინკებს, მერე ისევ კომენტარებს, ისევ მილოცვებს.... და მეც სასოწარკვეთილება მიპყრობს – მეც ამ სივრცის ნაწილი ვარ. მე რას ვეძებ აქ, ვის ვეძებ, რა დამრჩენია... ვინ არის ეს ასობით უცნობი ადამიანი, რატომ არიან ისინი ჩემი ,,ფრენდები”, რამ შეგვყარა, რა კანონზომიერებამ.... რა გვინდა ჩვენ ერთმანეთისგან. ამ ბედობის დილას ეს ადამიანები რატომ არ არიან დაკავებული რეალური ცხოვრებით, რეალური ადამიანებით, ნივთებით, ქუჩებით, რატომ იცინიან სიცილაკებით, რატომ ლოცულობენ აქ გამოფენილი ხატების წინ, რატომ შეიცვალა სამყარო ასე რადიკალურად. კარგია ეს თუ ცუდი... გადარჩენილები ვართ თუ განწირული მსხვერპლები.... ფანჯარას გავხედე. ჩემი მთაწმინდური, ძველი სახლიდან მეორე, კედელჩამონგრეული სახლი მოჩანს. ობელისკივით დარჩენილ ნანგრევზე ჩვენი ქუჩის ორი კატა მოკალათებულა – შავი ჯეკი და „რიჟა“ ვასკა. მათ გარეგნობას აღარ აღვწერ, რადგან სახელები ისედაც ამომწურავ ინფორმაციას იძლევა. დავძენ მხოლოდ იმას, რომ ეს ორი ვაჟბატონი შარშან ინტენსიურად აკითხავდა ჩვენს სპარსულ ფისოს. ერთი-ორჯერ სადარბაზოში იჩხუბეს კიდეც. ჩემი ორი უმცროსი შვილი მეკითხებოდა, დედა, ქითი, ანუ ჩვენი კატა, გამარჯვებულს დარჩებაო? მე ამაზე პასუხი არ მქონდა. მხრები ავიჩეჩე და დაველოდე მოვლენების განვითარებას. ქითიმ ორივეს კუდაპრეხილმა გაუარა და იქვე შეუმჩნევლად ჩაცუცქულ უცხოუბნელ, გაფუყულ ნაცრისფერ კატას მიუცუცქდა. მოჩხუბრებმა ძალები გააერთიანეს და ნაცრისფერს შეუტიეს. ამ დროს ზურა მოვიდა და ყველა კატა იფრინა. ჩვენს თვალებგაშტერებულობაზე ბევრი იცინა და თავის კომპიუტერს მიუჯდა. ამ მოგონებას ,,ბიჭებს” შორის ქითის გამოჩენა მაწყვეტინებს. ,,მარი! ქეთი! თამთა!” ვეძახი ბავშვებს და ვთხოვ, ჩაირბინონ და ქითი სახლში ამოიყვანონ. ვასკას და ჯეკის კნუტების ზრდა აღარ გვინდა. კმარა!

ვხსნი დარჩენილ ერთ წერილს, რომელსაც უცვლელად ვციტირებ: ქალბატონო ლელა, ვიყიდე ჟურნალი ,,საუნჯე” და წავიკითხე თქვენი რეცენზია ,,წეროზე”. მინდა გითხრათ, რომ თქვენ ხარ ბოროტი არსება. არანაირი კრიტიკოსობა თქვენ არ გცხიათ. არანაირი კომპეტენტურობა არ გაგაჩნიათ. თქვენ ორი კი არა, ერთი წიგნიც კი არა გაქვთ წაკითხული ცხოვრებაში. რასაც სთესავთ, იგივეს მოიმკით. ეს ბოროტება წინ დაგხვდებათ და გაგამწარებთ, როგორც თქვენ ამწარებთ სხვადასხვა ადამიანებს. მინდოდა, რომ გცოდნოდათ ეს. ამიტომ გწერთ ამ წერილს. ბედობას გილოცავთ. ნახვამდის.” ჯერ ვბრაზდები. კლავიატურას ვიმარჯვებ, რომ პასუხი გავცე. როგორი უნდა იყოს პასუხი... რა თქმა უნდა, დავიწყო ანიდან და გავიდე ჰოემდე. ავუხსნა, დავუღეჭო, დავამშვიდო, სხვა ტექსტების გამოგზავნა მოვთხოვო, დავაიმედო... ასე ბევრჯერ მოვქცეულვარ. თუმცა კი, იშვიათად მიმიღია ადეკვატური რეაქცია. როგორც კი პირველ სიტყვას ვუწყებ ძებნას, ვხვდები, რომ ასეთი სიტყვა ან სიტყვები არ არსებობს. ნებისმიერი პასუხის გაცემა ჩემი მხრიდან ახალ უაზრობაში ნებით თავის გაყოფა იქნება. ვცდილობ, გავიღიმო. ეს მიმიკა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მშველის. ერთგვარი თვითთერაპიაა – ნეგატიური ემოციის დროს უნდა სცადო, გაიღიმო. რამდენიმე მცდელობაზე გაღრეჭვა გამოგდის, მერე ღრეჭვა ნელ-ნელა გადადის ღიმილში... თუ ნებისყოფამ არ გიღალატა, დაახლოებით 10-15 მცდელობის შემდეგ შენ კეთილღიმილიანი, სათნო არსება ხარ. ამის მერე ნებისმიერი მოქმედება დასაშვებია. შეგიძლია, თამამად გააგრძელო ცხოვრება. ახლაც ასე ვიქცევი. შედეგად წერილის ავტორს მილოცვაზე მადლობას ვეუბნები, მეც ვულოცავ ახალ წელს და ბოლოს ორწერტილითა და დახურული ფრჩხილით ღიმილსაც ვუხატავ. მერე კიდევ ერთხელ ვიწყებ ფიქრს იმაზე, რომ კრიტიკის წერას და ხალხის გადამტერებას თავი უნდა დავანებო. ლიტერატურულ პროცესებს ეს მაინც არ ცვლის, ფარისევლობა და მაამებლობა მაინც მუსირებს. არ სჯობია, მივხედო მხოლოდ ჩემს პროზა-დრამატურგიას?

დღე უაზრო, საყოფაცხოვრებო საქმეებში გადის. საღამოს ისევ ვუბრუნდები ელიოტის ზემოთ ნახსენებ ნაწარმოებს. ვცდილობ, შევადარო ორიგინალს და გავამდიდრო ჩემი მწირი ინგლისური. ამ მუშაობის შედეგად ჩემი სიტყვების მარაგი ოცდაორი ლექსიკური ერთეულით იმატებს, რაც კარგ შედეგად მიმაჩნია ამ სადღესასწაულო დღეების ფონზე. ვიძინებ, როგორც უმეტესად ხდება ხოლმე, უკმაყოფილების განცდით, რომ კიდევ ერთი დღე დაიკარგა უაზრო წვრილმანებზე და რამე ხელშესახების და მნიშვნელოვანის გაკეთება არ მოხერხდა. მერე ამ განწყობაზეც მეცინება, რადგან მახსენდება ილიას სიტყვები: „ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე, აბა, მე დღეს ვის რა ვარგე.” მოკლედ, საკუთარ თავზე ქილიკითა და კისკისით ბოლოს მაინც მშვიდად მეძინება.

3 იანვარი, პარასკევი
დილით სოფიკო კვანტალიანის მესიჯი მაღვიძებს. რაღა დილაა, თერთმეტი საათია. სოფო ჩემი მეგობარი და საინტერესო პოეტია. უფრო საინტერესო შეუძლია, რომ იყოს. სულ ვუჩხიკინებ, რომ მეტი იმუშაოს. მესიჯი დღევანდელ ჩვენს შეხვედრას ეხება. ფაცხაფუცხით ვაგვარებ საოჯახო საქმეებს. ვწესრიგდები, ფრჩხილებზე წითელ ლაქს ვისვამ, მერე გარიკასთან თმას ვივარცხნი და ჩვენს ჩვეულ ადგილას, ტაბიძის ქუჩაზე, კაფე 11/11-ში ვხვდებით. საუბრის თემა – ქალური თავგადასავლები, ლიტერატურული პერსონები, სავარაუდო საქმიანი გეგმებია. მერე ის იოგაზე გარბის. მანამდე ვასწრებთ დავგეგმოთ ჩვენს მეგობართან, მხატვარ გია ქემოკლიძესთან სახელოსნოში სტუმრობა. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ გიას არ შევთანხმებივართ და მის მაგივრად გეგმებს ვაწყობთ. სოფოს პირობას ვართმევ, რომ გიასთან მაჩვენებს, რა შედეგებს მიაღწია ჰათჰა-იოგაზე სიარულით და როგორ იდებს ორივე ფეხს თავზე.

შინ მოვიჩქარი, რადგან სტუმრად მაზლს ველოდები. ის თანამდებობის პირია და სულ მუდამ გადარბენებზეა. ახლაც, უკვე გასასვლელად ემზადება და ფიზიკოს-პროგრამისტის ამპლუაში თავის მათემატიკოს-პროგრამისტ ძმას ელაპარაკება. ორი პროგრამისტის საუბარი რა ,,საამო” მოსასმენია, ბევრმა არ იცის. აქ ისმის ჩემთვის გაუგებარი სიტყვები: ორაკლი, ვიჟუალ ბეისიკი, გრეილსი, ჯავა სკრიპტი, გრუვის სტრიპტინგი და მრავალი სხვა აღმაშფოთებელი ასოთკომბინაცია. მარისთან ერთად ვჯდები და მიხეილ რომის ფილმის, "ჩვეულებრივი ფაშიზმის” ყურებაში ვერთვები. არ ვიცი, რატომ უნდა გაუჩნდეს თოთხმეტი წლის გოგოს ამ ფილმის ნახვის სურვილი. მაგრამ ამაზე ფიქრი გვიანი ღამისთვის დავგეგმე. მანამდე უამრავი საქმე მაქვს – როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ზურა საახალწლო დღეებში მყინვარწვერზე წასასვლელად ემზადება. ხვალიდან ჩვენი სახლი გაივსება თოკებით, კარაბინებით, წერაყინებით, კარვებითა და სხვა ,,სიამეებით”. დაიწყება კოკა-კოლას ბოთლებში წიწიბურას, შაქრის და ბრინჯის ჩაყრა, გაზის ციცქნა ბალონების დატუმბვა, ,,პლასტიკებისა” და ,,ვიბრამების” მოზომება, წრიაპების ჩხარუნი და ასე შემდეგ.

4 იანვარი, შაბათი
დილაა. ალპინისტური ექსპედიციისთვის მზადება უკვე გახურებულია. ზურას ლექსიკონიდან ამოვარდნილია წუხანდელი სიტყვები: ვიჟუალ ბეისიკი, ნორტონ კომანდორი, ჯავა სკრიპტი... ახლა ისმის: საბერწე, ღამისთევა, ჟუმარი, ჩაქუჩი და ა.შ.

ამასობაში რადიო თავისუფლებაში წასვლის დროც ახლოვდება. როგორც ყოველთვის, ვჩქარობ და ვერაფერს ვასწრებ. ცხადია, ამ მუდამ მოჩქარე-მოგვიანეობას ოჯახის წევრებს "ვაბრალებ”. რადგან დღენიადაგ ასეა:

მარი: დეე, დეე, ნახე, რა მაგარი ტექსტია, სიმღერას ჯობია (საუბარია გლორია გეინორის სიმღერაზე "I Will Survive”).
ქეთი: დეე, კატას მალამო წაუსვი?
თამთა: დეე, ენვის ნამდვილი სახე იცი, როგორია? გიგანტური, მწვანე სახეებისგან შედგება. უყურებ? დღეს ჩემთან ერთად უყურებ? (საუბარია ანიმეზე "რკინის ალქიმიკოსი”).
ზურა: გენიოსო, ჩემი მათანალიზის მეორე ტომი სად გააქრე, კიდევ მაგიდა დაალაგე, არა? ხომ გითხარი, ჩემი მაგიდა არ დაალაგო-მეთქი.
ბებო: Лела, вы сегодня борщ должны сделать, или - лучше салат?..

ამ ყველაფერს როგორღაც დავუძვერი, ბოლო სტრიქონებს ვწერ და დღიურიანად რადიოში მივიჩქარი...
XS
SM
MD
LG